Wednesday, August 24, 2016

საიდან მოდის სიტყვა WI-FI

უხსოვარ დროში, კასპის რ-ნის სოფ. საქადაგიანოში. ნაზი ძალო ცხოვრობდა (ძალოსნობაზე აბოდებდა და იმიტომ დაარქვეს ძალო, თორემ არავის ძალო არ ყოფილა). ნაზი კი ერქვა, მაგრამ როგორც სოფლის კაცები იტყოდნენ ხოლმე - ერთხელ ანზორა ისეთ დღეში ჩააგდო, მაგას ნაზის არაფერი ეტყობაო (ამას თვითონ ანზორა ყვებოდა, სიცილით მოკვდებოდი). გამოხდა ხანი, ნაზის მობეზრდა, მხოლოდ ძალოსნობის გამო ძალოს სახელი და გათხოვდა. ქმარი, კარგი ბიჭი აღმოჩნდა, თურქეთში დადიოდა და ოჯახს არაფერს აკლებდა. თურქეთში სიარულის გამოს სოფელში ფადიშაჰილას ეძახდნენ. ნაზის ეს სახელი ედიდებოდა (ხუმრობით იცოდა თქმა, ნეტა სახელივით დიდი სხვა რამეც ქონდესო) ამიტომ მოფერებით ფა-ს ეძახდა ( როცა თვრება, ძილში მუს.ნოტის ფა-ს ხმას გამოსცემს და მაგიტომ ვეძახი, თორემ ფადიშაჰილას გამო კი არაო, მაგრამ ვინ დაუჯერებდა). ფა დადიოდა თურქეთში, ზოგჯერ თვეები გრძელდებოდა მისი იქ ყოფნა, ნაზის კიდევ ბუნებრივი მოთხოვნილებები აწუხებდა ამიტომაც ხან ვის ტუალეტში შედიოდა ხან ვისი, რადგან ოჯახის საპირფარეშოს გასაღები ფადიშაჰილას თან მიჰქონდა - თილისმაა და კარგად მაქვს დაცდილიო. სხვა მოთხოვნილებებიც აწუხებდა ნაზის ამიტომ მის საძინებელს ხშირად სტუმრობდნენ სხვადასხვა ჯურის კაცები. ნაზიც სტუმარს არასოდეს წყვეტდა გულს. ფამ ამის შესახებ არაფერი იცოდა ან საიდან უნდა გაეგო, ჩამოსვლისთანავე ლუკმა პურს შეჭამდა, ნაზის ეტყოდა მალე დვბრუნდები, ფორმაში დამხვდიო და მიდიოდა. ერთ დღესაც, უფრო სწორედ ღამეს ნაზის გოდერძი ესტუმრა. ჯერ ნაზად აკოცეს ერთურთს, მერე ტანთ გაიხადეს და ვნების მორევში ჩაეშვნენ. უცებ რაღაც ხმაური გაისმა (თუმცა მორევამდე ეს ხმა არ ჩავიდა) და ოთახში ფადიშაჰილა შემოვიდა, თურმე ნისლი ყოფილა და რიკოთიდან უკან მობრუნებულა. ეგრევე ოთახში შევიდა, ნაზისთვის დანაპირების შესრულება უნდოდა, გააღო თუ არა კარები ნაზის კივილმა (რომელმაც ფა დაინახა) ცა შეძრა (მერე ცა ამბობდა - კაცო, კივილის მეტი რა გამიგია, მაგრამ ეს სულ სხვა იყოო, ორი დღე თავბრუ მეხვეოდაო) - ვაი, ფაი  (ეს იყო სიტყვაზე ”ი”-ს დამატების პირევლი შემთხვევა), ეს სიტყვები ფას აღარ გაუგია, თვალთ დაუბნელდა, ნაზის მოკიდა ხელი და ფანჯრიდან გააფრინა. ამ დროს ნაზისთან ჯემალი მოდიოდა (რომელიც გოდერძის ღირსეულ შემცვლელად ესახებოდა ნაზის), ვინც მფრინავი ნაზი დაინახა და დაიჭირა. ამ დღის მერე სადაც რამე უსადენო მფრინავს იჭერენ ვაიფაის ეძახიან.
პ.ს. რაც შეეხება გოდერძის, ის გამწარებულმა ფამ კედელში თავით შეარჭო. სავარაუოდოდ ეს იყო პირველი მოდემი.

ვიცოდეთ რას ვლაპარაკობთ.

Thursday, July 21, 2016

”მორწმუნე” ცხოველი

საქართველოს საპატრიარქოს ტელეარხ "ერთსულოვნების" ეთერში გადის ვიდეომიმართვა, რომელშიც იმ ადამიანებს, რომლებიც ეკლესიაში არ დადიან, ცხოველებს ადარებენ.
ტელეარხის რიტორიკა აბოსლუტურად გასაგებია, წმინდა წერილში, დავით მეფსალმუნე წერს : ,,კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა ჰყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყვსა უგუნურსა და მიემსგავსა მათ”,  მაგრამ  არის ერთი ”მაგრამ”, ეს სიტყვები გასაგებია იმ ადამიანებისთვის ვინც ”ცხოველი” არაა და უკვე ეკლესიის წიაღშია, ხოლო მათთვის ვინც ”ცხოველია” ეს მიდგომა იმდენად გაუგებარია, რომ გაგებისთვის საჭირო დროს, უბრალოდ დაკარგულად თვლის და აღარც ცდილობს გაიგოს. ასეთი ადამიანი, რბილად რომ ვთქვათ ეკლესიითვის დაკარგული მრევლია, რომლის ტაძარში დაბრუნებასაც გაცილებით მეტი ენერგია და რესურსი სჭირდება, ვიდრე მოწოდებას - თუ ადამიანი არ დადის ეკლესიაში, იგი ემსგავსება ცხოველს!
მართლამადიდებლობას სხვა რელიგიისაგან (მით უფრო სექტისგან) არაფრის სწავლა არ სჭირდება, თუმცა რატომ არ შეგვიძლია ავიღოთ მაგალითი სხვებისაგან და აგრესიის ნაცვლად, ტკბილად მოვუწოდოთ ადამიანებს ეკლესიაში მოსვლისაკენ, სწორედ ისე როგორც ამას პატრიარქი ილია მეორე აკეთებს. ის, მრევლს გარეთ დარჩენილ ადამიანს არასოდეს უწოდებს ცხოველს, არც ურჯულოდ მიაჩნია ის ვინც ნათელღებული არაა, მეტიც, ასეთ ადამიანებს ხშირად ძმებად და დებადაც მოიხსენიებს და დავიჯერო უწმინდესი რელიგიურ დოგმატებში ცდება და არასწორ განცხადებას აკეთებს?! რატომღაც მგონია რომ პატრიარქის ასეთ ქადაგებას გაცილებით დიდი ეფექტი აქვს, ვიდრე ეკრანიდან იმის მოწოდებას - თუ ადამიანი არ დადის ეკლესიაში, იგი ემსგავსება ცხოველს!
მამიდა მყავს, რომელიც არაა ეკლესიური (ამ სიტყვის იმ ხალხისმიერი გაგებით ვინც თვლის, რომ ეკლესიაში თუ არ დადიხარ, ხარ ცხოველი), თუმცა ადამიანი სიკეთის განსახიერებაა, ხშირად მიფიქრია ცხოვრებაში სიბოროტე თუ გაუკეთებია. ის კი არა ვინმეზე რომ იტყვიან დააშავაო, ისიც კი არ ჯერავს ხოლმე.გამორიცხულია ვინმეზე ცუდი ათქმევინო - თავის საქმის თვითონ იცისო ამბობს.  ერთი ნაცნობიც მყავს, რომელიც წირვა-ლოცვას არ აკლდება, ყველა მარხვას ინახავს (ვნების კვირაში მძიმედაც), თუმცა მთელი დღე შვილიშვილებს და ეზოს წინ გამვლელ-გამომვლელებს წყევლის, ყველას განიკითხავს, თავისთვის მობოდიალე ჭიანჭველას ისეთი დიდი სიამოვნებით ჭყლეტს, თითქოს იმ საცოდავის ბრალია რუსეთი რომ ოკუპანტია. ამ ყველაფრის ფონზე მიჩნდება კითხვა - მამიდაჩემია ცხოველი და ნაცნობი მრველი?!
კი ბატონო, წმინდა მამებს აქვთ ნათქვამი - ”ადამიანის ცოდვა ხილულია და სინანული უხილავიო”, მაგრამ არა ვარ იმ დონეზე მორწმუნე რომ მხოლოდ ამ მართლაც დიდებული შეგონებით ვიმსჯელო, ამიტომაც ზემოთმოყვანილი ორი მაგალითიდან მეორე მგონია ცხოველი (იმედია,  ნაცნობი თავის თავს ვერ ამოიცნობს, თორემ გავიზიარებ ჭიანჭველას ბედს).
როცა ადამიანს მორწმუნეს უწოდებენ, რადგან ის ეკლესიაში დადის, ჩემი მეგობარი სასულიერო პირი იტყვის ხოლმე - ჩემს ტაძარში თაგვს აქვს ბუდე, ჩემს გარდა ეგაა ერთადერთი ვინც წირვას არ აცდენს და ესწრებაო ანუ ეგ მორწმუნე კი არა წმინდანი გამოდისო. არ ვედავები ხოლმე, მართალია.

პ.ს. სხვათაშორის ცხოველი არ ვარ.

Tuesday, May 10, 2016

სიყვარულის შავი ყუთი

შავი ყუთი (რომელიც სინამდვილეში სულაც არაა შავი) ერთადერთი იმედია რომ გავიგოთ რა იყო ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი. თვითმფრინავის წარმატებით დაშვებისას ის არავის ახსენდება. ალბათ ყველაფერს აქვს შავი ყუთი, მათ შორის, სიყვარულსაც, უბრალოდ ისიც მაშინ გვახსენდება, როცა სიყვარული სრულდება, თორემ დასრულებამდე რომ გავხსნათ და გავშიფროთ ეგებ არც დასრულდეს და მარადიულად იარსებოს. ტარიელ ჭანტურიას ”სიყვარულის შავი ყუთი”, სწორედაც რომ დასრულებამდე გახსნილი შავი ყუთია. აქ ყველაფერია სარკაზმი, ირონია, თვითირონია, სიკეთე, ბოროტება, მონატრება, დავიწყება, ღმერთი, ეშმაკიც...ეს წიგნი სიყვარულის შენარჩუნების ერთგვარი რეცეპტია.
სტრიქონებში გაბნეულია რჩევები, რომელსაც ავტორი ისე გვაწვდის როგორც საკუთარ თავს გადახდენილს ამბებს.  ”შავი ყუთი” რომელიც ერთი შეხევდით ლაღია და მკითხველს ახალისებს ძალიან დიდი სევდის მატარებელიცაა, მეტაფორებით ძალიან დიდი ტკივილია გადმოცემული:
დედა
წავიდა და სინათლე
დარჩა ყველგან ჩართული...
მომავლის იმედიცაა ” შავ ყუთში”
ქუჩის გადაღმა
ათი წელია ვაკვირდები: სარეცხის თოკზე
როგორ იზრდება ერთი პერანგი.
ტარიელ ჭანტურიას ცდილობს ერთ წიგნში საკუთარი შემოქმედების ყველა ეტაპი ჩაატიოს. წიგნში თავის სულიერ მდგომარეობასთან ერთად, ფიზიკურ მდგომარებასაც გულხადილად ყვება. პოეტი, არ გაურბის აღიარებას რომ მასზე დიდი მწერლები და პოეტები არსებობენ.  ერთგვარ პატივადაც მიიჩნევს რომ ზოგ მათგანს იცნობს კიდეც, ხოლო უმეტესობა კი წაკითხული აქვს.
”სიყვარულის შავი ყუთი” არაა იოლი გასაშიფრი, მასში უამრავი ქარაგმაა, რომლის გაგებასაც თავისებური გაგება სჭირდება, მაგრამ თუ გაიგებ, ცხოვრების ”მუღამსაც” დაიჭერ და მიხვდები უმთავრესს იმასაც რისთვისაც ვცხოვრობთ, თუმცა ერთ დღეს ცხოვრებაც სრულდება, მაგრამ ”შავ ყუთში” მარადიული სიცოცხლის პაროლიცაა  
”მიყვარს” -აი პაროლი

სამოთხეში შესასვლელად

Friday, April 29, 2016

ქეთინო


მსოფლიოში არ არსებობს დასახლებული პუნქტი, რომელსაც თავის კოლორიტი არ ჰყავს. ეს კოლორიტები, ზოგჯერ ვიწრო, ლოკალური მნიშვნელობის ადამიანები არიან, ზოგჯერაც ბევრად ცდებიან საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს. სურამი განებივრებული იყო კოლოროტებით, თუმცა ერთი ყველასგან გამორჩეული იყო, რომელსაც სხვებისაგან უამრავი თვისება გამოარცევდა, როგორც ყველა კოლორიტს მასაც დიდებული იუმორის გრძნობა ჰქონდა, თუმცა მაინც სხვა იყო. სხვა ეშხი ჰქონდა, სხვანაირად უყვარდა სურამი და სურამსაც სხვანიარად უყვარდა ის. მას ქეთინო ერქვა, ქეთინო და მორჩა. აღარა საჭირო არც გვარი, არც სახლის მისამართი. იტყვი ქეთინოს და ცხადია ვის გულისხმობ. სურამში მცხოვრება თუ ვერ გიპასუხა ვინაა ქეთინო ან ძალიან პატარაა ან სურამლობას იბრალებს, სხვანაირად წარმოუდგენელია ქეთინო არ იცოდეს. ადამიანი, რომელმაც მხოლოდ სიყვარული დატოვა, გულწრფელი სიყვარული. ზემოთ დავწერე რომ სურამი კოლორიტებით განებივრებული იყო და ამ დიდი კოჰორტაში, რომ გამორჩეულად მოგიხსენებენ ესე იგი მართლა სხვა ხარ. მხოლოდ ქეთინო თუ შეძლებდა ადამიანებისთვის ასე შეეყვარებინა თავი. მეტიც, ყველა სურამელი ცდილობს რომ მინიმუმ ერთი ამბავი მაინც გაიხსენოს სადაც ქეთინოც იქნება მონაწილე პირი (ალბათ უფრო მთავარი მოქმედი, რადგან ქეთინო მეორე არასოდეს ყოფილა), რადგან ქეთინოს, თუ იცნობდი ერთგვარი პრესტიჟია      .ქეთინოს ალბომი 
ცოტა ხნის წინა მამაჩემმა ასეთი იდეა გამიმხილა - სურამში, კინოსწინ პატარა ქანდაკება - ქეთინო, ზურიკო დოლიძე, პანტელოზა და ჰეიდარა. ადამიანები რომლებმა სურამს უამრავი ლამაზი წუთი აჩქუეს. პატარა სკამზე მჯდარი ოთხეული, ისე როგორც მუდამ ისხდნენ ხოლმე. ქეთინო ორივე მუხლზე ხელებ დაყრდნობილი, ზურიკო (გენერალი) ფეხზე შემოდებული ფეხით, პანტელოზაც და ჰეიდარა ჩვეულად, უბრალოდ. იშვიათი იქნება ასეთი მეტყველი ქანდაკება. ყველას გაახსენდება ამ ბიჭების საოცარი ხუმრობები, რომლის  მსხვერპლი ბევრი გამხდარა და ბევრსაც უოცნებია მსხვერპლობაზე, რადგან ამ ხალხთან ურთიერთბის საშუალება ჰქონოდა.   ქეთინოს იუბილეს მიძღვნილი გაზეთი - ქეთოს პალიტრა
მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა რომ ფეხბურთიდან გაეცილებინათ ადამიანი, რომელსაც ფეხბურთი არასოდეს უთამაშია. ეს სურამში მოხდა და დიდი ფეხბურთიდან ქეთინო გააცილეს. ეს  იყო უდიდებულესი სპექტაკლი,რომელსაც არ ჰყოლია ერთი რეჟისორი. ამ სპექტაკლის რეჟისორი ის სიყვარული იყო, რომელიც ყველას გააჩნდა ქეთინოსადმი . ბუნებრივია, მთავარი აქაც ქეთინოდ გახლდათ, რომელმაც ბოლომდე გაითავისა ვარსკვალვის ამპლუა, რომელსაც დიდი ფეხბურთიდან აცილებენ, თუმცა ის ძალიან თავმდაბალი ვარსკვლავი იყო. სიცოცხლის ბოლომდე ასეთი დარჩა, უწყინარი, კეთილი და ადამიანებზე უზომოდ შეყვარებული.

სიცოცხლის ბოლოს სკოლიდან მომავალს, ”შავბოგირზე” მხვდებოდა ხოლმე. სკამი ჰქონდა მოტრიალებული,  მის ზურგზე ხელები შემოწყობილი. დამინახავდა და შორიდანვე დამიზახებდა: სადაა მამაშენი, შენ მამას მივაფსი მე! მერე ჩამიხუტებდა, მეტყოდა რომ ვუყვარდი და მამაჩემთან (რომელიც იმ დილით უკვე ნანახი ყავდა და მეორე დილითაც უსათუდო ნახავდა) დამაბარებდა - საქმე მაქვს და მნახოს. ქეთინოს ყველა ნახულობდა, ის დიდი განძი იყო რომელიც ღმერთმა სურამს უბოძა

... მე ვიცნობდი ქეთინოს

მამა, ქეთინო, ზურიკო ბიძია, სოფო და მე <3

Tuesday, April 19, 2016

ჩემი ჭიშკარი

როცა გაიღება, ისეთ ხმას გამოსცემს, პრინცს უსაქმოდ დატოვებს და მძინარე მზეთუნახავს გააღვიძებს. ერთხელ მე და მამამ ანჯამები დავზეთეთ,  1-2 თვე პატიოსნად ჩუმად იყო, მაგრამ ისეთი აუტანელი იყო ეს სიჩუმე, როცა ისევ დაიჭრიალა, ყველას ისე გაგვიხარდა როგორც მშობელს უხარია შვილის პირველი სიტყვა.
პირველად სწორედ კარებთან ვიგრძენი რომ გავიზარდე, მამიდასთან გამიშვეს მარტო. ჭიშკარი რომ გავაღე, თითქოს უკვე გაზრდილი გავედი გარეთ.
სურამში ჩასულს პირველი სწორედ ის მეგებება. ასე მგონია მიღიმის, სანამ მივალ და გავაღებ ცმუკავს, თითქოს უნდა ყველა გააგებინოს სიხარული. მერე სახელურს ჩამოვწევ და ესეც ამოიდგავს ხმას - ჭრრრრრრრ ,მაგრამ ასე მგონია ამბობს  - ლადო მოვიდა და გამოდით შეეგებეთო. ეს ოხერი მარტო ჩემზე რომ ამბობდეს ვიტყოდი მე ვუყვარვარ და მაგიტომ აკეთებს ამას, მაგრამ არაა, ყველაზე ასე იქცევა ჯერ უყურებს მომსვლელს და მერე - ჭრრრ და ყველას გვეუბნება - ნახეთ თქვენზე პირველმა გავიგე სტურმის მოსვლაო.
ცოტა დაბერდა, ალაგ-ალაგ ჟანგიც მოეკიდა, ალბათ ერთ დღეს მის ადგილას სხვა ჭიკარი გაჩნდება, რომელიც თანამედროვე იქნება, ალბათ ლამაზიც, ჩუმიც და უფრო ფერადიც, მაგრამ ის ვერასოდეს ისწავლის - ჭრრრრრ-ს რომელიც ყველაზე ტკბილია,  ჩემთვის ერთ-ერთი ის ხმაა, რომელიც ბავშვობიდან გვერდში მომყვება და უამრავ რამეს მახსენებს.
მახარობელიც ბევრჯერ ყოფილა. 90-იანებში როცა მობილური ტელეფონები არ იყო, თუ მამას შეაგვიანდებოდა ძალიან ვნერვიულობდი, სწორედ ჩემი ჭიშკარი იყო მაცნე იმისა რომ მამა მოვიდა. დაიჭრიალებდა თავისებურად - თითქოს მეტყოდა: - ლადო, ბიჭო დაიძინე, მამა მოვიდაო. მეც დავხუჭავდი თვალებს და მშვიდად ვიძინებდი. ვინ იცის ეგებ ისიც ჩვენსავით ნერვიულობდა მამას დაგვიანებას. არცერთხელ მიკითხავს რა უჭირს ან რა უნდა, ეგებ ჭრრრ-ს გარდა ბევრი სხვა რამეც იცის?!
ჩემი ჭიშკარი მოლაპარაკეა. უკვე დიდი, სტუდენტი მოულოდნელად ჩავდიოდი სურამში, ისიც ხვდებოდა რომ სიურპრიზს ვუკეთებდი ჩემებს და ცდილობდა ჩუმად გაღებულიყო, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ფარავდა სიხარულს და ბოლოს აჭრიალდებოდა - ლადო მოვიდაა. უხაროდა და რა ექნა?!  არასოდეს მწყენია ეს დაბეზღება. რა ქნას ასეთია და მაგის ბრალია?!

შაბათს სურამში მივდივარ, ჩემებმა იციან, ჭიშკარმა არა, ჰოდა დამინახავს თუ არა, ისევ აცმუკდება, დამელოდება მერე ერთს თავისებურად დაიჭრიალებს და ყველას გასაგონად იყვირებს - გამოდით, ლადო მოვიდა.

 

Friday, February 12, 2016

ბიჭიკოს ავადმყოფობის ისტორია - მოთხრობები საბჭოთა საქართველოზე

ბიჭიკოს ავადმყოფობის ისტორია - მოთხრობები საბჭოთა საქართველოზე
ავადმყოფი 1922 წლის 30 დეკემბერს დაიბადა.  დაბადებისას შედარებით პატარა იყო,  მაგრამ ტანი მალე აიყარა. დაბადებისა ძალიან ჭირვეული იყო და ეს ჭირვეულობა სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. დასავლელ ექიმთა უმეტესობა მიიჩნევდა, რომ ნაყოფი უდღეური გაჩნდა. ამას ის სიმპტომებიც ამტკიცებდა რაც მას სჭირდა - ლპობის სუნი(რომელიც მთელი 69 წლის გაჰყვა), უჭირად საქციელის გაკონტროლება, იყო ჭირვეული და უზნეო. ამ ყველაფრის გამო მან სიცოცხლის პირველივე წლებში ბევრი მტერი გაიჩინა. 
მისმა დაბადებამ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ბუნებრივია ბევრი დააობლა და ბევრ ადამიანსაც სამუდამოდ დაუმახინჯა სიცოცხლე.
”ბიჭიკო” ბოროტად გაიზარდა, მას არასოდეს ჰქონია სიკეთის ჩადენის სურვილიც კი, მისი მამოძრავებელი მექანიზმი სწორედ ბოროტის ქმნის კეთებაზე იყო მომართული. მას არ სწამდა ღმერთი, მეტიც, თუ ვინმეს შეამჩნევდა მცირედმორწმუნეობასაც კი სასტიკად სდევნიდა, თვითონ კი დიდის მონდომებით ანგრევდა ეკლესია-მონასტრებს, ზოგჯერ ისეთებსაც კი რომლებიც ისტორიულ მემკვიდრეობას წარმოადგენდნენ, მაგრამ ”ბიჭიკოს” ხელისშემშლელი არ ჰყავდა.
”ბიჭიკო” სიცოცხლის ბოლომდე სასტიკად უსწორდებდა მოწინააღმდეგეებს, ის ვინც ცოცხალი გადაურჩებოდა, გადასახლებას ვერ აცდებოდა ხოლმე. ”ბიჭიკომ” შიმშლით სიკვდილისთვის გაწირა უკრაინელი თანამოქალაქეები, თუმცა ამის გამო არც სინდისის შეუწუხებია, თუმცა რანაირად უნდა შეეწუხებინა, როცა არ ჰქონდა.
"ბიჭიკო” ადამიანებს საკუთარი აზრის გამოთქმასაც უკრძალვდა და დაწერასაც, ამიტომ ზოგი წერდა და ვერ აქვეყნებდა, ზოგიც ისე შეფარულად ამბობდა სათქმელს, რომ  არცთუ ისე ჭკვიანი ”ბიჭიკო” ვერაფერს ხვდებოდა.  ამის გამო ძალიან ბევრს, ძალინ ბევრი რამე დარჩა უთქმელი და გამოუქვეყნებელი.
მერე, მიუხედავად იმისა რომ ის უკვდავი ეგონათ, ერთ ლამაზ დღეს ”ბიჭიკო” მოკვდა (მართალია მისი იდეები ბევრისთვის დღემდე ცოცხალია, მაგრამ იმედია ეს იდეებიც მოკვდება), ჰოდა ადამიანებმა ის ნაწერები გაიხსენეს, რომელსაც ”ბიჭიკოს” უმალავდნენ. აღმოჩნდა რომ ბევრი შედევრი იყო, ბევრიც უბრალოდ კარგი ნაშრომი და ბევრიც გამოთქმული გულისტკივილი სადაც ”ბიჭიკოს” რაობა ჩანდა.

”ბიჭიკოს ავადმყოფობის ისტორია” ადამიანების დაკნინების და ჩაგვრის ისტორიაცაა. აქ ყველაფერია რაც მარაზმად ქცეულ საბჭოთა სისტემის მანკიერებაზე შეიძლება ითქვას. ზოგან შეფარულად (რომელიც საბჭოთა პერიოდშივე გამოქვეყნდა), ზოგგანაც შიშველი სიმართლით გადმოცემული, შეიძლება იტქვას ”ბიჭიკოს ავადმყოფობის ისტორია” კიდევ ერთი ნაბიჯია იმისკენ, რომ ”ბიჭიკო” აღარ უნდა გაჩნდეს!!!

Monday, February 1, 2016

ტოკიოს დაარსების ისტორია

უხსოვარ დროში, მაშინ როცა ჯერ ხოხობიც არ იყო გამოგონილი (ეს გვაძლევს საშუალებას, რომ მკვლევარებმა სავარაუდო თარიღი დაადგინონ)  ერთი ფრიად ლამაზი ჭაბუკი ცხოვრობდა, სახელად ნუგზარი. ნუგზარის ოცნება იყო რაღაცაში პირველი ყოფილიყო, მაგრამ ვერაფერში ვერ აღმოჩნდა პირველი. მერე ურჩიეს ცოლი მოიყვანე და იმ ამბავში იქნები პირველიო, ამანაც მოიყვანა, მაგრამ სიჩქარეში აერია და ლამაზი ნიას ნაცვლად ბოზი ნია მოიყვანა (რაზეც ლამაზმა ნიამ იდარდა და სხვას გაჰყვა, მერე ისიც გაბოზდა) და პირველობის ეს შანსიც ხელიდან გაუშვა. გამოხდა ხანი ერთხელ ნუგზარი ბებიამ დაიბარა და უთხრა: შვილო მე ვკვდები და ერთ სიტყვას გაგიმხელ, რომელიც არავის უთქვამს, შენ თქვი და პირველი იქნებიო და უთხრა - ტო, თან აუხსნა ნებისმიეირი წინადადების ბოლოს შეგიძლია გამოიყენოო ამის თქმა იყო და ბებია მოკვდა. შეშინებული ნუგზარი მამასთან გაიქცა
- მამააა, ბებო მოკვდა ტო. ეს დღე იყო და ნუგზარი ”ტო”-ს პირველ მთქმელად აღიარეს. მთელმა ქვეყანამ დააფასა, დაყავდათ გამოფენებზე, მალე ექსპერტიც გახდა (სხვათაშორის მან დადო დასკვნა რომ ბაბილონის გოდოლის მშენებელობა ნორმების დარღვევით შენდებოდა; ალექსანდრიის შუქურაზე, ზამთრის პერიოდში გაზის დეფიციტის გამო ”გაზპრომი” გახდებოდა საჭირო. მასვე ეკუთვნი სიტყვები ”მივედი,ვნახე, გავიმარჯვე”, მაგრამ იულიუსმა სთხოვა ”წამიადეო” და ამანაც შენი იყოს ტოოო). მასთან შეხევდრას ხალხი ოცნებობდა (ლამაზი ნიაც ამიტომ გაბოზდა, ნეტა არ შევშლიდდა მოვეყვანეო და ინერვიულა, მერე გულის გადაყოლება ამ ფორმით ცადა და მთელი ცხოვრება გულს აყოლებდა)
ერთ დღს მისთვის უცნობ ქვეყანაში წაიყვანეს, სთხოვეს რომ ხალხს შეხვდი და პატარა ლექცია ჩაატარეო. ნუგზარს ფულზე ლაპარაკი არ უყვარდა, ამიტომ რასაც ბოლოს აძლევდნენ იმას იღებდა. ამაზე მისი პროდიუსერი ზურიკო ზრუნავდა.
ჩავდინენ ამ ქვეყანაში, ნუგზარმა ჩაატარა ლექცია- ”ატომური ბომბი ჩვენი ხვალიდნელი დღე და რეალობა”. დამსწრეთა უმეტესობამ ვერაფერი გაიგო და უთხრეს კიდეც - ვერ გავიგეთო, მაგრამ ნუგზარმა უთხრა -  დრო მოვა გაგებაზე მეტად იგრძნობთო
ლექციიდან წამოსულს კონვერტით ანაზღაურება მისცეს. გახსნა კონვერტი და ელდა ეცა - მილიონი იყო ჩაკუჭული. მაშინვ ჰკითხა ლექციის ორგანიზატორებს რამე ხომ არ გეშლებათო, მაგრამ იმათმმაც მცირეზე ბოდიშიო.
დარბაზიდან გამოსულს ზურიკო დახვდა:
- მილიონი მომცეს ტო
- რას ამბობ - გაგიჟდა ზურიკო -  ეგებ შეცდნენ
- არაა, ვკითხე  - მართლა მიოლინს მაძლევთ ტო? კიო - მიპასუხე
იქვე ახლოს იმ ქვეყნი იმპერატორი იდგა რომელსაც უნდოდა ნუგზარისთვის რაიმე ფორმით ეცა პატივი, ქალაქისთვის ნუგზარის დარქმევა არ მოწონდა, მხოლოდ ”ტო” კი ეპატარავებოდა და ტო-კიო კი სწორედ ის იყო რასაც ამდენხანს ელოდა.
ასე, ჰიროსიმაში დაიბადა ტოკიოს დაარსების იდეა, რომლის თავშიც ქართველი ნუგზარი იდგა, ხოლო მისი ლექცია ათასწლეულების მერე მართლაც იგრძნეს.

”ვიცნობდეთ ჩვენ გმირ წინაპრებს”

Saturday, January 30, 2016

სოფო

ამ ტექსტში უხვად ნახავთ
 ტავტოლოგიას სიტყვებისა - მახსოვს/ახსოვს;
 მერე; ჩემი;  და წინადადებას  - ....ოთხი წლის მერე გავჩნდი
მე. ოთხი რა, 4 წლის და 6 თვის მერე -  მე
....ოთხი წლის მერე გავჩნდი მე. ოთხი რა, 4 წლის და 6 თვის მერე. ამბობს რომ ჩემი გაჩენა არ ახსოვს, მაგრამ კარგად ახსოვს როგორ მიმიყვანეს სახლში, ისიც ახსოვს როგორ დააჯდა ჩემს ჯერ კიდევ პატარა თავს (მიზანს არ ამხელს). აი მე კი ბუნდოვნადაც არ მახსოვს ჩემ ცხოვრებაში მისი პირველი გამოჩენა, ამიტომაც ვთვლი, ის მაშინაც ჩემში იყო, როცა ჯერ კიდევ დედის მუცელში ვიყავი, შემდეგ როგორც ყველა მეც გავჩნდი  და მას მერე ერთად მოვდივართ.
როგორც მამა და დედა მეუბნებიან პირველი რაც ვთვქი მისი სახელი იყო. მჯერა, არა იმიტომ რომ მაშინ ის მიყვარდა (შეიძლება მიყვარდა კიდეც, აბა საიდან უნდა მახსოვდეს?!), არამედ იმიტომ რომ იოლი სახელი აქვს, თუმცა ლამაზი - სოფო.
ხშირად მტოვებდა მასთან დედა, ესეც ”დედობდა”, თუ საჭმელს არ ვჭამდი ათას ოინს იგონებდა რომ მეჭამა. ყველაზე ხშირი და უტყუარი მეთოდი კოვზის ყელზე მიდება იყო - ჭამე თორემ კოვზითაც იჭრიან ყელს და თავს მოვიკლავო. მე მეშინოდა და ვჭამდი (იმის მერე აღარასოდეს მიჭამია წიწიბურა).
როცა წამოვიზარდე არცთუ ისე ხშირად ვჩხუბოდბით, ალბათ იმის გამო რომ  ....ოთხი წლის მერე გავჩნდი მე. ოთხი რა, 4 წლის და 6 თვის მერე, ჰოდა ეს სხვაობა იყო მიზეზი რის გამოც მეუფროსებოდა. ალბათ ამის გამო იყო სულ ვნატრობდი რომ მის გამო ვინმესთან მეჩხუბა (აზრზე არა ვარ რისი დამტკიცება მინდოდა ამით), მაგრამ ვერასოდეს მოვახერხე, მხოლოდ  მესამე კურზე ავიხდინე ნატვრა და მის ერთ თავყანისმცემელს ისე მადიანად ვაგინე საპატიო კახელის წოდება მომანიჭეს. მერე გავიგე რომ ეს თაყვანისმცემელი ერთ-ერთი რაიონის პოლიციის უფროსი ყოფილა....ორი თვე დავყავდი ჩემებს შიშზე გამოსალოცად.
ტექსტის პათოსს მოუხდებოდა სიტყვები - პირველად მის გამო ვიტირე, მაგრამ არ იყო ასე. პირველად ალბათ იმიტომ ვიტირე, რომ მომშივდა, თუმცა მის გამოც მიტირია. როცა სტუდენტი გახდა და თბილისში წავიდა დაახლოებით მეორე ან მესამე დღეს, სურამი ფოსტას მივეცი რვიანის შეკვეთა და დავურეკე. აიღო ტელეფონი და მხოლოდ ”როგორ ხარ” მოვახერხე, და ისე ვიტირე როგორც ”ველური გულის” ბოლო სერიაზე, როცა ხუანი და მონიკი ”სვადებნიში” წავიდნენ და გაკეთილშობილებულმა ანდრესმა გზა დაულოცა.
მერეც ვიტირე როცა გათხოვდა, არა იმიტომ რომ სიძე არ მომწონდა, არაა, პირიქით ჯიგარი სიძე მყავს, იმიტომ ვიტირე რომ ჩემგან წავიდა, არადა მისი დაბადებიდან ოთხი წლის მერე გავჩნდი მე. ოთხი რა, 4 წლის და 6 თვის მერე და იმის მერე სულ ერთად მოვდივართ. გიჟი შიოლა რომ შეეძინა მაშინაც ვაღვარღვარე ცრემლები და საერთოდაც მაქვს საფუძვლიანი ეჭვი რომ ლატენტური მაია ასათიანი ვარ.
სტუდენტი როცა გავხდი, ჩემთვის სრულიად უცხო ქალაქში სოფო იყო ჩემი მეგზური. მან მითხრა რომ სოხუმის ფილიალამდე #135 სამარშრუტო დადიოდა და მეც მეგონა რომ სხვა არაფერი მიდიოდა, თორემ ხო მეტყოდა სოფო?! ამიტომაც სულ ვაგვიანებდი, არადა #186ა-ს და #111ა-ს ისე ბედნიერი ღიმილით ვაცილებდი, ალბათ ფიქრობდნენ, საწყალი ბიჭი, ალბათ ოჯახში არ უმხელენ რაც სჭირსო. მხოლოდ წლის ბოლოსღა გავიგე რომ ეს "მარშუტკებიც" მაწყობდა. სოფ, ალალი იყო შენზე ნოდარ დარსანიას "მსოფლიო ისტორიის" გაცდენილი ლექციები.  პირველი ორი კვირაში სრულად შევიგრძენი სტუდენტობა - არ გვქონდა შუქი, მერე ჩამოვიდა სოსო და გაგვანათა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან შუქის დავალიანება ასრაღაც ლარი გადაიხადა (ამის მერე სხვანაირად შემიყვარდა სოსო და ამის მერე ჩემთვის შუქი სოსოსთან ასოცირდება და არა ალექსანდრიასთან, "ილიჩთან" ან კიდევ მიშასთან), მანამდე კი, მე და სოფომ სრულად ვისწავლეთ ვერიკო ტურაშვილი შემოქმდება, იმიტომ რომ ყველა რადიოში ”წვიმა ასველებდა მოგონენებს”. ერთხელ ლექტორმა საკუთარ გვარზე დაწერა გვთხოვა, სოფოს შევვედრე დამიწერე-მეთქი, რადგან მაინც ფილოლოგი ქალი იყო, თან კარგად წერდა. მოკლედ დამიწერა და ლექტორმა თავზე გადამახია - შვილო ეს თავისუფალი თემა რომ დაგიწერია, სადმე გაკვრით მაინც გეხსენებინა რომ გოგოლაძე ხარ ან ბოლოში მაინც მიგეწერა - ლადო გოგოლაძეო.მას მერე, მესიჯის მეტი აღარფერი დაუწერია ჩემთვის.
ზოგადად კეთილი გოგოა, მგონი ყველაზე დიდი ნაკლიც ეგ აქვს. არ შეიძლება ყველასადამი სიკეთის გამოვლინება, მერე ყველა ანალოგიურით არ პასუხობს და გული ტკივა (ბოლოს ვალიდოლი სოფოს სახელობის გახდება და ფირფიტაზეც სოფოს ბოლო ზარის სურათი იქნება დატანილი). არა, ანგარებით კი არ აკეთებს სიკეთეს და მაგიტომ კი არ ელის პასუხს (ეგ, მგონი  პასუხს მაშინაც არ ელის როცა სადმე რეკავს, რადგან ამ დროს პარარლელურ რეჟიმში გვერდით მდგომს ელაპარაკება), უბრალოდ წყინს და ჰა...
დღეს ეს გოგო 34 წლის გახდა. 3+4=7, თურმე აღმოსავლეთში როცა ნარდი შექმნეს სწორედ შვიდიანის პრინციპზე ააგეს, ერთი რომ იღბლიანი რიცხვია და თან ნარდში ყველაზე ხშირად სწორედ შვიდიანის მოსვლის ალბათობაა. მოკლედ რაღაცას ვფილოსობოსობ და რას მეც არ ვიცი.
მოკლედ გილოცავ, რას და როგორ გისურვებ, შენზე უკეთ არავინ იცის, უბრალოდ გეტყვი - ჩემზე კარგად მენახე მუდამ, რადგან შენ ყოველთვის დამიდგები გვერდით, ხოლო მე, მეტროთი მიყვარს სიარული და ვაგზალზე ღმერთმა უწყის ვის გვერდით მოგიწევს ადამიანს დადგომა.

ბედნიერი 34 წელი გქონდეს, ხო გახსოვს შენ რომ დაიბადე, ოთხი წლის მერე გავჩნდი მე. ოთხის რა, 4 წლის და 6 თვის მერე...

Friday, January 29, 2016

ერთი ხის ისტორია

ნარგიზი და კოტე ლამის დაბადებიდან იცნობდნენ ერთანეთს. ერთ ქოხში გაჩნდა
ორივე, 1 საათიან ინტერვალში, ამის შემხედვარე ბებია ქალს უთქვამს - მოვა დრო და რომელიმე მწერალი მახსენებსო (აუხდა). გაიაზრდნენ ბალღები. ერთი კაცი დადგა და ერთიც ქალი. ჰოდა როგორც კი დადგნენ, სისხლის გემო იგრძნეს და ჯემალა ყასაბს თავ-პირი გაუნგრიეს სისხლიანი ხორცის მიყიდვის გამო. გადიოდა წლები, ნარგიზი და კოტე გაუშინაურდნენ ერთმანეთს და ერთ დღესაც კოტემ უთხრა მოდი ის ვქნათო, კარგიო ნარგიზმა და უხამსი ლექსების მოყოლა დაიწყეს. ეს ის დროა როცა უხამსი ლექსების კითხვა დასჯადი იყო, ამიტომ ხმადაბლა კითხულობდნენ, თუმცა ზნეობის სადარაჯოზე მყოფ ნარგიზის ბებიას ეს ის დროა როცა უხამსი ლექსები კითხვა დასჯადი იყო, ამიტომ ხმადაბლა კითხულობდნენ, თუმცა ზნეობის სადარაჯოზე მყოფ ნარგიზის ბებიას ვერაფერი გამოაპარეს და ისიც ბავშვებს წკეპლით გამოედევნა. შეშინებული ბავშვები ტყეში გაიქცნენ, ბებომ ყიჟინა დასცხო და მადევარი გაუშვა. გარბიან ნარგიზი და კოტე, ნარგიზ გადააგდე სავარცხელიო თხოვა კოტემ, მერე სალესი ქვის გადაგდებაც სთხოვა და ბოლოს სარკის. ამ ყველაფრის შემდეგ კი თავითვის ჩაილაპარაკა - წიქარას მოვუტყან მატყუარა კეთილებიო და სირბილი გააგრძელა. ბოლოს ტყეში შევიდნენ და ხეებში დაიმალნენ. კოტეს თვალთ აკლდა და შორს ვერ ხედავდა ამიტომ ნარგიზს სთხოვა გაიხედო, ნარგიზმა გაიხედა მაგრამ ვერაფერი დაინახა. მოდი წინ დადექი, დაგიჭერ და გადაიხარე იქნებ რამე დაინახოო უთხრა კოტემ და ისიც გადაიხარა - ვერაფერს ვერ ვხედავ კოტე - არაუშავს ნარგიზ, ეგერ იყავი და რამე იქნებაო - უთხრა კოტემ ამასობაში მდევარმა დევნა შეწყვიტა, ბებიამ თქვა წავიდნენ მაგათ უხამსი კეთილებიო და სახლში დაბრუნდნენ. იმ დღის მერე ნარგიზი გადახრილია და ელოდება როდის იქნება რაღაც და ამ ლოდინში ორივე ხედ იქცა. პ.ს. 90-იან წლებში მათ გარშემო ყველა ხე მოჭრეს, მაგრამ ნარგიზს და კოტეს რაღაც მისტიური ძალა მფარველობდა და ვერავინ ეკარებოდა.

Thursday, January 28, 2016

რატომ ჰქვია - ნიაგარა

უხსოვარ დროში, აგარაში ერთი კაცი ცხოვრობდა. გუჯა ერქვა. ძალიან ახირებული კაცი იყო, რასაც იტყოდა აუცილებლად უნდა შეესრულებინა (ბავშვობაში აიტეხა უნდა გავიზარდოო და გაიზარდა). ერთ დღესაც თქვა: აგარში შაქარი უნდა ვაწარმოო (ეს ის დროა როცა არათუ აგარში, დუნიაზე არ იყო შაქრის საწარმო. არც გოჩა ძასოხოვი იყო ჯერ დაბადებული), გაოცდნენ აგარელები, ეგ როგორო? როგორ და წავალ, ლერწამს ჩამოვიტან და მერე მე ვიციო. თქმა და შესრულება ერთი იყო. ჯერ მეზობელ ტანიასთან რუსული ისწავლა (მართალია, რუსეთი ჯერ არაა იმპერია, მაგრამ სანამ ვივლი ეგებ გახდეს და გამომადგებაო), მერე ცოლთან მივიდა ზუსტად ერთი კვირის საგზალი გამიმაზდეო. გაუმზადა ნელიმ საგზალი და წავიდა. ზუსტად ერთ კვირაში, მაშინ როცა გუჯა ათასობით კილომეტრით იყო აგარას დაშორებული და მაშინ როცა ხურჯინში მშიერმა ჩაყო ხელი და საჭმელი ვერ ნახა, მსოფლიოში პირველად დაფიქსირდა ათ სართულიანი გინება. წლები იარა გუჯამ ლერწამის ძიებაში. ამასობაში დაბერდა. მხოლოდ იმას ნატრობდა ნეტა აგარაში მაინც წამიყვანაო. აშშ-სა და კანადის საზღვართან იყო, როდესაც ინსულტი დაემართა. გვერდით გამყოლ ჯონის უთხრა, რაც ფული მაქვს სულ მოგცემ და აგარაში წამიყვანეო. კაიო უთხრა ჯონიმ და წაიყვანა. გუჯა გაითიშა, მხოლოდ სუნთქვადა. 6-7 დღის მერე გაახილა თვალი და დიდი ჩანჩქერი დაინახა, შეშინებულმა წამოიძახა - Это Ни Агара და სული განუტევა. ჯონიმ ჩანჩქერის ხმაურში მხოლოდ ბოლო ორი სიტყვა გაიგონა. ამ დღის შემდეგ, ჯონი გადაწყვეტილებით, გუჯა საპატივსაცემოდ ჩანჩქერს ნიაგარა ეწოდა.
”ვიცოდეთ ჩვენი დიდი წინაპრების გმირობის ამბები”

Wednesday, January 27, 2016

საიდან მოდის სიტყვა - ავტობუსი

ძველ დროში, მაშინ როცა ბოროდინოს ბრძოლა 1 თვის დასრულებული იყო, ერთი კაცი ცხოვრობდა, სახელად ბუ. ბუხუტი ერქვა, მაგრამ ბუს ეძახდნენ, რადგან მამა ენაბლუ იყო და ბუხუტის ვერ ამბობდა. კი ურჩიეს გია ან ალე დაარქვი, იოლად დაუძახებო, მაგრამ მაინც ბუხუტი დაარქვა. ბუს შვილი არ ჰყავდა (არ იფიქროთ, რომ უცოლო იყო, არა ცოლი კი ჰყავდა, მაგრამ არც ამ ცოლს ჰყავდა შვილი), ამიტომ გადაწყვიტა ბავშვი აეყვანა. ბევრი იარეს ბუმ და მისმა მეუღლემ ვიდრე ძირს დაგდებულ ბავშვს ნახავდნენ, ბოლოს ნახეს და აიყვანეს. პატარას ავთო დააქრევს. გამოხდა ხანი და ბუ გარდაიცვალა, ავთო უკვე დიდ იყო და როგორც ბუს შეეფერებოდა ისეთი ქელეხი გაუკეთა (მარტო ხაშლამა სამჯერ ჩამოატარეს და ოსტრზე ლაპარაკი აღარაა). უმუშევრობა ტანჯავდა ავთოს, ჰოდა რადგან ჯანი დიდი ჰქონდა, გადაწყვიტა მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე ხალხი გადაეყვანა. ასეც მოიქცა, დაისვამდა მხარზე და გადაყავდა ხოლმე. როგორც გითხარი ბოროდინოს ბრძოლა ახალი დასრულებული იყო და სოფლად ვიღაც ფრანგი შემოეხეტა. მალე გაითავისა იქ ყოფნა, მაგრამ ენის სწავლა ვერ მოახერხა, მხოლოდ ადამიანების სახელები დაიმახსოვრა, ამიტომ მუნჯურად ლაპარაკობდა. სწორედ ამ პერიოდში ავთოს სიყვითლე დაემართა, როგორც მეცნიერები ამბობენ ბოტკინი ჰქონდა, მაგრამ იმ დროს ბოტკინი ჯერ არც იყო დაბადებული და აბა ბოტკინი გაქვსო ვინ ეტყოდა?! სხვათაშორის, ისე გაყვითლდა მეტსახელად "ფორთოხალა" დაარქვეს. მიუხედავად ამისა, მაინც აგრძელებდა მუშაობას. ერთ დღეს მაგრად იწვიმა და მდინარე ადიდდა, მაგრამ ავთო მაინც პოსტზე იდგა, სწორედ ამ დროს მივიდა ფრანგი და მდინარის მეორე ნაპირზე გადაყვანა სთხოვა, ავთომაც შეისვა მხარზე, დასვა მეორე ნაპირზე და სწორედ ამ დროს მდინარეც მოვარდა და ავთო წაიღო.
- ავტო, ავტო - აყვირდა ფრანგი ( თ-ს ვერ ამბობდა)
- რა ავტო გიჟი ხომ არა ხარ, ავტომობილის გამოგონებმადე კაი 60-70 წელი მაინც არის დარჩენილიო - უთხრეს სოფლის მაცხოვრებლებმა
- ავტო, ავტო - ეცადა გაეგებინებინა ფრანგს
- რა ავტო? - ვერ გაიგეს სოფლელებმა
- ბუსი, ბუსი (ანუ ბუს ბიჭიო) - უთხრა ფრანგმა
მაშინ მიხვდნენ რომ ფრანგი ავთოს გულისხმობდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, მდინარეს ავთოს პერანგი ამოეტივტივებინა.
იდარდა მთელმა სოფელმა და ამ დღის მერე სადაც კი ყვითელ რამეს დაინახვდნენ, რომელსაც ხალხი გადაყვადა ავტობუსს უძახდნენ.
"ვიცოდეთ რას ვლაპარაკობთ"