Tuesday, September 23, 2014

მე, #135 სამარშრუტო ტაქსი და 50 თეთრი



გამოწვევებმა წალეკა სოციალური ქსელი. მალე ალბათ იქნება 10 ფაქტი რომელსაც ნანობ, ჰოდა ვუსწრებ მოვლენებს და ერთ-ერთ ფაქტს ავხდი ფარდას.
მე და Soso Qoqoshvili ძალიან კარგი ტანდემი ვიყავით. შეგვეფერებოდა გამოთქმები: "ისე არიან როგორც კოკა და კოლა"; "ისე არიან როგორც რუსთავი და ორი"; "ისე არიან როგორც ასავალ-დასავალი და რეზო ამაშუკელი" და სხვ. ყოველგავრ ქმედებაში უსიტყვოდ ვუგებდით ერთმანეთს  და ამის გამო 2-3 დღე უხმოდაც გვიწევდა სახლში ყოფნა (მერე მორზეს სული გამომეცხადა და ბიჭებო, ჩემი ანბანი მაინც გამოიყენეთ თორემ ასეც ტეხავსო და ხმა ამოვიღეთ).
სოსო "ალმა მატერში" სწავლობდა, მე სოხუმის უნივერსიტეტში (მაშინ სოხუმის ფილიალი ერქვა), გზად ერთად მივდიოდით #135 სამარშრუტო ტაქსით, თუმცა მაშინ ამ ხაზზე ისეთი ტრანსპორტი მოძრაობდა, უპრიანი იქნება თუ "მარშუტკას" ვიტყვი.
როგორც უკვე გითხარით სოსო, "ალმა მატერში" სწავლობდა და ჩამოსვლა ჩემზე ადრე უწევდა ( ვაჟა-ფშაველას დასაწყისში და მე ქავთარაძის ბოლოში), როდესაც ეს წამი დადგებოდა, სპეციალურად ამ საქმისთვის დაყენებული ხმით იტყოდა ხოლმე: გააჩერეთ - და დააყოლებდა, ჩემსას გადაიხდიან. მეც ავწევდი ხოლმე ხელს, რომ გადავიხდიდი. სოსო, მართლაც მაძლევდა 50 თეთრს, რათა მისი ფული გადამეხადა, ამიტომ სინდისდამშვიდებული ჩადიოდა. მას შემდეგ რაც ჩემი ჩასვლის რიგი მოვიდოდა და მეც ვთხოვდი გაჩერებას, ვაწვდიდი ხოლმე ორ ლარიანს, საიდანაც ფალიაშვილი მიყურებდა, თან თვალებით მეკითხებოდა - ლადო, არა გრცხვენია ამას რომ სჩადიხარო? მე ვპასუხობდი, კი მრცხვენია ბატონო ზაქარია, მაგრამ 50 თეთრი კაი ფულია და თვალებს ვხუჭავ-მეთქი, ჰოდა თუ მძღოლს გაახსენდებდოდა სოსო, კი მიბრუნებდა 1 ლარს და თუ დაავიწყდებოდა 1.5 ლარს ჩამიჩხრიალებდა ხოლმე. მე როგორც ზედმეტად ზრდილობიანი მადლობას მოვახსენებდი, ვითვალისწინებდი კარზე დაწერილს - დახურეთ ნელა, ვხურავდი ნელა და ოდნავ აფორიაქებული სინდიდსით მივდიოდი ცოდნის მისაღებად.
სოსოია, რომ გამოვთვალე დაახლოებით 500-600 ლარი მმართებს შენი, მაგრამ შენი ოქროს გულის ამბავი ვუწყი და მადლობა რომ მპატიობ :))
მეეჭვება მეგობრებში #135 "მარშუტკის" მძღოლი მყავდეს, მაგრამ თუ ვინმე იცნობთ გადაეცით რომ მოინანიაო, თამამად უთხართ ნებსიმიერს, რადგან თუ 2003-2008 წლებში მაგ რესიზე მუშაობდა, მაშინ შეხვედრილი ვიქნები.
პ.ს. დანარჩენ 9 ცოდვას მომავალში ავხდი ფარდას :)

No comments:

Post a Comment