Saturday, October 25, 2014

3 მარტი, თამარი და დათუნა


6 საათზე ფეხზე იყო  თამარი. წინა დღით, სამჯერ მეტი იები და ყოჩივარდა შეუკვეთა, იცოდა 3 მარტს კარგად გაეყიდებოდა. აგერ, უკვე 10 წელი იყო რაც ყვავილების გაყიდვით არჩენდა ოჯახს, რომელშიც მის გარდა კიდევ ერთი წევრი შედიოდა - 10 წლის ნინიკო. სახლიდან ძალიან შორს იყო ყვავილების ბაზრობა, მაგრამ რა ექნა, ბევრი რამე სჭირდებოდა პატარა ნინიკოს, რომელსაც მამა არც უნახავს. მის დაბადებდამდე 1 თვით ადრე გარდაცვლილიყო.  უბედური შემთხვევა მოხდაო - ამბობდა  თამარი და აღარ აგრძელებდა ამბის მოყოლას, ტკიოდა.
... - დათუნა დედიკო, სულ როგორ უნდა მარცხვენდე?! არ შეიძლება ერთხელ კარგი მითხრას ვინმემ? ახლა შენი დამრიგებელი შემხვდა და გაგიჟებული იყო ქალი. მეოთხე კლასელი ბიჭი და ასეთი ველური არ მინახავსო, გუშინ ისე გამოაცლა სკამი რეხვიაშვილების ბავშვს, რომ კინაღამ ტვინი დაატოვინა იატაკზეო. ბავშვი ტიროდა და შენი დათუნა სიცილით იხეოდაო. მადლობა დედიკო, რომ 3 მარტს ასე მომილოცე დედის დღე - ეუბნებოდა გაჯავრებული დედა დათუნას, რომელიც ჯერ კიდევ ლოგინში ნებივრობდა
- ბოდიში დედიკო, გპირდები რომ მეორედ აღარ ვიზამ. დედა, მამა წასულია და შეგიძლია 50 თეთრი მომცე?
-  სულ ფულს როგორ ითხოვ ბიჭო?! რისთვის გინდა?
- ხო თქვი დედის დღეაო და ყვავილები უნდა გიყიდო. ორი ცალს ვიყიდი ერთი შენ და ერთიც ბებოს  - უცებ თვალი მოკრა ორ დიდ თაიგულს, რომელიც ვაზაში იდო და გააგრძელა - მართალია მამას უკვე მოუსწრია, მაგრამ მაინც გიყიდით - დაასრულა და ჩაცმას შეუდგა. უკვე მაისურიც გადაიცვა, როდესაც დედის ყვირილმა ამცნო, რომ მის მიერ გაფუჭებულ საგანს მიაგნეს
- დათუნა, რა გაუკეთე ამ მტვერსასრუტს?! რატომ დაშალე ბიჭო? ხომ გითხარი ხელი არ ახლო-მეთქი? - მაგრამ დათუნა უკვე გარეთ იყო და დედის ყვრილი აღარ ესმოდა. ჯიბეში 50 თეთრი ედო და ყვავილები ბაზრობისაკენ თამამდ მიდიოდა
... მართლა ბევრი ხალხი მივიდა იმ დღე ყვავილების საყიდლად. ზოგმა ერთი კონა ია იყიდა, ზოგმაც ათი. უხაროდა  თამარს, ზაფხულში ნინიკოს ზღვაზე წაყვანა უნდოდა და ფულს აგროვებდა. ახლაგაზრდა წყვილების დანახვაზე თავის ახალგაზრდობა ახსენდებოდა, თვითონ ეძახდა იმ დროს ”ახალგაზრდობას” თორემ 35 წლის იყო. რაც მეუღლე გარადიცვალა, მის სახლში ყვავილი აღარ ყოფილა ან ვის უნდა ეჩუქებინა, არადა 1 წლის მანძილზე ვიდრე ერთად იყვნენ ყოველდღე ყვავილები მოჰქონდა ხოლმე მეუღლეს. რამდენიმე დღის წინ სარდაფში შენახული ვაზა ნახა, რომელსაც იმხელა მტვერი დასდებოდა ძლივს გააცალა, მერე გადაწყვიტა გაეყიდა. თავის მეზობელს, რომელიც მეორად საქონელს ყიდდა უთხრა შემომიარე რაღაც უნდა გაჩვენოო. აბა რაღად უნდოდა, თვითონ ყვავლის არ იყიდდა და ნინიკო ჯერ პატარა იყო, რომ თაყვანისმცემელს ყვავილი ეჩუქებინა
- რა ღირს ეს ყვავილი?! - ვაჟკაცურად იკითხა დათუნამ
- ერთი კონა 25 თეთრი, სულ სამი კონაღა დამრჩა და 50 თეთრად წაიღე - პასუხი გასცა დეიდა თამარმა
- კარგით მომეცით- გამოართვა ყვავილები და სახლისკენ სწარფი ნაბიჯით წავიდა, ცოტა ქონდა გავლილი როცა ის დიდი თაიგული გაახსენდა, რომელიც მამამ უყიდა დედას და ბებიას, მოიწყინა, მერე გაჩერდა და ისევ თამარისაკნე მოტრიალდა
- მოვა ახლა და მეტყვის -  ეს დამჭკნარია და შემიცვალეთ თუ შეიძლება, რას შევუცვლი როცა აღარც მაქვს - ფიქრობდა დეიდა თამარი, როდესაც მისკნე მომავალი დათუნა დაინახა და თან უკან დასაბრუნებელ ფულს ამზადებდა
- დეიდა თქვენ რა გქვიათ? - ჰკითხა უკან დაბრუნებულმა დათუნამ
- თამარი!
- დედის დღეს გილოცავთ დეიდა თამარ! - უთხრა დათუნამ, სამი კონა ყოჩივარდა მიაწოდა და გაწითლებული ისე გაიქცა, რომ თამარმა მადლობის თქმაც ვერ მოასწრო. გახარებულმა გულში ჩაიხუტა ყოჩივარდები, რომელიც დათუნას პატარ თითებს დაეჭყლიტა, მაგრამ იმ წამს იმაზე ლამაზი ყვავლი თამარისათვის არ არსებობდა. სახლისკენ მიმავალმა პური და მაწონი იყიდა, გზად თავის მეზობელი შეხვდა
- უი, თამარ ბოდიში ვეღარ შემოგიარე, რა უნდა გეჩვენებინა?
- არა არაფერი, გადავიფქრე

... - ნეტა დედამ მამას მოსვლამდე ტელევიზორი არ ჩართოს, თორემ პულტი რომ დაშლილია ნახავს - ფიქრობდა დათუნა სახლისაკენ მიმავალ გზაზე და თან არ იცოდა რომ მისმა საქციელმა ერთი ადამიანის ცხოვრება შეცვალა.

No comments:

Post a Comment