1996 წლის ევროპის ჩემპიონატი იყო პირველი მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი, რომელსაც შეგნებით ვუყურე. მანამდე 1994 მსოფლიოსაც ვუყურე და ბაჯოს პენალტის დროს ძილიც ვტეხე, მაგრამ ამ მსოფლიოდან მხოლოდ ლეჩკოვის გოლი გერმანიასთან, სტოიჩკოვის ჯარიმა ნიგერიასთან, რომელიც მსაჯმა არ ჩათვალა თამაშგარის გამო.
96-ის ევროპა ისე დაიწყო ფავორიტი გუნდი არ მყავდა,თუმცა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ჩემი გული უკვე ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს ეკუთვნოდა,რომელმაც ფინალში იმ დროს მართლა უძლიერეს გერმანიის ნაკრებთან დათმო 1-2. მას მერე ერთად მოვდივართ. ერთად ვიტირეთ გათახსირებული კოლინას მიერ დანიშნულ პენალტზე, 2000 წელს, რომელიც დე ბურმა (რატომ იქვე არ გაუხმა მარჯვენა) გაიტანა. ერთად გვიხაროდა ამავე ჩემპიონატზე დანიასთან 2-0 მოგება, რომელიც ჯგუფიდან გასასვლელად საკმარის არ აღმოჩნდა. მერე იყო ევრო 2004, სადაც მართლა მგელი გუნდით ჩავედით,თუმცა რეჰაგელს (მიეწიოს ყველა ჩეხის წყველა) გაწვრთნილმა საბერძნეთის ნაკრებმა ისეთი საზიზღარი თამაში გვეთამაშა ნახევარფინალში,რომ წავაგეთ,არადა ამ თამაშში ნედვევდი დაგვემტრა, თორემ ღმერთმა უწყის რა მოხდებოდა.თუმცა მანამდე ჰოლანდიასთან რევანში ავიღეთ და 3-2 დავდეთ ბეჭზე. მაგარი ბიჭები არიან ჩეხები. არასოდეს ყელ-ყელაობენ, თუმცა ყოველთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ.საშინელება იყო 2006 წლის მსოფლიო, სადაც ამერიკასთან 3-0 გამარჯვების მერე განასთან ფავორიტები წარვდექით და...მერე იტალიამაც იგივე ანგარიშით 0-2 მოგვიგო. არ დამავიწყდება რა უშედეგოდ ვეძებდი ჩეხეთის ნაკრების მაისურს სპორტულ მაღაზიებში. აგერ უკვე 18-ეწელია ამ გუნდს ვგულშემატკივრობ და როდესაც ვამბობ ჩეხეთი მიყვარს-მეთქი ჯერ გიჟი ვგონივარ ყველას, მერე მეტიჩარა რომ განსხვავებული მინდა ვიყო და ბოლოს ფეხბურთის უვიცი, არადა არც ერთი არა ვარ. ამიტომ როდესაც ვამბობ - ჩეხეთს ვგულშემატკივრობ ყოველთვის მიწევს ახსნა თუ რატომ, რაც ცოტა არ იყოს ყელში მაქვს ამოსული. 2012 წლის ევროპაზე ერთადერთხელ მოხდა, როდესაც მთელი საქართველო ჩემთან ერთად უჭერდა მხარს ჩეხებს, მაგრამ შემარცხვინეს ჩემმა ბიჭებმა და 1-4 წააგეს რუსებთან, თუმცა მერე მითხრეს: ”გიორგევიჩ”, გვაპატიე გამოვასწორებთო და კი გამოსწორეს ჩატოვეს ჯგუფში რუსეთის ნაკრები, მანამდე მე და ნენემ ერთად გავიხარეთ საბერძნეთთან გამარჯვებით. მოკლედ კაი ბიჭები მყავნან. აყლაყუდა კოლერი რო გამოვიდოდა სტადიონზე ბურთს მაღლა ავარდნის ეშინოდა, მერე შმიცერი დაბზრიალდებოდა ხოლმე, პობორსკის დაუგორებდა და ამანაც ისეთი დარტყმა იცოდა მტრისას. მეკარეებს აღარ იკითხავთ? ჯერ იყო და კოუბა არ ახარებდა მეტოქეს და ახლა ჩეხი. ბერგერიც ცეცხლი იყო,იცოდა თავის საქმე.
ნედვედი ხო ცალკე თემაა, ერთადერთი ”იუვენტუსელი” რომელიც ჩემ გულთან დაბოგინობდა, მაგარი ბიჭი იყო, შეუპოვარი. 2003-ში ჩემპიონთა ლიგის ნახევრაფინალში რომ ყვითლი მიიღო მაგის სახე არ დამავიწყდება, მიხვდა რომ ფინალს გამოტოვდა და ლამის მოკვდა კაცი,ეგ იყო ფეხბურთელი.როსიცკი და ძმანი მისნი უკვე შედარებით ახალი თაობაა,მაგრამ იმათაც შეეძლოთ ბურთის გაგორება. წელს გაგვიჭირდა თაობათა ცვლის ბუნებრივი პროცესია და ნელ-ნელა აღვიდგენთ ძველ დიდებას. სამწუხაროდ წელს ერთმანეთს ვერ შევხდვით მე და ჩემი ბიჭები, მაგრამ 2016 წლის ევროპაზე ისევ ვინერვიულებთ მსაჯების შეცდომებზე და ისევ ერთად ვიყიჟინებთ ჩვენს მიერ გატანილ გოლებზე. მოკლედ ჩეხეთს გაუმარჯოს - Aťžije Českou republiku