Wednesday, March 27, 2013

რედაქტორი


ავტობუსში ჭყლეტა იყო,მაგრამ ყვითელი რკინისგან შექმნილი არსება თითქოს არც იმჩნევდა ამას და როგორც ძროხამ იცის თავის გზა საძოვრიდან -  სახლამდე, ესეც,ასეთივე სიზუსტით,  გაზეპირებულად მიუყვებოდა მარშრუტს. ერთი სიტყვით პიკის საათის ჩვეული სურათი იყო, გარეთ მანქანების  და ავტობუსში ხალხის საცობი. ასეთ დროს გზა ერთი-ორად იწელება ხოლმე და ბოლოს ”ტიტანიკის” გადარჩენილი მგზავრის შეგრძნებით ტოვებ ავტობუსს, თუმცა მანამდე ”აისბერგის” შეჯახებას უნდა გაუძლო, რომელსაც ყვითელი ფორმა აცვია. ჰო, ის პერიოდი იყო როცა გაზაფხულმა უკვე აშკარად დაჯაბნა ზამთარი, ნასესხებიც ჩაბარა და ახლა ჩვეულად აპირებს გალაღებას, თუმცა ამ კონკრეტულ დღეს მზიანი არ ეთქმოდა, უფრო ღრუბლები დომინირებდნენ ცის კაბადონზე.
მე, ყოველწამს საათზე ვიყურებოდი რომ სამსახურში არ დამგვიანებოდა თან გამალებით ვკითხულობდი წიგნს და ბედნიერი სახით ვიღიმოდი  ჩემი ღიმილი გარემოსთან ადაპტაციას ვერანაირად ვერ ახდენდა, თუმცა ეს მე სრულებით არ მადარდებდა.
ნელ-ნელა ჩემი ჩასვლის დრო ახლოვდებოდა და მეც შეძლებისდაგვარად ვცდილობდი კარების მისადგომებთან დადგომას, რომ ჩემს სასურველ გაჩერებაზე დამეტოვა ”ყვითელი ხომალდი”. სასურველი ადგილი ჩემდა გასაკვირად ძალიან იოლად დავიკავე და გაჩერების მოლოდინში გვერდით მდგომ მგზავრს გადავხედე, რომელიც იმ გაზეთის რედაქტორი აღმოჩნდა სადაც ადრე ვმუშაობდი. ცოდვას ვერ ვიტყვი და ხშირად მიბეჭდავდა წერილებს, მაგრამ ყოველთვის რაიმე მკაცრს შეფასება მეტყოდა ხოლმე. არ მახსოვს ერთი შექებაც კი, მეტიც ერთი-ორჯერ ისიც კი მითხრა: ადგილი იყო შესავსები და შენ წერილს ვბეჭდავო.ბოლოს უკვე ისე მივეჩვიე ასეთ რეპლიკებს, რომ ვეღარც ვამჩნევდი და თუ არაფერს მეტყოდა ცუდ ხასიათზეც კი ვდგებოდი ხოლმე.
მოკლედ ეს რედაქტორი ჩემს გვერდით იდგა
 - როგორ ბრძანდებით? - მოვიკითხე (სიმართლე რომ ვთქვა გულწრფელად)
 - ო,თავად როგორ გიკითხო? - შეიძლება მომეჩვენა, მაგრამ ესიამოვნა ჩემი დანახვა
- გმადლობთ კარგად
- ვკითხულობ ხოლმე შენ ნაწერებს - მითხრა ჩვეული სიდინჯიდ (გამომრჩა მეთქვა, რომ მე უკვე სხვაგან ვმუშაობდი.)
ამასობაში ავტობუსი გაჩერდა და ორივე ერთად ჩამოვედით
- ჰო, ვკითხულობ ხოლმე - გამიმეორა, მე გავირინდე ჩვეული რეპლიკის მოლოდინში, მაინტერესებდა რას მეტყოდა. ოჯახს მოეკიდეო ვერ მეტყოდა, რადგან უკვე შვილიც მყავს, რაიმე ხელობა ისწავლო აჯობებს - მისგან ძალიან ბანალურია; ჭკუა რითი ვერ ისწავლე, რომ წერას თავი ანებოო -ამას არ მაკადრებდა, ჰოდა ასეთ ფიქრებში ვიყავი.
 - ვკითხულობ და ერთი რამე მინდა გითხრა, კარგად წერ, მაგრამ ბევრად მეტი შეგიძლია - ხელი ჩამომართვა და თბილად დამემშვიდობა.
მშვიდად, აუღელვებლად მიყვებოდა ქუჩას. მე გამოშტერებული ვიდექი და ჩემთვის ვფიქრობდი: რა უნდოდა?რას მერჩოდა? რატომ ამაფორიაქა?!
...სამსახურში დამაგვიანდა.

No comments:

Post a Comment