Sunday, April 13, 2014

ჩემი მეგობარი მეთონე


ჩემს მეგობარ მეთონეს ძალიან მეტყველი თვალები აქვს. უნდა ნახოთ როგორ უბრწყინავს როცა რამე უხარია. თვითონ მითხრა: - მე ხაბაზი კი არა მეთონე ვარო. წამწამები რომ თეთრი ფქვილით დაეფარება თოვლის ბაბუა ვგავარო იცინის ხოლმე. იმ დღეს ვუთხარი ამ მარტში რა დროს თოვლის ბაბუაა-მეთქი, გაეცინა და მითხრა  - შენ რა გგონია პურს ჩააკრავ და მორჩა?! არა, ვლადიმერ ამას თუ არ დაუყვავე და მოეფერე არაფერი გამოგივა და დარჩები მშიერი.
- მერე ეგ რა შუაშია თოვლის ბაბუობასთან?
-  თოვლის ბაბუაც ხო ეფერება ბავშვებს?! ჰოდა ჩემი ბავშვები ეს პურები არიანო.
ჩემი სამსახურის გვერდით მუშაობს, დილით რომ მივდივარ უკვე იქაა, წამოსვლისასაც იქაა. ერთხელ ვკითხე ოჯახი თუ გყავს-მეთქი, კი, წალენჯიხაში მყავს ჩემ მშობლებთანო და აქ მარტო ვარ, ამიტომ ვმუშაობ დილიდან-საღმომდე რომ სახლში მისვლა არ მინდა. მარტოობა არ მიყვარსო.ცოტა ხნის წინ გამომიტყდა: - ჩემ ძმაკაცს რაიონში აქვს თონე და მითხრა თუ კარგად იმუშავა შენ დაგაყენებო - მერე თავითვის გააგრძელა ლაპარაკი - უჰ, რა მაგარი იქნება, ჩემი ცოლ-შვილიც გვერდით მეყოლება.
მაგარია ჩემი მეგობარი მეთონე. ერთხელ ვსაუბრობთ და მეუბნება წავედი სამშობიაროშიო, რომ გამიკვირდა მითხრა: პურს რომ ვიღებ თონიდან მშობიარობას ვეძახიო.
იმდენად გულწრფელი სახე აქვს,რომ მის გამომცხვარ პურს გულწრფელობის გემო აქვს. კოხტად დაალაგებს ხოლმე გამომცხვარ პურს თაროზე და ელოდება მყიდველს თან ფანჯარაში აქვს თავი გამოყოფილი და ათვალიერებს გარემოს. ძალიან უბრალო ადამიანია. სულ თავჩქაინდრული დადის და ფიქრობს. საფიქრალს რა დაულევს მცხობელ კაცს. მთელი დღე მარტოა თავის ციხე-სიმაგრეში რომელსაც გარედან დიდი ასოებით აწერია - თონე.
10 წელია, პურს აცხობს მაგრამ ისევ ისე უხარია როცა მარჯვენას შეუქებენ, როგორც პირველად გაუხარდა, ცოტა აკლია რომ ატირდეს. არაფერი ჯობს ამ დროს მის ყურებას. ასეთი გულწრფელი სიხარული მხოლოდ პატარა ბავშვს შეუძლია რომ გამოხატოს. ჩემი მეთონე მაგარია. მხოლოდ სამ მეტრიანი ქუჩაა ჩვენი სამსახურების გამყოფი. არ ვიცი როდემდე ვიქნებით მეზობლები, მაგრამ დარწმუებული ვარ ყოველთვის მომენატრება პურის გემო, რომელიც გულწრფელობითაა შეზავებული
ჩემ მეგობარ მეთონესაც ჩემსავით ლადო ქვია, მაგრამ მას ძალიან კეთილი თვალები აქვს და გულწრფელია.

No comments:

Post a Comment