Tuesday, April 29, 2014

ლექსი პეპე გვადიოლას (მინხენის ”ბაიერნსაც”)


შენ ნამუსს გხდიდნენ, წუხელის პეპე.
შენ კი  მორჩილად იტანდი ამას
და ცხრა თვის თავზე ვინც გეყოლება,
ნუ დაუმალავ რა ჰქვია მამას.
წითელ გუნდს უცებ მოეღო ბოლო
(ამბობენ ამას სხვა რამე ჰქვია).
გული გაუსკდა დეიდა მერკელს,
საფლავში ბრუნავს ადოლფი ძია.
თვალთ დაუბნელდა ამ ღამით მთვარეს
სინათლე აღარ მოუჩანს მზეს.
პეპე უყურებს სერხიო რამოსს -
” რა გააკეთე გუდუნა ეს?”
ვეღარ უშველის შენ დაშლილ დაცვას:
ტიაგო სილვა, ვეღარც დე როსი.
”ბე-ემ-ვეს” ქარხნის კვამლი კი არა,
თითქოს გესუნთქოთ კვამლი ”ფეროსი”.
ასეთს რომ გხედავ გული მიტირს,
ნუ მისცემიხარ: სევდას, კაეშანს.
შენ ისე დარდობ, რომ თითქოს შენს გუნდს,
ოთხი კი არა ხუთი გაეშვას.
მსაჯის სასტვენმა გამოგაფხიზლა
თავზე დაგამხო ოცნების ვილა
და ვეღარ არჩევს ეს შენი გუნდი,
”ბაიერნია” თუ გორის ”დილა”.
დღეს აქ მოვრჩები ლექსის მოყოლას.
სხვის დარდზე მეტი აღარ მსურს წერა
(თუმცა ვერ ვხვდები 18+,
რატომ არ ჰქონდა ეკრანს წარწერა?!).
ავტორი მე :)))


Sunday, April 13, 2014

ჩემი მეგობარი მეთონე


ჩემს მეგობარ მეთონეს ძალიან მეტყველი თვალები აქვს. უნდა ნახოთ როგორ უბრწყინავს როცა რამე უხარია. თვითონ მითხრა: - მე ხაბაზი კი არა მეთონე ვარო. წამწამები რომ თეთრი ფქვილით დაეფარება თოვლის ბაბუა ვგავარო იცინის ხოლმე. იმ დღეს ვუთხარი ამ მარტში რა დროს თოვლის ბაბუაა-მეთქი, გაეცინა და მითხრა  - შენ რა გგონია პურს ჩააკრავ და მორჩა?! არა, ვლადიმერ ამას თუ არ დაუყვავე და მოეფერე არაფერი გამოგივა და დარჩები მშიერი.
- მერე ეგ რა შუაშია თოვლის ბაბუობასთან?
-  თოვლის ბაბუაც ხო ეფერება ბავშვებს?! ჰოდა ჩემი ბავშვები ეს პურები არიანო.
ჩემი სამსახურის გვერდით მუშაობს, დილით რომ მივდივარ უკვე იქაა, წამოსვლისასაც იქაა. ერთხელ ვკითხე ოჯახი თუ გყავს-მეთქი, კი, წალენჯიხაში მყავს ჩემ მშობლებთანო და აქ მარტო ვარ, ამიტომ ვმუშაობ დილიდან-საღმომდე რომ სახლში მისვლა არ მინდა. მარტოობა არ მიყვარსო.ცოტა ხნის წინ გამომიტყდა: - ჩემ ძმაკაცს რაიონში აქვს თონე და მითხრა თუ კარგად იმუშავა შენ დაგაყენებო - მერე თავითვის გააგრძელა ლაპარაკი - უჰ, რა მაგარი იქნება, ჩემი ცოლ-შვილიც გვერდით მეყოლება.
მაგარია ჩემი მეგობარი მეთონე. ერთხელ ვსაუბრობთ და მეუბნება წავედი სამშობიაროშიო, რომ გამიკვირდა მითხრა: პურს რომ ვიღებ თონიდან მშობიარობას ვეძახიო.
იმდენად გულწრფელი სახე აქვს,რომ მის გამომცხვარ პურს გულწრფელობის გემო აქვს. კოხტად დაალაგებს ხოლმე გამომცხვარ პურს თაროზე და ელოდება მყიდველს თან ფანჯარაში აქვს თავი გამოყოფილი და ათვალიერებს გარემოს. ძალიან უბრალო ადამიანია. სულ თავჩქაინდრული დადის და ფიქრობს. საფიქრალს რა დაულევს მცხობელ კაცს. მთელი დღე მარტოა თავის ციხე-სიმაგრეში რომელსაც გარედან დიდი ასოებით აწერია - თონე.
10 წელია, პურს აცხობს მაგრამ ისევ ისე უხარია როცა მარჯვენას შეუქებენ, როგორც პირველად გაუხარდა, ცოტა აკლია რომ ატირდეს. არაფერი ჯობს ამ დროს მის ყურებას. ასეთი გულწრფელი სიხარული მხოლოდ პატარა ბავშვს შეუძლია რომ გამოხატოს. ჩემი მეთონე მაგარია. მხოლოდ სამ მეტრიანი ქუჩაა ჩვენი სამსახურების გამყოფი. არ ვიცი როდემდე ვიქნებით მეზობლები, მაგრამ დარწმუებული ვარ ყოველთვის მომენატრება პურის გემო, რომელიც გულწრფელობითაა შეზავებული
ჩემ მეგობარ მეთონესაც ჩემსავით ლადო ქვია, მაგრამ მას ძალიან კეთილი თვალები აქვს და გულწრფელია.

Sunday, April 6, 2014

თამაში - ”ერეკლე მეორეობანა” (ჩანაწერი ციკლიდან - ბავშვი რა კარგი ვიყავი, ნეტავ არ გავზრდილიყავი)

კარგი ბავშვი ვიყავი. დედაჩემი და მამაჩემი მუდამ ამაყობდნენ ჩემით, თუმცა ბავშვობის ასაკში კომპიუტერში ჩემით ვერ შევდიოდი, სამაგიეროდ ახლა დავქრივარ წინ და უკან. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემ მეზობლებიდან  არავინ იყო ზუსტად ჩემი ტოლი (მოგეხსენებათ 1-2 კლასში  2-3 წლით უფროსი პატარასთან თამაშს არ კადრულობს ) ხშირად მარტო ვთამაშობდი ხოლმე. ერთი წითელი ჩოხა მქონდა, რომელიც მამიდამ მაჩუქა და ამ ჩოხით დავქროდი წინ და უკან. ერთ დღეს უბნის ბოლოში გავიქეცი რათა მამას დავხვედროდი, ამ დროს ”ერეკლე მეორეობანას” ვთამაშობდი და  ბუნებრივია ჩოხა მეცვა, რადგან ვიყავი მეფე ერეკლე და ასეთი როლიდან გამოსვლა ძალიან რთულია, მეტიც დანაშაულის ტოლფასია.
გზად ჩემი მეზობელი შემხვდა:
-  რა გაცვია ბიჭო ეგ
- ჩოხა - თითქოს ის ვერ მიხვდა რომ ჩოხა იყო
- რათ გინდა ჩოხა?! - ამ გადასახედიდან  ვფიქრობ რომ აბსოლუტურად მართებული კითხვა დასვა, თორემ მაშინ გაიკვირდა
- ”ერეკლე მეორეობანას” ვთამაშობ
- და შენ ვინ ხარ?
- ერეკლე
- მტრები?! - ახლა რომ ვუფიქრდები ეს კითხვაც ლოგიკურია, მაგრამ მაშინ ესეც გამიკვირდა
- მტრებიც მე ვარ - ვუპასუხე და გავიქეცი, რადგან მამაჩემის სილუეტი დავლანდე
თავისთავად ცხადია გაგიჩნდათ სურვილი, რომ გაიგოთ თუ რაში მდგომარეობს თამაშის არსი, ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლი აგიღწეროთ თამაში -  ვიღებთ ჯოხს (სასურველია ხმლის ფორმის) და წარმოსახვას ვეხმალავებით, ამ დროს შესაძლებელია წაქცევა და ინსცენირება რომ დაგჭრეს, შემდეგ დაჭრილ საკუთარ თავს მიატოვებთ და უკვე სხვად გარდასახული ფეხდაფეხ მისდევ მტერს, რომლმაც შენი თანამოძმე (ნუ დაგავიწყდებათ, რომ ის თანამოძმე ორიოდ წუთის წინ შენ იყავი) სასიკვდილოდ დაჭრა და კლავ. მოკვლის მომენტში უცებ შენ ხდები მტერი და კვდები. მეტი დამაჯერბლობისთვის მკვდარი ათიოდ წამით მაინც უნდა დაეცე. თამაშის პირობა ძალიან მარტივია, იგებს ის ვინც შენ ხარ.  ეს სცენარი იდეალურად ესადაგება ”გიორგი სააკაძეობანას”, ”ართურ მეფეობანას” და სხვ.
თამაშის დროს არაა სასურველი ის ხალხი ვინც არ თამაშობს, რადგან ისმევა ბევრი ნერვების მომშლელი კითხვა, რამაც შესაძლოა დამთრგუნველი გავლენა მოახდინოს თქვენს ბრძოლის უნარიანობაზე.
”ერეკლე მეორეობანა”  - ს დამსახურებული ექსპერტი - ვლადიმერ (შინაურებში ლადო) გიორგის ძე გოგოლაძე
პ.ს. ისე დავასრულე საბავშვო კარიერა, რომ ერთხელ არ დავმარცხებულვარ.



Wednesday, April 2, 2014

”ალიოშა”

..თამადა ისე, მადიანად, ჭამს მგონი ვერც მიხვდა რომ მამალია, თან ბებერი მამალი. ხარშვისას კი დამტანჯა, ”ალიოშამ”, მაგრამ გემრიელი კი გამოდგა. რადგან ყოველ დილით ”ალიოშას” ყიყლიყო აღარ გამაღვიძებს რას ვჩივი - ფიქრობდა დიასახლისი, თან მოკრძალებული ღიმილით იღებდა ქათინაურებს გემრიელი ჩახოხბილისათვის.
-         ჩახოხბილი თუ გამაკვირვებდა რას წარმოვიდგენდი - როხროხით ამბობდა თამადა - ეტყობა, რომ ქორფა ვარიკა გაიმეტეთ სვავებისათვის.
საერთო სიცილი მოყვა თამადის ხუმრობას.
..
. ”ალიოშას” მედიდური სიარული უყვარდა. ჯერ კიდევ წიწილი იყო როცა პირველად შეეჩეხა მტერს და გამარჯვებული გამოვიდა (ღორი ”ნორბეგი” ცდილობდა ქათმების საერთო ჯამიდან წყლის დალევას და ”ალიოშამ” აღკვეთა მისი ეს მცდელობა).ამის შემდეგ ერთ-ორად გაიზარდა ”ალიოშას” ავტორიტეტი დედლების თვალში. გამოჩეკვიდან ერთი თვე იყო გასული, როცა პირველად დაიყივლა. საკუთარი გულის ცემის ხმა ესმოდა ისე გაუხარდა პირველი ყიყლიყო. ამის შემდეგ ”ალიოშა” იყო მთელი სოფლის პირველი ხმა. ყოველი დილა ”ალიოშას” ყივილით იწყებოდა. თვითონ მას ეგონა, რომ თუ ის არ დაიყივლებდა არ გათენდებოდა და ყოველდღე ადრე იძინედბა, რომ თავის დროზე გაღვიძებოდა, რათა სოფელი და საერთოდ დედამიწა დაეცვა გაუთენლობისაგან.
ერთ-ორჯერ დაფიქრდა სანამ ის გამოიჩეკებოდა როგორ თენდებოდა, მაგრამ მისი ტვინი ბევრ ფიქრს ვერ იტანდა და შეეშვა.
”ალიოშას” ერთი ოცნება ქონდა - უნდოდა გამოთქმის - ვაშლივით წითელის მაგიერ ხალხს ეთქვა - ”ალიოშას” ბიბილოსავით წითელი, მაგრამ ამ ოცნებას ვერავის უმხელდა. ფიქრობდა საზოგადოება თვითონ მიხდება ამას და ჩემგან თქმა უხერხულიაო.
როცა მოიზარდა დედლების გულთამპყრობელი გახდა. სამეზობლოში რამდენ დედალს წასვლია გული ”ალიოშას” დანხვაზე; რამდენ დედალს უნატრია ”ალიოშასგან” კვერცხის დადება. ცოდვა გამხელილი ჯობს და ”ალიოშაც” არ წყვეტდა გულს არავის, ამის გამო იყო ოჯახს რომ ვერ მოეკიდა ჩვენი გმირი. კი, შვილები ბევრი ყავდა, მაგრამ ოჯახი მაინც სულ სხვა რამეა ნამდვილი მამალისათვის.
- ოჯახისათვის ჯერ მზად არა ვარ - ხშირად უთქვამს ”ალიოშას”.
ქათმებისგან განებივრებულს არც პატრონის ბატონი გურამის ყურადღება არ აკლდა. ასე უზრუნველად გაატარა სიცოცხლის 364 დღე (ნაკიანი წელიწადი არ იყო). 365-ე დღეც ”ალიოშამ” გაათენა. ბატონმა გურამმა ხორბალი დაუყარა და ცოლს გასძახა
- მე, ვჩაქრობ და დათოს ვეტყვი და დაკლავს.         
თითქოს რაღაც ცუდი იგუმანა ”ალიოშამ”, მაგრამ მერე თავისთვის თქვა:
- მე თუ დამკლეს ვინღა იყივლებს დილით? თუ არ ვიყივლე არც გათენდება და სულ ღამეში ხო არ დარჩებიან? ალბათ სხვა რამე იგულისხმა გურამმა.
თუმცა ყველაფერი ისე არ იყო როგორც ჩვენი ”ალიოშა” ფიქრობდა. მეზობლის პირტიტველა ბიჭმა, რომელსაც სამყაროსათვის იმის მემლიონედი არ ქონდა გაკეთებული რაც ”ალიოშას”, ცულის ერთი მოქნევით წააცალა თავი სამყაროზე უანგაროდ მზრუნველ მამალს. თავისთვის, რომელიც უსასოოდ აღებდა პირს ყურადღებაც აღარ მიუქცევია, უთავო ტანი კი დიასახლის მიუტანა და მადლობის მოლოდინში გაიჯგიმა.
-         ეჰ, რას წარმოვიდგენდი თუ დამკლავდნენ, თორემ არ დავიყივლებდი დღეს და არ გავათენებდი - ამასღა ფიქრობდა ”ალიოშას” მოჭრილი თავი.
...სტუმრები კმაყოფილები ჩანდნენ. მასპინძლებიც, რადგან ვერავინ მიხდვა, რომ ჩახოხბილში ქორფა დედლის მაგიერ ”ალიოშა” იყო
 მორალი:   ?!