Monday, March 24, 2014

ლექსი მადრიდის რეალს :)))))


წუხელ ”რეალი” გაბახებულა,
სულ დაუკარგავს ყველაფრის რიდი.
ისე, ძალიან გაბახებულა
გადარეულა მთელი მადრიდი.
გაბახებულა წუხელ ლოპესიც
მისი კარი კი ამოვსებულა.
გუშინ საღამოს ”სამეფო გუნდი”
უჭმელ ფინიას დასგავსებულა.
გაგიჟებულა წუხელ რამოსი,
( იკაწრებოდა კატისებურად).
მატჩის მსვლელობას ვინც დააკვირდა
მესიც გაგიჟდა თავისებურად.
გააფარჩაკეს თურმე რონალდო
კარამდე ერთხელ ვერ მიუწია
და სახლში მისულს, ირინ შეიკმა
აჩვენა, მაგრამ არ მიუცია.
თამაშის მერე სრულად ”რეალზე”
გამოაცხადეს თურმე სეილი
ატირებულა ამაზე პეპე.
ის სახლში ტირის, გარეთ ბეილი
თამაშის ბოლოს ჩატსვინა მსაჯმა
როგორიცაა რიგი და წესი.
დედა აშინებს მადრიდელ ბავშვებს:
- გაჩერდი თორემ მოვიდა მესი.
არავინ უწყის, მსაჯის სატვენმა
რამდენ მადრიდელს დამართა ბნედა....
სხვა რა დავწერო?!სჯობს რომ მოკლედ ვთქვა -
მადრიდის ”რეალს” მოეტყვნა დედა!!!


Saturday, March 22, 2014

აქა ამბავი ჩემი გოლკიპრერობისა


მოსწავლეობის პერიოდში გარდა „ველური გულისა“ და 15 წუთით შუქის მოსვლისა სხვა სასიხარულო ამბავიც ხდებოდა ხოლმე. ერთ-ერთ ასეთი იყო სურამის სკოლებს შორის ჩემპიონატი, რომელშიც სურამის ოთხივე სკოლა იღებდა მონაწილეობას. დაახლოებით 2000 წელია და მორიგი ჩემპიონატი ტარდება. ფინალში ერთმანეთის პირისპირ სურამის მესამე (ანუ ჩემი სკოლა) და სურამის პირველი სკოლა წარდგნენ.ჩემი სკოლის კარის დარაჯი მე ვიყავი( სიტყვა დარაჯი, ტყუილად არ ვახსენე, ერთხელ  ხომ დარაჯის/ყარაულის თოფიც ისვრის) მანამდე 2 თამაში მოგვწია და კარი მშრალად შევინახე. მოკლედ დაიწყო ფინალური მატჩი, რომელსაც ყველა თვამოყვარე მოსწავლე ესწრებოდა, მეტიც ფიზიკის მასწავლებელმა დიფუზია არ ახსნა და ბავშვები სტადიონზე გამოუშვა. მოკლე სრული ანშლაგი იყო. გუნდები გამოვედით, ომახიანად დავიყვირეთ: მოწინააღმდეგე გუნდ ჩვენი სალამი და დავიწყეთ. დაახლოებით მეათე წუთზე მაშინ კარგმა ბავშვმა და შემდგომში ხელიდან წასულმა გიორგი დოლიძემ ცენტრიდან დაარტყა (მისი მეისტორიე ამბობს, რომ ფეხზე ბზიკი დააჯდა და შემთხვევით მოიქნიაო, მაგრამ ფაქტია რომ დაარტყა), ავხტი, მაგრამ ბურთს ვერ მივწვდი, თუმცა ბურთი კარის მაღლა ძელს მოხვდა, გამოვარდა მომხვდა თავში და . . .0-1. მაშინვე მოვეგე გონს და მცველს დავუწყე ჩხუბი რატომ დაარტყმევინე-მეთქი, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ: თავი „გავიპრავე“. მალევე გავათანაბრეთ. დაიწყო მეორე ტაიმი, შემოგვიტიეს და უმაგრესი პოზიცია მაქვს შერჩეული, მხარი მიდებული მაქვს ძელს, დაარტყეს და მხარში მომხვდა ვერ შევიმაგრე და 1-2. როგორც წინაზე მაშინვე მოვეგე გონს, დავეცი და ავფართხალდი. დამესიენ, ბურთთან ერთად ქვა მომხვდა და მაგიტომ გავუშვი-მეთქი და იქვე დაგდებული ქვა ავიღე (სურამის სტადიონიდან გამომდინარე ქვის ამბავი არ იყო გასაკვირი), ცხონებულმა ალიკა მასწავლებელმა, რომელიც მწვრთნელი იყო და მხოლოდ სადღეგრძელოებს შორის შესვენებისას შემოდიოდა ხოლმე,შემომთვაზა - ხომ არ შეგცვალოთო (არ დამავიწყდება „ზამენა“ მეკარის სახე, მგონი მეშველაო), მაგრამ დიდსულოვნად ვთქვი - გუნდს ვერ დავაღალატებ-მეთქი. მალევე 2-2 გახდა. მერე კიდე გამიტანეს, მაგრამ მართლა უცოდველი ვიყავი, მალე 3-3 გახდა. მოკლედ საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. მთელი სტადიონი კარების უკან მოგროვდა (დღემდე ვერ ამიხსნია, როდესაც პენალტი ინიშნებოდა, კარების უკან რატომ გარბოდა ყველა. მეც მივდევდი ხოლმე, მაგრამ ვერ ვხდებოდი რატომ). პირველი დარტყმა და 0-1 (ვაღიარებ, მოწინააღმდეგის იმედი მქონდა, რომ კარს ააცელდნენ, თორემ ჩემი თავის იმედი 1986 წლის 19 ივლისის მერე აღარ მქონია - ამ დღეს დავიბადე). დაარტყეს ჩემა ლომებმა და...ისევ 0-1 დარჩა, ავაცილეთ.  დავდექი და უკნიდან მესმის ხმა: - ამან, თამაშის დროს ხომ დაგვღუპა და ახლა გვიშველის?! „კაროჩე“ თამაში წაგვაგებინა რა - ეს სიტყვები ჩემს მისამათით იყო ნათქვამი. აი, ჟან კლოდ ვან-დამის ფილმებში როა, მომაკვდავი მებრძოლი, რინგზე საკუთარ სისხლს, რომ ყლაპავს და უცებ შეყვარებულს რომ დაინახავს, ან ის ტიპი დაუდგება თვალწინ ვინც ცხოვრება დაუნგრია და ეს ყველაფერი ისე ამწარებს, რომ შეუძლებელს აკეთებს, ეგრე დამემართა. თან ამ დროს პირველის სკოლის ლიდერი იდგა 11 მეტრიანის ნიშნულთან. დაარტყა და რაღაც ძალამ გადამახტუნა და ავიღე. მოკლედ ის თამაში მოვიგეთ. იმ დღეს სურამში 4 ბიჭი დაიბადა და ოთხივეს ლადო დაარქვეს. ერთი კვირა ბავშვებს ჩემზე უთუთებდნენ  - ეს ის არისო, მოკლედ გმირად ვიქეცი. ხაშურის ტელევიზიის ერთადერთი ვიდეო კამერა სოფ.ბროლოსანში იყო, გრიშა გელაშვილის ბიჭის ქორწილში და ამიტომ არაა ამ ისტრიული დღის კადრები, ხოლო რუსთავი2 მაშინაც მხოლოდ „ნაციონალებზე“ მუშაობდა. იმ დღის მერე სკოლის შეუცვლელ გოკიპერად ვიქეცი, არადა ზემოთქმული „ზამენა“ მართლა კარგი მეკარე იყო, მაგრამ ვინ მკადრებდა რომ შევეცვალე. ერთხელ იყო, რომ ფინალის წინა თამაში გვქონდა და ალიკა მასწავლებელმა დამასვენა, ხვალ ფინალია და დღეს რომ რამე მოგივიდეს დავიღუპებითო, ყველაზე საინტერესო ისაა, მეც მჯეროდა რომ ჩემი არ ყოფნით გუნდი დაიღუპებოდა.
პ.ს. ნეტა ახლა ისევ ის დრო იყოს და „ზამენაზეც“ სიამოვნებით დავჯდებოდი...


Tuesday, March 11, 2014

მე, მწვანილის გამყიდველი გოგო და სიცილი


ორი წელი ვიცხოვრე ნავთლუღის ბაზრის სიახლოვეს. დილით, ბაზარში მიმავალი მოვაჭრეების ხმაური იყო ჩემი მაღვიძარა, რომელიც ყოველთვის უტყუარ დროს მაღვიძებდა.
...საღამოს  როდესაც სამსახურიდან სახლში მივდიოდი, გზის პირას თათრის ქალები იყვნენ ჩამომსხდარი და მწვანილს ყიდდნენ. არ მახსოვს მასთან პირველად როდის ვიყიდე მწვანილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმიტომ ვიყიდე, რომ გამიცინა. საოცარი სიცილი ჰქონდა. ფიზიკურად ლამაზი არ იყო, მეტიც, მომხიბვლელიც არ ეთქმოდა, მაგრამ როდესაც იცინოდა ერთიანად ლამაზდებოდა. იმის მერე სულ მასთან ვყიდულობდი მწვანილს. ძალიან დავმეგობრდით. თუ ხურდები არ მქონდა, მატანდა და როცა გექნება მერე მომიტანეო მეტყოდა (თან მიცინოდა, ალბათ იცოდა რომ ამ სიცილის ხათრით მაინც აუცილებლად მივუტანდი). ერთხელ რამდენიმე დღე არ გამოჩნდა, მომერიდა კიდეც ვინმესთვის მეკითხა სად იყო, თან როგორ მეკითხა: ის ლამაზ სიცილიანი გოგო სადაა-მეთქი?! არც სახელი ვიცოდი და მით უფრო გვარი. რო დაბრუნდა გულწრფელად გამიხარდა, მოვიკითხე სად იყავი-მეთქი
(შეეტყო, რომ ესიამოვნა)და ჩემებთან ვიყავი წასულიო. აშკარად უნდოდა მეკითხა ვინ იყვნენ ”ჩემები”, მეც მინდოდა, მაგრამ ვერ გავბედე (ჰო, ლაპარაკის დროს სულ მიცინოდა). მარტო მაშინ კი არა ყოველთვის მინდოდა დალაპარაკება. მაინტერესებდა როგორ ცხოვრობდა, სახლში ვის უცინოდა, ისიც მაინტერესებდა, ვინმესთან ერთად კაფეში თუ დაულევია ყავა, ბევრი რამე მაინტერესებდა, მაგრამ ვერ ვბედავდი ან მომდევნო დღისთვის გადავდებდი ხოლმე. ასე გრძელდებოდა 2 წელი. 2-3 დღე თუ ვერ გავივლიდი, მისულს დანანებით მეტყოდა:
-შენ რომ გიყვარს ისეთი ქორფა მწვანილი მქონდა გუშინ, მაგრამ რვის ნახევრისთვის რომ არ მოხვედი გავყიდე (უკვე ისიც იცოდა, რომელ საათზე მივიდოდი ხოლმე).
ერთხელ მითხრა  - სხვები როცა ყიდულობენ შენ ფასს ნუ მკითხავ  და ნურც იყიდიო. რატომ-მეთქი და იმიტომ, რომ შენ სხვა ფასს გეტყვი და გაიგონებენო.
მოკლედ ძალიან დავმეგობრდით: მე, ის და მისი სიცილი, სიცილი, რომელიც შეიძლება სხვისთვის ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი იყო, მაგრამ მე საოცრად მომწონდა.
საინტერესოა, თვითონ თუ გავახსენდები, როცა რვის ნახევარი მოვა? ალბათ 1-2 კვირა შემინახავს ქორფა მწვანილს, მაგრამ მერე რომ არ მივალ გაყიდის ხოლმე, უფრო მერე კი აღარც გავახსენდები, მე კი სულ მემახსოვრება მისი სიცილი. ძალიანმწყდება გული , რომ მისთვის სახელიც არ მიკითხავს....

პ.ს. ორი კვირაა ნავთლუღში აღარ ვცხოვრობ. გუშინ მწვანილი ვიყიდე, არავინ გამიცინა...

Wednesday, March 5, 2014

ესტატე ბაბუა

მთელი ცხოვრება შრომობდა ესტატე ბაბუა. 15წლის  იყო როცა დაობლდა. ორი პატარ ძმა დარჩა. ძმების ფეხზე დაყენება დაისახა მიზნად. მთელი ცხოვრება ძმებს მიუძღვნა თავი. უკვე ასაკში შესულმა იგრძნო, რომ საკუთარი ოჯახი აკლდა.მოსიყვარულე მეუღლე და შვილები. შვილიშვილისგან – ბაბუს დაძახება მოუნდა რატომღაც, მართალია ძმისშვილები და სითბოს არ აკლებდნენ მათი მშობლების მოამაგე ძმას, მაგარამ შვილის სითბოს ვერ უცვლიდნენ. -ბედმა ალბათ მარტო ყოფნა მარგუნაო  - ხშირად იტყოდა ხოლმე ესტატე ბაბუა, თვითონ უფროსს მოუწია უმცროსი ძმების დამარხვა. მანამდე ორივე ძმას უმაღლესი დაამთავრებინა. ორივე ძმას ცალ-ცალკე აუშენა სახლი. ქორწილიც ისეთი გადაუხადა, რომ მთელ სოფელს დიდ ხანს ქონდა სალაპარაკოდ. ძმებზე ზრუნვაში გაეპარა ასაკი და უკვე თმაშევერცხლილმა იგრძნო დარდი, ოჯახი, რომ არ შექმნა, არადა ახოვანი ტანის ესტატეს, რომლესთვისაც ღმერთ უხვად დაემადლებინა ფიზიკური სილამაზეც ვინ ეტყოდა უარს, მაგრამ ჯერ ძმებს დავაბინავებ და ჩემზე მერე ვიფიქრებო ამბობდა ხოლმე, თუმცა არც არასოდეს უფიქრია თავის თავზე. უკვე ცოლ-შვილი ყავდათ ძმებს, მაგრამ როცა რამე უჭირდათ ისევ ეტატეს თხოვდნენ დახმარებას. სოფლის შემოსასვლელში მამა-პაპეულ სახლში ცხოვრობდა ესტატე ბაბუა. ხშირად უმასპინძლია მის სახლს შორ გზაზე მიმავალი სტუმრისთვის. ბევრი დიასახლისი ვერ დახვდებოდა სტუმარს ისე, როგორც ესტატე ბაბუა, ალბათ ამიტომაც იყო, რომ ერთხელ მისულ სტუმარს რაღაც ძალა უკან დაბრუნებისკენ ექაჩებოდა ხოლმე. სოფლის განთქმული თამადა იყო, როცა ვინმეს სტუმართან თავის გამოჩენა უნდოდა აუცილებლად ესტატეს ათამადებდნენ, ისიც თავისი დახვეწილი სიტყვა-პასუხით წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა თანამეინახეზე, არადა სკოლაც არ ქონდა დამთავრებული ესტატე ბაბუას, მაგრამ ნებისმიერ ადამიანთან შეეძლო პოლემიკაში ჩართულიყო და ყველა თემაზე ერთნაირად ეკამათა. უზადო იუმორის პატრონი იყო. თითქოს ყველა დადებით თვისებას ამ ადამიანში ქონდა თავი მოყრილი. ნაკლს ვერ მოუძებნიდი ისეთი იყო. სოფლის ეკლესია, რომელიც ათეისტურ ხანაში კოლმეურნეობის საწყობი იყო ესტატე პაპას ხელმძღვანელბით აღადგინეს სოფლის ახალგაზრდებმა. ეკლესიაში განწესებულ მამა ეგნატეს პირველი სტიქაროსანიც სწორედ ესტატე ბაბუა იყო. მამა ეგნატე ახლაც ამბობს – ბევრი აღსარება მომისმენია, მაგრამ ესტატე ბაბუას მსგავსი სინანული არავის ქონიაო, აღსარების გათქმა რომ შეიძლებოდეს ესტატე ბაბუის აღსარება უამრავ ადამიანს მოაქცევდაო. განა ესტატესაც ქონდა ცოდვებიო - უკვირთ სოფლის მცხოვრებთ. სოფლის ნახევარი ესტატეს ნათლული იყო. ყველას უნდოდა ასეთი ადამიანის დანათესავება, უნდოდათ ნათლიას დამსგავსებოდა ნათლული. ისიც არავის ეუბნებოდა უარს, მიუხედვადა ამდენი ნათლულისა არასოდეს არ გამორჩენია არავის დაბადები დღე, ყველას სათანადო პატივს მიაგებდა ხოლმე. პატარ ბავშვებს აკვანშივე ეუბნებოდნენ მშობლები – როცა გაიზრდები ესტატე ბაბუასავით პატიოსანი და მუყაითი უნდა გაიზარდოო. როცა პირველი ძმიშვილი შეეძინა საკუთარ სახლში გადაიხადა ძეობა თვითონვე იყო თამადა, როცა პატარა დალოცა უნებურად ატირდა. ეს იყო მის თვალზე პირველი ცრემლი, რომელიც სხვებმაც შენიშნეს. -    მოვხუცდი და გულჩვილი გავხდიო – უთქვამს თურმე მაშინ, არადა, 50 წლისაც არ იყო. უხაროდა ოჯახში პატარის ტირილი იქნება, კერიაში ცეცხლი არ ჩაქრებაო. საკუთარი შვილივით გაზრდა ძმიშვილები, ისინიც მამისგან ვერ ანსხვავებდნე, მაგრამ როცა წამოიზარდნენ და თავის ოჯახს მოეკიდნენ, დროის უქონლობას იმიზეზებდნენ და ხშირად ვეღარ ნახულობდნენ. ძმების გარდაცვალების მერე დარდიანი გახდა. შვილივით გაზრდილი ძმების დამრხვა თუ მე მომიწევდა მაგას ვერ წარმოვიდგენდიო ერთხელ წამოცდა, თურმე. გარეგნულადაც შეეტყო, თითქოს ერთ დღეში დაბერდა, მოტყდა ხალისი დაკრგა, თითქოს ყველაფერს ნაძალადევად აკეთებდა. ერთი ხანობა ძმიშვილებმა თავისთან წაიყვანეს ქალქაში, მაგრამ ვერ გაძლო სივრცეს შეჩვეულმა კორპუსის სივიწროვეში და მალევე წამოვიდა. სოფელში დაბრუნებული ამაყობდა თავისი ძმიშვილებით თან ამართლებდა კიდეც – მეტი რა ქნან, თავისთან წამიყვანეს, მამასავით მექცეოდნენ, მაგრამ მე ვერ გავძელი და წამოვედიო, იმათ კიდე იმდენი საქმე აქვთ ყოველდღე ვერ მნახავენო. როცა გაიგო, რომ მალე ძმიშვილს ბიჭი შეეძინებოდა  - მეორედ დავიბადე ასე მეგონაო. ჩემთან უნდა ჩამოვიყვანო და აქ უნდა გავზარდო, თორემ ქალაქის ჰაერზე სუსტი იქნებაო. ვერ მოესწრო...როგორ უხმაუროდაც იცხოვრა ისევე მიიცვალა. ძილად მისვლის ლოცვა წაიკითხა და დაწვა. ძილში გარდაიცვლა ესტატე ბაბუა. ... – ჩოლოყაშვილი სადაა – ბედნიერი სახით გამოვიდა მახარობელი – ბიჭია მომილოცავს!!! გაიხარეს მომლოდინეებმა. შამპანურიც გახსნეს და დალოცეს ახალშობილი. -    პატარა ესტატეს გაუმარჯოს!!! პ.ს. ესტატე პაპას გარდაცვალება მხოლოდ მეორე დღეს გაიგეს, როცა ძმიშვილი ჩავიდა, პატარა ესტატეს დაბადება რომ ეხარებინა... 

Tuesday, March 4, 2014

აქა ამბავი 0.90 თეთრის დაბრუნებისა

გაბაბანებული 2008 წელია. 4 მარტი და სურამიდან მოვდივართ. მე, ირაკლი შუბითიძე, გიო დოლიძე და კიდე ვიღაცეები იყვნენ და არ მახსოვს. მეორე დღეს არის გიორგი დოლიძის დაბ.დღე და ამ ჩემი ცოდვით სავსემ 5 ლიტრი ღვინო წამოიღო. ბორჯომის ლარიანი მატარბლით მოვიდავრთ, სადაც როგორც წესი არასოდეს იყო დასაჯდომი ადგილი, ჰოდა ფეხზე მდგარმა ადამიანმა რა უნდა გააკეთო, როცა 5 ლიტრი ღვინო თან გაქვს?! თბილისში რო ჩამოვედით კარგად ვიყავით შემთვრალი. ძველ სკვითებს ჰქონიათ ნათქვამი (ახალი სკვითი სამწუხაროდ არ არსებობს), რომ სითხეს თუ დალევ, მოშარდვა მოგინდებაო (თუ დააკვირდებით დიდი სიბრძნეა ჩადებული ამ სიტყვებში)და ჩვენც მოგვინდა. ამიტომ ერთ-ერთ საზოგადოებრივ საპირფარეშოს მივადექით. როცა უკან გამოვდიოდით ჯერ ირაკლი გავიდა, მერე გიო და ორივემ უთხრეს ტვალეტის ქალს (ტვალეტის ქალი - ადამიანი, რომელიც მხოლოდ 25სმ. ტუალეტის ქაღალდს იმეტებს და ამისთვის 25-40 თეთრს იღებს - სულხან-საბა), რომ ფულს მე გადავიხდი, თუმცა ქალმა ეს სიტყვები არ დაიჯერა და ჩემს მეგობრებს მიაწყევლა(ლოცვის ორგანო ისეთი მიმჭკნარი იყო, რომ იმის იმედად ყოფნა არ გამოდიოდა ამიტომ საქმეში ჩართვა გადავწყვიტე). მივეცი ფული და ვდგავარ:
- რას ჩამომიდექი? - მომმართა ტვალეტის ქალმა
- ჩეკს ველოდები - მივმართე მე - რადგან თუ ჩეკი არ მივიტანე სახლში, დედა გამიბრაზდება, რომ ფული ტყუილად დავხარჯე (ვარ 21 წლის ჯორი), ამიტომ თუ არ შეწუხდებით 0.90 თეთრის ჩეკი მომეცით
...და დაიწყო ამ ქალმა კივილი მტრისას,დიდუბის ბაზრის თავმოყვარე ნაწილი მოვიდა, რათა საქმის ვითარება გაეგო. მოვლენების ასეთ განვითარებას არ ველოდი, მაგრამ არ დავიხიე უკან და კვლავ ნირ შეუცვლელად ვითხოვდი ჩეკს, რადგან დედა არ გამბრაზებოდა. ქალიც არ აპირებდა დახევას და პატრულიც მოვიდა
- რას "ბლატაობ" ბიჭო?!
(გულახდილად ვიტყვი, რომ უკვე წარმოვიდგნე, კამერა, შრამიანი თენგო,რომელიც მეკითხება: - რაზე ზიხარ?!
- ტვალეტის ქალს ჩეკი მოვთხოვე)
- ჩეკი მინდა, ის რაც გადავიხადე.
-რა გინდა? - აშკარად გაოცდა პატრული
- ჩეკი
- ეკუთვნის და ამისთვის გამოგვიძახეთ?! - მიუბრუნდა პირში ჩალაგამვლებული ტვალეტის ქალს და წავიდა
ქალმა წყველა გააგრძელა, მაგრამ 0.90 უკან დაგვიბრუნა. სამწუხაროდ პირადდი მეისტორიე არ მყავს, რომ ჩემი სახე აღებეჭდა, თორემ სტალინის სახე 9 მაისს მონაგონი იქნებოდა :)))
0.90 თეთრის დედაც, მაგრამ გიორგის და ირაკლის დაწყველა ვერ ავიტანე :)))
ხვალ გიოს დაბადების დღეა. ბიჭო, წინა დღით და ამ ისტორიით გილოცავ. გახარებული და ბედნიერი მენახე შენ ლამაზ ოჯახთან ერთად :)