Saturday, September 20, 2014

ჩემი ძაღლი ”ბიჭიკო” და ფეხბურთი


ოჯახში როცა ძაღლი გვყავდა მისთვის სახელის მოფიქრება, მუდამ მამაჩემის პრეროგატივა იყო. ამიტომ ორიგინალური სახელებით გამოირჩეოდნენ ჩვენი ოთხფეხები (მე ალბათ ორფეხა, რომ დავიბადე, მამამ ამიტომ გაიმეტა ნორმალური სახელი). გვყავდა ”კახა”, რომელსაც იმ პერიოდის შსს მინისტრის, როგორც მაშინ იტყოდნენ ”მთვარი ძაღლის” კახა თარგამაძის საპატივსაცემოდ ერქვა ეს სახელი. გვაყავდა ”პალმა”, რადგან ლეკვობისას აშოლტილი იყო, მაგრამ ზრდასრულიც იგივე ზომის დარჩა, გვაყვადა ”ნაზიკო” (კატა), რომელიც თავის სახელი ანტიპოდი იყო.... ერთ მშვენირ დღეს მამაჩემმა ქუჩაში ეულად მდგომი ლეკვი დაინახა (დღემდე ამბობს - მერჩივნა ეულად მდგომი შეროუნ სტოუნი დამენახაო... მჯერა )და სახლში წამოიყვნა. ზემოთ დავწერე, რომ გვაყვდა კატა ”ნაზიკო” , ამიტომ ნაპოვნი ძაღლის სახელზე დიდხანს აღარც უფიქრია და ასე შემოვიდა ჩვენს ოჯახში ”ბიჭიკო”.  მიუხედავად მრავალი კინოლოგის ჩარევისა, ბიჭიკო ისე წავიდა იმ ქვეყნად, რომ მისი ჯიში ვერ დავადგინეთ, ამიტომ თავი მოგვწონდა, რომ ექსკლუზიური ჯიშის ძაღლი გვყავდა. 2 წლის ისე გახდა, რომ არ დაუყეფავს, ყველას მუნჯი გვეგონა, მაგრამ ერთ დღეს სრულიად მოულოდნელად დაიყეფა, ისე გვიხაროდა ოჯახს, როგორც დაღუპული გემის მეზღვაურს მიწის დანახვა. ამას საგანგებო ქეიფი მიეძღვნა, გახარებულმა სუფრის წევრებმა განსხვავებულით შესვეს ”ბიჭიკოს” პირველი დაყეფვის სადღეგრძელო. ნამეტანი საყვარელი ცუგა იყო. ძალიან უყვარდა სახლში შემოსვლა, მაგრამ ზღურბლზე გადმოსული არ იყო და მაშინვე დედაჩემის რისხვა ატყდებოდა თავს. მისთვის ჩვენი სახლი ისეთივე მიუღწეველი ოცნება იყო, როგორც ლეიბორისტული პარტიისთვის პარლამენტის შენობა. ერთდ დღეს დედა 2-3 დღით სადღაც წავიდა. მე და მამამ გადავწყვიტეთ, რომ ”ბიჭიკო” უკვე ოჯახის ნამდვილი წევრია, კაცია და მისი ადგილი სახლშია. გავუღეთ კარები და ვიხმეთ. ძალიან გაუჭირდა პირველი ნაბიჯის გადადგმა, რადგან დედაჩემის წასვლა არ უწყოდა, თუმცა მიხვდა რომ მე და მამას ბოროტი ზრახვა არ გვედო გულში და შემოვიდა. ასეთი ”ბიჭიკო” არავის გავხსოვდა, იგრძნო რომ მის წინ სრულიად ახალი სმყარო გადაიშალა და ზუსტად 3 წამში მორბინა ყველა ოთახი, 2 წამი დაჭირდა ყველა საწოლზე ასვლა-ჩამოსვლა და კიდევ დამატებით 3 წამი გვთხოვა ყველა სკამზე ასასვლელად. მერე ჩემთან მოვიდა და ისეთი სახით შემომხედა აშკარად მითხრა:
- ”გიორგევიჩ” რაც მე ვერ დაგლოცო ბუნების ძალამ დაგლოცოსო!
მთელი დღე ჩვენთან დარჩა, მხოლოდ აუცლებელი საქმისთვის გადიოდა გარეთ. საღამოს კინოს ერთად ვუყურეთ. ”რემბო” იყო და იმ მომენტზე სტალონე რომ ხელს იკერავს, ნერვიულობისაგან კუდი აუთამაშდა, როცა ყველაფერი კარგად დასრულდა მოეშვა და მიეძინა. ”ბიჭიკოს” იდილია ორი დღე გაგრძელდა, რადგან მერე დედა ჩამოვიდა. მე და მამა საიდუმლოს ისე ვინახავდით, როგორც განძის მცველები და სამარეში ვაპირბედით ამ სადუმლოს წაღებას, მაგრამ ისევ ”ბიჭიკომ” გაგვცა, რომელსაც ტალახიანი ტორები დაუტოვია ოთახებში.
ამ ამბიდან ძალიან მალე ”ბიჭიკო” მოკვდა. არასოდეს ავლენდა მანქანებისადმი განსაკუთრებულ სიყვარულს, როგორც გითხარით არც ყეფვით გამოირჩეოდა, მაგრამ ერთ დღეს მავან მანქანას ყეფით გაეკიდა და....

რამ გამახსენა ეს ამბავი - საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის შესარჩევ ეტაპზე თამაშობს და იქ რომ მოხვდნენ ისინიც ისე უთავბოლოდ ირბენენ, როგორც ბიჭიკო დარბოდა ოთახში?!

No comments:

Post a Comment