Tuesday, July 24, 2012

ჩემი პაპუკა

ჩემი პაპუკა



ბევრი დაწერილა და ალბათ კიდევ ბევრი დაიწერება პაპების და შვილიშვილების ურთიერთობაზე, მაგრამ ჩემი და ჩემი პაპუკას ურთიერთობა სულ სხვა იყო, ყველაგან განსხვავებული, ყველაზე თბილი და ყველაზე პაპურ-შვილიშვილური.
პირველად გულის მაშინ გავუხარე როცა გავჩნდი (საჯიშე ბიჭი).როგორც მამამ მითხრა პაპუკას რატომღაც ვერ წარმოედგინა, რომ ვლადიმერს დამარქმევდნენ და როცა დაბადების მოწმობა უნახავს, მეორედ დაბადებულა. სწორედ ჩემი პაპუკას გამო მიყვარს ასე ძალიან ჩემი სახელი. 
ჩემს გამო დაანება სკოლას თავი და ერთად ვიზრდებოდით. ყველას რომ გავისტუმრებდით სახლიდან მერე იწყებოდა ჩვენი საქმეები. Uუპირველესი იყო ზღაპრების კითხვა – პაპუკა სავარძელში, მე მის მუხლებზე და ჩვენს გარშემო: მეფეები და უფლისწულები. აქა-იქ ბოროტი ჯადოქარიც გამოჩნდებოდა ხოლმე, რომელსაც პაპუკას დახმარებით იმდენად იოლად ვამარცხებდი, რომ მიკვირდა. ალბათ მაშინ გამიჩნდა იმედი, რომ პაპუკა მუდამ ჩემს გვერდით იქნებოდა, მთელი ცხოვრება და ყველა სირთულის დაძლევაში დამეხმარებოდა. 
საოცარი დარიგება იცოდა. სითბოთი და სიყვარულით სავსე, რომელიც ბოლოს ყოველთვის გულში ჩახუტებით მთავრდებოდა, ჩახუტებით რომელიც ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იყო. როგორ უხაროდა სტუდენტი, რომ გავხდი. როცა თბილისში წამოვედი სასწავლებლად ვითომ ისე სხვათაშორის მკითხა – სურამში ხო ხშირად ჩამოხვალ ხოლმეო? დარწმუნებული ვარ რამხელა შიში ქონდა სანამ მკითხავდა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისგულივით მიცნობდა და ჩემი პასუხიც იცოდა, ჩემი ასაკიდან გამომდინარე მაინც ეშინოდა რომ სხვა პასუხი გამეცა. კი-მეთქი ვუპასუხე და არც მომიტყუებია. ბოლოს უკვე ცუდად, რომ იყო ორშაბათ დღეს წამოვედი თბილისში და შევპირდი ოთხშაბათს ვისვენებ,სამშაბათს მამიდა მოდის თბილისში და ერთად ჩამოვალთ მეთქი. რატმოღაც არ წამოვედი და მამიდა რომ დაუნახავს პირველი ის უკითხავს ლადო საადააო? პირველად ვატკინე გული. რომ დავურეკე და ველაპარაკე გულნატკენმა მითხრა – გელოდიო. 
ჩემი პირველი მესაიდუმლოე იყო, როცა გაიგო, რომ სეყვარებული ვიყავი ჩემზე მეტად პაპუკას უხაროდა. ყოველ ნახვაზე მაყოლებდა როგორი გოგო იყო გვანცა, განა ერთხელ მოყოლილი ავიწყდებოდა, არა უბრალოდ უხაროდა, რომ ვუყვებოდი. როგორი გახარებული იქნებოდა გვანცას რომ ნახავდა. ჩემი ბედნიერებით თვითონ ყველაზე ბედნიერი იქნებოდა თან შემპირდა, რომ ჩემ ქორწილში უნდა ეცეკვა...
უზომოდ უყვარდა ჩვენი გვარი. საოცარი იყო გარადცვალებაც – სწორედ იმ დღეს ჩამოვიდა მამიდა სოფლიდან, სოფოც ამ დღეს ჩამოვიდა. დაახლოებით საღამოს 8საათი იყო უკვე ბოლო წუთებს ითვლიდა პაპუკა, მაგრამ მაინც ბრძოლობდა, თითქოს ვიღაცას ელოდებოდა, აჰა გაიღო კარები და მამა შემოვიდა, მოვიდა პაპას საწოლთან და პაპუკაც გარდაიცვალა. თავის მონაგარი გოგოლაძეები სანამ ყველა არ შევიკრიბეთ არ დაგვტოვა. . 
9 შვილიშვილის უსაყვარლესი ადამიანი იყო. დანარჩენი 8 არ მიწყენს თუ ვიტყვი, რომ მე სხვებზე სულ,სულ ოდანვ მეტი ვიყავი პაპასთვის ალბათ იმიტომ, რომ მე უნდა გავაგრძელო ოჯახის ტრადიცია, პაპასავით უნდა გავიხარო როცა ჩემ შვილიშვილს ჩემ სახელს დაარქმევენ; პაპუკასავით უნდა ვუკითხო ზღაპრები და ერთად უნდა ვეომოთ ყველა ბოროტს, მაგრამ ვიცი რომ ძალიან გამიჭირდება, რადგან მე ვერასოდეს ვიქნები ისეთი, მაგარი როგორიც ჩემი პაპუკა იყო. ის იყო ერთადერთი და განუმეორებელი.
გენიალური სიტყვაა – გარდაიცვალა. არა მგონია სხვა ენებზეც ასე ლამაზად და სწორად ჟღერდეს. მართლაც გარდაიცვალა პაპუკა, თორემ ის არასოდეს მოკვდება. სანამ შორენა, ნათია, ილია, ლანა, ორი თამუნა, სოფო, სოსო და მე ვიქნებით პაპუკა სულ მუდამ იქნება. იქნება ისეთივე კეთილი, თბილი და მოსიყვარულე როგორიც მუდამ იყო
პ.ს. ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული შიოს და ნენეს რომ ვერ მოესწრო ჩემი პაპუკა. როგორ გაიხარებდა ცელქი შიო და ნაზი ნენემ რომ ენახა.
უზომოდ მენატრება...........
ღმერთს ებარებოდე ბაბუ...

No comments:

Post a Comment