Saturday, May 17, 2014

მარიკო ბებია

მარიკო ბებია
ნამეტანი ბედნიერი ადამიანი ვარ. მსოფლიოში საუკეთესო ბებიების შვილიშვილი ვარ. სამწუხაროდ ჩემი მერი ბებო გარდაიცვალა, მაგრამ მეორე ბებო დამრჩა. მაგარი ქალია მარიკო ბებო. ჩუმია, არასოდეს გაგრძნობინებს ტკივილს, სამაგიეროდ შენსას გრძნობს და გაინცდის. 90-იან წლებში ბებო ღვეზელებს აცხობდა და ყიდდა ხოლმე. მას მერე არსად არ მინახავს ასე პატიოსნად გამომცხვარი ღვეზელი. არაფერს აკლებდა, თითქოს შვილიშვილებისთვის აცხობდა.
ბებოს ოცნებაა ჩემს კაბინეტზე დაკაკუნება, ვპირდები რომ დაუკაკუნებლად შემოვუშვებ (კაბინეტის ვარიანტი მეც მხიბლავს) და უხარია, იცის რომ შემსრულებელი ვარ. უნდა გამოვტყდე, რომ ბებოსთან დარჩენა არ მიყვარდა, არა იმიტომ რომ იქ ცუდად ვგრძნობდი თავს, პირიქით ყველა თან მყვებოდა, უბრალოდ სურამში ჩემი სახლის გარდა სხვა სახლში ვერ ვიძინებდი და დღესაც ეგრე ვარ.
ბებოს ერთი თვისება აქვს, ვერ იტანს თუ ”შემოგევლეს” ვეტყვი. ბრაზდება - შენ კი არა მე უნდა შემოგევლოო....მართლა მევლება. ერთად გვიხარია ხოლმე ერთად ყოფნა. დანახვისთანავე  მეკითხება: - ნამგზავრი იქნები და რა გაჭამო?! კატეგორიულად ემიჯნება პასუხს - არ მშია. ამიტომ მეც ვემორჩილები მის განგებას და ვჭამ. ბებოს საოცარი ხელი აქვს, არაფრისგანაც  ოქროს გამოცხობა შეუძლია. საერთოდაც მართლა მაგარი ბებოა
ძალიან კეთილიცაა ჩემი ბებია (აბა სიკეთის გარეშე ასე კარგი იქნებოდა?!). ერთხელ მივედი და ორი სტუმარი ჰყავდა, რომლებიც რაღაცეებს ელაპარაკებოდნენ, ესეც მორჩილად უსმენდა. მე რომ მივედი, არ ვიცი ჩემი მისვლა არ გაუხრადთ თუ სათქმელი დაასრულეს, მაგრამ წავიდნენ. ბებოს ვკითხე ვინ იყვნენ-მეთქი და იაღოვას მოწმეები შვილოო. კი ვიცი სისულელეებს ლაყბობდნენ, მაგრამ რომ გამეყარა უნდა ევლოთ ამ სიცხეში და შემოვიყვანე, ცივი წყალი დავალევინე და გავახარე რომ ლაპარაკის საშუალება მივეციო. რა გითხრეს-მეთქი ვკითხე და რავი შვილო გგონია ვუსმენდი? შორ გზაზეა ბიძაშენი  და იმაზე ვფიქრობდი ამ სიცხეში ბიჭი როგორ გაწვალდებაო, თორემ ამათ მარტო თავს ვუქნევდიო.
მამაჩემი ეუბნება ხოლმე: მარიამ ”გურგენოვნა” საცოდაობაა შენ სიდედრი გერქვასო, ბებოსაც უხარია და წითლდება. დარწმუნებული ვარ ბებოს ყველა შვილიშვილს ცალ-ცალკე ერთიდაიგივეს ვფიქრობთ: ბებოს ყველაზე მეტად მე ვუყვარვარ.
ტელეფონზე რომ ურკეავ ცდილობს მოკლედ გითხრას თავის სათქმელი (ძალიან არ უყვარს ტელეფონზე ლაპარაკი), მაგრამ ორ სიტყვაში იმხელა სითბოს გამოხატავს, რომ ნებისმიერ ორატორს შეშურდება. ყავა უყვარს ბებოს, მაგრამ ამ ბოლოს ცოტა წნევამ შემიშინა და ვეღარ სვამს, მაგრამ ზოგჯერ მაინც მიეპარება ხოლმე და მერე ყველას გვანერვიულებს.
ალბათ ზოგადად შვილიშვილობაა ბედნიერება, მაგრამ  მარიკო ბებიას შვილიშვილობა ნამდვილად უფლის მიერ ადამიანზე უდიდესი სიყვარულის გამოვლინებაა.

ბებო, აზრზე არა ვარ როდის განახავ (ხო იცი სიზარმაცეს მოუცლელბით ვფუთავ), მაგრამ როცა გნახავ აუცილებლად გეტყვი (და არ გაბრაზდე): შენ შემოგევლე მე.

No comments:

Post a Comment