Sunday, April 6, 2014

თამაში - ”ერეკლე მეორეობანა” (ჩანაწერი ციკლიდან - ბავშვი რა კარგი ვიყავი, ნეტავ არ გავზრდილიყავი)

კარგი ბავშვი ვიყავი. დედაჩემი და მამაჩემი მუდამ ამაყობდნენ ჩემით, თუმცა ბავშვობის ასაკში კომპიუტერში ჩემით ვერ შევდიოდი, სამაგიეროდ ახლა დავქრივარ წინ და უკან. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემ მეზობლებიდან  არავინ იყო ზუსტად ჩემი ტოლი (მოგეხსენებათ 1-2 კლასში  2-3 წლით უფროსი პატარასთან თამაშს არ კადრულობს ) ხშირად მარტო ვთამაშობდი ხოლმე. ერთი წითელი ჩოხა მქონდა, რომელიც მამიდამ მაჩუქა და ამ ჩოხით დავქროდი წინ და უკან. ერთ დღეს უბნის ბოლოში გავიქეცი რათა მამას დავხვედროდი, ამ დროს ”ერეკლე მეორეობანას” ვთამაშობდი და  ბუნებრივია ჩოხა მეცვა, რადგან ვიყავი მეფე ერეკლე და ასეთი როლიდან გამოსვლა ძალიან რთულია, მეტიც დანაშაულის ტოლფასია.
გზად ჩემი მეზობელი შემხვდა:
-  რა გაცვია ბიჭო ეგ
- ჩოხა - თითქოს ის ვერ მიხვდა რომ ჩოხა იყო
- რათ გინდა ჩოხა?! - ამ გადასახედიდან  ვფიქრობ რომ აბსოლუტურად მართებული კითხვა დასვა, თორემ მაშინ გაიკვირდა
- ”ერეკლე მეორეობანას” ვთამაშობ
- და შენ ვინ ხარ?
- ერეკლე
- მტრები?! - ახლა რომ ვუფიქრდები ეს კითხვაც ლოგიკურია, მაგრამ მაშინ ესეც გამიკვირდა
- მტრებიც მე ვარ - ვუპასუხე და გავიქეცი, რადგან მამაჩემის სილუეტი დავლანდე
თავისთავად ცხადია გაგიჩნდათ სურვილი, რომ გაიგოთ თუ რაში მდგომარეობს თამაშის არსი, ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლი აგიღწეროთ თამაში -  ვიღებთ ჯოხს (სასურველია ხმლის ფორმის) და წარმოსახვას ვეხმალავებით, ამ დროს შესაძლებელია წაქცევა და ინსცენირება რომ დაგჭრეს, შემდეგ დაჭრილ საკუთარ თავს მიატოვებთ და უკვე სხვად გარდასახული ფეხდაფეხ მისდევ მტერს, რომლმაც შენი თანამოძმე (ნუ დაგავიწყდებათ, რომ ის თანამოძმე ორიოდ წუთის წინ შენ იყავი) სასიკვდილოდ დაჭრა და კლავ. მოკვლის მომენტში უცებ შენ ხდები მტერი და კვდები. მეტი დამაჯერბლობისთვის მკვდარი ათიოდ წამით მაინც უნდა დაეცე. თამაშის პირობა ძალიან მარტივია, იგებს ის ვინც შენ ხარ.  ეს სცენარი იდეალურად ესადაგება ”გიორგი სააკაძეობანას”, ”ართურ მეფეობანას” და სხვ.
თამაშის დროს არაა სასურველი ის ხალხი ვინც არ თამაშობს, რადგან ისმევა ბევრი ნერვების მომშლელი კითხვა, რამაც შესაძლოა დამთრგუნველი გავლენა მოახდინოს თქვენს ბრძოლის უნარიანობაზე.
”ერეკლე მეორეობანა”  - ს დამსახურებული ექსპერტი - ვლადიმერ (შინაურებში ლადო) გიორგის ძე გოგოლაძე
პ.ს. ისე დავასრულე საბავშვო კარიერა, რომ ერთხელ არ დავმარცხებულვარ.



No comments:

Post a Comment