Monday, June 11, 2012


დაჩაგრული ერი
ქართველები ყოველთვის დაჩაგრულები ვიყავით და ვართ. ჩაგვრის პირველ ფაქტზე ისტორია დუმს, მაგრამ სვარაუდოდ ეს მაშინ უნდა მომხდარიყო, როდესაც ზეზვა და მზია შორეული აფრიკდან ჩამოვიდნენ საქართველოში. მოგეხსენებათ მაშინ მიწის ფასი არა კვადარატული მეტრობით, არამედ დინოზავრის თათებით იზომებოდა (დღევანდელი 10 კვადრატული მიწის ფართი უდრის იმ დროინდელ 2 დინოზავრის თათს), ჰოდა ზეზვამ რომელსაც აფრიკდიან საკმაოდ დიდი საწყისი კაპიტალი ქონდა წამოღებული ადგილობრივი მცხოვრებისგან 20დინოზავრის თათი მიწა იყიდა, მაგრამ ფული სრულად არ გადაუხადა და ირონიულად მიუგო: წადი და სადაც გინდა იქ მიჩივლეო. ბუნებრივა  მაშინ სასამართლო არ იყო (თუმცა ახლა თუ არის რა აზრი აქვს?!) და აბა სად უჩივლებდა?! ასე დარჩა, ადგილობრივი მცხოვრები დაჩაგრული, რომ არა ეს ფაქტი ზეზვას და მზიას მაგივრად შეიძლება ბონდო და ხათუნა აღმოგვეჩინა, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ.
ასე შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაგვრა. როგორც წესი მჩაგვრელი უცხოტომელი იყო, რომელიც ქართველს ან მთელ საქართველოს ჩაგრავდა. უხსოვარი დროიდან მოყოებული დღემდე ქართველთა ჩაგვრაზე ევროპა შეშფოთებას გამოთქვამდა, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, რომ ამ ბოლო დროს ბევრად უფრო პროფესიონალურად შფოთდებიან ვიდრე მაშინ, როდესაც სულხან-საბა იმყოფებოდა მოდის დედაქალაქში.
უცნაური ხალხი ვართ ქართველები, არასოდეს არ ვჩაგრავთ სხვებს. ჩვენთვის ცნებები: რასიზმი და ანტისემიტიზმი ძალიან უცხოა, არადა ნახევარი მსოფლიო ამ საქმით ჭამს პურს. უბრალოდ წარმოიდგინეთ ჩვენთან რომ რასიზმი მძვინვარებდეს ხომ იქნებოდა ორგანიზაციები, რომლებიც რასიზმის წინააღმდეგ გამოვიდოდნენ?  აუცილებლად იქნებოდა. ამ ორგანიზაციებს ხომ დასჭირდებოდათ თანამშრომლები  ანუ უმუშევრობის პრობლემას და რასიზმს ერთად შევებრძოლებოდით, მაგრამ ეს საკითხი ტაბუ დადებულია.
თანამედროვე ენაზე ჩაგვრას დისკერდიტაცია ქვია, მაგრამ როგორც ქართული ენის სპეციალისტები ამბობენ: ჩაგვრა უფრო ლამაზი გამოსათქმელია. უფრო ლამაზად ჟღერს დამჩაგრეს, ვიდრე დამადისკრედიტეს.
ქართველები უკვე ისე შევეგუეთ ჩაგრულის ბედს, რომ ზოგჯერ ნებაყოფლობითაც ვიჩაგრავთ თავს აბა სხვა რა უნდა ეწოდოს საქართველო ეროვნული ნაკრების თამაშს ხორვატიაში ან ლეიბორისტების მონაწილეობას ყველა არჩვენებში?! (ისე ამ ორ კონკრეტულ მაგალითს სადომაზოხიზმის ელფერიც დაკრავს)
ნებყოფლობითი ჩაგვრის სრულყოფილი გმოვლინებაა ბოლნისის `სიონის~ და ცხინვალის `სპარტაკის~ საფეხბურთო მატჩის კომენტატორობა, ხოლო ამ თამაში ტელერეპორტაჟის ყურება ცდება ჩაგვრის იმ მეთოდებს, რომელსაც კაცობრიობა ცნობს.
(
ყველა სტატიაში და სატელევიზიო სიუჟეტში ერთგვარ მოდური ტენდენციად იქცა ფსიქოლოგის აზრი, მეც თავს არ დავიჩაგრავ და ჩავრთავ ფსიქოლოგის კომენტარს).
ფსიქოლოგების აზრით მჩაგვრელი როგორც წესი არასლუფასოვნების კომპლექსითაა შეპყრობილი ან შურისძიება ამოძრავებს. ხშირია შემთხვევა განსაკუთრებით მოზარდებში, როდესაც ვინმეს დაჩაგვრა თავის დამკვიდრების ერთგვარი საშუალებაა. მოზარდებზე დიდ გავლენას ახდენს ტელევიზია, სადაც დიდი დოზითაა ნაჩვენები ერთი ადამანის მიერ მეორეს დაჩაგვრის ამსახველი კადრები, რაც მოზარდს ბუნებრივ პროცესად მიაჩნია და შემდეგ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც იყენებს. ევროპულ ქვეყნებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება .. ცენზს, როდესაც ეკრანზე მითითებულია თუ რა ასაკის ბავშვს აქვს უფლება უყროს ამა თუ იმ გადაცემას. ცენზი ჩვენს ქვეყანაშიც მოქმედებს, მაგრამ რომელი მშობელი აუკრძალავს შვილს `რემბოს~ ან `ტერმნატორის~ ყურებას? არ უკრძალავენ იმიტომ რომ მის მეგობარს ექნება ნანახი ეს ფილმი და შვილს ხომ არ დაჩაგრავენ?
ჩვენს ქვეყანაში ჩაგრული ყოველთვის სიბრალულის საგანი იყო. აქედან წავოვიდა ისეთი სიტყვები როგორებიცაა: საცოდავი; საწყალი და სხვა;
დღეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩაგვრას ისეთი ადგილი უკავია, როგორც ძილს და ჭამას. ხშირად ვერ ვხვდებით ისე ვხდებით მჩაგვრელები. მაგალითად: ხშირია როდესაც ხელში გვიჭირას ტელევიზორის პულტი და ვრთავთ სხვადასხვა არხებზე, როცა მივუახლოვდებით ტელეკომპანია `კავკასიას~, პულტის ღილაკს ორჯერ სწრაფად ვაჭერთ, რომ ამ არხს გადავახატეთ. განა ეს არაა ჩაგვრა?! ამას კი აბსოლუტურად ნებაყოფლობით ვაკეთებთ, ისე რომ სინდის წინაშეც მართალი გვგონია თავი.
საუკუნეები გავა და ისევ აქტუალური იქნება ჩაგვრის თემა. ევროპა შეშფოთების უფრო დახვეწილ მეთოდებზე გადავა, რაც ზოგ-ზოგიერთებისთვის მნიშვნელოვანი და მისასალმებელი ფაქტი იქნება. უბრალო ადამიანები კი გავაგრძელებთ იმ იმედით ცხოვრებას, რომ არავის დავაჩაგვრინოთ თავი და თუ მაინც დაგჩაგრავენ მეორე ლოყაც მივუშვიროთ, რომ სათქმელად გვქონდეს: ქრისტიანულად მოვიქეცით თორემ ჩვენი დაჩაგვრა არც ისე იოლია.
p.s.  
ასეთია ჩაგვრის მოკლე ანატომია. სტატიას ბევრი რამე დავაკელი რადგან არ მინდა ვინმე დაიჩაგროს და ჩემი სტატიის კითხაში დრო დაკარგოს



No comments:

Post a Comment