სურამი
როგორც მთლიანად სამხრეთ კავაკასიის ასევე პოსტსაბჭოთა სივრცის მასშტაბით სურამი ერთ-ერთი უნიკალური კლიმატური კურორტია. მის ჰავას და კლიმატს კი ბავშვთა და მოზარდთა სუნთქვის ორგანოთა არასპეციფიკური დაავადებების სამკურნალოდ ბადალი არა ყავს.
სურამი, რომელსაც 1926 წელს მიენიჭა დაბის სტატუსი, ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთის ძირას, ზღვის დონიდან 740 მეტრზე, მდინარე სურამულას ნაპირებზეა გაშენებული. აერთიანებს სოფლებს: ბიჯნისს, ბუღაურას, გვერდისუბანს, დიდ ბეკამს, პატარა ბეკამს, ურთხვას,ზეკოტას, იტრიას, ჩუმათელეთს. რაიონულ ცენტრთან _ ხაშურთან სურამი 4 კილომეტრითაა დაშორებული და მასთან კეთილმოწყობილი საავტომობილო გზის გარდა რკინიგზის ტოტიც აკავშირებს. სურამში 12 ათასი კაცი ცხოვრობს. ზაფხულის სეზონში კი დამსვენებლების და სამკურნალოდ ჩამოსული ბავშვების ხარჟზე ეს რიცხვი ათეული ათასით იზრდება.
სურამის ადმინისტრაციულ ფარგლებში მდებრაოებს 5 საშუალო სკოლა, პროფტექნიკური, სამუსიკო სკოლა. სამი საავადმყოფო (ბავშვთა, ორთოპედიურ-ტრამატოლოგიური და ფსიქონევროლოგიური), პოლიკლინიკა, ლესია უკრაინკას სახელობის ბიბლიოთეკა-მუზეუმი.
სურამში ჰავა ზომიერად ნოტიოა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურაა – 2 გრადუსი) და თბილი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 20,2 გრადუსი), ნალექები 700მმ. მზის ნათების ხანგრძლვობა 2300 საათი წელიწადში.
სურამში დასახლების კვალი ჩვენს წელთაღრიცხვამდე საკმაოდ დიდი ხნით ადრე არის ნავარაუდევი. ამ ადგილებში ადამიანს ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან უცხოვრია, რაზედაც მეტყველებს ის არქეოლოგიური მასალა, რომელიც აქ არის მიკვლეული. სურამი ანტიკური ხანის ქართლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალაქს წარმოადგენდა. შორეულ წარსულში სურამზე გადიოდა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ მიმავალი მნიშვნელოვანი სავაჭრო-საქარავნო გზა ინდოეთიდან ფაზისამდე. ინდური საქონელი მდინარე ამუდარიით ჩაჰქონდათ კასპიის ზღვაში და იქიდან მდინარე მტკვრით ამოჰქონდათ აღმოსავლეთ საქართველოში. იქედან კი ხმელეთით სურამის უღელტეხილით ეზიდებოდნენ დასავლეთ საქართველოში, სადაც საქონელი მდინარე რიონით შავი ზღვის სანაპირო ქალაქ ფაზისს აღწევდა. ამის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ ძვ. წ. IV-III საუკუნის ბერძენი ისტორიკოსებისა და გეოგრაფების არისტოტელეს, პატროკლესა და ერატსოთენეს შრომებში გვხვდება.
ადრე ანტიკურ ხანაში სავაჭრო ურთიერთობები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის წარმოებდა სურამის უღელტეხილით, რასაც ადასტურებს 1856 წელს სურამში აღმოჩენილი ძვ.წ. აღრიცხვის VI_V საუკუნეების ვერცხლის აქამენიდური სიკილა კოლხურ “თეთრთან” ერთად. როგორც ჩანს, მონეტები სურამში მოხვდნენ სურამის უღელტეხილის მეშვეობით. Aმავე პერიოდში აღნიშნული უღელტეხილით ბერძნული იმპორტი იჭრება აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო ელინისტური ხანიდან, როცა ვაჭრობა იღებს ე.წ “მსოფლიო” ხასიათს და მასში არა მხოლოდ მცირე აზია, მესოპოტომია და ეგვიპტე, არამედ შუა აზიის ქვეყნები, ინდოეთისა და ჩინეთის შორეული რაიონებიც ებმება, იქმნება ერთიანი დიდი სავაჭრო-სატრანზიტო გზა ინდოეთიდან ფაზისამდე სურამზე გავლით. სწორედ ამან განაპირობა სურამის ქალაქად ჩამოყალიბება.
სურამის ქალაქად ჩამოყალიბება იწყება ძვ. წ. IV-III საუკუნის მიჯნაზე, ხოლო III საუკუნის ბოლოსათვის მას უკვე მკვეთრად გამოხატული ქალაქური სახე აქვს. აქვე, სურამში, მისი გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, იმთავითვე უნდა ვივარაუდოთ საბაჟოს არსებობაც, რაც შემდგომში გვიანდელი პერიოდის არაერთი დოკუმენტით დასტურდება. სავარაუდოდ იმავე პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს სურამის სახელგანთქმული ციხის მშენებლობაც
გეოგრაფიული მდებარეობის გამო, სურამი უძველესი დროიდან მჭიდროდ იყო დასახლებული. ფეოდალური საქართველოს გაერთიანების დასაწყისისათვის და მომდევნო საუკუნეებშიც სურამი სავაჭრო ცენტრი იყო. ურთიერთობა ქონდა თბილისთან, განჯასთან, ერევანთან, ქუთაისთან და ამიერკავკასიის სხვა დიდ ქალაქებთან. XII საუკუნიდან, მას შემდეგ, რაც ქართლის ერისთავობა სურამელთა საგვარეულოს წარმომადგენლებს (მსახურთუხუცესი გრიგოლ სურამელი, ბექა სურამელი და სხვ.) გადაეცათ, სურამი ქართლის ერისთავთა რეზიდენციად და ადმინისტრაციულ ცენტრად იქცა. მონღოლთა ბატონობის დროს დუმნებად დაყოფილ საქართველოში მეორე დუმნის – ქართლის მმართველი გრიგოლ სურამელი იყო.
XIII_XVII საუკუნეებში ქართლის სხვა ქალაქებთან ერთად სურამი მრავალჯერ ააოხრეს, მაგრამ XVII საუკუნიდან ისევ ქალაქად არის მოხსენიებული, ხოლო XVIII საუკუნეში, როგორც სამეფო ქალაქი, მეფის მოურავის გამგებლობაშია .
გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში განსაკუთრებით იზრდება სურამის ციხის მნიშვნელობა. იგი მთავარი სათავდაცვო ბაზა და საიმედო სიმაგრე იყო ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლებში. მას დიდხანს არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა და ერეკლე II-ის მიერ გამაგრებულ მნიშვნელოვან ციხეებს მიეკუთვნებოდა.
XIX საუკუნეში ხაშური და სურამი შეადგენდნენ სურამის საბოქაულოს, რომელშიც 32 სასოფლო საზოგადოება შედიოდა. სურამის ზრდა-განვითარებაზე გავლენა მოახდინა ტფილის-ფოთის და ხაშურ-სურამის რკინიგზის გაყვანამ (1872წ). ხაშურის და სურამის საზოგადოებას მჭიდრო კავშირი ქონდათ ერთმანეთთან. სურამში თავს იყრიდნენ მოწინავე ადამიანები. 1885 წელს აქ ისვენებდა აკაკი წერეთელი. აქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სამკურნალოდ ჩამოსული უკრაინელი მწერალი ქალი ლესია უკრაინკა (ლარისა კოსაჩი) .
1938 წელს სურამში გაიხსნა გ. დიმიტროვის სახელობის მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლი, რომელიც Dდღემდე ფუნქციონირებს. აქ სამამულო ომის წლებში ყოველწლიურად 300-400 ობლად დარჩენილი ბავშვი ნახულობდა თავშესაფარს.
1948 წელს სურამი რესპუბლიკური მნიშვნელობის კურორტად გამოცხადდა. სამკურნალოდ იყენებენ ბუნებრივი გოგირდის მინერალურ წყლებს. მუშაობს სანატორიუმები, ბავშვთა ბანაკები, დასასვენებელი სახლები.
სურამის წარმოშობაზე ხალხური თქმულებაც არსებობს: სურამში ცხოვრობდა ორი ახალგაზრდა, ქალ-ვაჟი, ქალს – სუ რქმევია, ვაჟს – რამი. მათ ერთმანეთი ძალიან ყვარებიათ, რადგან მშობლები ერთად ყოფნას უშლიდნენ, მაინც გადაწყვიტეს ჩუმად დაქორწინებულიყვნენ და იმ უბანს, სადაც ისინი დასახლებულან, მათი ერთობლივი სახელი – სურამი დარქმევია, ხოლო მოგვიანებით ამ სახელით მთელ დაბას მოიხსენიებდნენ.
სურამს დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. უნიკალური ბუნებრივი კლიმატი, მისი გეოგრაფიული მდებარეობა კი სურამს ადვილად მისადგომს ხდის როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში მცხოვრებთათვის. ამას გარდა, სურამში უამრავი კულტურული ძეგლია, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ჩამოსული ტურისტისთვის იქნება საინტერესო.
მაცხოვრის ამაღლების ეკლესია – თარიღდება ფეოდალური ხანით. Eეკლესია დარბაზულია. ეკლესია შემაღლებულ ადგილზეა აშენებული ამ ადგილს ადგილობრივები კვართისას უძახიან. Gგადმოცემის თანახმად, როდესაც ელიოზ მცხეთელს და ლონგინოზ კარსნელს მაცხოვრის კვართი მოქონდათ, მათ გზად სურამი გამოუვლიათ და სწორედ ამ ადგილას დაუსვენებიათ მაცხოვრის კვართი, სწორედ ამიტომაც ეწოდება ამ ადგილს კვართისა. ეს გადმოცემა რეალობასთან ახლოსაა, რადგან სურამში ძველთაგანვე ცხოვრობდნენ ებრაელები, ამიტომაც სავსებით შეასძლებელია, რომ ელიოზ მცხეთელს და ლონგინოზ კარსნელს, რომლებიც ასევე ებრაელები იყვნენ, სურამში შეესვენათ.
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია – მდებარეობს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზის პირას. თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით. Eკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. წლების მანძილზე ტაძარი უმოქმედო იყო, მაგრამ 1997 წ. 5 იანვარს ხანგრძლივი დუმილი დაირღვა, ამ დღეს ტაძრის წმ.. ტრაპეზი აკურთხა და ლოცვები აღავლინა მეუფე იობმა, 16 იანვარს კი ტაძარი მოილოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ.
1999-2000 წ.წ.-ში საკურთხეველი და კანკელი მთლიანად მოიხატა.
ლესია უკრაინკას სახელობის ბიბლიოთეკა-მუზეუმი და ძეგლი – უკრაინელი მწერალი ქალი ლესია უკრაინკა (ლარის კოსაჩი), სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ცხოვრობდა სურამში. 1952 წელს იმ სახლში, სადაც მან უკანასკენლი დღეები გაატარა, გაიხსნა ბიბლიოთეკა-მუზეუმი. შენობა ორსართულიანია. ეზოში დგას ლესია უკრაინაკს ძეგლი, რომელიც ცნობილი ქართველი მოქანდაკის თამარ აბაკელიას მიერაა შესრულებული.
სურამის ციხე – მდებარეობს მდინარე სურამულას ნაპირზე, სურამის სამხრეთ ნაწილში. იგი, კომპლექსს წარმოადგენს რომელშიც შედის: გალავანი, ციხე, წმ. გიორგის ეკელსია და სასახლე.
ციხე აგებულია XII_XIII საუკუნეებში სურამელთა საერისთავოს დაფუძნებასთან დაკავშირებით. ისტროიულ წყაროებში, როგორც სტრატეგიული პუნქტი, სურამის ციხე მოხსენიებულია 1625წ, როდესაც გიორგი სააკაძემ გაამაგრა ირანელთაგან თავის დასაცავად.
1742-1745 წლებში ირანელთა წინააღმდგე მოწყობილ აჯანყებში სურამის ციხე ზემო ქართლის სადროშოს უფროსის გივი ამილახვარის ძირითადი დასაყრდენი გახდა. პოლიტიკური სიტუაციის შეცვლასთან დაკავშირებით აჯანყებულები თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის მოწინააღმდგეთა ბანაკში აღმოჩდნენ, რომელთაც შაჰი უჭერდა მხარს. ხანგრძლივი ბრძოლისა და მოლაპარაკების შედეგად ამილახვარი დანებდა და სურამის ციხე შაჰის ბრაძანბით დანგრეულ იქნა. იგი, 1756 წელს აღადგინეს. ამ დროს ერეკლე II-ს ქიზიყის მოურავი თამაზი ჰყავდა დატყვევევბული. სურამის ციხე ქართველთა მფლობელობაში 1783 წლამდე იყო. შემდგე აქ რუსული გარნიზონი ჩააყენეს.
1791 წელს ერეკლე II-ის ანდერძში სურამის ციხე საქართველოს უმაღლეს ციხეთა შორისაა მოხსენიებული. 1801 წელს ციხე ისევ მოქმედია, მაგრამ XIX საუკუნიდან მან საქართველოს სხვა ციხეებთან ერთად თანდათან დაკარგა მნიშვნელობა.
სურამის ციხის ეზოში დგას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც აგებულია XI-XII საუკუნეებში. იგი, ხაშურის რაიონში არსებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიებს შორის ერთ-ერთი უძველესია. ტაძრის ინტერიერში შემორჩენილი იყო მოხატულობის დაზიანებული ფრესკები: ვედრების კომპოზიცია; მოციქულთა ზიარება; ამაღლება; ლაზარეს აღდგინება; მთავარანგელოზთა ორი ფიგურა, მაგრამ 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრამ საგრძნობლად დააზიანა.
როგორც ყველა ციხეს, სურამის ციხესაც ქონდა საიდუმლო გვირაბი, რომელიც გადმოცემის თანახმად მდინარე სურამულას ქვეშ გადიოდა და ამაღლების ეკლესიათან მთავრდებოდა.
სურამის ციხის შესახებ უძველესი დროიდან არსებობს თქმულება, თითქოს მისი უძლეველობის მიზეზი იმაშია, რომ მის კედლებში ცოცხლად არის ჩაკირული დედისერთა ვაჟი, რომლის შესახებ დღესაც მღერიან ხალხში. ამ ლეგენდას მიუძღვნა დ. ჭონქაძემ თავისი ნაწარმოები “სურამის ციხე”, რომელიც მოგვითხრობს, სურამის ციხე რომ აშენებულიყო დედისერთა ვაჟი – ზურაბი უნდა ჩაეტანებინათ კედელში. ამბობენ, იმ მხარეს, სადაც ზურაბი ჩააშენეს, დღესაც წვეთ-წვეთად მოჟონავსო დედის ანკარა ცრემლი. იმასაც ამბობენ, რომ ყოველ მთვარიან ღამეს სურამის ციხესთან გამოდის შავებში გახვეული ქალი და ტირილით შეჰღაღადებსო ციხის ნანგრევებს:
“სურამისა ციხეო, სურვილითა გნახეო
ჩემი ზურაბ მანდ არის, კარგად შემინახეო”.
იგივე ლეგენდა დაედო საფუძვლად სურამელი მწერლის დავით სულიაშვილის ვრცელ მოთხრობას “ზურაბის ციხე”.
დანიელ ჭონქაძის მოთხრობის მიხედვით, გადაღებულია ორი მხატვრული ფილმი. ერთი გადაიღო ივან პეტროსიანმა 1922 წელს. აღსანიშნავია, რომ ამ ფილმის დამდგემელი მხატვრები იყვნენ ევგენი ლანსერე და ვალერიან სიდამონ-ერისთავი. მეორე 1984 წელს გადაიღო ცნობილმა რეჟისორმა სერგო ფარაჯანოვმა. ამ ფილმში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა მსახიობებმა, როგორებიც იყვნენ: ვერიკო ანჯაფარიძე, სოფიკო ჭიაურელი, დუდუხანა წეროძე, Lლეილა აბაშიძე და სხვები. ამ ფილმმა მსოფლიო აღიარება და უამრავი ჯილდო მოუტანა რეჟისორს.
ურთხვის წმიდა გიორგის სახელობს მამათა მონასტერი - ეკლესია აგებულია X-XI სს-ში, ის დარბაზულია (11,5 X6,6), ნაგებია კირქვის სხვადასხვა ზომის თლილი კვადრატებით, შეკეთებულია აგურით, შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. შემორჩენილია ქვის კანკელის ორი ფილა (ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში). ერთ ფილაზე მოციქულთა კურთხევის კომპოზიციაა, მეორეზე გამოსახულია წმ. გიორგის ტრიუნფი დიოკლიტიანეზე.
2002 წლის 26 ოქტომბერს ურთხვის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი აკურთხა მეუფე იობმა, მისი ლოცვა-კურთხევით აქ დაარსდა მამათა მონასტერი. დასუფთავდა ტერიტორია აშენდა კელიები, გალავანი, ტაძარს დაუბრუნდა პირვანდელი სახე.
დღეისათვის ეს ეკლესია მიჩნეულია ერთნავიან ბაზილიკად, მაგრამ სამეცნიერო წრეებში არსებობს მოსაზრება, რომ იგი პირვანდელი მდგომარეობით სამნავიანი უნდა ყოფილიყო. ამ მოსაზრებას ამართლებს ტაძრის ჩრდილოეთით აღმოჩენილი ქვის ისეთი წყობა, რომელიც დამახასიათებელია გვერდითა ნავების მშენებლობისათვის. ეს საკითხი სათანადო კვლევას საჭიროებს
სურამის წმინდა სამების ტაძარი – აშენებულია 1831 წელს ძმები ნებიერიძეების დაკვეთით. ეკლესია დარბაზულია.
კვირაცხოვლობის სახელობის ეკლესია - კვირაცხოვლობის ეკლესია მდებარეობს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გვერდით, შემაღლებულ ბორცვზე, იმ ადგილას სადაც უწინ ტაძარი ყოფილა. კომუნისტებს რესტორანი აუშენებიათ, მაგრამ ნიში აქ ყოველთვის არსებობდა, რათა მლოცველებს სანთლები დაენთოთ. უხუცესებს ახსოვთ, როცა ძველი კვირაცხოვლის ტაძარი დაუნგრევიათ და იქ არსებულ ხიდირბეგიშვილების საგვარეულო სასაფლაო მოუსწორებიათ. ისინი იხსენებენ, თუ როგორ ეყარა მიცვალებულთა ძვლები საავტომობილო გზის პირას. მას შემდეგ ღვთის რისხვა არ ცხრებოდა: თითქმის ყოველდღე აქ მოქეიფე, მთვრალი ადამიანების შეხლა-შემოხლა ჩხუბი და გინება იყო, რომელიც ხშირად სისხლისღვრაში გადაიზრდებოდა ხოლმე. საბოლოოდ რესტორანი დაიწვა და აშენდა კვირაცხოვლობის ტაძარი, რომელიც სულიერ დარაჯად ადგას სურამს.
1998 წლის 10 სექტემბერს ტაძარი აკურთხა მეუფე იობმა, იმავე დღეს კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II ესტუმრა კვირაცხოვლის ტაძარს და პარაკლისი აღავლინა.
სურამის სინაგოგა - სინაგოგა დაბა სურამში ე.წ. ებრაელების უბანში. მდინარე სურამულას მარცხენა ნაპირას. აგების თარიღი უცნობია, დღეისათვის სინაგოგა მოქმედია. ჰყავს ხახამი და გაბაია.
სურამის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი - სურამის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრი ბაზილიკური ტიპისაა. 2000 წლის დასაწყისში ტაძრის შემოგარენს მიწა შემოეცალა, რის შედეგადაც გამოჩნდა იატაკი, ამბიონი და წმ. ტრაპეზის ქვა ჯვრის გამოსახულებით. ტაძრის აღდგენა დასრულდა 2005 წელს და გაიხსნა ამავე წლის 17 დეკემბერს.
სურამის წმინდა მარინეს სახლეობის ტაძარის - ტაძარი XX საუკუნის 90-იან წლებში აიგო ძველი ეკლესიის ნანგრევებზე. ნანგრევები დათარიღებულია გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზული ყოფილა (7,6X5,3), ნაგები უხეშად დამუშავებული დიდი ზომის ქვიშაქვით. ნანგრევებში შემორჩენილი იყო ტრაპეზის ქვა, რომლის ქვედა ნაწილში ჩაღრმავებული ჯვარია გამოსახული. ეკლესია 1997 წ. 26 ივლისს აკურთხ იტრიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი XVI საუკუნეს მიეკუთვნება. იგი ბაზილიკური ტიპისაა და ნაშენია თლილი ქვით, ეკლესია სამნავიანია. შუა ნავი გვერდითი ნავებისაგან განსხვავებით მაღალია. იგი ორ წყვილ სვეტს და საკურთხეველს ეყრდნობა.
იტრიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი _ XVI საუკუნეს მიეკუთვნება. იგი ბაზილიკური ტიპისაა და ნაშენია თლილი ქვით, ეკლესია სამნავიანია. შუა ნავი გვერდითი ნავებისაგან განსხვავებით მაღალია. იგი ორ წყვილ სვეტს და საკურთხეველს ეყრდნობა.
მონასტერს გარშემო შემოვლებული აქვს გალავანი. დასავლეთით აუშენებიათ სამრეკლო, იგი სამსართულიანია. სამრეკლო XVII საუკუნეში უნდა იყოს აგებული. ამაზე მიგვითითებს სამრეკლოს აღმოსავლეთ კედელზე მოთავსებული მხედრული წარწერა: სამრეკლო აუშენებიათ ბეჟან ჩხეიძესა და წინამძღვარ ნიკოლოზს.
1997 წელს ჩატარდა აღდგენითი სამუშაოები, ტაძრის საკურთხეველში ნაპოვნი იქნა ტრაპეზის ქვა. ამავე წელს ტაძარი აკურთხა მეუფე იობმა, ამოქმედდა იტრიის სიონი, აქვე გაიხსნა დედათა მონასტერი.
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი - ეკლესია თარიღდება გვიანი ფეოდალური ხანით, თავდაპირველად ტაძარი დიდი ზომის ყოფილა და გადმოცემის თანახმად საავტომობილო გზის გაყვანამდე თითქმის მთელ გზას იკავებდა, მაგრამ შემდეგ ე.წ. კომუნისტური პერიოდის დროს გზის გაყვანის მიზნით დაუნგრევიათ, რის გამოც, ტაძარმა პირვანდელი სახე დაკარგა, მაგრამ 90-იან წლებში ძველი ტაძრის ნანგრევებზე აშენდა პატარა ეკლესია, რომლის ტრაპეზი 2000 წელს აკურთხა მეუფე იობმა.
1996 წლიდან სურამში არის რუის-ურბნისის საეპისკოპოსო რეზიდენცია.
უამრავი მოგზაურის და მკვლევარის მასპინძელი ყოფილა სურამი, რომელთაც თავიანთ მოგონებებში საინტერესო ცნობები შემოგვინახეს სურამის შესახებ. უდავოდ მნიშვნელოვანია, რომ ალ. დიუმა (მამა) თავსი ნაწარმოებში “კავკასია”, რომელიც მის მოგზაურობას ასახავს კავკასიაში, ერთ თავს მთლიანად სურამს უთმობს.
სურამი ნამდვილი ინტრენაციონალური დაბაა და აქ ძირითად მოსახლეობასთან ქართველებთან ერთად ცხოვრობენ სომხები, ებრაელები, ბერძნები, რუსები, უკრაინელებიდა სხვები სულ 30-მდე ეროვნების წარმომადგენლები.
საინტერესოა, რომ სურამში, მიუხედავად მრავალ ეროვნულობისა, არასოდეს მომხდარა დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე.
ცალკე თემაა, სურამელი ებრაელები, რომლებიც სურამის თავისებურ კოლორიტს წარმოადგენდნენ. სამწუხაროდ, საფუძვლიანი გამოკვლევა თუ საიდან მოხდა მათი სურამში დასახლება, არ ჩატარებულა, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ მას შემდეგ, რაც სურამი დიდი სავაჭრო გზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი გახდა, ებრაელებმაც იწყეს აქ განსახლება, რადგან მათ კარგად აწყობილი სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდათ მსოფლიოს მრავალ ხალხთან და სურამს, როგორც გასაღების ბაზარს, ისე იყენებდნენ, ბუნებრივია, დროთა განმავლობაში მათი აქ სამუდამოდ დასახლება მოჰყვა. ებრაულ დიასპორის სიდიდეზე და სიძლიერეზე მეტყველებს ის ფაქტიც, რო სურამის ერთ-ერთ უძველეს უბანში დღემდეა სინაგოგა. სამწუხაროდ, ბოლო ათეულია წელია, ებრაელთა მაისიური მიგრაცია დაიწყო, მიგრაციის დაწყებამდე სურამში 3000მდე ებრაელი ცხოვრობდა, დღეს კი მხოლოდ რამდენიმეღაა დარჩენილი. თუმცა, ისრაელში წასულთ მაინც არ ავიწყდებათ სურამი და მუდმივი კონტაქტი აქვთ აქ დარჩენილ ახლობლებთან.
No comments:
Post a Comment