Wednesday, November 5, 2014

წერილი აწ უკვე 3 წლის ნენეს - 06.11.14


3 წლის წინ ამ დღეს მაგრად ბარდნიდა. ყველას უკვირდა ამ დროს თბილისში თოვლი. შენც თოვლთან ერთად მოხვედი, ფიფქივით თეთრი იყავი, მაგრამ ფიფქისაგან განსხვავებით თბილი. პირველად რომ დაგინახე უფრო პასუხისმგებლობა ვიგრძენი ვიდრე სიყვარული, მერე საღამოს დედიკომ მომწერა , იცი რა საყვარელიაო და მივხვდი რომ ვიღაც ძალიან ახლობელზე მელაპარაკებოდა. 3 დღეში უკვე ერთად დავიწყეთ ცხოვრება და მას მერე ვხდებით რომ უერთმანეთოდ არ შეგვიძლია. პირველად რომ გაიარე, ის ნაბიჯები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მომეჩვენა კაცობრიობისათვის ვიდრე ნილ ამსტრონგის მთვარეზე სიარული (ვინ იყო ამსტრონგი გაიზრდები და გაიგებ). პირველად რომ რაღაც ჩაილუღლუღე (მეეჭვება იმას რამე  საერთო ჰქონოდა სიტყვასთან), ორატორის მიერ წაკითხული პოეზიის ნიმუში მეგონა, არადა სულ ვამბობდი ობიექტურობას არ დავკარგავ შვილის შეფასებაში-მეთქი. დავკარგე და თან როგორ....
გულწრფელად ვიტყვი რომ ბევრჯერ მინდოდა კარგად მიმეტყიპე, მაგრამ ძალიან გულისმომკვლელი ტირილი იცი. წინა ტუჩს წინ გამოწევ და ცრემლებს ტყვიამფრქვევივით ისვრი და თან ყველა ცრემლს მიზანში - ჩემ გულში არტყამ, ამიტომ გადაურჩი ბევრჯერ მიტყეპვას.
უკვე გყავს მეგობრები: დეა, მათე, ანასტასია და მახარაშვილი (სახელი არ იცი, რადგან მაყვალა მასწავლებელი მხოლოდ გვარით მიმართავს ხოლმე). გყავს შენი გოგოებიც - ელენე და ბარბარე, რომლებთანც ატარებ დროის უმეტეს ნაწილს. მართალია ეს ორი ”გოგო” მე და გვანცას თვალით არასოდეს გვინახავს, მაგრამ წარმოსახვით გოგოებს იმდენს ელაპარაკები და ეჭორავები, ვთვლი რომ  ოჯახში ხუთი წევრი ვართ (იმედია ამას GWP  არ გაიგებს და წყლის გადასახდას 5 სულზე არ ამოგვიწერს)
ემიჯნები პოლიტიკას, თვლის რომ შენთვის ჯერ ადრეა პოლიტიკური პროცესები. იმდენად ემიჯნები, რომ ალასანიას გადადგომაზე და კოალიციის დაშლაზე კომენტარიც არ გააკეთე.
არ გაქვს CV,  მაგრამ იცი ისეთი უმნიშვნელოვანესი ინფორმაციები, როგორიცაა: გვარი (გოგოლაძე) და სადაურობა (სურამელი).
3 წლის მანძილზე არ შეგიცვლია მომავლის ხედვა, აპირებ კვლავაც გახდე ოლიმპიური ჩემპიონი, ჯერ-ჯერობით ისევ ბატუტზე ხტომაში, მაგრამ შეიმჩნევა დედის მხრიდან ფარული ზეწოლა მხატვრულ ტანვარჯიშზე (არასამთავრობოებს ვთხოვ დაინტერესდნენ ამ ფაქტით).
შენი საყვარელი თამაშია - კუკუ. თამაშის არსი მდგომარეობს შემდეგში, მამიკო ჩაიმუხლება, ნენე შეაჯდება ზურგზე და შტურმანობს. სამწუხაროდ მამიკოს გამო ეს თამაში ძალიან მალე მთავრდება, რაც შენს სამართლიან პროტესტს ივწვეს. მეორე თამაში რომელშიც მამიკოსთან ერთად დედიკოც თამაშობს არის ”შენი გოგოები რას შვებიან?”. ამ დროს გვეკითხები თუ რას შვებიან ჩემი გოგოები და შენ, შენს ელენეზე და ბარბარეზე ყვები, თუ როგორ გაბრაზებენ, როგორ ითხოვენ კევს, მაშინ როცა მათთვის კევი არ შეიძლება, როგორ უნდათ კომპიუტერთან დაჯდომა და როგორ უშლი, როგორ ჭამეს წიწიბურა საკუთარი ხელით და სხვ.
ნენე, მამიკო ამას როცა წაიკითხავ უკვე დიდი გოგო იქნები და ალბათ ბევრს იცინებ კიდეც. შეიძლება თქვა  - გადარეულა მამაჩემი ეს რეები დაუწერიაო, ფარდა აუხდია ჩემი პირადი ცხოვრებისთვისო, მაგრამ ხო იცი რო ძმაკაცები ვართ და ჩვენში მოსულა. მამიკო, მინდა ისეთი გოგო იყო ჩვენ რო ვგეგმავთ ხოლმე. მინდა ყოველ დილით ფანჯარაზე ცხვირების მიდებით ვაცილებდეთ ერთმანეთს და სახლში მოსვლისას ისე გადარეული დამეტაკო როგორც იცი ხოლმე. მინდა შენ კითხვაზე - დღეს რა მომიტანე?! მუდამ ისეთი პასუხი მქონდეს რაც შენ გაგახარებს. მამი, მინდა ძალიან კეთილი იყო და მერე ყველაფერი იქნება.
ბედნიერ დაბადების დღეს გისურვებ <3
ღვთისმშობელი გფარავდეს <3

შენი უფროსი ძმაკაცი ლადო :*

No comments:

Post a Comment