Friday, February 28, 2014

ამბავი იმისა თუ როგორ დავამთავრე უმაღლესი :)

2003 წელს, საქართველოში ”ვარდების რევოლუციის” გარდა სხვა მნიშვნელოვანი მოვლენაც მოხდა. სტუდენტი გავხდი. ჩემი ბედი 4 წლით დავუკავშირე სოხუმის უნივერსიტეტს (საბედნიეროდ ჯვარი არ დაგვიწერია და განშორებაც იოლად მოხდა).რომ ვთქვა ”ვბდღვნიდი” ისეთი სტუდენტი ვიყავი-მეთქი ტყუილი იქნება, თუმცა კარგ სტუდენტად ვითვლებოდი (დაახლოებით კრესპო, რომ იყო ”მილანში” შევჩენკოს დროს ეგეთ ვარიანტში). როცა სტუდენტი გვხდი, გამოცდები შეფასების 5 ბალიანი სისტემა იყო და კრედიტები არ არსებობდა (ეგ მერე მასონებმა შემოიღეს. kredit -  ძველ ეგვიპტურად ნიშნავს ჯორჯ სოროსს ). 2005 წელს ავიღე აკადემიური და შესაბამისად 2006 წელს გავაგრძელე სწავლა, როცა უკვე კრედიტებით ფასდებოდა სტუდენტური მიღწევები. დავდიოდი სისტემატურად, არ ვშლიდი ლექციებს და ლექტორთა ნერვებს და მორჩილად ველოდი სწავლის დასრულების თარიღს. 2007 წლის ნოემბერში თითქმის 1 თვე გამიცდა, ჰოდა დეკემბერში წავედი შუალედური გამოცდა უნდა მეწერა და ლექტორმა, რომ დამინახა გაოცდა და მკითხა:
- გოგოლაძე, ძალიან მოეგნატრეთ რომ გვიკადრე?
- ქალბატონო მანანა, გარკვეულ მიზეზთა გამო ვერ დავდიოდი-მეთქი - და ავუხსენი თუ რატომაც ვერ დავდიოდი
- არა, შვილო იმაზე კი არ გეუბნები რატომ არ დადიოდი, უბრალოდ შენ უკვე დაამთავრე და რაღატო მოხვედი?!
ბუნებრივად ამიტყდა სიცილი, რაზეც ქალბატონი მანანა გაცოფდა (თუ ვინმე მეტყვის, რომ ასეთ სიტუაციაში არ გაეცინება მგელი ყოფილა). მე ავუხსენი თუ რატომ ვიცინოდი და დამშვიდდა (ბავშვობაშია ”ვალერიანს” მეძახდნენ).
ჩემი სწავლის დასრულების მიზეზი აღმოჩნდა შემდეგი  -  თურმე პირველ კურსზე ნასწავლი საგნები გადაუყვანიათ კრედიტებში და იმდენი აღმოჩნდა, რომ შუა სემესტრში დასრულებისთვის საჭირო რაოდენობას გადავაჭარბე:))
პ.ს. ოჯახს მაისის ბოლომდე სტუდენტი ვეგონე :))) ივნისში საზეიმოდ ჩავიტანე ჩემი დიპლომი, რომლის ყდა 8 ლარი ღირდა და ყდაზე რომ უარი განვაცხადე ყურშუ შუილად ჩამესმა ხმა - ”რა ძუნწი ახალგაზრდობა მოდის, ჩვენ დროს უყდო დიპლომს ვინ წაიღებდა”

აი, ასე გავხდი სოციალურ-ჰუმანიტარულ მეცნიერებათა (სპეც. პოლიტოლოგია) ბაკალავრი.

Monday, February 24, 2014

შენ მართალი ხარ!

- სოსოს ხელი გვჭირდება
- ჰო, თორემ დანაშაულის ჩადენის შიში აღარ აქვს ბავშვებს...
ავტობუსში გაგონილი ეს დიალოგი, რომელშიც სტალინს მონატრებული ორი ხანდაზმული იღებდა

მონაწილეობას, არაა გამონაკლისი იმ საერთოდ სურათისა რაც საზოგადოებაშია, უბრალოდ ისინი ვინც "სოსოს" ვერ მოესწრნენ, "სოსოს" მაგივრად კანონის გამკაცრებას მოითხოვენ, თუმცა არის მკაცრი კანონი პანაცეა?! განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე არასრულწოვანს ეხება.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ, საქართველოში ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობა იყო გამოცხადებული ყველა სახის დანაშაულზე, შედეგად მივიღეთ გადავსებული ციხეები და არასრულწლოვანი პატიმრები, რომლებმაც მართალია დანაშაული ჩაიდინეს, მაგრამ იმდენად მცირე, რომ მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაშვება არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენდა. საბედნიეროდ, დღეს ნულოვანი ტოლერანტობა აღარაა და არც ყველა სახის დანაშაულზე დაკავებული 18-წლამდე მოქალაქე არაა განწირული დაპატიმრებისათვის, თუმცა არც პატიმრობაა არაა ცხოვრების დასრულება, მაგრამ ამაზე ოდნავ ქვემოთ.
სახელმწიფოს თვითმიზანი ადამიანის დაპატიმრება არ უნდა იყოს, პირიქით სახელმწიფომ ყველანაირად უნდა შეუწყოს ხელი, რომ მოქალაქე საპატიმრო დაწესებულებაში არ მოხვდეს, მით უფრო თუ ეს მოქალაქე არასრუწლოვანია. სამწუხაროა რეალობაა, მაგრამ ქართველებს ე.წ. "სტიგმებისადმი" მიდრეკილება გვაქვს და რაგინდარა იარლიყს ისე იოალდ მივაკერებთ ხოლმე ადამიანს, რომ საერთოდ არ გვიჩნდება დანაშაულის განცდა. არასრულწლოვანია, რომელიც საპატირმოს ტოვებს საზოგადოების გარკვეული ნაწილისითვის "ნაციხარია" და მასთან ურთიერთობას გაურბის (მაშინ როცა არავინაა პატირმობისაგან დაზღვეული). სახელმწიფოს უმთავრესი მიზანი სწორედ ის უნდა იყოს, რომ ასეთი ადამიანის ცნობიერემადე დაიყვანოს შემდეგი: მოქალქე, რომელიც გარკვეული თუ გაურკვევლი მიზეზთა გამო ციხეში მოხვდა არაა საშიში, მეტიც მან შეიძლება იმაზე ბევრად მეტი სარგებელი მოუტანოს საზოგადოებას, ვიდრე ნებისმიერი საჯარო სკოლის ნებისმიერმა პედაგოგმა. მთავარია ასეთ ადამიანებთან სწორად მუშაობა. არის კიდევ ერთი დიდი პრობლემაც, არც თუ იშვიათ შემთხვევაში ნასამართლევ პირს თვითონ რცხვენია საკუთარი წასრულის აღიარების და ეს მასში გარკვეულ კომპლექსებს აჩენს (ამაში უმთავრესად სწორედ საზოგადოებაა დამნაშავე, რადგან ასეთ პირთან ურთიერთობას გაურბის). განსაკუთრებით სიმზაფრით ეს პრობლემა არასრულწოვანებთან მიმართებაში დგას, რადგან მათ ციხეში ყოფნის პერიოდში ვერ მიიღეს შესაბამისი განათლება, რაც შემდგომში მათ დასაქმებას ართულებს. კარგია, რომ სახელმწიფომ ამ კუთხით დაიწყო მუშაობა და ასეთი ადამიანებისთვის ამოქმედდა სპეციალური პროგრამები, სადაც მათ გარკვეული ხელობის დაუფლების საშუალება აქვთ, რომელსაც შემდგომ გამოიყენებენ. კარგი იქნება თუ სახელმწიფო იმ კომპანიებს წაახალისებს ვინც ასეთ ადამიანებს დაასაქმებს. ამით მსურველი კომპანიების რიცხვი გაიზრდება, რითაც სასჯელის მოხდის შემდეგ არასრულწლოვანთა დასაქმების პრობლემა გარკვეულწილად გადაიჭრება. არასრლწლოვანი პატიმარს ეცოდინება, რომ შესაძლოა ცხოვრება ჩვეულებრივ გაგრძელდეს და რაც მას მისცემს ცხოვრების სტიმულს და სასჯელის მოხდის შემდეგ არ მივიღებთ ცხოვრებაზე ხელჩაქნეულ, დემორალიზირებულ ახალგაზრდას. აუცილებელია არასრულწლოვნებთან მიმართებაში კანონის ლიბერალიზაციაც, რადგან მეზობლის ბაღში მსხლის ან ორი ბოთლი ლიმონათის მოპარვის გამო არასრულწლოვანი ციხეში არ უნდა მიდიოდეს. სასიხარულოა, რომ სახელმწიფომ ამ კუთხითაც დაიწყო მუშაობა და უკვე აქტიურად მიმდინარეობს ე.წ. განრიდების პროგრამა, სადაც მონაწილეობას იღებს ის ადამიანი, რომელმაც კანონი დაარღვია და ის თანახმაა, რომ დაზარალებულის სასარგებლო საქმე აკეთოს, სამაგიეროდ მას არ ექნება ნასამართლეობა. პრაქტიკიდან ჩანს, რომ ამ მეთოდმა გაამართლა, რადგან დაახლოებით 500-მდე ადამიანმა უკვე ისარგებლა ამ პროგრამით.

პატირმობა, მხოლოდ უკიდურესი ფორმა უნდა იყოს და მაშინაც არასრულწლოვანს ყველანაირი პირობა უნდა შეექმნას სწორად განვითარებისათვის, რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი.
განვითარებულ საზოგადოებაში ძალიან მნიშვნელოვანია დანაშაულის პრევენცია. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სოც. ჯგუფების შექმნა, რომლებიც დანაშაულისკენ მიდრეკილი მოზარდების პრობლემებზე იმუშავებენ. მაქსიმალურად უნდა მოხდეს ასეთი  ბავშვების ჩართულობა სხვადასხვა აქტივობებში, რათა მათი მიდრეკილება დანაშაულისაკენ დავძლიოთ. როგორც წესი ასეთი ბავშვები გარკვეულ წრეში არიან ჩაკეტილი, ხოლო ეს აქტივობები მათ საშუალება მისცემს ,რომ საზოგადოებასთან ინტეგრაცია მოახდინონ.
მიუხედავად სახელმიფოს მიერ ჩატარებული ღონისძიებებისა პატიმრები მაინც იქნებიან ამიტომ უმთავრესი მაინც საზოგადოების ცნოებიერების ამაღლებაა. ამისთვის უნდა მოხდეს აგრესიული სარეკლამო კამპანიის წარმოება, რომელშიც ჩართული იქნებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და ის არასრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებმაც სასჯელი მოიხადეს და უკვე საზოგადეობასთან სრულად ინტეგრირებული არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში პატიმრობა გარდა იმისა, რომ აღიქმევა როგორც სასჯელი დანაშულის გამო, პატიმარში გამოიწვევს ასოციაციას, რომ სასჯელის მოიხდის შემდეგ მას ბუნდოვანი მომავალი აქვს (სწორედ ესაა ერთ-ერთი მთვარი მიზეზი იმისა, რომ არასრულწლოვნები, რომლებიც საპატიმროს ტოვებენ, ცდილობენ მაქსიმალურად სწრაფად წავიდნენ უცხო ქვეყანაში, მოტივი მარტივია: მათ ჰგონიათ რომ იქ იოლად იშოვნიან სამსახურს და მთავარი - იქ არავინ იცის მათი წარსული).
მოზარდის ფსიქიკა ძალიან მგრძნობიარედ რეაგირებს ყველაფერზე, განსაკუთრებით თუ ეს მის პირად ღირსებას ეხება, ამიტომ სანამ ვინმეს, საზოგადოებიდან გარიყვის განაჩენს გამოვუტანთ იქნებ ჯობს დაფიქრება, რომ ხვალ შესაძლოა ჩვენი უახლოესი ადამიანი იყოს მის ადგილას.
ცხოვრება, ცხოვრების ყველა ეტაპზე გრძელდება მთავარია საქმისადმი სწორად მიდგომა, "სოსოსადმი" ნოსტალგიის დავიწყება და რაც მთავარია გათავისება, რომ ციხე დამღა არაა!!!

ბლოგი მომზადდა, არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა"-ს პროექტის - "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთის ეროვნული უმცირესობის თემებში"  ფარგლებში

Friday, February 21, 2014

9 წელი-9 ვერსია


რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ უკრაინულ არხზე, საქართელოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირი ჩართვისას განცახადა: ”არცერთი ხელისუფლება იმად არ ღირს, რომ ჩაებღაუჭო”, მაშინ მივხვდი რატომ იყო 2012 წელს წინა საარჩევნო პერიოდი აგრერიგად მშვიდი, მაშინ მივხვდი რატომ არ ცდილობდა ხელისუფლება ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინებას და დაპატიმრებას და საერთოდაც, მაშინ ბევრ რამეს მივხვდი...
არსებობს 9 ვერსია (სავარაუდოდ 9 წლის გამოძახილია ეს ცხრა), თუ რატომ გააკეთა სააკაშვილმ ეს განცხადება
ვერისა #1
Lფსიქოლოგიაში არსებობს ცნება მოკლევადიანი მეხსიერება, როდესაც ადამიანს მხოლოდ უახლოესი წარსული ახსოვს. მგონი სააკაშვილი სწორედ ასეთი მეხსიერებით იტანჯება და მისვთის დილასთან ერთად იწყება ცხოვრება, გუშინდელი დღე უბრალოდ აღარ ახსოვს, თორემ სააკაშვილი არც ისე უნამუსო მგონია, რომ ეს განცხადება გულწრფელად გაეკეთებინა
ვერისა #2
 ქალაქების დაგემარებისგან და “ვეფხისტყაოსნისგან” განსხვავებით, სააკაშვილი ტექნიკის მიღწევების ზედმიწევნითი ცოდნით არასოდეს გამოირჩეოდა (სავარაუდოდ მხოლოდ მოყვარულის დონეზე უნდა იცოდეს), ამიტომ მან როდესაც ეს თქვა იფიქრა, უკრაინა საქართველოდან იმდენად შორსაა, რომ ჩვენ ვერ გავიგონებდით, თორემ სააკაშვილი არც ისე უნამუსო მგონია, რომ ეს განცხადება გულწრფელად გაეკეთებინა
ვერსია #3
მეცნიერები ამბობენ, რომ დედამიწაზე ორადორი ერის შვილი შეიძლება ნოსტალგიით დაიღუპოს: ქართველები და იაპონელები. შესაძლოა სწორედ ნოსტალგიამ შემოუტია და იმდენად დეპრესიაშია, რომ რას ლაპარაკობს ვეღარ აკონტროლებს თორემ სააკაშვილი არც ისე უნამუსო მგონია, რომ ეს განცხადება გულწრფელად გაეკეთებინა
მეოთხე #4
სააკაშვილს ჰგონია, რომ ის მეთოდები რასაც მისი ხელისუფლება მიმართავდა ოპოზიციის წინააღმდეგ იყო ძალიან სწორი, რადგან ოპოზიციას ყოველთვის რუსეთი და პუტინი აფინანსებდა (სააკაშვილოლოგები ამბობენ, რომ დღემდე ჰგონია, სწორედ პუტინის ფულმა დაამარცხა და არა ქართველმა ამომრჩეველმა), ხოლო მათ წინააღმდეგ ყველაფერი დასაშვებია და სწორედ ამიტომ ებღაუჭებოდა სკამს, თორემ სააკაშვილი არც ისე უნამუსო მგონია, რომ ეს განცხადება გულწრფელად გაეკეთებინა
ვერსი #5
ეს ვერსია ნაკლებად დამაჯერებელია, თუმცა ისევე როგორც სხვა ყველას ამასაც აქვს არსებობის უფლება. ის რაც ჩვენ ვნახეთ იყო ფალსიფიკაცია, თავი რაც ჩანდა მართლაც ეკუთვნოდა სააკაშვილს, ხოლო ტანი სხვისი იყო, თორემ სააკაშვილი არც ისე უნამუსო მგონია, რომ ეს განცხადება გულწრფელად გაეკეთებინა
ვერსია #6
სააკაშვილი წინა ცხოვრებაში იყო მოხუცი (ზოგი ამბობს, რომ ზღვა იყოო), რომელიც მუდამ თევზაობდა. ერთხელაც პატარა ბავშვი ყავდა წაყვანილი, როდესაც დიდი თევზი მოედო ანკესს, ის რომ ჩაბღაუჭებოდა ანკესს,ნავი გადაყირავდებოდა და ბაშვი დაიხრჩობოდა, სწორედ აქედან ვერ იტანს ვერანარ ჩაბღაუჭებას, თორემ სააკაშვილი არც ისე უნამუსო მგონია, რომ ეს განცხადება გულწრფელად გაეკეთებინა
ვერსია #7
ეს განცხადება გააკეთა სააკაშვილის ორეულმა, რომელიც სამსახურში ახალი აყვანილია და არ იცის სააკაშვილის მიდრეკილება ხელისუფლებისადმი, თორემ სააკაშვილი არც ისე უნამუსო მგონია, რომ ეს განცხადება გულწრფელად გაეკეთებინა
ვერსია #8
სააკაშვილმა ეს განცხადება სპეციალურად გააკეთა. აინტერესებდა ამ თემას ბლოგს თუ მივუძღვნიდი, უხეშად რომ ვთქვათ პროვოკაციაზე წამოვიდა და ფაქტი სახეზეა, რომ ანკესზე წამომაგო(შესაძლოა, მე მაქვს განდიდების მანია და ვფიქრობ, რომ სააკაშვილმა იცის ჩემი არსებობა), თორემ სააკაშვილი არც ისე უნამუსო მგონია, რომ ეს განცხადება გულწრფელად გაეკეთებინა
ვერსია #9
სააკაშვილი უნამოსოა და ეს განცახდება იმიტომ გააკეთა

Wednesday, February 5, 2014

გაუფასურებული ლარის მონოლოგი


მამაჩემი ჩემს დაბადებას გადაჰყვა, როგორც მითხრეს ძალიან უწვალია უბედურს. ერთ დროს თავმომწონე, ისე გაუფასურდა მილიონიც კი არაფრად ვარგოდა. მერე დავიბადე მე. გაჩენისას თოფი გაუსვრიათ, დანამდვილებით ვერ გეტყვით ჩემს გამო ისროლეს თუ არა, მაგრამ ფაქტია რომ მაშინ სულ ისროდნენ.
სახელი ვინ დამარქვა არ ვიცი, მამაჩემს პაპაჩემის სახელი უნდოდა დაერქმია ჩემთვის, მაგრამ ჩემს ნათლიას უთქამს : - ეს ისეთია, ჩონგურის ლარივით იხტუნავებს ზემოთ-ქემოთო და დამარქვეს ლარი. თავიდან კარგად ვიზრდებოდი, იმასაც კი ამბობდნენ ამან თუ ასე გააგრძელა დოლარსაც კი აჯობებსო. მიხაროდა როცა ეს მესმოდა და მოტივაცია მემატებოდა, მაგრამ ერთ დღესაცUწაიფორხილე და ისეთი ვარდნა განვიცადე, რომ ხერხემალი დამიზიანდა. ჩემს პატრონს მსოფლიო ბანკში ვყავდი წაყვანილი, იქ მაგნიტო-ტომოგრაფი გადამიღეს და ასე თქვეს: ეს აწი მხოლოდ ეტლით თუ გადაადგილდება, თორემ დამოუკიდებლად სიარულს ვეღარ შეძლებსო. პატრონმა მითხრა უცხოელ ბიძიებს მოვიყვან, რომლებიც ბერ ფულს დააბანდებენ და შენც ფეხზე დადგებიო. მეც ველოდები.
...”დო” შემზიზღდა. გავიგონებ რომ ვიღაც იტყვის ნეტა ამდენი და ამდენი ლარი მომცაო, გამიხარდება, მნატრობენ-მეთქი, მერე კარგად დავუკირდები და ლარს დო აქვს ხოლმე დამატებული. ვიცი ჩემზე მეტად თქვენ განიცდით ჩემს ასეთ მდგომარეობას, მაგრამ განა ეს რამეს ცვლიის?!
სავალუტო ჯიხურების მანათობელი კურსის მაჩვენებლების დანახვა აღარ მინდა. როგორც თქვენთვის სარკეა, ისეა ისინი ჩემთვის, ვიხედები სარკეში და თავს ვეღარ ვცნობ. ჩემ თავს ვეკითხები ნუთუ მე ის ლარი ვარ, დოლარს რომ ეუბნებოდა  -  შენ ამოდი ქართველთა ჯიბიდან და მე ჩავალო.
მარტო რომ ვრჩები, საკუთარ თავს ვეკითხები ვინ გამაუბედურა და ჩამაგდო ამ დღეში?! რა უნდოდათ ჩემგან?! ვის რას ვუშავებდი, მაგრამ “კარგია მუდამ მტრიანიო” ხოა ნათქვამი. უბედური მამაჩემიც უგულო ხალხის საქციელმა შეიწირა. ცოტა ხნის წინ ვიღაცამ თავის შვილს, მამაჩემი-კუპონი მისცა და ითამაშეო უთხრა. მერჩივნა სანთლის ალზე დავეწვი ვინმეს და ეს არ მენახა.
ძალიან დამჩაგრა საწუთრომ, საქართველოსთვის რომ გამიმეტა. რა იქნებდოა გავჩენილიყავი ქუვეითში ან გნებავთ ავსტრალიაში...ყელგან საქართველოს გარდა. იქ სადაც ჩემნარებს პატივს სცემენ და რიდით ეპყრობიან. ძველ ლათინებს უთქვამთ ქალს და ლარს ორივეს ერთნაირი სითბო და გაფრთხილება სჭირდებათო. ეს ქართველები კი ლათინური გამოთქმებიდან მხოლოდ ერთს აღიარებენ – ღვინოშია ჭეშმარიტებაო და ისე უდიერად მეპყრობიან გული მტკივა, არადა სანამ მიშოვნიან ისე ნატრობენ ნეტა მქონდეს, ნეტა მქონდესო, რომ მეც მინდება ხოლმე მაგათთან ყოფნა, მივალ და...
ყოველდღიურად დაბლა-დაბლა მივიწევ. მგონი სიკვდილი მოდის და მეც მაგიტომ მექაჩება მიწისკენ (ევრო ალბათ ცხონდება, რადგან სულ ზევით-ზევით მიდის)
მამაჩემს მამინაცვალი ყოლია მანეთს ეძახდნენ. მაგარი ვინმე ყოფილა, სანამ ცოცხალი იყო დოლარსაც კი არ აჭაჭანებდაო ამბობენ. აბა ის ყოფილა კაცი თუ ყოფილა, თორემ მე მარტო რუსულ რუბლს და სომხურ დრამს თუ ვიბრიყვებ, სხვა ყველა ზევიდან მიყურებს.
შიშით ვუყურებ ხვალინდელ დღეს, ისიც კი არ ვიცი დანამდვილებით ხვალ ვიქნები თუ არა, თუ ასე ვიყავი როგორც დღეს ვარ ნამდვილად ვეღარ გავუძლებ და თავს რამეს მოვუწევ და ზეცურ სავალუტო ბირჟაზე შევხვდები მამიკოს და პაპას, პაპას, რომელზეც დღემდე ლეგენდები დადის.