Monday, January 12, 2015

წერილი ჩემს მერი მასწავლებელს


იმ დღეს სურამში განსაკუთრებულად ციოდა, შემოდგომა იდგა და ფოთლებიც უკვე ნელ-ნელა ცდილობდნენ, მიწას ჩახუტებდონენ. ცივ ნიავს ჩიტების ჭიკჭიკი სერავადა....მე რომ მწერალი ვიყო, შეიძლება ასე დამეწყო წერა, მაგრამ არათუ მწერალი არ ვარ, პრეტენზიაც კი არა მაქვს მწერლობის, თანაც ერთადერთი, რაც იმ დღეს დამამახსოვრდა მერი მასწავლებლის კლასში შემოსვლა იყო და წელი  - 1992 (პრინციპში წელიც მოგვიანებით გამოვთვალე და მივხვდი, რომ ამ წელს მივედი სკოლაში).
ჰო, კიდევ ის მახსოვს, მამას დაწერილი ლექსი წავიკითხე, რომელიც ასე ბოლოვდებოდა - "ისეთი ბიჭი გავხდები, ჩვენს მტრებს ვუტირებ ყოფასა." პირველად მაშინ შემაქეთ. არ ვიცი, ლექსი მოგეწონათ ჩემი წაკითხული ,თუ, უბრალოდ ,საჭიროდ ჩათვალეთ ეს შექება, მაგრამ ისეთი ამაყი იშვიათად ვყოფილვარ. ცოტა საქმე ხომ არაა, პირველ კლასში, პირველივე დღეს მასწავლებელმა შეგაქოს. ამ დღიდან მოყოლებული 4 წელი ერთად ვიყავით. მგონი, კარგი კლასი ვიყავით, ყოველშემთხვევაში არ მახოსვხართ გაბრაზებული.
გავიდა წლები, დიდი გავხდი და 1 წელი მეც მომიწია პედაგოგობა, მეხუთე კლასი მებარა. ყველაზე მეტად მაშინ დაგაფასეთ. მივხვდი, რომ ჩვენ კი არ ვიყავით კარგები და ჩვენ კი არ ვიქცეოდით კარგად, თქვენ იყავით კეთილი და ძალიან უბრალო.
მერი მასწავლებელო, გახსოვთ ერთხელ ხალხით სავსე დიდი ავტობუსით რომ მოგაყენეთ სახლში?! ქუჩაში მკითხეს, მერი მასწავლებელი სად ცხოვრობსო... მიუხედავად იმისა, ჩემ ბებიასაც მერი ერქვა და ისიც მასწავლებელი იყო, ჩემთვის დედამიწაზე ერთადერთი მერი მასწავლებელი არსებობდა და არსებობს. ჰოდა, რომ მკითხეს, სად ცხოვრობს მერი მასწავლებელიო, ბედნიერმა თქვენთან მოვიყვანე. ისე, მერი მასწავლებელო ,ხომ არ მოვიქეცი ცუდად?! რაღა დაგიმალოთ და არც მაშინ და არც ახლა დანაშაულის განცდა საერთოდ არ მაქვს. თან მაშინ იმედნი იცინეთ, რომ მგონი კარგადაც  მოვიქეცი ,ის ხალხი რომ მოვიყვანე.
ხშირად მოდიოდით ჩვენთან სტუმრად. ერთხელ დედამ ტოლმა გააკეთა და ერთად ვისადილეთ, მაშინ პირველად და უკანსკნელად ვჭამე ტოლმა სრულად, აბა მასწავლებელთან თავს ხომ არ შევირცხვენდი და კომბოსტოს ფოთოლს ხომ არ გამოვშიგნავდი. მახსოვს, შემაქეთ კიდეც, მაგრამ აბა თქვენ საიდან გეცოდინებოდათ ,რა საშინელება იყო ჩემთვის იმის ჭამა.
მე ისიც მახსოვს, ზამთრის არდადეგების მერე ყველას რომ გვკითხეთ ,თოვლის ბაბუამ რა მოგვიტანა, ზოგმა კლასელმა თქვა თოვლის ბაბუა არ არსებობსო და მე ვუმტკიცებდი არსებობს-მეთქი და მაშინ ჩემი მხარი დაიჭირეთ. ამაყი ვიყავი.
ყველა საქმეში რთულია პირველობა, მით უფრო რთულია, როდესაც პირველი მასწავლებელი ხარ. ყველაფრის სწავლება გიწევს ბავშვისთვის, ადამიანობის, სიკეთის, თავმდაბლობის, მეგობრობის... და ეს ყველაფერი თუ პიროვნულად არ გაქვს, პირველივე დღეს დამარცხდები. თქვენ ყველაფერ გაქვთ, ალბათ ამიტომაა მუდამ გამარჯვებული რომ გამოდიხართ. ჯილდოდ კი ჩვენი, მოსწავლეების სიყვარულს იღებთ.
მერი მასწავლებელო, გახსოვთ, მილიონიანებს რომ მიწერდით რვეულში?! ახლა ვხვდები, რომ იმ ერთიანს და ექვ ნულს გაცილებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ,ვიდრე უბრალოდ ნიშანს. მაშინ რას მივხვდებოდი და ახლა ვხვდები, რომ ბევრჯერ არც მეკუთვნოდა ის მილიონები, მაგრამ ალბათ ატყობდით, როგორ მიხაროდა და მიწერდით. ისე, რამხელა ნიჭია ბავშვის აზრების წაკითხვა. დღეს უკვე მეგობრები ვართ და გეტყვით ,რომ მშურს თქვენი. ამდენ ადამიანს უყვარხართ უანგაროდ და როგორ არ უნდა შემშურდეს?!
მერი მასწავლებელო, შეიძლება არც ის გახსოვთ, ასტრიდ ლინდგრენი თქვენ რომ შემაყვარეთ. ჰო, თქვენ მირჩიეთ კალე ბლუმკვისტის წაკითხვა, შენსავით მაგარი ბიჭია და წაიკითხეო. 
მერი მასწავლებელო, აბა, თქვენ საიდან გეცოდინებათ და იცით, რამდენჯერ მინატრია, თქვენსავით ვყვარებოდი ბავშვებს.
როგორ მახსოვს, ერთხელ, გაკვეთილის დაწყებამდე, ჩუმად  გითხარით, რომ გაკვეთილი არ ვიცოდი (ალბათ წინა ღამით "ილუზიონს" თუ ვუყურე. ისე, მერი მასწავლებელო, დღესაც მიყვარს "ილუზიონის" გახსენება, განსაკუთრებით ის მომენტი, გოგო გარბოდა და წყალში ფეხს  ჩაარტყამდა . აი, მაგის საყურებლად ბევრჯერ გამიტეხავს ძილი) . პირველკასელს ამაზე მიუტევებელი ცოდვად არაფერი მიმაჩნდა, მაგრამ თქვენ მაპატიეთ. ალბათ ეს იყო ჩემი პირველი აღსარება.
მე რომ მწერალი ვიყო, უამრავ საინტერესო შტრიხს და დეტალს გავიხსენებდი. ზოგს მოვიგონებდი და გავალამაზებდი ამ ნაწერს, მაგრამ აბა სად მე და სად მწერლობა?!
ვიცი, ძალიან ბევრი დავაკელი და არ დავწერე, მაგრამ, ჩემო მერი მასწავლებელო, როგორც მაშინ მაპატიეთ გაკვეთილის არ ცოდნა ახლაც ასე უნდა მაპატიოთ ეს ნაწერი.
მიყვარხართ ძალიან !

                                                                                                                                       თქვენი ლადო

No comments:

Post a Comment