Saturday, May 24, 2014

მამას ბევრი მეგობარი ყავდა....


მამას ბევრი მეგობარი ყავდა. საოცარად კარგი ადამიანები. ცხოვრებაში თუ რამე მისწავლია მათგან მაქვს ნასწავლი. ალბათ თვითონ მამაჩემიც კარგია, რომ ასეთმა კარგმა ადამიანებმა გადაწყვიტეს მასთან ურთიერთობა. ძალიან მიყვარს მამას სამეგობრო წრე. რაღაცნაირად ლაღები და ერთნი არიან. ყველა ტიპის მეგობარი ყავს მამას: ინტელიგენტი და ლოთი, მაღალი და დაბალი, კეთილი (ბოროტი არა), ”ნაციონალი” და ”ქართული ოცნების” მომხრე, სიტყვა ძუნწი და სიტყვა უხვი....
მამას მეგობრებიდან პირველი (ვინც მე მახსოვს) დათო ბიძია, ”ენვერიჩი” გარდაიცვალა. მამა იშვიათად მიკითხავდა ზღაპრებს, ეს ბაბუს პრეროგატივა იყო. ერთხელაც მოინდომა და ჩემზე ბედნიერი არავინ იყო, ახალი დაწყებული გვქონდა კითხვა, როდესაც ტელეფონზე დაურეკეს და დათო ბიძიას გარდაცვალება უთხრეს. ტირილით არ უტირია, ეგ კი არა ბებო რომ გარდაიცვალა, მაშინ მითხრა: ვერ წარმოიდგენ, რამხელა შვება იქნება ახლა ჩემთვის ტირილი, მაგრამ არ შემიძლიაო. შეიძლება, მამას რომ იმ დროს ზღაპარი არ წაეკითხა დათო ბიძიას გარდაცვალება არ მხსომებოდა, რადგან პატარა ვიყავი, თან დათოც იშვიათად მოდიოდა ხოლმე ჩვენთან, მაგრამ მამას განცდა არასოდეს არ დამავიწყდებოდა...
...მერე მამუკა ბიძია გარდაიცვალა. კარგი სურამელი და ნამდვილი ადამიანი. 90-იან წლებში როდესაც სამხრეთ ოსეთში კონფლიქტი დაიწყო, ჩემთან სურამში, მამიდაშვილები ჩამოვიდნენ დვანიდან. მაშინ ყველაფერი ჭირდა, განსაკუთრებით პური. როგორ მახსოვს ბაბუ დილით 7 საათზე დგებოდა რიგში, რომ ტალონებით კუთვნილი პური მოეტანა, აბა ის ვის ეყოფოდა?! მამუკა ბიძია, პურის ქარხანაში მუშაობდა და ყოველ დილით მოაყენებდა ხოლმე მანქანას და გარედან ყვიროდა: ლტოლვილებო, პური მოგიტანეთ, თან ბედნიერი იცინოდა. ჩვენც გვიხაროდა,იმას ჩვენზე მეტად. ძალიან დააკლდა მამუკა ბიძია ყველას, მის ოჯახს, ჩემ ოჯახს და ყველას ვინც მას იცნობდა.
რთულია ქრონოლოგიურად გავიხსენო მეგობრებიდან ვინ გამოაკლდა, შეძლება ვინმე გამორჩეს და ვიღაცას უნებლიედ ვატკინო გული. ეს მე ვერ გავიხსენებ, თორემ მამა ყველას გაიხსენებს.
... თამაზი ბიძია, მამაზე არანაკლებ მე დამაკლდა. სულ პატარა ვიყავი, თავის  ავთუშკასთან ერთად რომ აღმა-დაღმა დამატარებდა. კრემისფერი ნოლ-ექვის ყავდა. ვიცოდი თუ იქ ჩავჯდებოდი ვერა ძალა ვერ შეუშლიდა ხელს, ჩემს იმ დღევანდელ ბედნიერებას. ასე იყო და რა მექნა?! მანქანის ტარებას მასწავლიდა და ძროხას დავეჯახე, იმის მაგივრად გამბრაზებოდა, ყოჩაღ რომ არ დაიბენი, თორემ ნახირი ისე ცუდად მოდიოდა, გამოუცდელი მძღოლი მეორესაც დაეჯახებოდა. დავიჯერე. საკუთარი შრომით გამომუშავებული ფულის გემო სწორედ თამაზი ბიძიამ გამასინჯა. თავის სამუშაო ოთახი შეგვაღებინა მე და ავთოს. იმაზე ბევრად მეტი გვაჩუქა ვიდრე კარგი ხელოსანი აიღებდა, რომელიც მართლა კარგად შეღებავდა. ჩვენ გვიხაროდა და ალბათ ეს სიხარული უხაროდა მასაც. ისიც ნაადრევად გარდაიცვალა...
...ვიცით რომ ოდესღაც ყველამ იმ ქვეყანაში უნდა ვპოვოთ სამუდამო ნავსაყუდელი, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებზეც ვერასოდეს იფიქრებ რომ ერთ დღეს აღარ იქნება. ასეთი იყო დათო წიქარიშვილი, ადამიანი რომელსაც შეეძლო ნებისმიერ დაძაბულ სიტუაციაში ადამიანის კარგ ხასიათზე დაყენება. საოცრად კეთილი იყო. პატარა ვიყავი, იცოდა რომ წიგნები მიყვარდა და ხაშურის ერთადერთ წიგნის მაღაზიაში შემიყვანდა ხოლმე და მყიდულობდა ნაირ-ნაირ წიგნებს. ძალიან უანგარო იყო. სულ პატარა ვიყავი დათო რომ გავიცანი და ბუნებრივია, ბიძიათი მივმართავდი. როცა გავიზარდე კატეგორიულად მიკრძალავდა ”ბიძიას”, რაღაცნაირად მერიდებოდა პირდაპირ დათოს დაძახება და დაახლოებით 2 წელი სახელის გარეშე ველაპარაკებოდი. მერე როცა დათო დავუძახე და ეს მოვუყევი ბევრი იხალისა...
...გურამი ბიძიასთან პირადი შეხება სულ ორჯე მქონდა. პირველად რომ ვნახე ნასვამი იყო.
- თუ რამე დაგჭირდეს, ჩემთან მოდი, თუ ვერ მიპოვე თბილისში ნებისმიერ გამვლელს კითხე გურამი გაბიძაშვილი სად ცხოვრობსო და მოგასწავლიან.
გურამი ბიძიას ოცნება, ხვამლის მთის საიდუმო ამოხსნა იყო, ბევრი ეჭიდავა, თითქოს მიაგნო კიდეც გასაღებს, მაგრამ არ დასცალდა გასაღების გადატრიალება თორემ დარწმუნებული ვარ მსოფლიო ისტორიას გადაატრიალებდა თავის აღმოჩენით...
...ჩემი მერაბი ბიძია, მას მერეა ჩემ ცხოვრებაში რაც მამაჩემის სახე მახსოვს. სულ ერთად იყვნენ. რამდენჯერ ღამის 2-3 საათზე მხოლოდ იმიტომ მოსულა, რომ მამას გარეთ გაეხედა და მერაბი ბიძიას ჭიშკრიდან ეთქვა: გოგია, მიყვარხარ და წასულა. რუსთავში გადავიდა საცხოვრებლად და უსურამობას განიცდიდა. მამას ძალიან არ უყვარს ტელეფონზე ლაპარაკი, მაგრამ მერაბი ბიძია თუ ურეკავდა იცოდა, რომ დიდხანს მოუწევდა, საუბრის თემა ერთადერთი იყო - სურამი
- ”კანფეტასთან” უკვე დაიწყეთ შეკრება?
- კი მერაბ
- ვაახ,რკინის წყალი ხო მოდის ძველებურად?
- კი
- ვააახ. ცივა დილით თუ ჯერ არა?
- ცივა
- ვაახ.
- დიდი თოვლი იყო?
- კი
- ვაახ
და ასე უსასრულოდ. კითხვები, რომელზეც თვითონაც იცოდა პასუხი, მაგრამ მაინც ეკითხებოდა, თითქოს მამას პასუხები სურამში აბრუნებდა...მერაბი ბიძიამ სამუდამოდ დაიდო სურამში ბინა.
...სხვა ბევრი მეგობარი ყავს მამას გარდაცვლილი, საბედნეიროდ ძალიან ბევრი ცოცხალი ყავს და მინდა ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ერთამენთის გასახარად...

პ.ს. დღეს პაატა მილორავა, პაატა ბიძია დაკრძალეს....

No comments:

Post a Comment