Saturday, June 23, 2012

ჩემი პირველი გაკვეთილი




1992 წელს მივედი სურამის III საშუალო(ახლა უკვე საჯარო) სკოლაში. მოგეხსენებათ ეს პერიოდი საქართველოში სამოქალაქო ომის პერიოდი იყო და მასწავლებლის მხარზე გადაკიდებული დიდი "მუხა" დიდი ცარცი მეგონა. პირველივე დდღესვე მასწავლებელმა აი-ია აგვიხსნა, შეიძლება ითქვას მთელი წელი მეტი არც არაფერი აუხსნია (ზვიადისტი იყო და მიტინგებზე დადიოდა). პირველ გაკვეთილზე გავიგე მცნების "'საჭირო ოთახი"-ს მნიშვნელობა, რომელიც ზარის დარეკვამდე მიუღწეველ დაბრკოლებად მესახებოდა. ჩემი მასწავლებელი, გარდა იმისა, რომ ზვიადისტი იყო საბჭოთა კავშირის სიყვარულითაც გამოირჩეოდა ალბათ ამის გამი იყო, რომ პირველი გაკვეთილის შემდეგ ზემოთხსენებული აი-იას გარდა ჩემ ცხოვრებაში სინანული შემოვიდა რომელიც ასე გამოითქმევოდა – ეჰ, რა ცხოვრება დაგვინგრიეს; სოსოს ხელი ჭირდება და დალაგდება ყველაფერი და სხვა. 
პირველ გაკვეთილზე პირველი სიყვარულიც მეწვია, რომელიც მანამ გაგრძელდა სანამ ჩემმა კლასელმა გოგონამ საათიანი ჩანთა არ შეცვლა. 
პირველივე წუთებიდან მივხვდი, რომ 11 წლიანი სასჯელი მქონდა მოსახდელი, რომელსაც სანიმუშოდ მოქცევის შემთხვევაშიც კი ვერ დავაღწევდი თავს ვადაზე ადრე. პირველივე გაკვეთილზე მასწავლებელმა გვამცნო რომ შემდეგ კვირაში შეშის და ფონდის ფული უნდა მოგვეტანა, თორემ ზამთარში გავიყინებოდით, რადგან კომუნისტების დრო აღარ იყო რომ შეშა მთავრობას მოეტანა. 
ჩემი და ჩემი კლასელების სკოლაში მისვლა ჩვენზე მეტად ჩვენ მშობლებს უხაროდათ, რადგან საჭორაოდ და მიტინგებზე სასიარულოდ დამატებითი 3 საათი გამოუნთავისუფლდათ. 
ამ გენიალურ გაკვეთილზე გავიცანით სკოლის დირექტორი, რომლის დანხვაზეც ჩემმა კლასელმა ყოველგვარი მორიდების გარეშე წამოიძახა: ეგ დირექორი კი არა ჩემი მეზობელი გოგიააო, კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას მაგრამ მასწავლებელს სახისკენ გაექცა თვალი და მიხვდა რომ უნდა გაჩუმებულიყო და გაჩუმდა (ეს გაჩუმება სრული თერთმეტი წელი გაგრძელდა). 
35წუთს გაგრძელდა ეს გაკვეთილი, მაგრამ ამ დროის განმავლობაში კლასის ყველაზე სუსტი მოსწავლეც გამოიკვეთა, რომელიც ჯიუტად ერთიდაიგივეს კითხულობდა - მესამე წელია ამ კლასში ვარ მაინც პირველი კლასელი რატომ მქვიაო?! რაზეც მასწავლებელი მხოლოდ თავის გადაქნევით პასუხობდა. 
აი (აი, სად გამომადგა პირველ გაკვეთილზე ნასწავლი "აი"), ასეთი იყო ჩემი პირველი გაკვეთილი, რომელიც ძალიან გვიან მივხვდი, რომ ცხოვრების განუმეორებელი მომენტის დაწყებას ნიშნავდა. 

No comments:

Post a Comment