Tuesday, June 26, 2012

ლოზუნგების ვირუსი


ლოზუნგი, სლოგანი - მოკლედ გამოთქმული სახელმძღვანელო იდეა, მოწოდება, ამოცანა ან პოლიტიკური მოთხოვნილება; (მ. ჭაბაშვილი, ,,უცხო სიტყვათა ლექსიკონი,,)

ვერავინ იტყვის იმას, თუ რა იყო მსოფლიოში პირველი ლოზუნგი, მაგრამ ერთ-ერთი უპირველესი იყო სინას მთაზე მამა ღმერთის მიერ, მოსესთვის გადაცემული ქვის სტელა, რომელზეც ადამიანის ცხონებისთვის აუცილებელი 10 მოწოდება, მცნება იყო ჩამოყალიბებული.    
ლოზუნგებს სამყაროს განვითარების არც ერთ ეტაპზე არ დაუკარგავს აქტუალობა, უფრო მეტიც, სწორედ ლოზუნგები ხდებოდნენ კატალიზატორები ამა თუ იმ მოვლენისა. ა(არავინ დაობს იმაზე, რომ კართაგენის დანგრევა დააჩქარა რომაელი მოღვაწის კანტონ უფროსის, მიერ სენატში არაერთგზის წარმოთქმულმა “კართაგენი უნდა დაინგრეს”.)
რთულია ყველა ეპოქის ლოზუნგის განხილვა,მაგრამ ზოგიერთი მათგანი მაინც  უნდა ითქვას.
ძნელი წარმოსადგენია რას ვიტყოდით საჭირ-ბოროტო საქმის გადაწყვეტის შემდეგ იულიუს კეისარს რომ რუბიკონი არ გადაელახა და არ ეთქვა - “რუბიკონი გადალახულია!”
რომელი დიქტატორი იტყოდა უარს ლუდოვიკო-ს დაუფიქრებლად(?!) წამოსროლილ ფრაზაზე - “სახელმწიფო ეს მე ვარ”.
რამდენი შეუპოვარი ადამიანის აზრი გამოხატა ჯორდანო ბრუნომ როდესაც ამბობდა “ის მაინც ბრუნავს”. (სამწუხაროა, რომ ის ბრუნვის მეცნიერულად დადასტურებას ვერ მოესწრო)
ცნობილ იტალელ მოაზროვენს და პოლიტიკურ მოღვაწეს ნიკოლო მაკიაველს რომ ეცოცხლა და ენახა მისი გამონათქვამით, მიზანი ამართლებს საშუალებას რამდენი უმსგავსობის გამართლებას ცდილობენ, თავისივე სიტყვებს თვითონვე წაიღებდა უკან. (როდესაც მაკიაველი თავის გენალურ ნაწარმოებს “მთავარი” წერდა ალბათ არც იმაზე ფიქრობდა, რომ ზემოთთქმულ უმსგავსობას მის გვარს დაუკავშირებდნენ და მაკიაველიზმს დაარქმევდნენ.)
უამრავი ლოზუნგია დღევანდელ რეალობაში რომლის არც ასაკი და მით უმეტეს არც მისი მთქმელის ვინაობა არაა ცნობილი, მაგალითად რომაელი პოეტი პლავტე, ეს სახელი მხოლოდ ძველი რომაული ლიტერატურის მკვლევართათვის თუა ცნობილი, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად იცის მის მიერ გაბრაზებულ გულზე ნათქვამი “ჰომო ჰომინი ლუპუს ესტ”(ადამიანი ადამიანისთვის მგელია)

ლოზუნგების სიმრავლით გამოირჩეოდა კომუნისტური ეპოქა. იყო მოწოდებები “ხუთწლედი ოთხში”, “ძირს კაპიტალიზმი”, “ბურჟუა ხალხის მტერია” და სხვა.
კომუნიზმის უმთავრესი იდეოლოგი ვლადიმერ ილიას ძე არასოდეს არ ამთავრებდა თავის გამოსვლებს რაიმე ფრთიანი ფრაზა რომ არ ეთქვა, რომელიც მეორე დღესვე გაზეთების წინა გვერდს იკავებდა, მაგრამ საბედნიეროდ მხოლოდ ერთმა გაუძლო დროს “,,სწავლა,სწავლა და სწავლა”.(ვგონებ ეს იყო ლენინის პირით წარმოთქმული  ერთადერთი სიმართლე.)  
სწორად შერჩეულ ლოზუნგს უდიდესი როლი შეუძლია შეასრულოს პოლიტიკაში, ლოზუნგი განსაკუთრებით აქტუალური ხდება არჩევნების წინა პერიოდში.
დემოკრატიის მამამთავრები - ამერიკელები უდიდეს ყურდღებას აქცევენ საარჩევნო სლოგანებს და დიდი სიფრთხილითაც ეკიდებიან მას, რადგან არასწორად შერჩეულმა სლოგანმა შეიძლება ელექტორატის დიდი ნაწილი დააკარგვინოს კანდიდატს ან პირიქით (როდესაც რონალდ რეიგანი საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა, ხალხმა ცნობილი მსახიობი ახალი იმიჯით გაიცნო – \"კანდიდატი თითქმის ბავშვური ღიმილით”. მოგეხსენებათ რეიგანი ამერიკის ერთ-ერთი წარმატებული პრეზიდენტი გახდა, რომელმაც ამომრჩევლთა ხმების უდიდესი ნაწილი მიიღო).  
რადგან ამერიკელებზე ვსაუბრობთ აუცილებლად უნდა შევეხოთ სარეკლამო სლოგანებს, რომელიც ამერიკელებს ხელოვნების დონეზე ყავთ აყვანილი.
xx საუკუნის 80-იან წლებში როდესაც მოწევის საწინააღმდეგო კამპანია ჯერ კიდევ არ იყო ისე მძლავრი როგორც დღეს, ამერიკაში სარეკლამო ბილობორდებზე გამოჩნდა “მარლბოროს” რეკლამა, რომელზეც სიგარეტის კოლოფი ეხატა წარწერით “ნურასოდეს მოწევთ სიგარეტს, თვით “მარლბოროსაც” კი”. ათეული წელი გავიდა მას შემდგე მაგრამ ეს სარელამო ფრაზა დღემდე წარმატებით აგრძელებს თავის მისიას.
დამოუკიდებელი საქართველო მხოლოდ 21 წელს ითვლის, მაგრამ ამ ხნის მანძილზე იმდენი ლოზუნგი იყო, რომ მთელ მსოფლიოს თუ არა ევროპის დიდი ნაწილს ნამდვილად ეყოფოდა.
გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! - სამწუხაროდ ამ ლოზუნგს დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა, რადგან ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ დავრწმუნდით ჩვენს დამოუკიდებლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერნი ამა ქვეყნისანი დაუზარებლად გვიმეორებენ: ,,საქართველო როგორც სახელმწიფო შედგა!”
ძირს რუსეთი - ამ ლოზუნგის ისტორიაში ყველაზე საინტერეო ის ფაქტია, რომ მას ყოველთვის რუსეთის აგენტებად, მეხუთე კოლონად, შულავერის კომიტეტის წევრებად შერაცხულნი ამბობდნენ, თუმცა ამ იდეას არ ემიჯნებოდნენ ისინი, ვისთვისაც ერთ დროს ,,მზე ჩრთდილოეთიდან,, ამოდოდა
ერთხელ უკვე ნახსენები 21 წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში არასოდეს დაუკარგავს აქტუალობა (სამწუხაროა, მაგრამ ალბათ კიდევ დიდხანს არ დაკარგავს) მოწოდებას ,,გადადექი!!!” რომელმაც,ორჯერ შეასრულა თავისი მოვალეობა. მესამედაც გარკვეულ წილად შეასრულა, მაგრამ მხოლოდ გარკვეულწილად...
პოლიტიკური ლოზუნგი, როგორც წესი ლიდერის ან ლიდერთა ჯგუფის მიერ, ყველაზე აქტუალური პრობლემის რამდენიმე სიტყვაში მოქცეული აზრია, რომელიც მასაზეა გავთლილი და რომელიც სწორედ მასამ, საზოგადოებამ უნდა განახორციელოს.
ხშირია შემთხვევა, როდესაც მოწოდება შესრულდება,ხოლო ხალხი რომელიც ამ ლოზუნგს უჭერდა მხარს დაქაქსული აღმოჩნდება სხვა საერთო ინტერესის არ ქონის გამო.
მაგალითად, ყველას გვახსოვს სლოგანი ,,საქართველო შევარდნაძის გარეშე”. ამ იდეის გარშემო შემოიკრიბა ხალხი, რომელთაც არანაირი სხვა ინტერესი არ გააჩნდათ, გარდა საქართველოსი, შევარდნაძის გარეშე! მიზანი მიღწეულ იქნა, ხოლო ხალხი, ვინც ამ იდეით იყო გაერთიანებული, მისი განხორციელების შემდეგ ბრძოლის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდა.
დდროის განვითარებასთან ერთად აუცილებლად მოხდება ლოზუნგების მეტამორფოზა და არ უნდა გაგვიკვირდეს ერთ დღეს რომ გავიგონოთ სარეკლამო სლოგანი: ,,ბინები მარსზე კვადრატული მეტრი 500 დოლარიდან” ან ,,მოგზაურობა მეხუთე საუკუნეში უპროცენტო განვადებით,, და ა.შ.
როგორც ვნახეთ ლოზუნგების არსებობა გარკვეულწილად გამართლებულია ამიტომ ისინი მუდამ იარსებებენ, ხოლო ჩვენ უბრალო ადამიანებს ისღა დაგვრჩენია ან მოვიწონოთ და გავიზიაროთ, ანდა დავიწუნოთ და გავერიდოთ მათ. 


No comments:

Post a Comment