მამაჩემი ჩემს დაბადებას გადაჰყვა, როგორც მითხრეს ძალიან უწვალია უბედურს. ერთ დროს თავმომწონე, ისე გაუფასურდა მილიონიც კი არაფრად ვარგოდა. მერე დავიბადე მე. გაჩენისას თოფი გაუსვრიათ, დანამდვილებით ვერ გეტყვით ჩემს გამო ისროლეს თუ არა, მაგრამ ფაქტია რომ მაშინ სულ ისროდნენ.
სახელი ვინ დამარქვა არ ვიცი, მამაჩემს პაპაჩემის სახელი უნდოდა დაერქმია ჩემთვის, მაგრამ ჩემს ნათლიას უთქამს : - ეს ისეთია, ჩონგურის ლარივით იხტუნავებს ზემოთ-ქემოთო და დამარქვეს ლარი. თავიდან კარგად ვიზრდებოდი, იმასაც კი ამბობდნენ ამან თუ ასე გააგრძელა დოლარსაც კი აჯობებსო. მიხაროდა როცა ეს მესმოდა და მოტივაცია მემატებოდა, მაგრამ ერთ დღესაცUწაიფორხილე და ისეთი ვარდნა განვიცადე, რომ ხერხემალი დამიზიანდა. ჩემს პატრონს მსოფლიო ბანკში ვყავდი წაყვანილი, იქ მაგნიტო-ტომოგრაფი გადამიღეს და ასე თქვეს: ეს აწი მხოლოდ ეტლით თუ გადაადგილდება, თორემ დამოუკიდებლად სიარულს ვეღარ შეძლებსო. პატრონმა მითხრა უცხოელ ბიძიებს მოვიყვან, რომლებიც ბერ ფულს დააბანდებენ და შენც ფეხზე დადგებიო. მეც ველოდები.
...”დო” შემზიზღდა. გავიგონებ რომ ვიღაც იტყვის ნეტა ამდენი და ამდენი ლარი მომცაო, გამიხარდება, მნატრობენ-მეთქი, მერე კარგად დავუკირდები და ლარს დო აქვს ხოლმე დამატებული. ვიცი ჩემზე მეტად თქვენ განიცდით ჩემს ასეთ მდგომარეობას, მაგრამ განა ეს რამეს ცვლიის?!
სავალუტო ჯიხურების მანათობელი კურსის მაჩვენებლების დანახვა აღარ მინდა. როგორც თქვენთვის სარკეა, ისეა ისინი ჩემთვის, ვიხედები სარკეში და თავს ვეღარ ვცნობ. ჩემ თავს ვეკითხები ნუთუ მე ის ლარი ვარ, დოლარს რომ ეუბნებოდა - შენ ამოდი ქართველთა ჯიბიდან და მე ჩავალო.
მარტო რომ ვრჩები, საკუთარ თავს ვეკითხები ვინ გამაუბედურა და ჩამაგდო ამ დღეში?! რა უნდოდათ ჩემგან?! ვის რას ვუშავებდი, მაგრამ “კარგია მუდამ მტრიანიო” ხოა ნათქვამი. უბედური მამაჩემიც უგულო ხალხის საქციელმა შეიწირა. ცოტა ხნის წინ ვიღაცამ თავის შვილს, მამაჩემი-კუპონი მისცა და ითამაშეო უთხრა. მერჩივნა სანთლის ალზე დავეწვი ვინმეს და ეს არ მენახა.
ძალიან დამჩაგრა საწუთრომ, საქართველოსთვის რომ გამიმეტა. რა იქნებდოა გავჩენილიყავი ქუვეითში ან გნებავთ ავსტრალიაში...ყელგან საქართველოს გარდა. იქ სადაც ჩემნარებს პატივს სცემენ და რიდით ეპყრობიან. ძველ ლათინებს უთქვამთ ქალს და ლარს ორივეს ერთნაირი სითბო და გაფრთხილება სჭირდებათო. ეს ქართველები კი ლათინური გამოთქმებიდან მხოლოდ ერთს აღიარებენ – ღვინოშია ჭეშმარიტებაო და ისე უდიერად მეპყრობიან გული მტკივა, არადა სანამ მიშოვნიან ისე ნატრობენ ნეტა მქონდეს, ნეტა მქონდესო, რომ მეც მინდება ხოლმე მაგათთან ყოფნა, მივალ და...
ყოველდღიურად დაბლა-დაბლა მივიწევ. მგონი სიკვდილი მოდის და მეც მაგიტომ მექაჩება მიწისკენ (ევრო ალბათ ცხონდება, რადგან სულ ზევით-ზევით მიდის)
მამაჩემს მამინაცვალი ყოლია მანეთს ეძახდნენ. მაგარი ვინმე ყოფილა, სანამ ცოცხალი იყო დოლარსაც კი არ აჭაჭანებდაო ამბობენ. აბა ის ყოფილა კაცი თუ ყოფილა, თორემ მე მარტო რუსულ რუბლს და სომხურ დრამს თუ ვიბრიყვებ, სხვა ყველა ზევიდან მიყურებს.
შიშით ვუყურებ ხვალინდელ დღეს, ისიც კი არ ვიცი დანამდვილებით ხვალ ვიქნები თუ არა, თუ ასე ვიყავი როგორც დღეს ვარ ნამდვილად ვეღარ გავუძლებ და თავს რამეს მოვუწევ და ზეცურ სავალუტო ბირჟაზე შევხვდები მამიკოს და პაპას, პაპას, რომელზეც დღემდე ლეგენდები დადის.
No comments:
Post a Comment