Thursday, July 21, 2016

”მორწმუნე” ცხოველი

საქართველოს საპატრიარქოს ტელეარხ "ერთსულოვნების" ეთერში გადის ვიდეომიმართვა, რომელშიც იმ ადამიანებს, რომლებიც ეკლესიაში არ დადიან, ცხოველებს ადარებენ.
ტელეარხის რიტორიკა აბოსლუტურად გასაგებია, წმინდა წერილში, დავით მეფსალმუნე წერს : ,,კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა ჰყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყვსა უგუნურსა და მიემსგავსა მათ”,  მაგრამ  არის ერთი ”მაგრამ”, ეს სიტყვები გასაგებია იმ ადამიანებისთვის ვინც ”ცხოველი” არაა და უკვე ეკლესიის წიაღშია, ხოლო მათთვის ვინც ”ცხოველია” ეს მიდგომა იმდენად გაუგებარია, რომ გაგებისთვის საჭირო დროს, უბრალოდ დაკარგულად თვლის და აღარც ცდილობს გაიგოს. ასეთი ადამიანი, რბილად რომ ვთქვათ ეკლესიითვის დაკარგული მრევლია, რომლის ტაძარში დაბრუნებასაც გაცილებით მეტი ენერგია და რესურსი სჭირდება, ვიდრე მოწოდებას - თუ ადამიანი არ დადის ეკლესიაში, იგი ემსგავსება ცხოველს!
მართლამადიდებლობას სხვა რელიგიისაგან (მით უფრო სექტისგან) არაფრის სწავლა არ სჭირდება, თუმცა რატომ არ შეგვიძლია ავიღოთ მაგალითი სხვებისაგან და აგრესიის ნაცვლად, ტკბილად მოვუწოდოთ ადამიანებს ეკლესიაში მოსვლისაკენ, სწორედ ისე როგორც ამას პატრიარქი ილია მეორე აკეთებს. ის, მრევლს გარეთ დარჩენილ ადამიანს არასოდეს უწოდებს ცხოველს, არც ურჯულოდ მიაჩნია ის ვინც ნათელღებული არაა, მეტიც, ასეთ ადამიანებს ხშირად ძმებად და დებადაც მოიხსენიებს და დავიჯერო უწმინდესი რელიგიურ დოგმატებში ცდება და არასწორ განცხადებას აკეთებს?! რატომღაც მგონია რომ პატრიარქის ასეთ ქადაგებას გაცილებით დიდი ეფექტი აქვს, ვიდრე ეკრანიდან იმის მოწოდებას - თუ ადამიანი არ დადის ეკლესიაში, იგი ემსგავსება ცხოველს!
მამიდა მყავს, რომელიც არაა ეკლესიური (ამ სიტყვის იმ ხალხისმიერი გაგებით ვინც თვლის, რომ ეკლესიაში თუ არ დადიხარ, ხარ ცხოველი), თუმცა ადამიანი სიკეთის განსახიერებაა, ხშირად მიფიქრია ცხოვრებაში სიბოროტე თუ გაუკეთებია. ის კი არა ვინმეზე რომ იტყვიან დააშავაო, ისიც კი არ ჯერავს ხოლმე.გამორიცხულია ვინმეზე ცუდი ათქმევინო - თავის საქმის თვითონ იცისო ამბობს.  ერთი ნაცნობიც მყავს, რომელიც წირვა-ლოცვას არ აკლდება, ყველა მარხვას ინახავს (ვნების კვირაში მძიმედაც), თუმცა მთელი დღე შვილიშვილებს და ეზოს წინ გამვლელ-გამომვლელებს წყევლის, ყველას განიკითხავს, თავისთვის მობოდიალე ჭიანჭველას ისეთი დიდი სიამოვნებით ჭყლეტს, თითქოს იმ საცოდავის ბრალია რუსეთი რომ ოკუპანტია. ამ ყველაფრის ფონზე მიჩნდება კითხვა - მამიდაჩემია ცხოველი და ნაცნობი მრველი?!
კი ბატონო, წმინდა მამებს აქვთ ნათქვამი - ”ადამიანის ცოდვა ხილულია და სინანული უხილავიო”, მაგრამ არა ვარ იმ დონეზე მორწმუნე რომ მხოლოდ ამ მართლაც დიდებული შეგონებით ვიმსჯელო, ამიტომაც ზემოთმოყვანილი ორი მაგალითიდან მეორე მგონია ცხოველი (იმედია,  ნაცნობი თავის თავს ვერ ამოიცნობს, თორემ გავიზიარებ ჭიანჭველას ბედს).
როცა ადამიანს მორწმუნეს უწოდებენ, რადგან ის ეკლესიაში დადის, ჩემი მეგობარი სასულიერო პირი იტყვის ხოლმე - ჩემს ტაძარში თაგვს აქვს ბუდე, ჩემს გარდა ეგაა ერთადერთი ვინც წირვას არ აცდენს და ესწრებაო ანუ ეგ მორწმუნე კი არა წმინდანი გამოდისო. არ ვედავები ხოლმე, მართალია.

პ.ს. სხვათაშორის ცხოველი არ ვარ.

No comments:

Post a Comment