Wednesday, June 11, 2014

ბოლოკი (წინა საარჩევნო პოსტი)

სტუდენტობისას გაჭირვება ყველას გამოგვიციდა. შესაბამისად მე და სოსოც არ ვყოფილვართ გამონაკლისები. ექს-პრეზიდენტის ზეობის ხანაა, დაახლოებით 2004 წლის თებერვალია. პარასკევია და 5 თეთრიც აღარ გვაქვს ჯიბეში, ოჯახებიდან იმ კვირის გამოგზავნის ლიმიტი ამოწურულია, ასევე ამოწურულია "ნისიის" ლიმიტი (80 ლარი) კორპუსის ძირში გახსნილი მაღაზიაში. სახლში ერთადერთი საჭმელი ბოლოკი იყო, რომელიც რატომღაც ძალიან ბევრი გვქონდა. უკანსკნელი 50 თეთრით პური ამოვიტანეთ და გავწერეთ გრაფიკი, თუ ორშაბათამდე როგორ გვემყოფინებინა პური, თორემ ბოლოკის გამოლევის შიში არ გვქონდა. "იჟოგის" პირველი ნიშნები შაბათ დილით დაგვეტყო, მაგრამ ჩივილს აზრი არ გვქონდა და ორივემ გმირულად დავიწყეთ მოთმენა. მაქსიმალურად ვცდილობდით ისეთი ტექსტებით გველაპარკა სადაც არ იქნებოდა სიტყვები როგორებიცა - გემრიელი, ჭამა, ხინკალი, მწვადი, მადა და სხვ.  
სამწუხაროდ არ გვქონდა მობილური ტელეფონი, რომ ვინმესთვის "sos" სიგნალი გაგვეგზავნა, ხოლო სახლის ტელეფონი ისე დუმდა, რომ უწინ მუმუ ამოიღებდა ხმას ვიდრე ისე.  უკვე შაბათი საღამო იყო, როდესაც პირველად ვნახე მლოცველი სოსო, ალბათ ასე რომ ყველამ ვილოცოთ ივერია ისე გაბრწყინდება, ნათლის სვეტი ამერიკამდეც მიაღწევს. კვირაც ისეთი გათენდა, როგორც შაბათი. 12 საათზე გაგვეღვიძა. სოსომ დასვა კითხვა, რომელიც ჩემთვის დღემდე შავი იუმორის პიკად ითვლება:
- ლადო რა ვჭამოთ?!
არაფერ კარგს არ გვიქადდა ეს დღე, თუმცა სულ ველოდი რომ სოსო ლოცვა შედეგს მოიტანდა. დაახლეობით 4 საათზე კარზე კაკუნი გაისმა. ჯერ მოლანდება გვეგონა და ორივეს გაგვიტყდა თქმა, თუმცა განმეორდა და იმედის ნაპერწკალიც გაღვივდა, მაგრამ თავდაცვის მიზნით ჩუმად მივიპარეთ "გლაზოკთან" რადგან გაზის ინკასატორი გვეგონა, მაგრამ კარს იქიდან ირაკლი მოჩანდა უცნაური ცელოფნით ხელში.
ჰამლეტს არ გაკვირვებია ისე მამამისის აჩრდილი დანახვა როგორც ჩვენ ირაკლის ხილვამ გაგვაკვირვა. კარები გავუღეთ და ხელში ისეთი რამ დავუნახეთ, ორივემ ერთხმად დავიგინეთ, რომ ომები იმიტომაა მსოფლიოში, რადგან ირაკლის არ იცნობენ.მოკლედ ირაკლის ხელში პური და კარტოფილი ეჭირა.
...ისე თხლად გავთალე კარტოფილი, რომ სინათლე გასდიოდა ნათალს. პურის დანახვით სოსომ იმხელა შოკი მიიღო, რომ "საიდუმლო კუნძულზე" ეულად მყოფი აირტონისთვის გემის დანახვა მასთან შედარებით არაფერი იყო.
ამ ყველაფერში საინტერესოა ისაა, რომ უკვე შემწვარ კარტოფილს ბოლოკს ვატანდით.

რამ  გამახსენა ეს ამბავი, თუ ადამიანი ქაქს ჭამს მის ჭამას ვერა ძალა ვერ გადააჩვევს, ამიტომაც ნურავის გაგვიკვირდება თუ "ნაციონალური მოძრაობა" ბლომად ხმებს მოაგროვებს...bolo

No comments:

Post a Comment