Wednesday, July 25, 2012

ჭირისუფლები


სასაფლაო(ესპანეთი-საფრანგეთი საზღვარი).
 პროცესია ნელა მიუყვებოდა არცთუ ისე დიდ აღმართს. მხოლოდ აქა-იქ ისმოდა ესპანური ლაპარაკი (მოსაუბრეებს ეტყობოდათ, რომ ჩქარობდნენ)
- შვილი ხარ და გეცოდინება რითი გარდაიცვალა?
- 2წელია არ მინახავს და მგონი ავადმყოფობდა
- ოო, გასაგებია.
- პადრეს ვთხოვე მალე აუგებს წესს და უნდა გავიქცე თორემ დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს.
- ჩემი დეიდა იყო და აქეთ მქონდა საქმე და მაგიტომ მოვედი, თორემ ამხელა გზას რა გამოივლიდა.თუმცა რაღა დეიდა. შვილივით გამზარდა.
ნელ-ნელა ჩაეშვა მიწაში მაკაგონის ხისგან დამზადებული კუბო. პადრე ხორხემ, რომელიც გაფრთხილებული იყო, რომ მალე დაემთავრებინა ქადაგება შეასრულა ჭირისუფლის(?) თხოვნა და საოცარი სისწრაფით აუხსნა შვილებს, რომ ახლა ლოცვა ჭირდებოდა მიცვალებულს. პადრეს ქადაგების შემდეგ მხოლოდ გარდაცვლილის ერთდერთი შვილის (რომელიც მარტომ დიდი გაჭირვებით გაზარდა)დაცვის უფროსის შენიშვნები ისმოდა, რომ დასაცავი ობიექტი უსაფრთხოდ მისულიყო
ავტომობილამდე.
სასაფლაოს მეორე შესასვლელიდანაც პროცესია მოემართება. 5-6 ადამიანით მეტი შემადგენლობით. ფრანგული ღუღუნი სასიამოვნოდ ისმის სასაოფალოზე, რომელიც ტყეშია ჩაფლული და მხოლოდ აქა-იქ მოფართხალე ჩიტები თუ არღვევენ მყუდროებას.
-  შარშან ვიყავი და ვნახე, კარგად დავტოვე და რომ დამირეკეს გარდაიცვალაო ცოტა არ იყოს გამიკვირდა. 
- აბა, აბა არ მახსოვს წეილწდში ერთხელ არ გენახოს მაინც, მეტიც შარშან წინ ორჯერაც იყავი ჩამოსული.
- ჩემმა დამ ვერ მოახერხა ჩამოსვლა 120კილომეტრი როგორი გასვლელია?! მერე  გუშინ სკაიპი ჩამართვევინა და რომ დაინახა მიცვალებული იტირა. ცარიელი გულია და ვერ გაუძლო. ბევრი შვილი მინახავს, მაგრამ ამან მაინც განსაკუთრებულად იცის ყველაფრის გულთან მიტანა
- პადრემ მალე მოვრჩებიო და უნდა გავიქცე, მამიდაა ჩემი და კი გავჩერდებოდი, მაგრამ საქმეა ხო იცი.
- ხო მეც კონფერნციაზე მივდივარ აქედან.
ნელ-ნელა ჩაუშვეს ძვირფასი მასალისგან დამზადებული სასახლე. პადრე სებასტიანს თითქმის არც უქადაგია. ყველანი მალე დაიშალენ. წამოსვლისას გარდაცვლილის შვილმა აღნიშნა 
- უი, დედაჩემის გვერდითაც დაუსაფლავებიათ ახლახანს ვიღაც.
 თითქოს ყველაფერი დამთავრად, ყველა წავიდა, მაგრამ ტირილს ხმა ნელ-ნელა ძლიერდებოდა ესპანეთის სასაზღვრო სოფელში
- როგორ მიმიღე, მართლა შვილივით მექცეოდი და ასე მიმატოვე. არც ვიზა მაქვს და დეპროტს ვეღარ ავცდები. ისე,წახვედი არც დაუბარე შვილს რომ მოეხდა, მაგრამ სად ეტყოდი წელიწადია არ გინახავს. ალბათ მე მალე წავალ ჩემ ქვეყანაში, ეჰ, მართლა ძალიან მომენატრები 
საოცარია, საფრანგეთის ტერიტორიიდანაც ყველა ვალმოხდილი წავიდა, მაგრამ მაინც ისმის ქვითინის ხმა
- რავა დამტიე და წაი?! შენი უგულო შვილები რაღას მომხედავენ მე?დეპროტია ჩემი ბოლო გზა, არადა როგორ შეგეგუგე. რა ტკბილი და თბილი მოხუცი იყავი. 
მშობლიური ენის გაგონება გაუკვირდებათ ჭირისუფლებს, ერთმანეთს გაოცებული შეხედავს ორივე ქალი და ყელში მობჯენილი ცრემლის ბურთულა მხოლოდ ერთ წინადადების თქმის საშუალებას აძლევს ორ შაოსანს:
- მე გორიდან ვარ, 3 წელი ვუვლიდი
- მე, ქობულეთიდან 3 დღეში ხდებოდა 4 წელი რაც ვუვლიდი
არცერთი იყო ესპანელი და არც მეორე ფრანგი, ორივე ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ.

ვირთხა. ა,პოლიტიკური ნოველა

...ცუდს არაფერს არ უგრძნობდა გული.. .
მოხუცი არ ეთქმოდა, მაგრამ არც ახლაგაზრდა აღარ იყო. უკვე ორი ვირთხის მამას ოჯახის მძიმე ტვირთი ქონდა აკიდებული და ამის გამო უფრო იყო შებერებული, თორემ სულ რაღაც 6წლისა უნდა გამხდარიყო სამ დღეში....როცა დაბადებულა დედამისი (დამსახურებული ვირთხა), მასზე მშობიარობას გადაყოლია. ალბათ ამის გამო თავიდანვე აითვალწუნეს ვირთხულ სამყაროში. განმარტოებით იზრდებოდა, საკუთარ თავში ჩაკეტილი. 7თვის იყო როცა პირველად მეზობელს გაყვა ბუნკერში სანოვაგის მოსაძებნად, მაშინ ნახა ყველზე დიდი მტერი –ადამიანი. პირველად, როცა დაინახა გაიფიქრა კიდეც რაღაცით მგავსო.2 წლისა დაოჯახდა. მეზობელის ვირთხა, თავსიზე 3თვით უფროსი ცაბუნია შეირთო. მამამისმა ისეთი ქორწილი გადაუხდა, რომ დიდი ხანი ყველას პირზე ეკერა. სუფრას ლორის კანით დაწყებული -  სოსისის გაფცქვნილი ქერქით დათავრებული არაფერი აკლდა. მალე პატარა წრუწო შეეძინათ. ასე ეგონა, რომ მისი ბედნიერება არასოდეს დასმთავრდებოდა, მაგრამ მალე დიდი უბედურება ეწვია. მამა, რომელიც მისთვის ყველაფერი იყო ტრაგიკულად დაეღუპა. იყო ერთი გლოვა და ვაება. თავი არ შეირცხვინა და როგორც მამას ეკადრებოდა ისეთი დაკრძალვა გაუკეთა. ნაგავსაყრელის საუკეთესო ადგილას დამარხა. მამის გარდაცვალების შემდეგ მთლიანად მას დააწვა ოჯახის მძიმე ტვირთი. საოცრად  ღირსეულად უძღვებოდა ოჯახს. თავის 2 და ისე გაათხოვა, როგორც ოჯახს ეკადრებოდა. წრუწო უკვე დიდი გოგო იყო, როცა საჯიშე ბიჭი ღრატო შეეძინათ, თუ აქამდე მხოლოდ 4-5 საათი დადიოდა საშოვარზე ახლა უკვე დილიდან-დღამებამდე ოჯახისათვის იყო გადამკვდარი. როგორც უკვე ვთქვით საკუთარ თავში ჩაკეტილი იყო და მეგობრებიც ცოტა ყავდა, ხოლო ძალიან ახლობელი მეგობარი თითქმის არ ყოლია. სხვებისგან გამორჩეულში. იყო რაღაც არა ვირთხული ალბათ ამიტომაც უჭირდა სხვა ვირთხებთან ურთიერთობა. ერთადერთი ადგილი სადაც სხვებთან ერთად იდგა – ტრიხინისგან მოწამლულთა საზოგადოების ყრილობა იყო, დანარჩენ დროს მხოლოდ ოჯახზე ზრუნვაში ატარებდა. შვილებსაც სწორად ზრდიდა. წრუწო უკვე დიდი გოგო იყო, მაგრამ 6 საათზე ყოველთვის სოროში შემოდიოდა. ღრატოს გარადატეხის ასაკში როგორც ძმაკაცს ისე ექცეოდა, რომ ხელიდან არ გაქცეოდა. შვილების განათელბაზეც იზრუნა: ერთხელ ბუნკერში გადაგდებულ წიგნი ნახა, ისე გაიტაცა კითხვამ რომ ვერც იგრძნოი როგორ მიუახლოვდა ბოროტი ნუგზარი თავისი ძაღლით, როცა დაინახა სწრაფად გაიქცა, ის იყო სოროში უნდა შემძვრალიყო, რომ ნუგზარის ნასროლი ქვა მოხვდა ფეხში და სახსარში გადაუმტვრია. 2თვე მკურნალობდა, მაგრამ რაც მთავარია გამოქცევის დროს წიგნის წამოღება მოასწრო, რითაც შვილებს კითხვა ასწავლა და შეაყვარა. მას შემდეგ ოჯახში შესულ ყველა სტუმარს შესვლისთანავ თვალში მოხვდებოდა ოჯახის ძვირფასი რელიქვია – ალბერ კამიუ `შავი ჭირი~.არავირთხულად კეთილი და ერთგული იყო. ყველაფრის გულთან მიტანა იცოდა. ცაბუნია ხშირად ეტყოდა ხოლმე – შენ გული გაგისკდება ამდენი დარდითო....ახალი დამდგარ იყო 21-ე საუკუნე სულ რამდენიმე წლის. შემოდგომა იყო და უკვე კარგად გრილოდა. დილიდანვე გავიდა საშოვარზე. ცაბუნიამ გააფრთხილა:- ხომ იცი ეს დღეებია გარეთ საეჭვოდ ბევრი ხალხია და ფრთხილად იყავიო.-ბევრი ხალხით ვერ გამაკვირვებო – უპასუხა და წავიდა.მთელი დღე იარა. სარჩოც ბლომად იშოვა. უკვე ბინდდებოდა როცა სახლში მიდიოდა. კანალიზაციიდან ამოძვრა და ერთ-ერთი კორპუსის კედელთან მიდიოდა-მართლა რამდენი ხალხი ყოფილაო, გაიფიქრა და სვლას უმატა. არც ახლა უგრძნობდა ცუდს გული.უცებ ხმა მოესმა:-    ვირთხაა, ტიპიური ვირთხაა!!!ჯერ ეგონა რომ ამაზე ამბობდნენ, მაგრამ გაშვერილ თითს გააყოლა თვალი და ადამიანის სილუეტი დაინახა. გაუკვირდა, ადამიანთან პირველი შეხვედრა გაახსენდა (როცა გაიფიქრა რაღაცით მგავსო), შემდეგ გადაწყვიტა ახლოდან ენახა ვის მიამსგავსე. (ხო,გეუბნებით ცუდს საერთოდ არ უგრძნობდა გული) ობიექტს ადვილად მიუახლოვდა და როცა დაინახა მოულოდნელად გულის არეში (აი იმ გულის ცუდს რომ არ უგრძნობდა) ტკივილი იგრძნო. მხოლოდ ის მოახერხა, რომ იქვე ბიძაშვილის სორომდე მიეღწია.... 
...როცა ცაბუნიას ხალხი ეკითხებოდა რით მოკვდაო: 
-    შეურაცყოფას ვერ გაუძლოო –პასუხობდა ქვრივად დარჩენილი ცაბუნია.

Tuesday, July 24, 2012

ჩემი პაპუკა

ჩემი პაპუკა



ბევრი დაწერილა და ალბათ კიდევ ბევრი დაიწერება პაპების და შვილიშვილების ურთიერთობაზე, მაგრამ ჩემი და ჩემი პაპუკას ურთიერთობა სულ სხვა იყო, ყველაგან განსხვავებული, ყველაზე თბილი და ყველაზე პაპურ-შვილიშვილური.
პირველად გულის მაშინ გავუხარე როცა გავჩნდი (საჯიშე ბიჭი).როგორც მამამ მითხრა პაპუკას რატომღაც ვერ წარმოედგინა, რომ ვლადიმერს დამარქმევდნენ და როცა დაბადების მოწმობა უნახავს, მეორედ დაბადებულა. სწორედ ჩემი პაპუკას გამო მიყვარს ასე ძალიან ჩემი სახელი. 
ჩემს გამო დაანება სკოლას თავი და ერთად ვიზრდებოდით. ყველას რომ გავისტუმრებდით სახლიდან მერე იწყებოდა ჩვენი საქმეები. Uუპირველესი იყო ზღაპრების კითხვა – პაპუკა სავარძელში, მე მის მუხლებზე და ჩვენს გარშემო: მეფეები და უფლისწულები. აქა-იქ ბოროტი ჯადოქარიც გამოჩნდებოდა ხოლმე, რომელსაც პაპუკას დახმარებით იმდენად იოლად ვამარცხებდი, რომ მიკვირდა. ალბათ მაშინ გამიჩნდა იმედი, რომ პაპუკა მუდამ ჩემს გვერდით იქნებოდა, მთელი ცხოვრება და ყველა სირთულის დაძლევაში დამეხმარებოდა. 
საოცარი დარიგება იცოდა. სითბოთი და სიყვარულით სავსე, რომელიც ბოლოს ყოველთვის გულში ჩახუტებით მთავრდებოდა, ჩახუტებით რომელიც ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იყო. როგორ უხაროდა სტუდენტი, რომ გავხდი. როცა თბილისში წამოვედი სასწავლებლად ვითომ ისე სხვათაშორის მკითხა – სურამში ხო ხშირად ჩამოხვალ ხოლმეო? დარწმუნებული ვარ რამხელა შიში ქონდა სანამ მკითხავდა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისგულივით მიცნობდა და ჩემი პასუხიც იცოდა, ჩემი ასაკიდან გამომდინარე მაინც ეშინოდა რომ სხვა პასუხი გამეცა. კი-მეთქი ვუპასუხე და არც მომიტყუებია. ბოლოს უკვე ცუდად, რომ იყო ორშაბათ დღეს წამოვედი თბილისში და შევპირდი ოთხშაბათს ვისვენებ,სამშაბათს მამიდა მოდის თბილისში და ერთად ჩამოვალთ მეთქი. რატმოღაც არ წამოვედი და მამიდა რომ დაუნახავს პირველი ის უკითხავს ლადო საადააო? პირველად ვატკინე გული. რომ დავურეკე და ველაპარაკე გულნატკენმა მითხრა – გელოდიო. 
ჩემი პირველი მესაიდუმლოე იყო, როცა გაიგო, რომ სეყვარებული ვიყავი ჩემზე მეტად პაპუკას უხაროდა. ყოველ ნახვაზე მაყოლებდა როგორი გოგო იყო გვანცა, განა ერთხელ მოყოლილი ავიწყდებოდა, არა უბრალოდ უხაროდა, რომ ვუყვებოდი. როგორი გახარებული იქნებოდა გვანცას რომ ნახავდა. ჩემი ბედნიერებით თვითონ ყველაზე ბედნიერი იქნებოდა თან შემპირდა, რომ ჩემ ქორწილში უნდა ეცეკვა...
უზომოდ უყვარდა ჩვენი გვარი. საოცარი იყო გარადცვალებაც – სწორედ იმ დღეს ჩამოვიდა მამიდა სოფლიდან, სოფოც ამ დღეს ჩამოვიდა. დაახლოებით საღამოს 8საათი იყო უკვე ბოლო წუთებს ითვლიდა პაპუკა, მაგრამ მაინც ბრძოლობდა, თითქოს ვიღაცას ელოდებოდა, აჰა გაიღო კარები და მამა შემოვიდა, მოვიდა პაპას საწოლთან და პაპუკაც გარდაიცვალა. თავის მონაგარი გოგოლაძეები სანამ ყველა არ შევიკრიბეთ არ დაგვტოვა. . 
9 შვილიშვილის უსაყვარლესი ადამიანი იყო. დანარჩენი 8 არ მიწყენს თუ ვიტყვი, რომ მე სხვებზე სულ,სულ ოდანვ მეტი ვიყავი პაპასთვის ალბათ იმიტომ, რომ მე უნდა გავაგრძელო ოჯახის ტრადიცია, პაპასავით უნდა გავიხარო როცა ჩემ შვილიშვილს ჩემ სახელს დაარქმევენ; პაპუკასავით უნდა ვუკითხო ზღაპრები და ერთად უნდა ვეომოთ ყველა ბოროტს, მაგრამ ვიცი რომ ძალიან გამიჭირდება, რადგან მე ვერასოდეს ვიქნები ისეთი, მაგარი როგორიც ჩემი პაპუკა იყო. ის იყო ერთადერთი და განუმეორებელი.
გენიალური სიტყვაა – გარდაიცვალა. არა მგონია სხვა ენებზეც ასე ლამაზად და სწორად ჟღერდეს. მართლაც გარდაიცვალა პაპუკა, თორემ ის არასოდეს მოკვდება. სანამ შორენა, ნათია, ილია, ლანა, ორი თამუნა, სოფო, სოსო და მე ვიქნებით პაპუკა სულ მუდამ იქნება. იქნება ისეთივე კეთილი, თბილი და მოსიყვარულე როგორიც მუდამ იყო
პ.ს. ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული შიოს და ნენეს რომ ვერ მოესწრო ჩემი პაპუკა. როგორ გაიხარებდა ცელქი შიო და ნაზი ნენემ რომ ენახა.
უზომოდ მენატრება...........
ღმერთს ებარებოდე ბაბუ...

Monday, July 16, 2012



სურამზე გულდამწვართა და გულდათუთქულთა კავშირის საგანგებო განცხადება
სურამზე გულდამწვართა და გულდათუთქულთა კავშირი არც თუ ისე დიდი ხანია დაარსდა (დაახლოებით ნახევარი საათია), მგარამ უკვე მივიღეთ ერთი მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელზეც ქვემოთ მოგახსენებთ.
ყველამ კარგად ვიცით, რომ სურამი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, თუმცა კავშირის ხელმძღვანელობას (ანუ მე) დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ეს საქართველოს ხელისუფლებამ იცოდეს, უფრო მეტიც ვფიქრობ, რომ სურამი როგორც ასეთი დასახლება საერთოდ არ იციან. სწორედ ამიტომ კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება და მოვითხოვოთ სურამის დამოუკიდებლობა (ლანძღვისგან და სეპარატისტად გამოცხადებისაგან თავი შეიკავეთ ვიდრე ბოლომდე არ წაიკითხავთ განცხადებას). ეს მეტად რთული გადასწყვეტი იყო, მაგრამ ისევ სურამის ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა თუ რა დადებითი შედეგი მოყვება ამ ყევალფერს ახლავე მოგახსენებთ:
1. გამოვაცხადებთ თუ არა რომ სურამს უნდა დამოიკიდებლობა მაშინვე ჩვენთან გაჩნდებიან მედიის ისეთი გიგანტი წარმომადგენლები, როგორებიც არიან “რუსთავი2” და “იმედი”, რაც საშუალებას, მოგვცემს რომ მინიმუმ ოთხჯერ (12,3,6,.9 საათიან გამოშვებაში)ახსენებს სურამს!
2. კავშირმა აწარმოა მოლაპარაკება ქარელის რაიონის რამდენიმე სოფელთან (დირბი, აძვისი, ბრეთი. საღოლაშენთან ჯერ კიდევ მოლაპრაკების პროცესში ვართ) რომლებიც უყოყმანოდ დაგვთანხდნენ, რომ გვაღიარებენ (ნაურუ და ვენესუელა ბუნებრივია, რომ გავღიარებენ და მათთან ჯერ არ გავსულვართ კონტაქტზე, სავარუდოდ როცა გაიგებენ აქეთ გამოვლენ)
3. ხაშურის და გვირაბის მხრიდან იქნება სასაზღვრო გამშვები პუნქტი და ყველა შემომსვლელი გადაიხდის ჰაერის გასადახადს, რომელიც იქნება 2დან 10 ლარამდე (გააჩნის პიროვნების წონას, თუ რა რაოდენობით ჰაერს მოიხმარს). ეს თანხა ბუნებრივია შევა სურამის ბიჯეტში და საშუალება გვექნება გამოვუშვათ გაზეთი, რათა საინფორამციო ომში პაექრობა გავუწიოთ ბეჭდური მედიის ისეთ გიგანტებს როგორებიცაა `primetime~, `ტაბულა~ და `ხაშურის მოამბე~.
4. პირველი ერთი წელი გაუქმებული იქნება სავიზო რეჟიმი (ამ დროს ყაზარმულ რეჟიმზე იქნება გადასული სურამის პოლიციის განყოფილება, რადგან იზრდება საშიშროება ჯაშუშების შემოსვლისა ქემფერიდან და ვერტყვიჭალიდან), ხოლო ერთი წლის შემდეგ ვიზის ღირებულება იქნება 10 ლარი (ვინც 2 ვიზას შეიძენს მესამე გადეცემა საჩუქრად). ღა თქმა უნდა ეს ფულიც სუარმის ბიუჯეტის საკუთრება იქნება და უკვე შეგვეძლება ტელევიზიაც დაავარსოთ, რომ ზემოთხსენებულ გიგანტებს გავუწიოთ კონკურენცია.
5. ახლად შექმნილ სახელმწიფოს დასჭირდება უამრავი ადამიანური რესურსი, შესაბამისად მოხდება ადგილობრივების დასაქმება, არაა გამორიცხული, რომ ღვაწლმოსილი სურამლები მოვიწვიოთ და დავასქმოთ ხე-ტყის განვითარებაში.
6. ბუნებრივია კვალიფიციური სპეციალისტების მიერ მოხდება კონსტიტუციის დამუშავება, ხოლო დამუსავების შემდეგ მოხდება მწარედ დაგინება, რომ მინიმუმ 200 წელი არაფერი შეიცველბა კონსტიტუციაში. Kკონსტიტუციურად სურამის სახელწოდება განისაზღვრება – სურამის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა. სახელმწიფო ენად დავტოვოთ ქართული, ხოლო ისეთ რეგიონებში როგორიცაა ბაინათხევი, კაკალათხევი და გვერდისუბანი გარდა ქართულისა იყოს ადგილობრივი ენებიც.
7. Bბიუჯეტის ხარჯით მოხდება სომეხი ისტორიკოსების მოწვევა, რომლებიც დაგვიწერენ ისტორიას (სავარუდოდ ამ ისტორიის დაწერის შემდეგ ჩვენი აღმოჩნდება ბარსელონას დიდი ნაწილი და ნიუიორკის ჩინელთა დასახლება)
8. საკანონმდებლო ორგანო იქნება პარლამენტი, რომელშიც იქნება ორი პალატა – ზედა და ქვედა (შესაძლებელია იყოს მარტო ქვედა, მაგრამ ზედა და ქვედა უფრო მაგრად ჟღერს).
9. საპარლამენტო არჩევნები იქნება 4 წელიწადში ერთხელ.
10. აუცილებელია კულტურული ღონისძიებები. კავშირმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ მოეწყობა სურამის კარნავალი, რომელიც დაიწყება ჯაფინაურიდან და დასრულდება საკონსერვო ქარხანასთან. ამ დროს გამოვლინდება `შალახოს~ საუკეთესოდ შემსრულებელი, რომელსაც გადაეცემა დიდი ცხვირსახოცი წარწერით – დაპატა-დაპატა-დაპატა.
11. მოხდება ნაზუქის დაპატენტება სვაჭრო ნიშნით - სურამული ნაზუქი. გაყალბება დაისჯება უმკაცრესად!
12. ყოველ წელს ნდი (ნამდვილი დემოკრატია იფურჩქნება), ჩაატარებს გამოკითხვებს და თუ კარგ პასუხებს დაწერენ შეიეძლება მინისტრობასაც გამოკრან ხელი.
ესაა მოკლედ, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ. თითოეული სურამელი ვადებულები ვართ ამ საშვილიშვილო საქმეში წვლილი შევიტანოთ. ორგანიზაციაში გაწევრიანების მსურველბი შემეხმიანეთ მე. საწევრო სიმბოლურად შეადგენს 5 ლარს (ხელმოწერებისათვის თაბახის ფურცელი დაგჭირდება, რომელიც ძალიან გაძვირდა).ვინც ახლავე დამიკავშირდება 5 თვე განთავისუფლდება გადასახადისაგან.
ძალიან გამიჭირდა ზემოთთქმული გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ეგებ ამის შემდეგ როგორც მეზობელი მაინც გავახსენდეთ საქართველოს მთავრობას და მოგვაქციოს ყურადღება, თორემ ისე ჩვენსკენ არ იხედებიან.
სურამზე გულდამწვართა და გულდათუთქულთა კავშირის საპატიო თავმჯდომარე ლადო გოგოლაძე.
2012წ. 16 ივლისი.


Wednesday, July 11, 2012



უმუშევრობის დაძლევის ეროვნული პროგრამა
------------------------------------------------
 
უმუშევრობა მთელი მსოფლიოს გადაუჭრელ პრობლემად იქცა. უამრავი ადამიანი ცდილობს, გამონახოს გზა და შეებრძოლოს მას, მაგრამ ყველა მცდელობა ამაოა. არცთუ დიდი ხნის წინ, საყოველთაო საზრუნავით გულდამძიმებული, დავჯექი და გადავჭერი კიდევაც ეს პრობლემა. შესაბამისად ჩვენ, როგორც მსოფლიოს ნაწილს, შეგვიძლია მთელ კაცობრიობას მხსნელად მოვევლინოთ და უმუშევრობის დაძლევის ერთადერთი და ასი პრცენტით გამართლებული პროგრამა შევთავაზოთ. მოკლედ გაგაცნობთ პროგრამის ძირითად მიზნებსა და ამოცანებს (პროგრამა ქართულ სინამდვილესაა მორგებული მაგრამ მსურველს შეუძლია, საკუთარ ქვეყანას მოარგოს).
მაშ ასე: უპირველეს ყოვლისა, კონსტიტუციაში შეგვაქვს ცვლილებები და 150 პარლამენტარის ნაცვლად გვეყოლება 1000 (სასურველია 1500). ამ ნაბიჯით გადავჭრით დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანის პრობლემას. განვიხილოთ როგორ: 1000 პარლამენტარისგან ყველას ჰყავს: მძღოლი; იქმნება დეპუტატის ბიურო, რომელშიც მინიმუმ, 20 კაცი დასაქმდება. ათას კაცში, მინიმუმ 30-40 ნათესავი ყველას ეყოლება. რომელი თავმოყვარე პარლამენტარი ეტყვის თავის ნათესავს დასაქმებაზე უარს?!
ბუნებრივად ჩნდება კითხვა: საიან უნდა მივიღოთ ამდენი პარლამენტარი? პროგრამის მიხედვით, ხდება რაიონების დაყოფა. მაგალითად, იქნება ზემო, ქვემო და შიდა ხაშური. დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ ეს დაყოფაც უმუშევრობის აღმოფხვრის სურვილითაა განპირობებული. ზემო, ქვემო და შიდა ხაშურს გამგებელი არ უნდა? გამგებლებს – მოადგილეები და ასე შემდეგ, ანუ ამ ერთი შეხედვით მარტივი ცვლილებით (რაიონების დაყოფით) ვაგვარებთ არანაკლებ მილიონი ადამიანის პრობლემას. რაღა დარჩა 3 მილიონი ადამიანი რომელთა დასაქმებაც იმდენად მარტივია, რომ ბოლოს მუშა-მოსამსახურეების დეფიციტიც კი შეიქმნება ქართულ ბაზარზე.
აუცილებლად უნდა გავზრდოთ სამინისტროების რიცხვიც.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ფონზე აუცილებლად უნდა შევქმნათ ლტოლვილთა და შესახლების სამინისტრო, თორემ, ვინც გამოსასახლებელი იყო ყველა გამოასახლეს, ახალი სამინისტრო მათ შესახლებაზე იზრუნებს. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად აუცილებლად უნდა იყოს სპორტისა და ხანდაზმულთა სამინისტროც. ამ სამინისტროში დასაქმდება ასაკოვანი ხალხი. ისინი ისევე როგორც ყველა სხვა სამინისტროს თანამშრომლები, არაფერს გააკეთებენ, მაგრამ ეს იქნება ერთადერთი სამინისტრო, რომლის წარმომადგენლებსაც ექნებათ გასამართლებელი მიზეზი: `დავბერდით, ბაბუ და მეტი აღარ შეგვიძლია~.
აუცილებლად უნდა დაარსდეს დემონტაჟისა და პროფესიული ნგრევის სამინისტრო, სადაც ქვეყნის ყოფილი დამანგრევლები  დასაქმდებიან. ამ სამინისტროს არასოდეს ექნება კადრების დეფიციტი, მეტიც, აქ იმდენი პროფესიონალი მოიყრის თავს, რომ შეგვეძლება უცხოეთში გავგაზავნოთ ტრენინგებისა და მასტერკლასების ჩასატარებლად.
კანონში უნდა შევიდეს ცვლილება, რომ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდეს უფლება, როცა გაუხარდება, მაშინ შექმნას, თვითონ რომ უნდა იმის სამინისტრო, მაგრამ უნდა აიკრძალოს ერთი კაცის მიერ ორი ან მეტი სამინისტროს შექმნა. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ არ მოხდეს ისეთი პრიორიტეტული დარგების მონოპლიზაცია, როგორიცაა სუბტიტრების სამინისტრო, წვეთოვანი მორწყვის სამინისტრო, ჰიბრიდული ჯიშების სამინისტრო, ლაზიკის განვითარების სამინისტრო და სხვა.
გარდა ამისა, უნდა დაიყოს დღეს არსებული სამინისტროები. რა დაშავდება იმით, თუ ცალკე იქნება ეკონომიკისა და ცალკე მდგრადი განვითარების სამინისტრო. ასევე, ცალ-ცალკე უნდა იყოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროები, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროები და ა.შ.
ამ ღონისძიებების შემდეგ ქვეყანაში დაახლოებით 100 000-მდე უმუშევარი დარჩება. ისინი შეგვიძლია კულტურულ მემკვიდრეობად ჩავთვალოთ, რადგან ამ დროისთვის ცნება `უმუშევარი~ ისეთივე უცხო იქნება, როგორც დღესაა `დასაქმებული~.
პ.ს. როდესაც ამ ყველაფერს მოვრჩებით, ქართულ ციტრუსთან, მინერალურ წყალთან და ღვინოსთან ერთად, თამამად შეგვიძლია სიღარიბის დაძლევის პროგრამაც გავყიდოთ ან გავაჩუქოთ. მხოლოდ ერთს გთხოვთ: ჩემი სახელის მიწერა არ დაგავიწყდეთ. იქნებ რომლიმე ქვეყნაში იყოს საჩემო ვაკანსია და მუშაობა დამაწყებინონ.
ლადო გოგალაძე 

Tuesday, July 10, 2012


20 მიზეზი, თუ რატომ უნდა გიყვარდეს სურამი (ნაწილი II)
მას შემდეგ რაც ამ თემის პირველი ნაწილი გამოვაქვეყნე, ტურიზმის დეპარტამენტის ოფიცილაური ინფორმაციით  სურამს 28-ით მეტი ტურისტია ეწვია. ვერ გეტყვით რის ბრალია (მტრები აქტიურად მუშაობენ ვერსიაზე, რომ სასაუზმე `ნაპერწკალში~ ქაბაბის ხორცით კეთება დაუწყიათ და მაგიტომ მოგვაწყდა ამდენი ტურისტი), მაგრამ ფაქტი სახეზეა. ყოველივე ამის ფონზე მათთვის ვინც ჯერ ისევ ვერ შეიგრძნო სურამის ფასი გადავწყვიტე კიდევ 20 მიზეზით შევეშველო, რომ ამ ქვეყნიური სამოთხის ფასი იგრძნოს(მეზობლად მცხოვრებ ხალხებს არ ეხებათ, მათთან მიმართებაში ეს იგივე იქნება რაც წყლის ნაყვა).
1) ლონდონელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ცნობილი მკვლელს ჯეკი მფატრავს არავითარი კავშირი არ ქონია სურამთან. შეასბამისად ვინც ამის გამო იკავებდა თავს სურამის სიყვარულისგან გზა ხსნილია.
2) სურამის შესახებ ცნობები გვხვდება ძველ ეგვიპტურ ჩანაწრებში, სადაც ფარაონი რამზეს მეორე თავის ცოლს ეუბნება – ჰატშეფსუტ, თუ კაიროში ვერ ვნახეთ შენთვის კარგი კაბა, სურამში წავიდეთ და ებრაელებში ვიყიდოთ! შესაბამისად ვისაც უყვარს ეგვიპტე უნდა უყვარდეს სურამიც.
3) სურამში არის ლესია უკრაინკას სახელობის მესამე სკოლა. სკოლა რომლის მსგავსი დედამიწაზე არაა და არც არასდროს არ იქნება. შესაბამისად ვინც ეს სკოლა დაამთავრა აუცილებლად უნდა უყვარდეს სურამი(ისე, ძალიან მეეჭვება ვინც ეს სკოლა დაამთავარ იმათ სურამი რომ არ უყვარდეთ).
 4) ბოლო დღეებია მისმა აღატებულებამ საქართელოს პრეზიდენტმა რამდენჯერმე ახსენა სიტყვა – სურათი, მარტივი ლოგიკით რომ ვიმსჯელოთ ნელ-ნელა ცდილობს, რომ წარმოთქვას – სურამი. ცდილობს და წვალებას ნუ დავუკარგავთ. შესაბამისად ვისაც გიყვართ მისი აღმატებულება საქართველოს პრეზედიენტი უნდა გიყვარდეთ სურამი.
5) უტყუარი ფაქტებით მტკიცდება, რომ კოლუმბს ჯერ სურამი უნდოდა ენახა და მერე წასულიყო ინდოეთის აღმოსაჩენად, მაგრამ ხაშურში რომ მოსულა ჭალაზე ცოცხალი უყიდია და ისე მოწამლულა, რომ მაშინვე თბილისში გადაყვანა გამხდარა საჭირო, ხოლო როცა გამოკეთდა ესპანეთის დედოფლის წერილი დახვდა, დროზე წადი და ინდოეთის გზა ნახე, თორემ აქ აღარ დაგინახო ჩამოთრეული. შესაბამისად ვისაც გიყვართ კოლუმბი უნდა გიყვარდეთ სურამი.
6) ნიგერიის მცხუნვარე მზის ქვეშ არის ქალაქი სურამი (ჰტტპ://ენ.წიკიპედია.ორგ/წიკი/შურამე) შესაბამისად ვისაც გიყვართ Nნიგერია უნდა გიყვარდეთ სურამი.
7) როდესაც ჩარლ ბებიჯმა პირევლი კომიუტერი შექმა უნდოდა, სურამი დაერქმია, მაგრამ მერე გადაიფქირა – არანაირი შეხება არ მაქვს სურამთან და საერთოდ სადაა არ ვიცი და რატომ დავარქვაო?! (ისე, ვერ გაამტყუნებ). შესაბამისად ვისაც არანაირი შეხება არა გაქვთ სურამთან მაინც უნდა გიყვარდეთ სურამი.
8) კრწანისის ომში სანამ წავიდოდნე 300არაგველს უნდდა სურამში, მუხებში დაელიათ, მაგრამ მაშინ იქ მუხები არ ყოფილა გაშენებული და გადაიფიქრეს. შესაბამისად ვისაც გიყვართ 300არაგველი უნდა გიყვარდეთ სურამი.
9) რომეო და ჯულიეტას თავდაპირველ ვარინატში, სიკვდილის წინ რომეო ჯულიეტას ეუბნებოდა :       საამაყო კი ბვერი მაქვს,
           მაგრამ ვამაყობ თუ რამით –
           ვამაყობ მხოლოდ შენით და
           რაღათქმა უნდა სურამით!
შემდეგ შექსპირს ეს სიტყვები მარკეტინგული თვასაზრისით ამოუღია (ხაშურლები არ იყიდიანო გამომცემელს უთქვამს). შესაბამისად ვისაც გიყვართ შექსპირი უნდა გიყვარდეთ სურამიც.
10) 1555წელს ამასიის ზავის ხელმომწერ შაჰ თამაზს დედა ყოლია ცედნიდან (სავარაუდოდ გოგოლაძის ქალი), რომლესაც უყვარდა ჯაფინაურელი თამაზი გელაშვილი და შაჰ თამაზსაც მაგიტომ დაარქვა მისი სახელი. შესბამაისად თუ ვინმეს გიყვართ შაჰ თამაზი უნდა გიყვარდეთ სურამი.
11) ძველი ბერძენი მეცნიერი და ისტორიკოსი პლუტარქე ამტკიცებდა, რომ ქარონს (მენავე, რომელსაც მიწისქვეშა სამეფოს მდინარეზე საფასურით გადაჰყავდა გარდაცვლილთა სულები.)ნავზე წარწერა ქონდა ხაშური-სურამი-ჩუმათელეთი, როცა ეკითხებოდნენ ეს რა აწერიაო, მხოლოდ ამოიხრებდა და იტყოდა –დრო მოვა ყველა გაიგებსო. შესაბამისად ვისაც გიყვართ ბერძნული მითოლოგია უნდა გიყვარდეთ სურამიც.
12). პირველად სურამში მოხდა მაგნიტოფონის კასეტის საწერი კალმით გადახვევა და გაწყვეტილი ადგილის მანიკურით დაწეპება. შეაბამისად ვისაც ეს გაგიკეთებიათ აუცილებლად უნდა გიყვარდეთ სურამი.
13) ქართული მხატვრული ფილმის `ფეოლას~ დასკვნითი სცენა, სადაც კიევის დინამოს სატდიონზე თამაშობენ ბავშვები, უნდა გადაეღოთ სურამში, მაგრამ მაგ დროს გვერდისუბანი-ბაინათხევი ცხვარზე და ოციანზე თამაშობდნენ და გადაღებაც ჩაშლილა.შესაბამისად ვისაც გიყვართ ცხვარი და ოციანი უნდა გიყვარდეთ სურამი.
14). 1980წლის მოსკოვის ოლიმპიადაზე დახურვისას რომ დათვის გააფრინეს (ჰტტპ://წწწ.ყოუტუბე.ცომ/წატცჰ?ვ=იP3ღA4უწ0X4) სად გაქრა დღემდე არ იციან, არად მე მაქვს უტყუარი ცნობა, რომ ბაიანთხეველ მონადირემ (გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე სახელს და გვარს არ ვასახლებ)ჩამოაგდო. ჩვეულებრივი დათვი ეგონა და ესროლა. მერე პირად საუბარში კი მითხრა - რო დაფრინავდა და ბუშტები ეჭირა კი გამიკვირდა, მაგრამ დათვებისას რას გაიგებო! შესაბამისად ვისაც გიყვართ მონადირული ამბები უნდა გიყვარდეთ სურამი.
15) დიდ ქართველ მწერალს გოჩა მანველიძეს თავის უკვდავი ნაწარმოების `მგლების~ არც ერთ ნაწილში არ აქვს ნახსენები სურამი. (ვაღიაროთ რომ ამხელა პატივი სურამისთვის არავის უცია), შესაბამისად ვისაც  წაგიკითხავთ თუ არ წაგიკითხავთ `მგლები~ მაინც უნდა გიყვარდეთ სურამი
16). მეცნიერებმა დიდი კვლევის შემდეგ დაადგინეს ჯოკონდას ღიმილის მიზეზი, თურმე როცა და ვინჩი ჯოკონდას ხატავდა სურამელი ნანული ლომიძე (რომელიც ამ დროს ლეონარდოს ბებიას უვლიდა), უკნიდან მიეპრა და იღლიაში მოუღიტინა. ლეონარდომაც სიცილი ატეხა(ალბათ შეყვარებული იყო) და ჯოკონდას სახეზეც გამოხატა ეს ღიმილი. შესაბამისად ვისაც გიყვართ დიდი ხელოვნება უნდა გიყვარდეთ სურამი.
17). დინოზავრები რომ შენდებოდნენ ერთ დინოზავრს უთქვამს – მარტო სურამზე დამწყდება გულიო და გადაშენებულან. შესბამისად ვისაც უყვარს დინოზავრები უნდა უყვარდეს სურამიც.
18). პომპეუსმა რომ ილაშქრა საქართველოში, უკეან რომ დაბრუნებულა პორტში ზღვა ხალხი დახვედირა და კითხვაზე რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტადო უპასუხია – სურამული ნაზუქიო, მაგრამ გასაყიდი კი არა ოჯახში რომ აცხობენ ისო (კიდევ უკითხავთ რას ვერ აპატიებდი მეგობარსო და მასაც უპასუხია ღალატსო). შესბამისად ვისაც გიყვართ პომპეუსი და ნაზუქი უნდა გიყვარდეთ სურამიც.
19) 1986 წლის 19 ივლისს სამყაროში დიდი ძვრები მომხდარა. მეცნიერებს ეგონათ უდიდესი კატაკლიზმების ხანა იწყებოდა, რეალურად კი გავჩნდი მე. შესაბამისად ვისაც მე გიყვარვართ (როგორ შეიძლება ჩემსავით სათნო, კეთილშობილი, ზომიერად ფერხორციანი ადამიანის არ შეყვარება?!)ყველას უნდა გიყვარდეთ სურამი.
20) ესაა მიზეზი რითაც ბევრჯერ მიამაყია, ქართული მწრლობის ერთ-ერთმა უდიდესმა წარმომადგენელმა გურამ დოჩანაშვილმა თავისი უკვდავი ნაწარმოების - `სამოსელი პირველი~ - ბოლო სტრიქონები დაწერა სურამში:)
კიდევ მილიონობით მიზეზია თუ რატომ უნდა გიყვარდეს ეს ულამზესი დაბა, მაგრამ თუ ადამიანს ამ ყველაფრის მერე მაინც არ მოუბრუნდა გული ჩვენზე ე.ი. საქართველოს პრეზიდენტია.
რიგითი სურამელი ლადო გოგოლაძე. 2012წ. 10.07.12

Saturday, July 7, 2012


მედია და პოლიტიკა



დემოკრატიის განვითარებაში დამოუკიდებელ მედიას უდიდესი როლი აკისრია, თავისუფალი მედიის მნიშვნელობა კრიტიკულია ყველა ქვეყნის ხელისუფალისთვის, რომელსაც დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყნის აშენება დაუსახავს მიზნად.
მედიის როლი უდიდესია პოლიტიკაში. ყველა პოლიტიკოსი ცდილობს კარგი დამოკიდებულება ქონდეს პრესასთან თუ ტელევიზიასთან, რადგან მედიას შეუძლია საზოგადოების განწყობის შეცვლა და პოლიტიკოსის სასურველ ადამიანად ქცევა.
ხშირია შემთხვევა როდესაც პოლიტიკოსს ან პარტიას საკუთარი ტელევიზია და გაზეთი აქვს, რომელიც სასურველი სიუჟეტებით და სტატიებით ცდილობს ესა თუ ის პოლიტიკური სუბიექტი სხვა კუთხით დაანახვოს ამომრჩეველს. ამავე საშუალებით ხდება კონკურენტის მიმართ შავი პიარის განხორციელება, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება კანონის ფარგლებში, რადგან კანონის უმცირესი გადაცდომაც პოლიტიკოსისს იმიჯზე აუცილებლად აისახება უარყოფით კონტექსში. ეს ყველაფერი განვითარებულ ქვეყნებში ხდება სადაც კანონი მართლაც კანონობს და არჩევნებიც მართლა ტარდება და შედეგებიც არაა წინასწარაა ცნობილი.
საქართველო მსოფლიოს ნაწილია, ოღონდ ჯერ კიდევ გასანვითარებელი მსოფლიოს ნაწილი,შესაბამისად ჩვენთანაც არის მედია, მაგრამ ქართული მასმედია აბსოლუტურად სხვა თემაა ვიდრე ზოგადად მასმედია. ქართულ პოლიტიკა და მედია ფაქტობრივად განუყოფელი ცნებებია. ქართული პოლიტიკური სპექტრი ცდილობს მედიაზე გავლენის მოპოვებას რამაც ის გამოიწვია, რომ საქართველოში დაბალანსებული ტელევიზია არ არსებობს ნაწილი ტელევიზიებისა მხოლოდ ხელისუფლებას აქებს და ოპოზიციას აძაგებს და ნაწილი პირიქით, თუმცა უსასრულო ქება და კრიტიკა თანდათან აზრს კარგავს და საზოგადოებას აღარ აქვს ის საფუძველი რომელზე დაყრნობითაც მან კარგი ცუდისგან უნდა განსხვავოს. ბეჭდვით მედიაში სიტუაცია განსხავებულია. რამდენიმე გაზეთი ცდილობს იყოს დამოუკიდებელი და ახერხებს კიდეც, მაგრამ დიდი მსხვერპლის ფასად. რამდენიმე წლის წინ პრეზიდენტმა განაცხადა,რომ ქართულ გაზეთებს არ კითხულობს. პრეზიდენტის ეს სიტყვები მაშინვე აიტაცეს უმრავლესობის წარმომადგენლებმა და ქართულ პრესას სრული იგნორირება გაუკეთეს, რამაც ბუნებრივია პრესის ფინანსურ მხარზეც იქონია გავლენა. დღეს სიტუაცია ოდნავ განსხავებულია, მაგრამ უმრავლესობის წევრები ერიდებიან ინტერვიუს მიცემას გაზეთებთან რომლებიც ობიექტურად აშუქებენ მიმდინარე მოვლენებს.
საქართველოში არსებობენ ე.წ, პრივილეგირებული ჟურნალისტები რომლებიც იღებენ ნებისმიერ ინფორმაციას (მაგ: ტელეკომპანია `რეალ-ტვ~-ს ჟურნალისტებს ხელი მიუწვდებათ შ.ს.ს-ს ოპერატიულ მასალაზე) მაშინ როდესაც ხელისუფლებისთვის არასასურველი მედიის წარმომადგენლები ვერ ახერხებენ ამ ინფორმაციის მოოპვებას და ამაში ხელს უპირველესად ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლები უშლიან, არადა დემოკრატიის პირობებში ინფორმაციის მოპოვოვებაში ჟურნალისტს არანაირი შეფერხება არ აქვს ხელისუფლების მხრიდან.
საქართველოში ხშირია ჟურნალისტებზე ზეწოლაც ხელისუფლების მხრიდან, რაც კანონის უხეში დარღვევაა, რადგან ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმინობაში ხელის შეშლა სწორედ ამ ხელისუფლების მიერ აიკრაძალა. საქართველო, რომ პარადოქსების ქვეყანაა აქედანაც ჩანს: თუ მაინც უნდა დაარღვიო კანონი, რაღატომ იღებ?!
ჟურნალისტი უნდა მოქმედებდეს როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელი მაკონტროლებელი, მაგრამ საქართველოში ეს პრინციპი თვით ჟურნალისტებსაც არასწორად ესმით. მაკონტროლებლის პრინციპი მხოლოდ მთავრობის გაკონტროლებას არ გულისხმობს, ის საზოგადოების ყველა გავლენიან ინსტიტუტზე ვრცელდება. ვარდების რევოლუციამდე იყო გადაცემა `60წუთი~, რომლის ჟურნალისტურ გამოძიებას ხშირად შესაბამისი რეაქცია მოყვებოდა ხოლმე. ვარდების რევოლუციის შემდგომ ჟურნალისტური გამოძიებები ფაქტობრივად აღარ არსებობს, ხოლო რაც გადის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან სრულიად იგნორირებული რჩება.
ბუნებაში ორი ერთნაირი ფიფქი არ არსებობს სამაგიეროდ არსებობს ორი ერთნაირი საინფორმაციო გამოშვება: `კურიერი~ და `ქრონიკა~; ამ ორ გამოშვებაში განსხავება მხოლოდ წამყვანი და ჟურნალისტის ხმაა. ხშირად სიუჟეტის კადრებიც და სიუჟეტების ქრონოლოგიაც აბსოლუტიურად იდენტურია. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ეს აუდიტორიის უხეშად დაცინვაა, რომელსაც აუცილებლად უნდა მოყვეს შესაბამისი რეაქცია აუდიტორიის მხრიდან.
ბოლო წლებია აქტიური გახდა ე.წ. სოციალური მედიის საკითხი. `ამნესტყ Iნტერნატიონალ~-ის ცნობით სოციალური მედია გახდა იარაღი, როგორც ადამიანის უფლებების დასაცავად ბრძოლაში, ისე მის წინააღმდეგ. ციფრულმა ტექნოლოგიებმა, ბრძოლის არეალი მნიშვენლოვნად გააფართოვა. სოციალური მედია ეხმარება ჟურნალისტებს და ადამიანთა უფლებების დამცველებს ინფორმაციის მიღებაში, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების აქტივისტებს საპროტესტო აქციების ორგანიზებასა და ურთიერთობაში. საამისო მაგალითად, ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკაც საკმარისია, როდესაც ამ სახის საინფორმაციო საშუალებებმა მმართველი ძალები, ერთი ხელის მოსმით შეცვალა და მსოფლიოს განვითარების სქემა ყირამალა დააყენა. ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ირანი და ჩინეთი ინტერნეტ სივრცე სრულად კონტროლდება ადგილობრივი უშიშროების სამსახურისგან.
მოკლედ გადაუჭარბებლად უნდა ითქვას, რომ დღევანდელ მსოფლიო პროცესებს, ფაქტობრივად მედია მრთავს, რომლის როლიც განუზომლად იზრდება და კონტროლს და ზეწოლას აღარ ემორჩილება.

Thursday, July 5, 2012


სურამი




როგორც მთლიანად სამხრეთ კავაკასიის ასევე პოსტსაბჭოთა სივრცის მასშტაბით სურამი ერთ-ერთი უნიკალური  კლიმატური კურორტია. მის ჰავას და კლიმატს კი ბავშვთა და მოზარდთა სუნთქვის ორგანოთა არასპეციფიკური დაავადებების სამკურნალოდ ბადალი არა ყავს.
სურამი, რომელსაც 1926 წელს მიენიჭა დაბის სტატუსი, ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთის ძირას, ზღვის დონიდან 740 მეტრზე, მდინარე სურამულას ნაპირებზეა გაშენებული. აერთიანებს სოფლებს: ბიჯნისს, ბუღაურას, გვერდისუბანს, დიდ ბეკამს, პატარა ბეკამს, ურთხვას,ზეკოტას, იტრიას, ჩუმათელეთს. რაიონულ ცენტრთან _ ხაშურთან სურამი 4 კილომეტრითაა დაშორებული და მასთან კეთილმოწყობილი საავტომობილო გზის გარდა რკინიგზის ტოტიც აკავშირებს. სურამში 12 ათასი კაცი ცხოვრობს.  ზაფხულის სეზონში კი დამსვენებლების და სამკურნალოდ ჩამოსული ბავშვების ხარჟზე ეს რიცხვი ათეული ათასით იზრდება.
სურამის ადმინისტრაციულ ფარგლებში მდებრაოებს 5 საშუალო სკოლა, პროფტექნიკური, სამუსიკო სკოლა. სამი საავადმყოფო (ბავშვთა, ორთოპედიურ-ტრამატოლოგიური და ფსიქონევროლოგიური), პოლიკლინიკა, ლესია უკრაინკას სახელობის ბიბლიოთეკა-მუზეუმი.
სურამში ჰავა ზომიერად ნოტიოა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურაა – 2 გრადუსი) და თბილი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 20,2 გრადუსი), ნალექები 700მმ. მზის ნათების ხანგრძლვობა 2300 საათი წელიწადში.
სურამში დასახლების კვალი ჩვენს წელთაღრიცხვამდე საკმაოდ დიდი ხნით ადრე არის ნავარაუდევი. ამ ადგილებში ადამიანს ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან უცხოვრია, რაზედაც მეტყველებს ის არქეოლოგიური მასალა, რომელიც აქ არის მიკვლეული. სურამი ანტიკური ხანის ქართლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალაქს წარმოადგენდა. შორეულ წარსულში სურამზე გადიოდა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ მიმავალი მნიშვნელოვანი სავაჭრო-საქარავნო გზა ინდოეთიდან ფაზისამდე. ინდური საქონელი მდინარე ამუდარიით ჩაჰქონდათ კასპიის ზღვაში და იქიდან მდინარე მტკვრით ამოჰქონდათ აღმოსავლეთ საქართველოში. იქედან კი ხმელეთით სურამის უღელტეხილით ეზიდებოდნენ დასავლეთ საქართველოში, სადაც საქონელი მდინარე რიონით შავი ზღვის სანაპირო ქალაქ ფაზისს აღწევდა. ამის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ ძვ. წ. IV-III საუკუნის ბერძენი ისტორიკოსებისა და გეოგრაფების არისტოტელეს, პატროკლესა და ერატსოთენეს შრომებში გვხვდება.
ადრე ანტიკურ ხანაში სავაჭრო ურთიერთობები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის წარმოებდა სურამის უღელტეხილით, რასაც ადასტურებს 1856 წელს სურამში აღმოჩენილი ძვ.წ. აღრიცხვის VI_V საუკუნეების ვერცხლის აქამენიდური სიკილა კოლხურ “თეთრთან” ერთად.  როგორც ჩანს, მონეტები სურამში მოხვდნენ სურამის უღელტეხილის მეშვეობით. Aმავე პერიოდში აღნიშნული უღელტეხილით ბერძნული იმპორტი იჭრება აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო ელინისტური ხანიდან, როცა ვაჭრობა იღებს ე.წ “მსოფლიო” ხასიათს და მასში არა მხოლოდ მცირე აზია, მესოპოტომია და ეგვიპტე, არამედ შუა აზიის  ქვეყნები, ინდოეთისა და ჩინეთის შორეული რაიონებიც ებმება, იქმნება ერთიანი დიდი სავაჭრო-სატრანზიტო გზა ინდოეთიდან ფაზისამდე სურამზე გავლით. სწორედ ამან განაპირობა სურამის ქალაქად ჩამოყალიბება.
სურამის ქალაქად ჩამოყალიბება იწყება ძვ. წ. IV-III საუკუნის მიჯნაზე, ხოლო III საუკუნის ბოლოსათვის მას უკვე მკვეთრად გამოხატული ქალაქური სახე აქვს. აქვე, სურამში, მისი გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, იმთავითვე უნდა ვივარაუდოთ საბაჟოს არსებობაც, რაც შემდგომში გვიანდელი პერიოდის არაერთი დოკუმენტით დასტურდება. სავარაუდოდ იმავე პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს სურამის სახელგანთქმული ციხის მშენებლობაც
გეოგრაფიული მდებარეობის გამო, სურამი უძველესი დროიდან მჭიდროდ იყო დასახლებული. ფეოდალური საქართველოს გაერთიანების დასაწყისისათვის და მომდევნო საუკუნეებშიც სურამი სავაჭრო ცენტრი იყო. ურთიერთობა ქონდა თბილისთან, განჯასთან, ერევანთან, ქუთაისთან და ამიერკავკასიის სხვა დიდ ქალაქებთან. XII საუკუნიდან, მას შემდეგ, რაც  ქართლის ერისთავობა სურამელთა საგვარეულოს წარმომადგენლებს (მსახურთუხუცესი გრიგოლ სურამელი, ბექა სურამელი და სხვ.) გადაეცათ, სურამი ქართლის ერისთავთა რეზიდენციად და ადმინისტრაციულ ცენტრად იქცა. მონღოლთა ბატონობის დროს  დუმნებად დაყოფილ საქართველოში მეორე  დუმნის – ქართლის მმართველი გრიგოლ სურამელი იყო.
XIII_XVII საუკუნეებში ქართლის სხვა ქალაქებთან ერთად  სურამი მრავალჯერ ააოხრეს, მაგრამ XVII საუკუნიდან ისევ ქალაქად არის მოხსენიებული, ხოლო XVIII საუკუნეში, როგორც სამეფო ქალაქი, მეფის მოურავის გამგებლობაშია .
გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში განსაკუთრებით იზრდება სურამის ციხის მნიშვნელობა. იგი მთავარი სათავდაცვო ბაზა და  საიმედო სიმაგრე იყო ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლებში. მას დიდხანს არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა და ერეკლე II-ის მიერ გამაგრებულ მნიშვნელოვან ციხეებს მიეკუთვნებოდა.
XIX საუკუნეში ხაშური და სურამი შეადგენდნენ სურამის საბოქაულოს, რომელშიც 32 სასოფლო საზოგადოება შედიოდა. სურამის ზრდა-განვითარებაზე გავლენა მოახდინა ტფილის-ფოთის და ხაშურ-სურამის რკინიგზის გაყვანამ (1872წ). ხაშურის და სურამის საზოგადოებას მჭიდრო კავშირი ქონდათ ერთმანეთთან. სურამში თავს იყრიდნენ მოწინავე ადამიანები. 1885 წელს აქ ისვენებდა აკაკი წერეთელი. აქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სამკურნალოდ ჩამოსული უკრაინელი მწერალი ქალი ლესია უკრაინკა (ლარისა კოსაჩი) .
1938 წელს სურამში გაიხსნა გ. დიმიტროვის სახელობის მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლი, რომელიც Dდღემდე ფუნქციონირებს. აქ სამამულო ომის წლებში ყოველწლიურად 300-400 ობლად დარჩენილი ბავშვი ნახულობდა თავშესაფარს.
1948 წელს სურამი რესპუბლიკური მნიშვნელობის კურორტად გამოცხადდა. სამკურნალოდ იყენებენ  ბუნებრივი გოგირდის მინერალურ წყლებს. მუშაობს სანატორიუმები, ბავშვთა ბანაკები, დასასვენებელი სახლები.
სურამის წარმოშობაზე ხალხური თქმულებაც არსებობს: სურამში ცხოვრობდა ორი ახალგაზრდა, ქალ-ვაჟი, ქალს – სუ რქმევია, ვაჟს – რამი. მათ ერთმანეთი ძალიან ყვარებიათ, რადგან მშობლები ერთად ყოფნას უშლიდნენ, მაინც გადაწყვიტეს ჩუმად დაქორწინებულიყვნენ და იმ უბანს, სადაც ისინი დასახლებულან, მათი ერთობლივი სახელი – სურამი დარქმევია, ხოლო მოგვიანებით ამ სახელით მთელ დაბას მოიხსენიებდნენ.
სურამს დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. უნიკალური ბუნებრივი კლიმატი, მისი გეოგრაფიული მდებარეობა კი სურამს ადვილად მისადგომს  ხდის როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში მცხოვრებთათვის. ამას გარდა, სურამში უამრავი კულტურული ძეგლია, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ჩამოსული ტურისტისთვის იქნება საინტერესო.
მაცხოვრის ამაღლების ეკლესია – თარიღდება  ფეოდალური ხანით. Eეკლესია დარბაზულია. ეკლესია შემაღლებულ ადგილზეა აშენებული ამ ადგილს ადგილობრივები კვართისას უძახიან. Gგადმოცემის თანახმად, როდესაც ელიოზ მცხეთელს და ლონგინოზ კარსნელს მაცხოვრის კვართი მოქონდათ, მათ გზად სურამი გამოუვლიათ და სწორედ ამ ადგილას დაუსვენებიათ მაცხოვრის კვართი, სწორედ ამიტომაც ეწოდება ამ ადგილს კვართისა. ეს გადმოცემა რეალობასთან ახლოსაა, რადგან სურამში ძველთაგანვე ცხოვრობდნენ ებრაელები, ამიტომაც სავსებით შეასძლებელია, რომ ელიოზ მცხეთელს და ლონგინოზ კარსნელს, რომლებიც ასევე ებრაელები იყვნენ, სურამში შეესვენათ.
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია – მდებარეობს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზის პირას. თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით. Eკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. წლების მანძილზე ტაძარი უმოქმედო იყო, მაგრამ 1997 წ. 5 იანვარს ხანგრძლივი  დუმილი დაირღვა, ამ დღეს ტაძრის წმ.. ტრაპეზი აკურთხა და ლოცვები აღავლინა მეუფე იობმა, 16 იანვარს კი ტაძარი მოილოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ.
1999-2000 წ.წ.-ში საკურთხეველი და კანკელი მთლიანად მოიხატა.

ლესია უკრაინკას სახელობის ბიბლიოთეკა-მუზეუმი და ძეგლი – უკრაინელი მწერალი ქალი ლესია უკრაინკა (ლარის კოსაჩი), სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ცხოვრობდა სურამში. 1952 წელს იმ სახლში, სადაც მან უკანასკენლი დღეები გაატარა, გაიხსნა ბიბლიოთეკა-მუზეუმი. შენობა ორსართულიანია. ეზოში დგას ლესია უკრაინაკს ძეგლი, რომელიც ცნობილი ქართველი მოქანდაკის თამარ აბაკელიას მიერაა შესრულებული.
სურამის ციხე –  მდებარეობს მდინარე სურამულას ნაპირზე, სურამის სამხრეთ ნაწილში. იგი, კომპლექსს წარმოადგენს რომელშიც შედის: გალავანი, ციხე, წმ. გიორგის ეკელსია და სასახლე.
ციხე აგებულია XII_XIII საუკუნეებში სურამელთა საერისთავოს დაფუძნებასთან დაკავშირებით. ისტროიულ წყაროებში, როგორც სტრატეგიული პუნქტი, სურამის ციხე მოხსენიებულია 1625წ, როდესაც გიორგი სააკაძემ გაამაგრა ირანელთაგან თავის დასაცავად.
1742-1745 წლებში ირანელთა წინააღმდგე მოწყობილ აჯანყებში სურამის ციხე ზემო ქართლის სადროშოს  უფროსის გივი ამილახვარის ძირითადი დასაყრდენი გახდა. პოლიტიკური სიტუაციის შეცვლასთან დაკავშირებით აჯანყებულები თეიმურაზ II-ისა  და ერეკლე II-ის მოწინააღმდგეთა ბანაკში აღმოჩდნენ, რომელთაც შაჰი უჭერდა მხარს. ხანგრძლივი ბრძოლისა და მოლაპარაკების შედეგად ამილახვარი დანებდა და სურამის ციხე შაჰის ბრაძანბით დანგრეულ იქნა. იგი, 1756 წელს აღადგინეს. ამ დროს ერეკლე II-ს  ქიზიყის მოურავი თამაზი ჰყავდა დატყვევევბული. სურამის ციხე ქართველთა მფლობელობაში 1783 წლამდე იყო. შემდგე აქ რუსული გარნიზონი ჩააყენეს.
1791 წელს ერეკლე II-ის ანდერძში სურამის ციხე საქართველოს უმაღლეს ციხეთა შორისაა მოხსენიებული. 1801 წელს ციხე ისევ მოქმედია, მაგრამ XIX საუკუნიდან მან საქართველოს სხვა ციხეებთან ერთად თანდათან დაკარგა მნიშვნელობა.
სურამის ციხის ეზოში დგას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც აგებულია XI-XII საუკუნეებში. იგი, ხაშურის რაიონში არსებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიებს შორის ერთ-ერთი უძველესია. ტაძრის ინტერიერში შემორჩენილი იყო მოხატულობის დაზიანებული ფრესკები: ვედრების კომპოზიცია; მოციქულთა ზიარება; ამაღლება; ლაზარეს აღდგინება; მთავარანგელოზთა ორი ფიგურა, მაგრამ 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრამ საგრძნობლად დააზიანა.
როგორც ყველა ციხეს, სურამის ციხესაც ქონდა საიდუმლო გვირაბი, რომელიც გადმოცემის თანახმად მდინარე სურამულას ქვეშ გადიოდა და ამაღლების ეკლესიათან მთავრდებოდა.
სურამის ციხის შესახებ უძველესი დროიდან არსებობს თქმულება, თითქოს მისი უძლეველობის მიზეზი იმაშია, რომ მის კედლებში ცოცხლად არის ჩაკირული დედისერთა ვაჟი, რომლის შესახებ დღესაც მღერიან ხალხში. ამ ლეგენდას მიუძღვნა დ. ჭონქაძემ თავისი ნაწარმოები “სურამის ციხე”, რომელიც მოგვითხრობს, სურამის ციხე რომ აშენებულიყო დედისერთა ვაჟი – ზურაბი უნდა ჩაეტანებინათ კედელში. ამბობენ, იმ მხარეს, სადაც ზურაბი ჩააშენეს, დღესაც წვეთ-წვეთად მოჟონავსო დედის ანკარა ცრემლი. იმასაც ამბობენ, რომ ყოველ მთვარიან ღამეს სურამის ციხესთან გამოდის შავებში გახვეული ქალი და ტირილით შეჰღაღადებსო ციხის ნანგრევებს:
“სურამისა ციხეო, სურვილითა გნახეო
ჩემი ზურაბ მანდ არის, კარგად შემინახეო”.
იგივე ლეგენდა დაედო საფუძვლად სურამელი მწერლის დავით სულიაშვილის ვრცელ მოთხრობას “ზურაბის ციხე”.
დანიელ ჭონქაძის მოთხრობის მიხედვით, გადაღებულია ორი მხატვრული ფილმი. ერთი გადაიღო ივან პეტროსიანმა 1922 წელს. აღსანიშნავია, რომ ამ ფილმის დამდგემელი მხატვრები იყვნენ ევგენი ლანსერე და ვალერიან სიდამონ-ერისთავი. მეორე 1984 წელს გადაიღო ცნობილმა რეჟისორმა სერგო ფარაჯანოვმა. ამ ფილმში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა მსახიობებმა, როგორებიც იყვნენ: ვერიკო ანჯაფარიძე, სოფიკო ჭიაურელი, დუდუხანა წეროძე, Lლეილა აბაშიძე და სხვები. ამ ფილმმა მსოფლიო აღიარება და უამრავი ჯილდო მოუტანა რეჟისორს.
ურთხვის წმიდა გიორგის სახელობს მამათა მონასტერი - ეკლესია აგებულია X-XI სს-ში, ის დარბაზულია (11,5 X6,6), ნაგებია კირქვის სხვადასხვა ზომის თლილი კვადრატებით, შეკეთებულია აგურით, შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. შემორჩენილია ქვის კანკელის ორი ფილა (ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში). ერთ ფილაზე მოციქულთა კურთხევის კომპოზიციაა, მეორეზე გამოსახულია წმ. გიორგის ტრიუნფი დიოკლიტიანეზე.
2002 წლის 26 ოქტომბერს ურთხვის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი აკურთხა მეუფე იობმა, მისი ლოცვა-კურთხევით  აქ დაარსდა მამათა მონასტერი. დასუფთავდა ტერიტორია აშენდა კელიები, გალავანი, ტაძარს დაუბრუნდა პირვანდელი სახე.
დღეისათვის ეს ეკლესია მიჩნეულია ერთნავიან ბაზილიკად, მაგრამ სამეცნიერო წრეებში არსებობს მოსაზრება, რომ იგი პირვანდელი მდგომარეობით სამნავიანი უნდა ყოფილიყო. ამ მოსაზრებას ამართლებს ტაძრის ჩრდილოეთით აღმოჩენილი ქვის ისეთი წყობა, რომელიც დამახასიათებელია გვერდითა ნავების მშენებლობისათვის. ეს საკითხი სათანადო კვლევას საჭიროებს
სურამის წმინდა სამების ტაძარი – აშენებულია 1831 წელს ძმები ნებიერიძეების დაკვეთით. ეკლესია დარბაზულია.
კვირაცხოვლობის სახელობის ეკლესია -     კვირაცხოვლობის ეკლესია მდებარეობს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გვერდით, შემაღლებულ ბორცვზე, იმ ადგილას სადაც უწინ ტაძარი ყოფილა. კომუნისტებს რესტორანი აუშენებიათ, მაგრამ ნიში აქ ყოველთვის არსებობდა, რათა მლოცველებს სანთლები დაენთოთ. უხუცესებს ახსოვთ, როცა ძველი კვირაცხოვლის ტაძარი დაუნგრევიათ და იქ არსებულ ხიდირბეგიშვილების საგვარეულო სასაფლაო მოუსწორებიათ. ისინი იხსენებენ, თუ როგორ ეყარა მიცვალებულთა ძვლები საავტომობილო გზის პირას. მას შემდეგ ღვთის რისხვა არ ცხრებოდა: თითქმის ყოველდღე აქ მოქეიფე, მთვრალი ადამიანების შეხლა-შემოხლა ჩხუბი და გინება იყო, რომელიც ხშირად სისხლისღვრაში გადაიზრდებოდა ხოლმე. საბოლოოდ რესტორანი დაიწვა და აშენდა კვირაცხოვლობის ტაძარი, რომელიც სულიერ დარაჯად ადგას სურამს.
1998 წლის 10 სექტემბერს ტაძარი აკურთხა მეუფე იობმა, იმავე დღეს კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II ესტუმრა კვირაცხოვლის ტაძარს და პარაკლისი აღავლინა.
სურამის სინაგოგა - სინაგოგა დაბა სურამში ე.წ. ებრაელების უბანში. მდინარე სურამულას მარცხენა ნაპირას. აგების თარიღი უცნობია, დღეისათვის სინაგოგა მოქმედია. ჰყავს ხახამი და გაბაია.
სურამის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი - სურამის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრი ბაზილიკური ტიპისაა. 2000 წლის დასაწყისში ტაძრის შემოგარენს მიწა შემოეცალა, რის შედეგადაც გამოჩნდა იატაკი, ამბიონი და წმ. ტრაპეზის ქვა ჯვრის გამოსახულებით. ტაძრის აღდგენა დასრულდა 2005 წელს და გაიხსნა ამავე წლის 17 დეკემბერს.
სურამის წმინდა მარინეს სახლეობის ტაძარის - ტაძარი XX საუკუნის 90-იან წლებში აიგო ძველი ეკლესიის ნანგრევებზე. ნანგრევები დათარიღებულია გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზული ყოფილა (7,6X5,3), ნაგები უხეშად დამუშავებული დიდი ზომის ქვიშაქვით. ნანგრევებში შემორჩენილი იყო ტრაპეზის ქვა, რომლის ქვედა ნაწილში ჩაღრმავებული ჯვარია გამოსახული. ეკლესია 1997 წ. 26 ივლისს აკურთხ          იტრიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი XVI საუკუნეს მიეკუთვნება. იგი ბაზილიკური ტიპისაა და ნაშენია თლილი ქვით, ეკლესია სამნავიანია. შუა ნავი გვერდითი ნავებისაგან განსხვავებით მაღალია. იგი ორ წყვილ სვეტს და საკურთხეველს ეყრდნობა.
იტრიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი _ XVI საუკუნეს მიეკუთვნება. იგი ბაზილიკური ტიპისაა და ნაშენია თლილი ქვით, ეკლესია სამნავიანია. შუა ნავი გვერდითი ნავებისაგან განსხვავებით მაღალია. იგი ორ წყვილ სვეტს და საკურთხეველს ეყრდნობა.

მონასტერს გარშემო შემოვლებული აქვს გალავანი. დასავლეთით აუშენებიათ სამრეკლო, იგი სამსართულიანია. სამრეკლო XVII საუკუნეში უნდა იყოს აგებული. ამაზე მიგვითითებს სამრეკლოს აღმოსავლეთ კედელზე მოთავსებული მხედრული წარწერა: სამრეკლო აუშენებიათ ბეჟან ჩხეიძესა და წინამძღვარ ნიკოლოზს.
1997 წელს ჩატარდა აღდგენითი სამუშაოები, ტაძრის საკურთხეველში ნაპოვნი იქნა ტრაპეზის ქვა. ამავე წელს ტაძარი აკურთხა მეუფე იობმა, ამოქმედდა იტრიის სიონი, აქვე გაიხსნა დედათა მონასტერი.
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი - ეკლესია თარიღდება გვიანი ფეოდალური ხანით, თავდაპირველად ტაძარი დიდი ზომის ყოფილა და გადმოცემის თანახმად საავტომობილო გზის გაყვანამდე თითქმის მთელ გზას იკავებდა, მაგრამ შემდეგ ე.წ. კომუნისტური პერიოდის დროს გზის გაყვანის მიზნით დაუნგრევიათ, რის გამოც, ტაძარმა პირვანდელი სახე დაკარგა, მაგრამ 90-იან წლებში ძველი ტაძრის ნანგრევებზე აშენდა პატარა ეკლესია, რომლის ტრაპეზი 2000 წელს აკურთხა მეუფე იობმა.
1996 წლიდან სურამში არის რუის-ურბნისის საეპისკოპოსო რეზიდენცია.
უამრავი მოგზაურის და მკვლევარის მასპინძელი ყოფილა სურამი, რომელთაც თავიანთ მოგონებებში საინტერესო ცნობები შემოგვინახეს სურამის შესახებ. უდავოდ მნიშვნელოვანია, რომ ალ. დიუმა (მამა) თავსი ნაწარმოებში  “კავკასია”, რომელიც მის მოგზაურობას ასახავს კავკასიაში, ერთ თავს მთლიანად სურამს უთმობს.
სურამი ნამდვილი ინტრენაციონალური დაბაა და აქ ძირითად მოსახლეობასთან ქართველებთან ერთად ცხოვრობენ სომხები, ებრაელები, ბერძნები, რუსები, უკრაინელებიდა სხვები სულ 30-მდე ეროვნების წარმომადგენლები.
საინტერესოა, რომ სურამში, მიუხედავად მრავალ ეროვნულობისა, არასოდეს მომხდარა დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე.
ცალკე თემაა, სურამელი ებრაელები, რომლებიც სურამის თავისებურ კოლორიტს წარმოადგენდნენ. სამწუხაროდ, საფუძვლიანი გამოკვლევა თუ საიდან მოხდა მათი სურამში დასახლება, არ ჩატარებულა, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ მას შემდეგ, რაც სურამი დიდი სავაჭრო გზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი გახდა, ებრაელებმაც იწყეს აქ განსახლება, რადგან მათ კარგად აწყობილი სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდათ მსოფლიოს მრავალ ხალხთან და სურამს, როგორც გასაღების ბაზარს, ისე იყენებდნენ, ბუნებრივია, დროთა განმავლობაში მათი აქ სამუდამოდ დასახლება მოჰყვა. ებრაულ დიასპორის სიდიდეზე და სიძლიერეზე მეტყველებს ის ფაქტიც, რო სურამის ერთ-ერთ უძველეს უბანში დღემდეა სინაგოგა. სამწუხაროდ, ბოლო ათეულია წელია, ებრაელთა მაისიური მიგრაცია დაიწყო, მიგრაციის დაწყებამდე სურამში 3000მდე ებრაელი ცხოვრობდა, დღეს კი მხოლოდ რამდენიმეღაა დარჩენილი. თუმცა, ისრაელში წასულთ მაინც არ ავიწყდებათ სურამი და მუდმივი კონტაქტი აქვთ აქ დარჩენილ ახლობლებთან.