![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEge4f6bVRw5rFsoKZ42gHdOMIIH4aStYKf2SIVn6u9sbRej7ZTcPvzou9DK94lHe7uPulpXWTIxdWZDW9F98R76DLUnFp2D8_Rzm5u2a2RYQZ4flJNhvqT6PHKuUV8BEDaCwpnDAbTsGaTB/s1600/420702_594690913888633_1714455974_n.jpg)
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც გაცნობის დღიდან ბაძავ,მაგრამ მათის მსგავსი ვერასოდეს ვერ ხდები, მეტიც, ახლოსაც ვერ მიდიხარ, თუმცა ისევ აგრძელებ მიბაძვას. ასე მჭირს მეც. აზრზე არა ვარ როდიდან მახსოვს მამაჩემი, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ იმ პირველი წამიდან, როცა მისი არსებობა ვიგრძენი ღიად თუ ფარულად მიბაძვა დავიწყე. ვაბაძავ ლაპარაკში, საქციელში, სუნთქვაში, ჭამის მანერაშიც კი, მაგრამ რად გინდა, არაფერი არ გამომდის. ვაგრძელებ, მაგრამ წინსწარ ვიცი რომ არ გამომივა.
მამაჩემი მაგარია. ვიცი რომ ყველა მამა მაგარია, მაგრამ მამაჩემის მსგავსი არავინაა და აბა იმის მიბაძვა მე როგორ გამომივა?!
პატარაობიდანვე ძამაკცობით დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და დღემდე ასეა. არასოდეს გვქონია პრობლემა ურთიერთობაში ალბათ ამიტომ მინდა მამაჩემისნაირი მამა ვიყო.
ხაშურის ”ივერიის” გასვლით თამაშებს მინიმუმ ორი მაყურებელი ყოველთვის ყავდა - მე და მამა. დამატარებდა ყველგან. ჩემთვის ზეიმი იყო მამასთან ყოფნა, ახლა რომ ვუფიქრდები მამასც უხაროდა.
1995 წელი იყო, ”დინამოს” ავსტრიულ ”ტიროლთან” ჰქონდა თამაში და წამიყვანა მამამ. გოლი რომ გავითანეთ, მამას გოლი უხაროდა და მე ტაბლოზე მოციმციმე ”გოოოოოოოოლ” (მგონი ერთი ”ო” ზედმეტია). გვიან დამთავრდა თამაში და იქიდან ფოთის მატარებლით წამოვედით, სხვა არაფერი მოდიოდა და ღამის 12 საათზე წამოსულები 6 საათზე ვიყავით ხაშურში. გზაში იმდენი რაღაც მომიყვა მამამ, რომ ის მატარებელი დღემდე მიყვარს. მას მერე კარგა ხანს, სადაც კი კუპეებიან მატარებელს დავინახავდი ყველას ფოთის მეგონა.
ერთი ჩვევა აქვს, როცა რამეს, შენთვის სასურველს დაგპირდება ბოლო წუთამდე გეუბნება რომ ვერ აგისრულა და უკანასკნელ წამს გამოაჩენს სასურველ ნივთს. ასე ვნახე საქართველოს ნაკრების ყველა თამაშის ბილეთი.
ასე თუ ისე რაღაც გამიკეთებია ცხოვრებაში, მაგრამ დღემდე ”გოგის ბიჭად” მიცნობენ და რომ ვაკვირდები ასე იქნება დიდი ხნის მანძილზე. ერთადერთხელ იყო, რომ მამა ”ლადოს მამად” გაიცვნეს და ისე ბედნიერი იყო თითქოს ხელახლა დავიბადე მისთვის.
გული მწყდება, რომ მამამ თავის პოტენციალი ბოლომდე ვერ გამოიყენა. ძალიან ბევრის მიღწევა შეეძლო, მაგრამ არ შეეცადა, ვერ ვამტყუნებ, კარიერაზე რომ ეფიქრა შეიძლება სურამიდან წამოსვლა გამხდარიყო საჭიროდ და გოგი უსურამოდ?! ( სუბიექტურად ვიტყვი, რომ სუარმიც ვერ წარმომიდგენია გოგის გარეშე)
მამაჩემის ოცნება იყო ჩემგან ფეხბურთელი გამოსულიყო, პაპა კარლოს აუხდა ოცნება და ბურატინოსგან კაცი გამოუვიდა, მაგრამ მამას ვერა.
ერთხელ, მოხდა ისე რომ ვიცოდი მამა თავის დაბადების დღეს ვერ იხდიდა, ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა და გადავწყვიტე მე გადამეხადა. დილით წავიდა სამსახურში და რომ დაბრუნდა საყვარელი ხალხი დავახვედრე. ვითამადე, როგორც ჩანს თამადობა გამომივიდა ( ამ დროსაც მამას ვბაძავდი), სუფრი ერთი-ორმა წევრმა მამას ჩემზე კარგი უთხრა, ჰოდა ისეთი ბედნიერი სახე ქონდა მამას თითქოს მის წინ ატომის მოლეკულა დავშალე და ავწყე.
ძალიან მიყვარს მამაჩემი.
ყველაფერი გააკეთა მამამ რომ მე და სოფოს უზრუნველი ბავშვობა გვქონოდა. გაჭირვებაც ბევრი იყო და დალხენაც, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ მამა ყველაფერს გააკეთებდა ჩვენთვის და არასოდეს არაფრის შემშინებია.
მამი, მადლობა: ლაღი ბავშვობისათვის, შენი მაგარი მამობისათვის, სოფოს არსებობისათვის, სურამის შეყვარებისათვის, ყოველთვის სწორად შერჩეული წიგნისთვის, უანგარო სიყვარულისთვის, ფეხზე დაყენებისთვის, კარგი ადამიანების გაცნობისთვის, მადლობა რომ ნენეს ბაბუა ხარ და რა თქმა უნდა, მადლობა ჩემი შექმნისთვის.
ამ ბოლო დროს ევროპეიზაცია ძალიან შემოიჭრა, ჰოდა ხშირად მამაჩემს გიორგის ფრანგული ვარიანტით ”ჟორჟით” მივმართავ ხოლმე...
დაბადების ორმოცდამეთვარემეტე წელს გილოცავ ჟორჟ