სიღარიბის დაძლევის პროგრამა
სიღარიბე მთელი მსოფლიოს გადაუჭრელ პრობლემად იქცა. უამრავი ადამიანი ცდილობს, გამონახოს გზა და შეებრძოლოს მას, მაგრამ ყველა მცდელობა ამაოა. არცთუ დიდი ხნის წინ, საყოველთაო საზრუნავით გულდამძიმებული, დავჯექი და გადავჭერი კიდევაც ეს პრობლემა. შესაბამისად ჩვენ, როგორც მსოფლიოს ნაწილს, შეგვიძლია მთელ კაცობრიობას მხსნელად მოვევლინოთ და სიღარიბის დაძლევის ერთადერთი და ასი პრცენტით გამართლებული პროგრამა შევთავაზოთ. მოკლედ გაგაცნობთ პროგრამის ძირითად მიზნებსა და ამოცანებს (პროგრამა ქართულ სინამდვილესაა მორგებული მაგრამ მსურველს შეუძლია, საკუთარ ქვეყანას მოარგოს).
მაშ ასე: უპირველეს ყოვლისა, კონსტიტუციაში შეგვაქვს ცვლილებები და 150 პარლამენტარის ნაცვლად გვეყოლება 1000 (სასურველია 1500). ამ ნაბიჯით გადავჭრით დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანის პრობლემას. განვიხილოთ როგორ: 1000 პარლამენტარისგან ყველას ჰყავს: მძღოლი; იქმნება დეპუტატის ბიურო, რომელშიც მინიმუმ, 20 კაცი დასაქმდება. ათას კაცში, მინიმუმ 30-40 ნათესავი ყველას ეყოლება. რომელი თავმოყვარე პარლამენტარი ეტყვის თავის ნათესავს დასაქმებაზე უარს?!
ბუნებრივად ჩნდება კითხვა: საიან უნდა მივიღოთ ამდენი პარლამენტარი? პროგრამის მიხედვით, ხდება რაიონების დაყოფა. მაგალითად, იქნება ზემო, ქვემო და შიდა ხაშური. დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ ეს დაყოფაც უმუშევრობის აღმოფხვრის სურვილითაა განპირობებული. ზემო, ქვემო და შიდა ხაშურს გამგებელი არ უნდა? გამგებლებს – მოადგილეები და ასე შემდეგ, ანუ ამ ერთი შეხედვით მარტივი ცვლილებით (რაიონების დაყოფით) ვაგვარებთ არანაკლებ მილიონი ადამიანის პრობლემას. რაღა დარჩა 3 მილიონი ადამიანი რომელთა დასაქმებაც იმდენად მარტივია, რომ ბოლოს მუშა-მოსამსახურეების დეფიციტიც კი შეიქმნება ქართულ ბაზარზე.
აუცილებლად უნდა გავზრდოთ სამინისტროების რიცხვიც.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ფონზე აუცილებლად უნდა შევქმნათ ლტოლვილთა და შესახლების სამინისტრო, თორემ, ვინც გამოსასახლებელი იყო ყველა გამოასახლეს, ახალი სამინისტრო მათ შესახლებაზე იზრუნებს. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად აუცილებლად უნდა იყოს სპორტისა და ხანდაზმულთა სამინისტროც. ამ სამინისტროში დასაქმდება ასაკოვანი ხალხი. ისინი ისევე როგორც ყველა სხვა სამინისტროს თანამშრომლები, არაფერს გააკეთებენ, მაგრამ ეს იქნება ერთადერთი სამინისტრო, რომლის წარმომადგენლებსაც ექნებათ გასამართლებელი მიზეზი: `დავბერდით, ბაბუ და მეტი აღარ შეგვიძლია~.
აუცილებლად უნდა დაარსდეს დემონტაჟისა და პროფესიული ნგრევის სამინისტრო, სადაც ქვეყნის ყოფილი დამანგრევლები დასაქმდებიან. ამ სამინისტროს არასოდეს ექნება კადრების დეფიციტი, მეტიც, აქ იმდენი პროფესიონალი მოიყრის თავს, რომ შეგვეძლება უცხოეთში გავგაზავნოთ ტრენინგებისა და მასტერკლასების ჩასატარებლად.
კანონში უნდა შევიდეს ცვლილება, რომ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდეს უფლება, როცა გაუხარდება, მაშინ შექმნას, თვითონ რომ უნდა იმის სამინისტრო, მაგრამ უნდა აიკრძალოს ერთი კაცის მიერ ორი ან მეტი სამინისტროს შექმნა. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ არ მოხდეს ისეთი პრიორიტეტული დარგების მონოპლიზაცია, როგორიცაა სუბტიტრების სამინისტრო, წვეთოვანი მორწყვის სამინისტრო, ჰიბრიდული ჯიშების სამინისტრო და სხვა.
გარდა ამისა, უნდა დაიყოს დღეს არსებული სამინისტროები. რა დაშავდება იმით, თუ ცალკე იქნება ეკონომიკისა და ცალკე მდგრადი განვითარების სამინისტრო. ასევე, ცალ-ცალკე უნდა იყოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროები, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროები და ა.შ.
რაც შეეხება პრეზიდენტს ის ერთადერთია და განუმეორებელი და ხელუხლებელი უნდა დავტოვოთ.
ამ ღონისძიებების შემდე ქვეყანაში დაახლოებით 100 000-მდე უმუშევარი დარჩება. ისინი შეგვიძლია კულტურულ მემკვიდრეობად ჩავთვალოთ, რადგან ამ დროისთვის ცნება `უმუშევარი~ ისეთივე უცხო იქნება, როგორც დღესაა `დასაქმებული~.
P.s. როდესაც ამ ყველაფერს მოვრჩებით, ქართულ ციტრუსთან, მინერალურ წყალთან და ღვინოსთან ერთად, თამამად შეგვიძლია სიღარიბის დაძლევის პროგრამაც გავყიდოთ ან გავაჩუქოთ. მხოლოდ ერთს გთხოვთ: ჩემი სახელის მიწერა არ დაგავიწყდეთ. იქნებ რომლიმე ქვეყნაში იყოს საჩემო ვაკანსია და მუშაობა დამაწყებინონ.
No comments:
Post a Comment