Tuesday, June 26, 2012

შეშფოთების ინსტიტუტი 

ეროვნული გამოცდები დამთავრდა და უმაღლესი სასწავლებლებიც შეივსო სტუდენტთა ახალი ნაკადით, სამწუხაროდ, ბევრი აბიტურიენტი დარჩა უამღლესი საწავლებლის გარეშე, ამიტომაც საჭიროდ ჩავთვალე დავხმარებოდი მათ პრობლემის გადაჭრაში. 
მოგეხსენებათჶჩვენი გაჭირვებული ყოფა-ცხოვრება, უამრავი სამწუხარო რამ ხდება ჩვენს გარშემო, რომლის გამოხატვაც გვიწევს, ამიტომაც გადავწყვიტე დავაარსო შეწუხების და აღშფოთების ინსტიტუტი, რომელსაც ჩვენი ამაგდარი ადამიანის მეთიუ ბრაიზას სახელი მიენიჭება. 
ინსტიტუტის დაარსებას უამრავი დადებითი მახრე აქვს, ასე მაგალითად: ეს იქნება მსოფლიოში მართლაც პირველი ინსტიტუტი, სადაც შეისწავლება: პირველი დარჩენილი საგნის გამო შეშფოთება; ელექტრო ენერგიის ქვითრის ნახვისას შეშფოთება; პირველი გაწბილებული სიყვარულის დროს შეშფოთება; ქართველ ფეხბურთელთა მიერ ბოლო წუთზე გაშვებული გოლისას შეშფოთება, ლევან გაჩეჩილაძის მიერ პარტიის დატოვებისას და ახალ პარტიაში გადასვლისას შეშფოთება და სხვა. ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემის განვითარებით თუ ვიმსჯელებთ, ინსტიტუტში, აუცილებლად იქნებიან სტუდენტები მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან, მათთვის სპეციალურად იქნება შემდეგი საგნები: სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებისას გამოსათქმელი შეშფოთება; არჩევნების გაყალბებისას გამოსათქმელი შეშფოთება; რუსეთის მიერ 6 პუნქტიანი ხელშეკრულების დარღვევისას გამოსათქმელი შეშფოთება და სხვა, რაც შეეხება აღშფოთებას, მისი სირთულიდან გამომდინარე, ეს უკვე მაგისტრატურაში შეისწავლება. 
ერთი წუთით წარმოიდგინეთ სად ახლანდელი ევროპელი მაღალჩინოსნების მიერ გამოთქმული შეშფოთება და სად ჩვენი კურსდამთავრებულის მიერ გამოთქმული. ეს იქნება პროფესიონალიზმის ზეიმი. საგნების დასახელებიდან გამომდინარე სტუდენტებს გარდა თეორიული მეცადინეობისა, თითქმის ყოველდღიურად ექნებათ პრაქტიკული მეცადინეობა (ქართველი ფეხბურთელები მინიმუმ 10-15 შეხვედრას მართავენ ყოველ წელს, ხოლო ლევან გაჩეჩილაძე ჯერ კიდევ 8 პარტიაში არაა ნამყოფი). 
სწავლის დამთავრების შემდეგ გაიცემა დიპლომი, რომლის პატრონსაც უფლება ექნება გამოთქვას შეშფოთება სადაც უნდა და რა ფორმითაც უნდა. 
ინსტიტუტი დაკომპლექტდება კვალიფიციური პედაგოგებით, რომელთაც ექნებათ შეშფოთების და აღშფოთების მრავალწლიანი გამოცდილება, ხოლო წარჩინებული სტუდენტები დასაქმდებიან, როგორც ინსტიტუტში ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებსაც კიდევ ერთი კარგი შემშფოთებელი ნამდვილად არ აწყენდათ. 
ინსტიტუტის გახსნას, დაესწრებიან ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომლებიც მოწვეულ სტუმრებს და მომავალ სტუდენტებს აუხსნიან, თუ რამხელა ძალა აქვს დღევანდელ პოლიტიკაში შეშფოთების გამოთქმას და დააყოლებენ, რომ საქართველო ოდითგანვე იყო შემშფოთებელთა განათლების კერა, გაიხსენებენ, თუ როგორ წუხდა საფარნგეთიდან მომავალი სულხან-საბა, ასევე გაიხსენებენ, რომის პაპის გრიგოლ მეცხრის, რუსუდან მეფისადმი გამოგზავნილ გამამხნევებელ წერილს, რომელიც მსოფლიო შეშფოთებათა ათეულშია შესული და ბოლოს დასძენენ, რომ ქართულ შეშფოთებას ანალოგი არა აქვს მთელს მსოფლიოში. 
ინსტიტუტის გაფართოების მიზნით ჩვენ შეგვეძლება ფილიალები გავხსნათ პლანეტის სხვადასხვა კუთხეში, რათა მთელი მსოფლიო დავარწმუნოთ ქართული ნიჭის სიდიადეში. 
ასეთია ინსტიტუტის განვითარების მოკლე გეგმა, რომელიც დამერწმუნეთ ახალი სიტყვა იქნება მსოფლიოს განათლების სიტემაში. 
რაც შეეხება ინსტიტუტში ჩაბარებას, იქნება მიღების მხოლოდ ერთი წესი, რაც მდგომარეობს შემდეგში: აბიტურიენტი კითხულობს სწავლის ღირებულებას და ის ვინც გადასახადის გაგების შემდეგ კომპეტენტური კომისიის წინაშე ღირსეულად შეშფოთდება ჩარიცხული იქნება მეთიუ ბრაიზას სახელობის შეშფოთების ინსტიტუტში. 
p.s. ბუნებრივია ეს ყველაფერი ხუმრობაა და მადლობა ღმერთს რეალურად ამის განხორციელებას არავინ ფიქრობს, თუმცა ჩვენი \"დალხენილი\" ყოფიდან გამომდინარე შეიძლება მალე ისე გავხდეთ, რომ ყველაფერი გვიხაროდეს და გვჯეროდეს, აი მაშინ კი მართლა დაგვჭირდება ვინმე, რომელიც  შეგვახსენებს რა უნდა გვეწყინოს და რა გაგვიხარდეს! 

No comments:

Post a Comment