გუბე, რომელსაც მზე შეუყვარდა
წვიმამ
გააჩინა, ალბათ ამიტომ იყო რომ წვიმა დედა ეგონა, თუმცა გაჩენის მერე თვალითაც აღარ
უნახავს...ერთ პატარა ქალაქში ერთ დღეს მაგრად იწვიმა და ერთ ადგილას გუბე გაჩნდა.
ჩვეულებრივი ტალახიანი გუბე იყო. გუბემ, თვალი
რომ გაახილა პირველი რაც დაინახა მზე იყო და შეუყვარდა. მეზობელმა გუბეებმა დასცინეს
- ჩვენ სიყვარული არ შეგვიძლიაო, როგორ არ
შეგვიძლია აი მე მზე მიყვარსო ამტკიცებდა ჯიუტად. ცოტა უცნაური გუბე იყო. შორიდან მანქანა
რომ გამოჩნდებოდა ხოლმე, სხვა გუბეები პანიკას იწყებდნენ, არა მე გადამივლის არა მეო,
მარტო ეს იდგა ჩუმად და მზეს უყურებდა, მგონი მართლა უყვარდა. ერთხელ მზე თვალს მიეფარა
(სხვა გუბეებმა თქვეს შეიძლება ახლა ჩვენი დედიკო წვიმა მოვიდეს, ძალიან კი აინტერესებდა
დედის ნახვა, მაგრამ მზე უფრო უნდოდა) და ისე იდარდა, რომ ლამის დაშრა. მალევე გამოვიდა
მზე და ბედნიერი იყო. უცნაური გუბე იყო, ტალახიც სხვებივით ქონდა, თავკომბალებიც ყავდა,
ჭიაღუებიც და პატარა კენჭებიც, მაგრამ სხვა გუბეებს მაინც არ გავდა, რაღაცნაირად არა
გუბური იყო. მზე უყვრდა, მაგრამ მორიდებული იყო და ვერ უმხელდა, თან მეზობელმა გუბეებმა
ისე დასცინეს, რომ იფიქრა ალაბთ მართლა არ შეიძლება სიყვარული თორემ აგერ 10 დღის გუბეა,
ლამის ყველაფერი აქვს ცხოვრებაში ნანახი და იმას ხომ არ შეეშლებოდაო, მაგრამ მაინც
რომ უყვარდა?! ნატრობდა ნეტა ერთ საღამოს მოვიდეს დედა (დღე არ უნდოდა, დედის მოსვლა,
რადგან მზე აღარ იქნებოდა), რომ უთხრას თავის გასაჭირი, დედა უსათუოდ დაეხმარებოდა,
თან დედა მზესთან ახლოს ცხოვრობს, სულ იქიდნ მოდის ხოლმე და ეგებ იცნობდეს კიდეც?!
მთელი დღეები ამ ფიქრებში იყო. ერთ დღეს გაიღვიძა
და ნახა, რომ დაპატარავებულიყო, თან მარტო თვითონ კი არა სხვებიც. ერთმა გუბემ ნიშნისმოგებით
უთხრა, გადაეცი შენ შეყვარებულ მზეს, რომ ნუ გვაშრობსო. ჩვენ გუბეს კი უხაროდა, ალბათ
მასაც ვუყვარვარ და თავისთან მივყავარ, ერთიანად რომ წამიყვანოს სხვა გუბეებს სალაპარაკო
მიეცემათ და ნელ-ნელა ამიტომ მივყავარო. ყოველდღიურად პატარავდებოდა და ერთ დღესაც
ბედნიერი გაქრა, მის ადგილას ისევ ის ორმო გამოჩნდა, რომელიც წვიმადე იყო. გაქრობამდე
გაუმხელია მეზობლისთვის, მზე დამინახა და თავისთან მივყავარო, მზეს კი ამ დროს ანტარქტიდაზე
ქონია თვალი დადგმული და სხვას ვერაფერსაც ვერ ამჩნევდა.
...უცნაური
გუბე იყო...
No comments:
Post a Comment