Sunday, May 24, 2015

აიკიდოს დაარსების ისტორია

ძველ დროში სოფელ ცუცხვათში თედო ცხოვრობდა, რომელსაც ორი ვაჟი ჰყავდა: გოდერძი და ზურიკო. ზურიკო ცოტა დონდლო იყო, ხოლო გოდერძი პირიქით, ისეთი სწრაფი იყო, რომ დაცემინებისას, ვიდრე სიცოცხლეს ეტყოდნენ,მადლობას ამბობდა. იზრდებოდნენ ბიჭები. მამას ეხმარებოდნენ ყველაფერში, მაგრამ სწრაფ გოდერძის ერთი ჩვევა დასჩემდა 12- 3-6-9 საათზე ცდილობდა საბრძოლო ხელოვნებების, ფილოსოფიისა და რელიგიური მრწამსის სინთეზს და ხელ-ფეხს იქნევდა. დარდობდა ოჯახი, მაგრამ რა ექნა. იმ დროინდელი სწავლულები მოიწვიეს, მაგრამ ვერაფერმა უშველა. მეზობელმა ურჩია აღმოსავლეთის ერთ ქვეყანაში წვრილთვალა ხალხი ცხოვრობს, მაგათ ჰყავთ ერთი ექიმი და ის თუ უშველისო. წაიყვანა თედომ გოდერძი წვრილთვალების ქვეყანაში, კითხვა-კითხვით მიადგა ექიმს.
- რა სჭირს თქვენ ვაჟსო - ჰკითხა წვირლთვალამ
- ხელ-ფეხს იქნევს და ცდილობს საბრძოლო ხელოვნებების, ფილოსოფიისა და რელიგიური მრწამსის სინთეზი მოახდინოსო - ამ დროს საათმა 12 ჩამოკრა და გოდერძიმაც მოახდინა სინთეზი. გაკვირვებული უყურებდა წვრილთვალა ბრძენი.
ზუსტად სამმა ჩამოკრა თუ არა ისევ დაიწყო გოდერძიმ სინთეზირება:
- ექიმო აი, კიდო იგივეს აკეთებს უთხრა თედომ, მაგრამ წვრილთვალა ექიმი უკვე გამქრალიყო. გულდაწყვეტილი წამოვიდა სახლში თედო პაპა და მთელი ცხოვრება გოდერძის ხელ-ფეხის ქნევას უყურებდა, სამაგიეროდ მთელ ქვეყანაში ერთადერთი იყო ვინც უშეცდომოდ იცოდა როდის იყო 12, 3, 6 და 9 საათი. საახალწლოდ მთელი წლის მიქარვებსაც კი აკეთებდა ხოლმე გოდერძი და ოჯახს ართობდა (მერე "გამარჯვებული ხალხის" ხელ-ფეხ მქნეველი გახდა).
წვრილთვალა კი ამ დროს იმპერატორის კარზე იყო და ახალ საბრძოლო ხელოვნებას უხსნიდა იმპერატორს,ხელოვნებას, რომელსაც აიკიდო დაარქვა.
ვიცოდეთ გმირი წინაპრების ისტორია

No comments:

Post a Comment