დაახლოებით 1997-1998 წელია, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ რაც ნამდვილად ვიცი, ისაა რომ ლარს კარგი კურსი ჰქონდა (მკვეთრად გამოხატული დასავლური). მე და მამიდაჩემი ნათელა, ვბრუნდებით ორ დღიანი ვიზიტიდან, რომელიც სოფელ დვანში გვქონდა. ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ განამტკიცა დვანისა და სურამის ხალხთა ძმობის ხიდი. უნდა აღინიშნოს, რომ ამ გამტკიცებაში დიდი წვლილი შეიტანა ჩვენმა მასპინძელმა მანჟუნი გოგოლაძემ, რომელმაც 20 ლარი მაჩუქა ტექსტით: - გედოს ჯიბეში მამიდა გენაცვალოს, რა იცი რაში გამოგადგესო (რაში გამომადგა ოდნავ მოგვიანებით შეიტყობთ). ხაშურში ჩამოსულებს საზეიმო დახვედრა არავინ მოგვიწყო (ცოდვა გამხელელი ჯობს და და არც ველოდით, ხაშურია რა). გეზი პირრდაპი საკოლმეურნეო ბაზრისკენ ავიღეთ რაღაცეების საყიდლად, მეც ბედნიერი ვიყავი, რომ ხალხთა ძმობის განსამტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის აღებული ჰონორარის (20 ლარს) დახარჯვისთვის დიდი ასპარეზი გადამეშლებოდა. ბაზარში შესვლისთანავე ერთმა აყლაყუდა ჯეელმა მოგვმართა:
- რულეტკას ვატრიალებთ და თუ გნებავთ თქვენ მიიღეთ მოანწილეობა, უფასოდ.
ჩვენც დავთანმხდით, რადგან მაშინ გამოთქმა: უფასო ყველი მხოლოდ სათაგურში არ ვიცოდი, რადგან მამაჩემი სათაგურში მუდამ პურის ნაჭერს ან ხორცს ახვედრებდა ხოლმე წრუწუნებს.
მოკლედ დავატრიალეთ რულეტკა და მოვიგეთ, მაგრამ ერთ-ერთი მონაწილეთაგანი (ასეთი ჩვენს გარდა კიდევ სამი იყო და პლიუს ის აყლაყუდა) აშარდა, ამდენი ხანია ვთამაშობ და ვერაფერი მოვიგე, მაგათ პირველივეზე მოიგეს და არ ითვლეობაო.
(მცირე რაკურსი მამიდაჩემის გასაცნობად:
ნათელა ვალდიმერის ასული გოგოლაძე - დაბადებული 1953 წლის 5 იანვარს (სტალინმა მამიდას დაბაბდებით იმხელა ემოციური სტრესი მიიღო ორ თვეში ხელიდან გამოგვეცალა). ორი დის და ერთი ძმის სწორუპავრი და. გენიალური მამიდა. ისტორიის პედაგოგი და იმდენად ალალ-მართალი, რომ როდესაც ტროას ომს ხსნის, ცხენის მოტყუებით შეყვანის მონაკვეთს ახტება, რადგნა ვერ იტანს ტყუილს და მამაძაღლობას. ჯოკრის თამაშის დროს არასოდეს ”უცვეტავია”, ხოლო ”დურაკას” საერთოდ ემიჯნება და აცხადებს: ტყუილზეა აგებული და ჩემს კრედოს არ ეხამებაო)
...ჩვენც პირველი მოგებით გათამამებულებმა ხათრი გავუწიეთ და მეორადაც ვითამაშეთ, თუმცა სანამ დაატრალებდნენ აყლაყუდამ შემოგვთავაზა:
- თუ ფულს დადებთ ორმაგს მოიგებთო.
ალალ-მართალმა მამიდამ გაუწოდა 20 ლარი და რულეტის ბზრიალის დროს ფიქრობდა თუ სად დაეხარჯა მოგებული თანხა, მაგრამ როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე წავაგეთ. აყლაყუდამ ეგ არაფერი ხდება ხოლმეო და კიდე შემოგვთავაზა თამაშო
...მამიდას ახსნილი აქვს ისეთი ბრძოლები, როდესაც სწორ ტაქტიკას და შეუპოვრობას ბრძოლის ბედი შემოუტრიალებია ხოლმე ამიტომ მის ლექსიკონში არაა სიტყვა/გაგება: უკანდახევა, შედრკომა, შიში და სხვ....
...მამიდამ მეორე 20 ლარიანი მიაწოდა და რულეტის ტრიალის პერიოდში ისევ ჩაფიქრდა, თუმცა უკვე იცოდა, რომ საყდლების სია 20 ლარით უნდა შეეკვეცა, რადგან წინა 20 ლარი უკვე წაგებული ჰქონდა, მაგრამ ისევ წავაგეთ.
ცნობილი ფაქტია, რომ მამიდა ვერ იტანს წაგებას, რადგან იცის, რომ სუფთა ბრძოლაში მას ვერავინ დაამარცხებს, ამიტომაც მომიბრუნდა და მითხრა:
- ლადო, მომეცი ოცი ლარი (ის, ჰონორარად რომ მქონდა ძმობის ამბავში მიღებული)
ბუნებრივია, მივეცი რადგან მამიდას სიტყვა კანონი იყო და არის. მესამედაც დატრიალდა ბზრიალა და ისევ წავაგეთ. ამჯერად აყლაყუდამ მეტი თამაში აღარ მინდაო და მაგიდის დაშლა დაწიყო და ბოდიშის მოუხდელად წავიდა და დაგვტოვა 2 ლარის ამარა, საიდანაც ფალიაშვილი ისეთი სახით გვიყურებდა, რომ აშკარად შედიოდა ჩვენ მდგომარეობაში, მაგრამ თან გვეუბნებოდა: რა გიყოთ რით დაგეხმაროთო.
ისღა დაგვრჩენოდა სახლში დაბრუნებულიყავით. მთელი გზა მამიდაჩემს დანა პირს არ უხსნიდა, ხოლო მე, ხაშურ-სურამის 5 კილომეტრიან გზაზე, საკუთარი გმირობით აღფრთოვანებული, მამიდას დაახლოებით მეასედ ვეუბნებოდი:
- ისე, მამიდა რა მაგარია ეს ორი ლარი რომ მქონდა და არ გაგხსენე ხო?!
პ.ს. ვიცი ამ ყველაფერს მამიდაჩემი არ წაიკითხავს რადგან ”ფეისბუქს” მაინცდამაინც არ წყალობს, თორემ ამ ამბავს დღესაც ძალიან მძიმედ განიცდის. მამიდი, ქე იცი როგორ ნამეტნავად მიყვარხარ და ამიტომ დღეს სახალხოდ გპატიებ იმ 20 ლარის გამორთმევას :)))
No comments:
Post a Comment