Saturday, September 6, 2014

ჩემი მრიცხველი (ამბავი ესე დაწერილ არს 2011 წლის მარტში)


ძალიან დიდ ხანს ვფიქრობდი უნდა დამეწერა თუ არა ეს წერილი, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე, რომ ჩემი მრიცხველის ისტორია ყველას უნდა ცოდნოდა და დავწერე. 

ჩემს ცხოვრებაში პირველად როდის შემოვიდა სიტყვა `მრიცხველი~, ამაზე ისტორიული წყაროები დუმან, მაგრამ ჩემი აზრით ეს 2003 წლიდან უნდა მომხდარიყო, რადგან მანმადე შუქი არ იყო და ბუნებრივია მრიცხველის რაობასაც ვერ ჩავწვდებბოდი. 
მოკლედ 2003წლიდან მრიცხველი ოჯახის ისეთივე წვერია როგორც მე, უფრო მეტიც მამაჩემი ხშირად ამბობს (ძირითადად ჩემს გასაგონად): ოჯახში ორი პარაზიტი მყავს მრიცხველი და ლადოო. 
იყო დრო როდესაც მრიცხველი უბრალოდ `სოჩიკი~ იყო, მაგრამ ჩემი ბზრიალა თავის თანამოძმეებში მუდამ ამაყობდა, რომ იყო,  არის და იქნება მრიცხველი, რადგან ჩემს ოჯახში თითქმის ყველა ფილოლოგია და უცხო სიტყვებს მაქსიმალურად ვერიდებით. 
მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი 2011 წლიდან დაიწყო. თქვენის ნებართვით ოდნავ შორიდან დავიწყებ ისტორიის მოყოლას. 
2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოს ულამაზეს კურორტს, სურამს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური ეწვია, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა სურამის კულტურის სახლის წინ იმართებოდა, რადგან კულტურის სახლში... შუქი ჩაქრა. მინისტრი მოსახლეობას შეპირდა, რომ მალე დაიწყებოდა გამრიცხველიანება, რაც ბოლოს მოუღებდა არარსებული დავალიანების პრობლემას. 
მართლაც, 2010 წლის შემოდგომიდან დაიწყო სურამში გამრიცხველიანების პროცესი, რომელმაც ჩემს უბნამდე თებერვალში მოაღწია. მთელი ოჯახი ვგრძნობდით, რომ ახლოვდებოდა ის დრო როდესაც გარეთ უნდა გაეტანათ ჩემი მრიცხველი.. 
თებერვალიც დადგა (აქეთ ჩვენ ვტიროდით და იქით ჩვენი ბზრიალა). სანამ მთელი უბნის გამრიცხველიანება არ დასრულდა ელექტროენერგიას მხოლოდ სიზმრებში და მეზობელ უბნებში ვხედავდით 
თვის ბოლოს კომპანია `ენერგოპროს~ შუქის ქვითარი მოგვივიდა სახლში, რომელშიც შავით თეთრზე ეწერა გადასახადი, რომელიც თითქმის იმდენივე იყო როგორც წინა თვეებში. თავიდან მთელ ოჯახს გავიხარდა, რადგან ვიფიქრეთ ალბათ ჩვენმა მრიცხველმა გაიგო, რომ ეს წელი ვაჟა ფშაველას წლადაა გამოცხადებული და რადგან დიდი მწერალი არც თუ იშვიათად წერდა მთვარის შუქზე, მრიცხველმაც მას მიბაძა, მაგრამ მერე გაგვახსენდა რომ ჩვენი ბზრიალა `ჩინელია~, ხოლო ჩინური კალენდრით ისევ ძველი წელი იყო, რომელიც აკაკი წერეთლის წლად იყო გამოცხადებული, ჰოდა აბა სად აკაკი და სად მთვარის შუქზე წერა?! ამ აღმოჩენით გათამამებულნი და ხელში ქვითრით მთელი ოჯახი `ენერგოპროს~ ოფისს მივადექით სადაც ოპერატორმა ძალიან მშვიდად გაგვარკვია რა ხდებოდა ჩვენ თავს: 
` - გეთანხმებით,რომ მთელი თვე შუქი არ გქონიათ, მაგრამ რომ გქონოდათ ხომ ამდენს დაწერდით?! ჰოდა ჩვენმა კომპიუტერმაც ეგ დააფიქსირაო.~ 
პასუხი იმდენად ამომწურავი იყო რომ მეტი კითხვა აღარც დაგვისვამს და სახლში გახარებული დავბრუნდით, რადგან მიუხედავად უშუქობისა ჩვეზე მაინც ფიქრობენ და გული შესტკივათ. 
უკვე 4 თვე ხდება რაც ჩემი მრიცხველი გარეთაა. ხშირად მივდივარ და ვესაუბრები მაღლა კიდია და მაღლიდან ხომ უკეთ ჩანს ყველაფერი თან მაინც სახელმწიფოს სამსახურშია და ჩემზე მეტი ნამდვილად ეცოდინება. 
ასეთია ჩემი მრიცხველის ისტორია, რომელიც ტრიალებს და ტრიალებს. ეს ტრიალი კი დღითიდღე ძვირდება, მაგრამ ჩვენ ბზრიალას სასიცოცხლო უფლებას ხომ არ მოვუსპობთ და ხომ არ გავაჩერებთ?! 
პ.ს. მამაჩემს შევპირდი, რომ თუ ბიჭი არ მეყოლა მრიცხველს დავარქმევ მამაჩემის სახელს.  

No comments:

Post a Comment