ლამპიონმა,
თვალი რომ გაახილა, პირველად მის ქვეშ მყოფი ასფალტი დაინახა,
ჰოდა შეუყვარდა. სიმართლე ითქვას სხვას ვერც ვერაფერს ხედავდა, ერთადერთი
თვალი მასზე ჰქონდა მიშვერილი, მაგრამ სხვებიც ხომ ასე იყვნენ, თუმცა მათ არ უყვრადათ,
ამას კი უყვარდა. ერთი სული ჰქონდა ღამე როდის მოვიდოდა, რომ თავლი გაეხილა და სატრფო
დაენახა. სატრფოც კეკლუცობდა, სულ ლამაზად უნდოდა ყოფილიყო, პატარა საქმე ხომ არაა
ვიღაცას რომ უყვარხარ. ყოველ ღამე იწყებოდა მათი ჰარმონია და განათებისას სრულდებოდა,
ზამთარი უყვარდათ, რადგან გრძელი ღამე იყო. თავდაპირველად კეკლუცმა ასფალტმა უარი უთხრა
სიყვარულზე, ლამპიონმა ისე იდარდა, 4-5 დღე ვეღარ აანთეს. მონტიორი თემური ამბობდა,
ასეთი არაფერი მინახავს, ყველაფერი წესრიგში აქვს, მაგრამ მაინც არ ინთებაო. მერე ასფალტმა
უთხრა, მეც მიყვარხარო და ისე გაბრდღვიალდა იმის დანახვას არაფერი სჯობდა. ქალაქში
პატივსაცემი სტუმრები რომ ჩამოდიოდნენ პირველ რიგში ლამპიონის სანახავდ მოჰყვადათ.
ყველას უკვირდა ასეთი ლამაზი როგორ გააკეთეთ ან სხვები რატომ არაა ასეთივე ლამაზიო,
მაგრამ ქალაქის თავს სხვა თემაზე გადაჰქონდა საუბარი და პასუხს არ სცემდა, ან რა ეპასუხა
როცა თავადაც არ იცოდა პასუხი. ასე გრძელდებოდა წლები, მერე ყველაფერი აირია, ყველა
ლამპიონი ჩაქრა, მხოლოდ ეს იყო ანთებული, ქალაქის
ბოლოდან მოდიოდნენ ამის სანახავად, ვერავინ ხვდებოდა საიდან იყო ანთებული, სხვა ლამპიონები
შურისაგან იწვებოდნენ, ჰოდა თემურმა თქვა ალბათ ეს მოხეტიალე დენის ფაზაზე ზის და სხვებზე
მოკლეს ახდენს, თვითონ ანთია, სხვები იწევბიანო და გადაჭრა. ამის მერე კვირეები ისე
გადიოდა, რომ თვალს ვეღარ ახელდა, იშვიათად, როცა გადააბავდნენ მხოლოდ მაშინ თუ გაახელდა
თვალს, შეყვარებულებს ძველებურად უხაროდათ
ერთმანეთის ნახვა, მაგრამ უკვე ძალიან იშვიათად ნახულობდნენ ერთმანეთს. კეკლუცი ასფალტი
ამ ამბავს ძალიან განიცდიდა, ერთ დღესაც ნახა რომ დარდისაგან ბზარი გასჩენოდა, შესჩივლა
იმ საღამოს შემთხვევით ანთებულ სატრფოს, მაგრამ მე რა ვქნა რით გიშველოო უპასუხა ლამპიონმა.
განერვიულებულს ცოტა უხეშად მოუვიდა თქმა, მთელი ღამე იდარდა ასე რატომ ვუთხარიო, ბოლო
გადაწყვიტა ბოდიში მოეხადა, მოუხადა კიდეც, მაგრამ ასფალტს ნერვიულობისაგან ახალი ბზარები
დამატებოდა. მერე მოთოვა, ბზარებში ჩასულ თოვლს ყინვამ მოსუწრო და ასფალტი, რომელიც
ერთ დროს ყველაზე ლამაზ ასფალტად ითვლებოდა ნელ-ნელა გაილია. ამასობაში ისევ შეიცვალა
ყველაფერი, ახალი უფროსები მოვიდნენ ქალაქში და ლამპიონი ისევ განათდა, მაგრამ ადრე
თუ დაღამებას მოუთმენლად ელოდა ახლა ზარავდა ღამის მოსვლა, რადგან საკუთარი სატრფოს
დანახვა არ უნდოდა, ეცოდებოდა. ერთ დღეს რაღაც გრუხუნი გაიგონა, შავი მანქანა იყო,
რომელიც მის სატრფოს მისდგომდა და ანგრევდა, ლამპიონი ისე გამწარდა რომ გადაიწვა, თუმცა
ამან მის სატრფოს ვერ უშველა. მის ადგილას სხვა. სიმართლე რომ ვთქვათ უფრო ლამაზი ასფალტი
დააგეს, რომელმაც კეკლუცობა დაუწყო ლამპიუონს, მაგრამ ლამპიონის გულის სხვას ეკუთვნოდა,
ერთ დღე ყველასთვის მოულოდნელად ჩაქრა, თემურმა ხან ნათურა შეუცვალა, ხანაც კაბელი
მაგრამ მაინც ვეღარ აანთო, სხვა ლამპიონები დანანაებით იქნევდნენ თავს, ამბობდნენ, დარდს გადაყვა უბედურიო, რომ ვერაფერი
უწამლეს, ერთ არცთუ ისე ლამაზ დღეს მოჭრეს და მის ადგილას სხვა ლამპიონი დადგეს, რომელსაც
მხოლოდ თავის თავი მოსწონდა. როცა მის ადგილას მდგარი ლამპიონი ამბავი მოუყვნენ ბევრი
იციმციმა, ვის გაუგია ლამპიონის სიყვარულიო. პრინციპში, მართალიც იყო სად ლამპიონი
ან თუნდაც ასფალტი და სად სიყვარული....
No comments:
Post a Comment