Tuesday, June 26, 2012

"სუბტიტრები 


რამდენიმე დღის წინ გურამ დოჩანაშვილის გენიალურ ქმნილებას “კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”- ვკითხულობდი. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ეს ნაწარმოები პირველად წავიკითხე (დაახლოებით 10 წლის წინ) მაშინ გაეცა პასუხი ჩემს უამრავ კითხვას, მას შემდეგ ყოველ წაკითხვისას ახალ აღმოჩენას ვაკეთებდი, მაგრამ რაც ახლა აღმოვაჩინე ამან ჩემს ყოველგავრ მოლოდინს გადააჭარბა. თვალსაჩინოებისთვის მოვიყვან პატარ დიალოგს სადაც ჟურნალისტი ბატონ ვასილ კეჟერაძეს ფილმების შესახებ უსვამს კითხვებს: 
“კინოფილმები თუ გიყვართ? 
- არა. 
- რატომ?! - გავვოცდი. 
- დაფინანსებული კონკურენტია. 
- ვისი?.. 
- არ მომწონს-მეთქი - გონებაზე მეტად თვალს ახარებს და იმიტომ. 
ჩავწერე „არა“, და მომდევნო შეკითხვა წინა პასუხისა გამო შეუფერებელი აღმოჩნდა, - როგორი ფილმები მოგწონთ განსაკუთრებით? 
იმან კი მითხრა: 
- ტიტრებიანი. გასაგებია?” 
და სწორედ ამ დროს მივხვდი თუ რატომ გადის ქართულ ტელესივრცეში მხატვრული ფილმები სუბტიტრებით! ეს იდეა დაებადა ადამიანს, რომელსაც ლიტერეტურა ძალიან უყვარს და მხოლოდ კითხვისას შეიგრძნობს სიამოვნებას. წარმოიდგინეთ რამხელა სიამოვნება შეიძლება მიიღოთ როდესაც ტვ. “იმედზე” სტივენ სიგალის “ნიკო3”- კი არ უყურებ, არამედ კითხულობ. ეს იდეა მხოლოდ ჩვენზე ზრუნვითაა განპირობებული, რადგან ღამის პირველ საათზე პატარამ (აბა, მშობლებს ამ დროს უკვე ძინავთ) რომელმაც კითხვა კარგად არ იცის ფილმის ყურებისას დრო არ დაკარგოს და კითხვა ისწავლოს. 
რა ბედნიერი იქნებოდა ვასილ კეჟერაძე დღევანდელ საქართველოში რომ ეცხოვრა. ექნებოდა თავისთვის სასურველი სავარძელი, გვერდით ტორშერი (დენის გადასახადზე არ იდარდებდა რადგან გვერდით 20 ლარიანი ვაუჩერი ექნებოდა), მრავლაჯიბიანი შარვალი, წიგნების თარო და რაც მთავარია სულ ტიტრებიანი ფილმები! E 
მას შემდგე რაც ამ კითხვაზე პასუხი გავიგე დავფიქრდი და ტიტრებიანი ფილმების სხვა პლიუსიც დავინახე. ასე მაგალითად: როდესაც დაღლილი წვები და ფილმს უყურებ, რომელიც ქართულადაა გახმოვანებული დუნდები და საბოლოოდ ფილმის მსვლელობისას გეძინება, მაგრამ აქ სწორედ სუბტიტრები გვევლინება მხსნელად, რადგან როდესაც მათ ვკითხულობთ ჩვენი გონება მქსიმალურად კონცენტრირებული ხდება რომ თუნდაც ერთი სიტყვა არ გამოგვრჩეს შესაბამისად... ვფხიზლდებით და ბოლომდე ვუყურებთ კინოს, ბუნებრივია ჰოლივუდური ჰეფი ენდით.E 
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხუმრობით თორემ რეალურად რომ სულ სხვაა ყველამ კარგად ვიცით. სუბტიტრებით კინო ფილმების ჩვენების იდეის ავტორები ამ ნოვაციას იმით ხსნიან, რომ ხალხს ინგლისურის სწავლა გაუდვილდება, არადა როგორც ფსიქოლოგები ამბობენ წარმოუდგენელია ადამიანმა ამ მეთოდით უცხო ენა ისწალოს, მხოლოდ ზებუნებრივი ნიჭის პატრონს შეუძლია თან იკითხოს და თან ისწავლოს(თუმცა ასეთმა ადამიანებმა ისედაც ძალიან კარგად იციან, არა მარტო ინგლისური). ცალკე თემაა მოხუცებულები, რომელთაც ასაკის გამო თვალი ისე აღარ უჭრით, როგორც იდეის ავტორებს, შესაბამისად მათთვის წარმოუდგენელია სუბტიტრებით ფილმის ყურება, არადა ისინიც ხომ ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და ხომ აქვთ კონსტიტუციური უფლება, რომ საკუთარ ქვეყანაში კონსტიტუციითვე აღიარებულ სახელმწიფო ენაზე უყურონ ყველაფერს?! 
ჩემთვის როგორც ამ ქვეყნის ჩვეულებრივი მოქალაქისთვის გასაგებია ტელეკომპანიების “იმედის”,”რუსთავი2”-ს, ”მზის”, ”აჭარის” გადაწყვეტილება, რომ ფილმები ტიტრებით აჩვენონ,ისინი დამოუკიდბელი ტელევიზიები არაინ და მხოლოდ დამფინანსებელთან არიან ანგარიშვალდებული შესაბამისად რასაც უნდა იმას გააკეთებენ და აჩვენებენ. წესით სწორედ დამფინანსებელთან უნდა იყოს პასუხისმგებელიც საზოგადოებრივი მაუწყებელიც, რომლიც ჩვენს მიერ ფინანსდება და ჩვენს დაკვეთას უნდა ასრულებდეს. ძალიან მაინტერესებს რომელი სოციალური კვლევის შემდეგ მიიღო საზ. მაუწყებლის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება, რომ ხალხმა სუბტიტრებით ყურება დაუკვეთა. 
ზემოთნახსენები ფსიქოლოგები ერთხმად თანხმდებიან, რომ დიდი ხნის განმვალობაში მსგავსი მეთოდით ფილმის ყურება გონებას ზიანს აყენებს და საბოლოოდ შიეძლება ნორმალური ადამიანის მაგივრად ფსიქიურად შეშლილი მივიღოთ. ასე რომ, მზიანი საქართველო გახდება გამოსუბტიტრებული ადამიანების სამშობლო. 
დასასრულს ყველას ვინც მომხრეა სუბტიტრების, მინდა ვასილ კეჟერაძის უფროსი ძმა შეგახსენოთE რომელსაც უყვარდა სამშობლო, მშობლიური ენა და ყველაფერი რაც ქართულია. 
P.ს. ტვ. “იმედის” ეთერში სტივენ სიგალის “ნიკო” ისევ დაამარცხებს ტერორისტებს და ოდნავადაც არ იდარდებს იმაზე, რომ ჩემი მეზობელი ვალიკო პაპა(რომელსაც ეს-ესაა 90 წელი შეუსრულდა) ვერ უყურებს რადგან მის თვალებს კითხვა აღარ შეუძლიათ, ხოლო პენსია ახალი სათვალის საყიდლად არ ყოფნის." 

No comments:

Post a Comment