Friday, August 3, 2012

უჩვეულო სიზმარი


ჩვეულად დაიწყო დღე.
მაღვიძარამ 07:25 წუთზე დარეკა. გოდერძიმ გაიღვიძა და 08:05-ზე გადაწია საათი, ხოლო  მეორედ როცა დარეკა ადგა. ჩვეულად ისაუზმა (ყავა და ცარიელი პური); ჩვეულად მოირგო პიჯაკი, რომელიც იმდენი ხანია არ გაუხდია, რომ ალაგ-ალაგ გაცვეთილიც იყო. ჩვეულად განასკვა ჰალსტუხი, რომელიც იმიტომ უფრო ეკეთა, რომ ხაზი გაესვა თავის საქმიანი იმიჯისათვის, თორემ აუცილებლობას ვერც თვითონ ამჩნევდა და ვერც ისინი ვინც გოდერძის ამჩნევდნენ. ჩვეულად დამეშვიდობა თუთიყუშ ნოდარს, ჩვეულად გააღო რკინის კარი, ჩვეულად სამივე გასაღებით დაკეტა და... უჩვეულოდ კიბით გადაწყვიტა ჩასვლა და არა ლიფტით თან თავის თავს კითხა
- მაქსიმუმ 20 წამით გვიან ჩავალ და განა ეს დრო რამეს წყვეტს? – რა თქმა უნდა არაფერს – უპასუხა თვითონვე და გააგრძელა გზა. მეოთხე სართულზე იყო როცა გაიფიქრა დღეს უცნაური დღე მექნება, რადგან კიბით ჩამოვედიო, მაგრამ ცრურწმენების (და საქართველოს ნატოში შესვლის)არ ჯეროდა და ღიღინით გააგრძელა გზა.
კორპუსიდან გავიდა თუ არა მეზობლის ძაღლამ რომელსაც კუდი მხოლოდ იმიტომ ქონდა, რომ გოდერძის დანხვაზე ექიცინებინა, ღრენა დაუწყო. გაუკვირდა, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია – იფიქრა ალბათ მუდამ ბოროტად მომღიმარ სანდროში ავერიეო და ისევ გააგრძელა გზა.
სიგაერტის საყიდლად შეირბინა. შორენას როგორც ყოველთვის გულიანად მიესალმა, ხოლო მუდამ მომღიმარი შორენასგან საოცრად უგულო სალამი მიიღო, ცოტა არ იყოს გაუკვირდა, მაგრამ არ შეიმჩნია.
#33 ავტობუსი მაშინვე მოვიდა. გოდერძიმ როგორც დედამიწის ზურგზე ყველაზე მოწესრიგებულმა მოქალაქემ, ვისაც მოქალაქეობრივი თვითშეგნება ისე ქონდა გამჯდარი, რომ აღდგომას და ახალ წელს, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოა, მაშინაც კი იხდიდა საფასურს, ასვლისთანავე აიღო ბილეთი. მესამე გაჩერებაზე კონტროლიორი ამოვიდა, ავტობუსის ნახევარმა დაუყონებლივ ომი გამოუცხადა, ხოლო გოდერძიმ ამაყად მიაწოდა ბილეთი და ასეთივე სახით გადახედა ყველას რადგან ხალხით გატენილ ავტობუსში ის იყო ერთდაერთი  ვისაც ბილეთი ქონდა.
მალევე მიაწღია სამსახურამდე. მისვლისას ზუსტად სამსახურთან ჩერდებოდა ავტობუსი, ხოლო წამოსვლისას გზის გადაკვეთა უწევდა ხოლმე.
სამსახური, რომელსაც 9 სართულიანი კორპუსის მეექვსე სართულის მხოლოდ 2 ოთახი ეკავა ნამდვილად უყვარდა, რადგან ეს იყო ერთადერთი ადგილი სადაც თუთიყუში ნოდარის გარდა სხვასაც ელაპაკებოდა. სახლში ყოფნა არ უყვარდა. ძულდა მარტოობა, მაგრამ ცოლად არავინ მოყვებოდა (პრინციპში არც არავისათვის ჩამოუხევია კაბის კალთები) და ბოლო ნათესავი 3 წლის წინ დაკრძალა. ნოდარი იყო მისი მესაიდუმლეც (რომელიც არ გააჩნდა, მაგრამ აქ ნოველას მოუხდა ეს სიტყვა -მესაიდუმლე)და ერთადერთი ხმის გამცემი.
სამსახურის საქმეები მალე მოაგვარა. დარჩენილი 3 საათი თავის საყვარელ საქმეს -  კროსვორდების შედგენას მოახმარა, რომელიც მერე თვითონვე დაუბრკოლებლად ამოხსნა, შემდეგ ჩვეულად უთხრა კომპლიმენტი გვერდით  მჯდომ თინიკოს, ჩვეულად დამეშვიდობა დამლაგებელ როზა ბებოს, ჩვეულად შეისწორა ჰალსტუხი, ჩვეულად დაუკრა თავი ყველას, ჩვეულად გააღო კარი და ...უჩვეულოდ ისევ კიბით გადაწყვიტა ჩასვლა თან თავის თავს ისევ კითხა:
- მაქსიმუმ 20 წამით გვიან ჩავალ და განა ეს დრო რამეს წყვეტს? – რა თქმა უნდა არაფერს – უპასუხა თვითონვე და გააგრძელა გზა. როცა გარეთ გავიდა შუქნიშანი წითელს აჩვენებდა, ხოლო წამზომი იტყობინებოდა, რომ 20 წამი კიდევ ეს ფერი იქნებოდა. ამიტომაც თამამად გადაკვეტა გზა ...ერთადერთი მუხრუჭების ხმა გაიგონა და შიშისგან გულწასულს აღარც უგრძვნია როგორ გაისროლა სატვირთო მანქანამ მოპირადპირე მხარეს.
...ოფლში ცურავდა, რომ გამოეღვიძა, მაგრამ ბედნიერი იყო რომ ეს ყველაფერი სიზმარში მოხდა და ცოცხალი იყო.
-    სიზმარი ყოფილა! რა უაზრობაა სიზმარი, ნეტა იმ ხალხის ტვინში ჩამახედა ვისაც სიზმრის ჯერა – თქვა ირონიულად გოდერძიმ.
გაღვიძებულმა ჩვეულად ისაუზმა (ყავა და ცარიელი პური); ჩვეულად მოირგო პიჯაკი, ჩვეულად განასკვა ჰალსტუხი, ჩვეულად დამეშვიდობა თუთიყუშ ნოდარს, ჩვეულად გააღო რკინის კარი, ჩვეულად სამივე გასაღებით დაკეტა და... უჩვეულოდ კიბით გადაწყვიტა ჩასვლა და არა ლიფტით თან თავის თავს კითხა - მაქსიმუმ 20 წამით გვიან ჩავალ და განა ეს დრო რამეს წყვეტს? – რა თქმა უნდა არაფერს – უპასუხა თვითონვე და გააგრძელა გზა.......................

No comments:

Post a Comment