Tuesday, December 10, 2013

ძია გიორგი

Zia giorgi

ძია გიორგი დიდად მოლაპარაკე არასოდეს ყოფილა, როცა 2-3 ჭიქას დალევდა მაშინ თუ გადამიშლიდა ხოლმე გულს, სხვებს მაშინაც არ ელაპარაკებოდა. ადრე დაობლდა, 5 წლისას აღარც მამა ყავდა და არც დედა. ბებიამ გაზარდა. მეორე მსფლიო ომი რომ დაიწყო 7 წლისა იყო მაგრამ გული ფრონტისკენ უწევდა.
- ბებია ვის დავუტოვო თორემ წავიდოდიო – ნიშნის მოგებით ეუბნებოდა თავი მეგობრებს
სკოლა რომ დაამთავრა, იმავე წელს ჩააბარა უმაღლესში. ბებია უკიჟინებდა, დავბერდი შვილო და ისე ნუ წამიყვან დაოჯახებული არ გნახოო. ძია გიორგი კი არც ფიქრობდა ცოლის მოყვანაზე, ვიდრე თავის ჯგუფელის და, ეკა არ გაიცნო. მაშინვე მოეწონა, თითქოს არც გოგო დარჩა გულგრილი. შეხევდრას შეხევდრა მოჰყვა, ძია გიორგიმ ბებისაც გააცნო ეკა. გაცნობიდან ძალიან მალე გარდაიცვალა ბებია. ეკა, ისე ტრიალებდა გიორგის ოჯახში ყველა ამბობდა,ესენი  წლისთავზე დაოჯახდებიანო, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად ძალიან მალე ეკა და გიორგი ერთმანეთს დაშორდნენ. ბევრი ეცადა გიორგი ეკას შემობრუნებას, მაგრამ ამაოდ. ბოლოს, მისსავე დაბადების დღეზე ნახა ეკა, ლადო ასათიანის წიგნი აჩუქა – “დიდი ბედნიერებას გისურვებ და ყოველთვის დაგელოდები. მუდამ შენი გიორგი”. მერე ითქვა მათ ურთიერთობაში  ვიღაც მესამე ერიაო, მაგრამ არავინ იცის რა მოხდა, თუმცა ფაქტია მალე გათხოვდა ეკა. გიორგიმ გული ვეღარ დაუდო სწავლას, ვეღარც იქ ჩერდებოდა სადაც ეკა ეგულებოდა და რუსეთში წავიდა. მშენებლობა ეხერხებოდა და მეზობლის დახმარებით ადვილად მოეწყო. ოჯახის შექმნაზე აღარც უფიქრია,გადაუვლის და მერე მოიყვანს ცოლს რა ეჩქარებაო ამბობდნენ, თუმცა ისე გახდა 50 წლის საქართველოსკენ გამოხედვაც არ უფიქრია. მეზობლები ამბობდნენ, ეკას ამბები სულ ყველაფერი იცისო, მაგრამ ძია გიორგის როცა ვეკითხებოდი, მართლა გებულობდი ეკას ამბებს-მეთქი, მხოლოდ ეცინებოდა. 90-იანი წლების დასაწყისში ჩამოვიდა. ძველი ნაცნობებთან კონტაქტის აღდგენა ცადა, მაგრამ იმ პერიოდში ყველას თავისი გაჭირვება ადგა და გიორგიმაც ახალი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა. ბევრ საქმეს შეეჭიდა გიორგი, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, ვალები დაედო და იძულებული გახდა სახლი გაეყიდა და უფრო პატარა ბინაში გადასულიყო. ბოლოს წიგნების გაყიდვას მიჰყო ხელი, დღეში 2-3 ცალს ყიდდა, საჭმლის ფულად ყოფნიდა და მარტოხელა კაცს მეტი არც უნდოდა. იშვიათად ძველ ნაცნობებსაც ნახულობდა, აინტერესებდა მაგრამ ეკას ამბავას არავის ეკითხებოდა, არც ისინი იხსენებდნენ (შეიძლება აღარც ახსოვდათ კიდეც). ასე ნელ-ნელა და ერთფეროვნად გადიოდა დღეები. ასაკთან ერთად ნათესავები გამოჩდნენ, რომლებიც ბინის იმედათ მოვლა პატრონობას სთავაზობდნენ უკვე ასაკში გადადგარ ძია გიორგის....
- ... – წიგნებს თქვენ იბარებთ – მორიდებით ჰკითხა ქალბატონმა, რომელსაც აქეთ-იქით ორი პატარა გოგონა ამოდგომოდა გვერდით
- დიახ – მიუგო ძია გიორგიმ
- ლადო ასათიანის უნიკალური გამოცემა მაქვს და რამდენს მომცემთ?
ძია გიორგიმ დიდხანს ატრიალა წიგნი, ხშირად ახედავდა ხოლმე ქალბატონსაც და ბოლოს უთხრა:
– საცოდაობა ამის გაყიდვა, 10 ლარზე მეტის მოცემა არ შემიძლია, მაშინ როცა ეს წიგნი გაცილებით ძვირია
- იყოს ათი ლარი, საახალწლოდ ტკბილეულს მაინც ვუყიდი შვილიშვილებს, ამასობაში იქნებ პენსიაც მოგვცენ. ამათ გაეყინათ ყველაფერი, როგორც პენსიები გაგვიყინეს
- როგორ არ უხდება წყველა –ფიქრობდა ძია გიორგი – კარგი ქალბატონო მომეცით ეს წიგნი -  უთხრა და ორი ცალი ხუთლარიანი მიაწოდა
ქალმა მადლობა მოუხადა და შვილიშვილებთან ერთად გაუყვა გზას.
ძია გიორგი ხელში ატრიალებდა წიგნს, გადაშლა არ უნდოდა, წარსულის ეშინოდა, ბოლოს ისე გადაშალა, რომ მიმავალი ქალბატონისთვის თვალი არ მოუშორებია
- დაბერებულა....
რამდენიმე დღის შემდეგ თბილისის ერთი ძველი უბნის, ასევე ძველი სახლის კარის სახელურზე ორმა პატარა გოგონამ პარკი შენიშნა, რომელშიც ქაღალდში გახვეული წიგნი იდო, ამანთი მაშინვე ბებიას მიუტანეს. ამანათში პატარა წერილი იყო:
“ძალიან გთხოვ, ეს წიგნი აღარასოდეს გაყიდო.”
 - ჰმ, როგორ დაბერებულა, მაგრამ როგორ მოხდომია ჭაღარა...
იმ დღის მერე ძია გიორგიმ წიგნების გაყიდვასაც მიანება თავი და თითქმის სულ სახლში იყო. ერთხელ გაიარა ძველ ადგილას და ქალმა, რომელიც მის გვერდით სიგარეტს ყიდდა ხოლმე, სასხვათაშორისოდ უთხრა:
- გიორგი, ვიღაც ქალი იყო რამდენჯერმე გიკითხა
...როდესაც ძია გიორგი გარდაიცვლა ველოდი, რომ ეს ქალბატონი მოვიდოდა, მაგრამ ისე გაიარა დღეებმა, რომ უცხო არავინ მოსულა.
გუშინ ძია გიორგის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა, როცა საფლავზე ავედით ვიღაცას მინდვრის ცოცხალი ყვავილები დაეწყო საფლავზე, ერთმა ნათესავმა თქვა მე ამოვიტანეო, მაგრამ არ გავდა ის იმ კაცს, რომ ძია გიორგისათვის მინდვრის ყვავილები დაეკრიფა.



Wednesday, March 27, 2013

რედაქტორი


ავტობუსში ჭყლეტა იყო,მაგრამ ყვითელი რკინისგან შექმნილი არსება თითქოს არც იმჩნევდა ამას და როგორც ძროხამ იცის თავის გზა საძოვრიდან -  სახლამდე, ესეც,ასეთივე სიზუსტით,  გაზეპირებულად მიუყვებოდა მარშრუტს. ერთი სიტყვით პიკის საათის ჩვეული სურათი იყო, გარეთ მანქანების  და ავტობუსში ხალხის საცობი. ასეთ დროს გზა ერთი-ორად იწელება ხოლმე და ბოლოს ”ტიტანიკის” გადარჩენილი მგზავრის შეგრძნებით ტოვებ ავტობუსს, თუმცა მანამდე ”აისბერგის” შეჯახებას უნდა გაუძლო, რომელსაც ყვითელი ფორმა აცვია. ჰო, ის პერიოდი იყო როცა გაზაფხულმა უკვე აშკარად დაჯაბნა ზამთარი, ნასესხებიც ჩაბარა და ახლა ჩვეულად აპირებს გალაღებას, თუმცა ამ კონკრეტულ დღეს მზიანი არ ეთქმოდა, უფრო ღრუბლები დომინირებდნენ ცის კაბადონზე.
მე, ყოველწამს საათზე ვიყურებოდი რომ სამსახურში არ დამგვიანებოდა თან გამალებით ვკითხულობდი წიგნს და ბედნიერი სახით ვიღიმოდი  ჩემი ღიმილი გარემოსთან ადაპტაციას ვერანაირად ვერ ახდენდა, თუმცა ეს მე სრულებით არ მადარდებდა.
ნელ-ნელა ჩემი ჩასვლის დრო ახლოვდებოდა და მეც შეძლებისდაგვარად ვცდილობდი კარების მისადგომებთან დადგომას, რომ ჩემს სასურველ გაჩერებაზე დამეტოვა ”ყვითელი ხომალდი”. სასურველი ადგილი ჩემდა გასაკვირად ძალიან იოლად დავიკავე და გაჩერების მოლოდინში გვერდით მდგომ მგზავრს გადავხედე, რომელიც იმ გაზეთის რედაქტორი აღმოჩნდა სადაც ადრე ვმუშაობდი. ცოდვას ვერ ვიტყვი და ხშირად მიბეჭდავდა წერილებს, მაგრამ ყოველთვის რაიმე მკაცრს შეფასება მეტყოდა ხოლმე. არ მახსოვს ერთი შექებაც კი, მეტიც ერთი-ორჯერ ისიც კი მითხრა: ადგილი იყო შესავსები და შენ წერილს ვბეჭდავო.ბოლოს უკვე ისე მივეჩვიე ასეთ რეპლიკებს, რომ ვეღარც ვამჩნევდი და თუ არაფერს მეტყოდა ცუდ ხასიათზეც კი ვდგებოდი ხოლმე.
მოკლედ ეს რედაქტორი ჩემს გვერდით იდგა
 - როგორ ბრძანდებით? - მოვიკითხე (სიმართლე რომ ვთქვა გულწრფელად)
 - ო,თავად როგორ გიკითხო? - შეიძლება მომეჩვენა, მაგრამ ესიამოვნა ჩემი დანახვა
- გმადლობთ კარგად
- ვკითხულობ ხოლმე შენ ნაწერებს - მითხრა ჩვეული სიდინჯიდ (გამომრჩა მეთქვა, რომ მე უკვე სხვაგან ვმუშაობდი.)
ამასობაში ავტობუსი გაჩერდა და ორივე ერთად ჩამოვედით
- ჰო, ვკითხულობ ხოლმე - გამიმეორა, მე გავირინდე ჩვეული რეპლიკის მოლოდინში, მაინტერესებდა რას მეტყოდა. ოჯახს მოეკიდეო ვერ მეტყოდა, რადგან უკვე შვილიც მყავს, რაიმე ხელობა ისწავლო აჯობებს - მისგან ძალიან ბანალურია; ჭკუა რითი ვერ ისწავლე, რომ წერას თავი ანებოო -ამას არ მაკადრებდა, ჰოდა ასეთ ფიქრებში ვიყავი.
 - ვკითხულობ და ერთი რამე მინდა გითხრა, კარგად წერ, მაგრამ ბევრად მეტი შეგიძლია - ხელი ჩამომართვა და თბილად დამემშვიდობა.
მშვიდად, აუღელვებლად მიყვებოდა ქუჩას. მე გამოშტერებული ვიდექი და ჩემთვის ვფიქრობდი: რა უნდოდა?რას მერჩოდა? რატომ ამაფორიაქა?!
...სამსახურში დამაგვიანდა.

Friday, March 8, 2013

არის თუ არა ეს დიპლომი?!



” ჩემ სიძეს, ჩემ სიგრძე დიპლომი უნდა ქონდეს” - ვარდენი
საქართველოში პირველი უმაღლესი სასწავლებელი 1918 წელს გაიხსნა, მას შემდეგ გახდა აქტუალური დიპლომის ცნება. საბჭოთა კავშირის დროს დიპლომის ქონა ისეთივე აუციელებელი იყო როგორც სახელი და გვარი, მეტიც ხშირად სწორედ დიპლომი განსაზღვრავდა ადამიანის მომავალს. დიპლომი იყო ის ციხე-სიმაგრე რომლის აღებაც დაუწერელი კანონი იყო ( და არის), თუმცა ამ ციხე-სიმაგრეს ლექტორების სახით ისეთი დამცვლები ყავდა, რომ მარტო საკუთარი ცოდნით, ციხის კარებს გასაღებს ვერ მოუძებნიდი. სწორედ ამ დროს ჩნდებოდა მაშველი ძალა მშობლების და მშობელთა ნაცნობების სახით, რომლებსაც ზურგს საბჭოური კუპიურა, ხოლო შემდეგ კუპონი და ლარი უმაგრებდათ (არც დოლარის დახმარება იყო იშვიათი).
დამხარეების იმედად დარჩენილი სტუდენტი სწავლაზე დახარჯულ დროს უაზრობად თვლიდა და სტუდენტობის წლებს, მხოლოდ სადღეგრძელოების, ფეხბურთის თამაშის, ბანქოს სხვადსხვა სახეობის და სხვა, ცხოვრებაში გამოსაყენებლი ოსტატობის შესასწავლად იყენებდა (დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ სად სწავლობდა სტუდენტი, სწორედ ამის მიხედვით ხდებოდა ოსტატობის შერჩევა), ხოლო 4 წლის შემდეგ ზემოთხსენებული დამხმარე ძალის ჩარევის შედეგად დიპლომი მის ხელში აღმოჩნდებოდა, თუ დამხარე ძალა დასახმარებელ საშუალებას არ დაინანებდა შეიძლებოდა დიპლომს წითელი შეფერილობაც მიეღო.
ქართველი მშობელი დედამიწის ზურგზე ერთადერთი მშობელია, რომელიც ფულს საკუთარი შვილის უსწავლელობაში იხდიდა.
საბედნიეროდ დღეს დიპლომი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დოკუმნეტს აღარ წარმოადგენს, აღმოჩნდა, რომ ორ მუყაოს ყდას შორის ჩამაგრებული სიფრიფანა ქაღალდის გარეშეც შეიძლება არსებობა, ოჯახის შექმნა და შემდეგ რჩენა. შესაძლოა ადამიანმა ისწავლოს ხელობა და ამ ხელობით გამოკვებოს ოჯახი, რისთვისაც ფიზიკოსის ან თუნდაც იურისტის დიპლომი საერთოდ აღარაა საჭირო. მაგას რა ჯობს, როცა ადამიანს უმაღლესი განათლება აქვს, მაგრამ ახალგაზრდამ რომელმაც წინდაწინვე იცის, რომ 4 წელი სულ ტყუილად უნდა იაროს სასწავლებელში (მხოლოდ იმიტომ რომ სტუდენტი ერქვას), განა  არ ჯობს ერთი წელი პროფესიულ სასწავლებელში გაატაროს, სადაც ერთ კონკრეტულ ხელოვნებას სრულფასოვნად შეასწავლიან?! სამწუხარო რეალობაა, მაგრამ უმაღლეს დამთავრებულების დიდი ნაწილი საკუთარ ნასწავლს (?!) ვერ იყენებს და ბოლოს მაინც რაიმე ხელობის სწავლა უწევს, რომ ოჯახი არჩინოს. გამოდის,  4 წელი სულ ტყუილად დაკარგა, მხოლოდ იმიტომ რომ მის მშობლებს ეთქვათ: ჩვენ შვილს უმაღლესი დავამთავრებინეთო.
უკანაკსნელი დღეების განმავლობაში ყველაზე აქტუალური კითხვა იყო ქონდა თუ არა იუსტიციის მინისტრს სამართალმცოდნის დიპლომი. უმცირესობა აპელირებდა, რომ თუ მართლა აქვს გვაჩვენოსო (ამაზე ერთი რამე მახსენდება: ჩემს ბავშობაში, პატარა ბიჭებს ეუბნებოდნენ ხოლმე, გოგო ხარო, თუ პატარა ამაზე ტირილს დაიწყებდა უფროსები ეტყოდნენ, თუ მართლა ბიჭი ხარ ”პასპორტი” გავჩვენეო...ჩვვნება ყოველთვის დიდი ოავციებით სრულდებოდა),ჰოდა ჩვენმა მინისტრმაც აჩვენა დიპლომი, თან ერთის ნაცვლად ორი.
”სხვის თვალში ბეწვს ამჩნევ და საკუთარში დირეს ვერ ხედავო”, კიდევ ერთხელ დავრწმუნიდ, რომ  მართალი ნათქვამი ყოფილა. როდესაც მინისტრად აბსოლუტურად გაურკვეველი ეკონომიკის მინისტრი გყავს (ნაციონალურმა მოძრაობამ კონსტიტუციასთან ერთად, ხალხური ნათქვამებიც საკუთარ თავზე მოირგო, ასე მაგალითად: ”პური მეპურემ უნდა გამოცხოსო” - ჩაემატა ქვე-პუნქტი: ეკონომიკაც უნდა განავითაროსო), სან-ტექნიკოსი განათლების მინისტრი და სხვ. და მათ კომპეტენციაში ეჭვი არ გეპარება და უმაღლესი კვალიფიკაციის მინისტრის შეაძლებლობაში ეჭვი შეგაქვს, რბილად რომ ვთქვათ საკუთარი თავის დაცინვაა.
ამ ყველაფერმა დამაფიქრა და ჩემი დიპლომიც მოვიძიე. როცა დავოჯახდი მეუღლის ოჯახს არ მოუთხოვია,არც სამსახურში დამჭირვებია, მაგრამ ცხოვრება ისეა მოწყობილი რომ ვაიდა მეც გავხდე მინისტრი და მერე თქვან ეგ უდიპლომოაო, მაშინ მეც მინდა თეა წულუკიანივით მოვიქცე და ამის მთქმელებს სულ დიპლომი ვურტყა თავში და ვუძახო:
- არის თუ არა ეს დიპლომი?!

Monday, February 25, 2013

არა - ”არა ოკუპაციას”



დღეს 25 თებერვალია.  92 წელი გავიდა რუსების მიერ საქართველო ოკუპაციიდან. დღეს ერთგავრ აუცილებდლობად იქცა ამ დღის გაპროტესტება,თანაც  ისე რომ სხვებმაც შეგამჩნიონ. რაც უფრო ხმამღლა, აგრესიულად და სხვებისთვის შესამჩნევად გამოხატავ პროტესტს მით უფრო ფასდები ზოგიერთების თვალში. სამწუხაროა, რომ გამოხატვის ფორმა ერთგვარ შეჯიბრად იქცა, ხოლო ის რასაც ამით ვაპროტესტებთ  არა გულწრფელია და მხოლოდ სხვის დასანახადაა გაკეთებული, ხოლო მას შემდეგ რაც სხვა დაგვინახავს, facebook-ზე, twitter - ზე და სხვა სოც. ქსელებზე დაპოსტავს, რომ ამან და ამან ეს თქვა, რა მაგრად თქვა, შემდეგ ჩვენ სტატუსს - ”არა ოკუპაციას”, ბევრი like დაუგროვდება ჩათვლით რომ პროტესტი ღირსეულად გამოვხატეთ, ხოლო იმან ვინც საერთოდ არავის შეამჩნევინა თავის პროტესტი, რუსთ მოყვარედ და ოკუპანტების მხარდამჭერად მივიჩნევთ.
პირადად მე არავითარ საპროტსეტო მოძრაობას არ ვუერთდები, არც ”არა ოკუპაციას” გავიძახი და არც ”გაეთრიე ჩრდილოელოს”, მაგრამ მეეჭვება ვინმეს ჩემზე დიდი შინაგანი პროტესტის გრძნობა ქონდეს. ის დრო რაც პლაკატის დაჭერაში უნდა დავხარჯო მირჩევნია ჩემ პატარა შვილთან გავატარო და ავუხსნა რაა ქართველობა, რა ევალება, რომ კარგ ქართველად გაიზარდოს, თორემ ათასნაირი ლოზუნგებით დამშვენებულ პლაკატის დაჭერაში, რომ ვაი ქართველებს ბადალი არ ყავთ სწორედ 1921 წლის 25 თებერვალმა დაამტკიცა.
სურამში ჩემი ქუჩა, რომელიც დღეს 26 მაისის სახელობისაა, წლების მანძილზე 25 თებერვლისა იყო, დღემდე შენახული მაქვს ის რკინის მაჩვენებლი რომელიც მიუთითებდა ჩემი სახლის მისამართს - 25 თებერვლის #12 (ცოტა ჟანგმა შეუტია, ალბათ ბუნების პროტესტია ამ დღისადმი), თუმცა სრულებით არ ვთვლი, რომ ოკუპაციის მხარდამჭერი ვარ.
ჩემი მშობლები იმ თაობის წარმომადგენლები არიან, ვინც 25 თებერვალს ზეიმობდა. მამაც და დედაც არაერთხელ ყოფილან იმ მსვლელობის მონაწილე, რომელიც 25 თებერვალს იმართებოდა. დღეს არცერთი არ გამოდის და არ იძახის ”არა ოკუპაცია”, თუმცა არცერთი არაა ოკუპანტების მიმართ ლოილაურად განწყობილი, მათი მხრიდან პროტესტი შვილების ქართველებად გაზრდა იყო.
დღეს იუნკერთა საფლავები ყვავილებით შეამკეს, ცუდია, რომ მომავალ 25 თებერვლამდე ისინი ძალიან ცოტას გაახსენდება, ხოლო ერთი წლის მერე ისევ ახალი ლოზუნგები, საფლავთან სამსახსოვრო სურათების გადაღება, ნერვიულად სახის კუნთების თამაში ( ჩუმად თავლის გაპარება გხედავენ თუ არა). პირადად ჩემთვის ეს ყველაფერი უკვე მომაბეზრებელია და გულისამრევი.
7 წლის ვიყავი, როცა  სოხუმი დავკარგეთ. მაშინ სოხუმის დაკარგვაზე მეტად დედას და მამიდას ცრელმლებს უფრო განვიცდიდი. უმძიმესი დასანახი იყო  მამას უსუსური სახე რადგან ამ წამამდე, მამა უძლეველი და ყოვლისშემძლე მეგონა. სწორედ ამ დღეებში გავიგე პირველად სიტყვა - ოკუპაცია. ამ დღის შემდეგ ლამის ცხოვრების თანამგზავრად მექცა. იმედია მალე სამუდამოდ მოვიშორებ ამ მახინჯ სატელიტს. ამის იმედს ჩემი შვილი მაძლევს, რომელიც ძალიან მინდა ისეთ საქართველოში გაიზარდოს, სადაც ოკუპაციის გაპროტესტება არა მოდა, არამედ შინაგანი პროტესტი იქნება
(დამთხვევები შემთხვევითია და საკუთარ თავზე ნურავინ მიიღებს)

Saturday, February 16, 2013

შეშა




- ლაშას ვახლავარ - ბედნიერი სახით მიესალმა გურამი - რა იყო ბიჭო სად დაიკარგე? გუშინ გელა ვნახე და იმანაც მითხრა ერთი კვირაა არ მინახავსო. ხო მშვიდობაა?
- კი გურამ. უბრალოდ სახლში საქმეები იყო და... შეშა არ მქონდა და ეზოში მოვჭერი რაღაც-რაღაცეები.
- მუხის ხეც ხო არ მოჭერი ბიჭო? - შეშფოთდა გურამი
- იმას რა მომაჭრევინებს სულ რომ გავიყინო. 300 წელი უსრულდება ერთ თვეში. 1 იანვარს დაურგავს დიდ ლაშა ფურცელაძეს. თვადის ეზოს მოუხდებაო და კი ამშვენებს დღემდე ეზოს.
- ძალიანაც კარგი. კაი ლაშა გავიქეცი. ჰო, მართლა ჰონორარებია და ქალბატონ ლელას შეუარე. რძალთა შორის და ფურცელაძეთა ცოლებს შორის უსაყვარელს და ულამაზეს თამარს მოკითხვა გადეცი.
ლაშამ არ შეიმჩნია ის სიხარული რაც ჰონორარის არსებობამ მიანიჭა. აუღელვებლად მივიდა ქალბატონ ლელასთან  და კუთვნილი ჰონორარი მოითხოვა. 1043 ლარი. ამდენს არ ელოდა და ამან კიდევ უფრო გაახარა. შეშასაც იყიდდა და ახალ წელსაც ისეთს დაიყენებდა თავადიშვილი, რომ მეფესაც შეშურდებოდა, მაგრამ პირველი რაც უნდა გაეკეთებინა შეშის ყიდვა იყო.
კარგად ათვალიერა შეშით დატვირთული მანქანები. ბოლოს ერთ-ერთზე შეაჩერა არჩევანი. სამხიდიანიურალსროგორც ამ ქალაქში იტყუოდნენ - კარგიგრუზიედო. ჩაუთვალა 500 ლარი შეშის მეპატრონეს, შემდეგ მძღოლის კაბინაში მოკლათდა და სახლისკენ მიმავალი გზის ახსნა დაუწყო მძღოლს. წინასწარ წარმოედგინა თამარის ბენდიერი და გახარებული სახე. გადაწყვიტა ხვალ მეზობლებს დაუძახებდა, დაჩეხდნენ შეშას და ხვალვე დააბინავებდნენ, მერე წლევანდელ ღვინოსაც გასინჯავდნენ. არ დაიმსახურა თუ რა?!
.... - ლაშა, ეზოში მარტო პაპაშენის დარგული მუხა დარჩა. თემურმა თქვა იმხელაა ეგ მთელი ზამთარი გეყოფათო და  მოვჭრათ თორემ გაიყინა ბავშვი შენი ჰონორარივით - საყვედურის ტონით უთხრა თამარმა
- დღეს იქნება ჰონორარი აუცილებლად. გუშინ ველაპარაკე დირექტორს და დამპირდა.
- ეგრე მესმის უკვე ერთი თვეა. მე გავძლებ, მაგრამ დათუნა ცოდოა. გუშინ დედაჩემთან დავტოვე, რომ არ გაცივდეს, მაგრამ დილით ატირებულა და ამოიყვანა დედაჩემმა. თან გუშინ ტელევიზორში თქვეს რომ გამხამრი ხე ეზოში არ შეიძლება, ცუდი აურა მოაქვსო.
- რა ვიცი თამარ, ნახევარ ეგვიპტეს დღემდეგამომხმარიმუმიები აჭმევენ პურს და რაღა ჩემ ეზოში მოაქვს გამხმარ ხეს ცუდი აურა? ისე, რატომაა გამხამრი? ვერ ნახე ერთ ტოტზე წელს ფოთოლი ქონდა? კაი თამრო, 5 ლარი მაქვს და თუ არც დღეს იქნება ჰონორარი მაშინ ამ 5 ლარით ასპირინს ვიყიდი და ყოველდღე დავლიოთ თითო აბი, მთელი ზამთარი ოფლიანები ვივლით. 5 ლარის ასპირინი ამ ზამთარს კი გადგვატანინებს - ჩვეულად იუმორით სცადა თავის დაღწევა ლაშამ.
განა ლაშაზე მეტად ვინმე განიცდიდა ამ მდგომარეობას?! მაგრამ დიდი ბაბუის დარგულ მუხის ხეს მაინც ვერ მოჭრიდა. წინაპრებისგან ერთადერთი სახსოვარი ეს დაუტოვეს კომუნისტებმა და ესეც ცეცხლში დაეწვა?! ამას ისევ სიცივე ერჩივნა. დათუნას ცოტა ხანს ცოლისძმასთან გაუშვებდა და ამასობაში ჰონორარიც იქნებოდა. რა არ ენახა ამ მუხის ხეს 300 წლის განმავლობაში: გეორგიევსკის ტრაქტატი; რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიამ გარდატეხის ასაკში მოუსწრო; მეფისნაცვალი ვორონცოვის მიერ თეატრის გახსნაზე, ნებართვის გაცემა, ამ  ხის ძირში აღნიშნეს; „ავრორასქვემეხის ხმამ გაუხმო პირველი ტოტი; საქართველოს დმოუკიდებლობის სადღეგრძელო 1918 წლის 26 მაისს დიდმა ლაშა ფურცელაძემ, სწორედ ამ მუხაზე ასულმა დალია; გაკულაკება რომ დაიწყო ლამის გადაყვა, მაგრამ მაინც გადარჩა; მეორე მსოფლიო ომის დროსაც მედგრად იდგა; შევარდნაძის მოსკოვიდან ჩამოსვლა აღარ ახსოვს უკვე გამხამრი იყო და აი წელს ყველასთვის მოულოდნელად ერთი პატარა ტოტი აყვავილდა და ასეთი ხის მოჭრას ვინემს დაანებდებდა ლაშა?!
....აი, ლაშას სახლიც გამოჩნდა. ისეთი განცდა ქონდა, თითქოს პირველ პაემანზე მიდიოდა.
- აქ გააჩერეთ - უთხრა ლაშამ მძღოლს.
- თქვენ თუ გინდათ ჩადით და მოვბრუნდები.
- კარგი ეგრე იყოს.
ბედნიერი  ლაშა ის იყო ჭიშკართან მივიდა, რომ ჭიშკარი გაიღო და მეზობელი, ლაშას ბავშვობის მეგობარი და დათუნას ნათლია თემური გამოვიდა. ხელში განუყრელი ელექტრო ხერხი, როგორც ამ ქალაქში უძახიან  „დრუჟბაეჭირა.
- ლაშას გაუმარჯოს. არა ძმაო ხე თუ გამაკვირვებდა არ მეგონა. ამდენი ხე მომიჭრია, მაგრამ ასე არცერთი გამჭირებია. დილიდან ამ მუხას ვჭრი და ახლა ძლივს მოვრჩი. თამრიკომ მითხრა მაგარი ღვინო დაგიყენებია გამოვიცვლი და შენთან ვარ - უთხრა თემურმა -ისე, ჩემო ლაშა თამრიკომ რომ მითხრა, მოჭერიო კი გამიკვირდა ამის მოჭრა რომ გადაწყვიტე - მიაძახა უკვე სახლის გზაზე დამდგარმა თემურმა.
ლაშას აღარც აუგია როგორ დაცალეს მოტანილი შეშა. ვერც მეზობლების ნათქვამი გაიგო - კარგი შეშა მოგიტანია თან რა კარგ ფასადო. გაყინული იდგა და იმ ჰორიზონტს გასცქეროდა საიდანაც ჯერ კიდევ დილით მუხის ხის ჩანდა.
აკანკალებული ჩავიდა ბაღში. მუხა პრეისტრიული ხანიდან გადმოსულ წაქცეულ დინოზავრს გავდა, რომელიც თანამედროვეობის გამონაგონმა დაამარცხა თორემ ისე რა მოეროედა?! ეზოში არსებულ უხერულ სიჩუმეს მხოლოდ პატარა დათუნას: „აჩუ“, „აჩუარღვევდა, რომელიც ხეზე იყო გადამჯდარი და თავი მხედარი ეგონა. მამის დანხვაზე გახარებული ჩამოვიდაცხენიდანდა მამას ჩაეხუტა.
- მამიკო, თემური ბიძიამ თქვა ეს მთელი ზამთარი გეყოფათო.
ლაშას ხმის ამოღების თავიც არ ქონდა.
-         მამი, მამი თემური ბიძიამ კიდე იცი რა მითხრა, ერთი ნედლი ტოტი აქვს ეს დავრგოთ და შენთან ერთდა გაიზრდებაო. ხო გაიზრდება მამა?
  ლაშას თითქოს ნაპერწაკალი და მომვალის იმედი დაუბრუნა დარგულმა ერთმა ტოტმა. განა ეს მუხაც ერთი პატარა ტოტი არ იყო და მერე არ გაიზარდა ამხელა?
კი, შვილო გაიზრდება. აუცილებლად გაიზრდება - უთხრა დათნუას.
მერე ჩაკიდეს ხელი ფურცელაძეებმა და ბაღიდან-სახლისკენ მიმავალ ათასჯერ გავლილ გზას ათასმეერთედ გაუყვნენ.