Sunday, November 4, 2012

მეცხვარეები



-მამუკა, მარჯვნიდან დაუხვდი მგონი 3 უნდა იყვნენ.
- ნუ, გეშინია მგელიკ, მე და ”ბომბორა” 3 მგელს კი არა მთელ სამგლეთს არ შემოვუშვებთ - გასძახა მამუკამ თან ”ბობმორას” მოეფერა და და ბაბუის დანატოვარი ”ижи” ფეხზე შეაყენა.
- ბიჭო, ლევანა შენსკენ რა ხდება ხო სიმშვიდეა - ვერ ისვენებდე მეცხავრეებში ასაკით ყველაზე უფროსი მგელიკა.
- კიი მგელიკ. სიმშვიდეა. 2 მგელი უკვე გავუშვი მოუსავლეთში და 3 მეხვეწება ჩვენც გაგვაყოლეო, მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ - ჩვეული იუმორით გასძახა ლევანამ.
- მგელიკ, 1 თვეა აქ ვართ და აქამდე არც გამოჩენილან ახლა რა ჭირი ეტაკათ ამდენმა ერთად რომ შემოგვიტია?! - გაკვირვებული ეკითხებოდა მამუკა გამოცდილ მეცხავრეს
- მამუკ, გახსოვს ისტორიის მასწავლებელი რომ გავსწავლიდა: მაჰმადიანებმა დავითის სიძლიერე რომ გაიგეს ყველა ერთად შეგროვდა და ისე შემოუტია საქართველოსო. ალბათ მგლებმაც გაიგეს, შენ რომ იყავი და სანამ ყველა არ მოგროვდა, არ შემოგვიტიეს - იცინოდა ლევანა თან თოფში ვაზნებს აწყობდა.
არც თუ ისე უთანასწორო ბრძოლა მზის ამოსვლამდე გაგრძელდა. მზისგან განათებულ მდელოზე, ცხვრისათვის შემოღობილ ადგილას გამაგრებული მეცხვარებს ასეთი სურათი გადაეშალათ: 10-მდე მკვდარი მგელი ეგდო, რამდენიმე უკვე გამოღრნათ მოშიებულ თანამოძმეებს. ”ბომბორა” და ”მგელია”. ორთაბრძოლისგან მთლიანად სისხლში იყვნენ ამოსვრილები. მგელიკამ პირველი რაც გააკეთა ცხვარი გადათვალა. მამუკა და ლევანა შიშით უყურებდნენ რას იტყოდა. მგელიკას სახეზე ღიმილმა გადურბინა:
- ბიჯოო, 20 წელია ცხვარში ვარ, რამდენჯერ შემოვარდნილა მგელი და ზოგჯერ 10, ზოგჯერაც 3-4 ცხვარი მაინც დაგვიკარგავს, მაგრამ ასეთი არაფერი მინახავს. ერთი ციკანიც ვერ წაგვართვეს.
- ასეთი ამბავის არ აღნიშვნა არ გამოგვადგება - ფრთხილად შეაპარა მამუკამ თან სახელდახელოდ აშენებული საკუჭნაოსკენ გააპარა, თვალი სადაც კარგა ბლომად ჟიპიტაური ეგულებოდა.
- კარგი აზრია, ცოტა დავისვენებთ, თან ერთი კარგი ქეიფიც არ გვაწყენდა - დაეთანხმა მგელიკა
ლევანამ ერთ ცხვარს, რომელიც ბოლო დღეები მოფუზულად გამოიყურებოდა უცბად გამოჭრა ყელი, გაატყავა და სამწავდეც ბლომად ააჭრა. მამუკამ ცომეული ითავა და ცხვრის ყველისგან ისეთი ხაჭაპურები დაცხო ბევრის მნახველი მგელიკაც გაკვირვა. არც მგელიკა მჯდარა უქმად. კარგა ბლომად ჩაშუშული გააკეთა. ნაღვედალში ერთ-ორი კარტოფილიც შეწვეს, ღმერთს მადლობა შესწირეს და ქეიფიც გააჩაღეს. სუფრას მგელიკა უძღვებოდა.მოსაგონარი მოიგონეს; საოცნებოზე იოცნებეს; სატკივარი გაუზიარეს ერთმანეთს. მგელიკა შეპირდა ლევანას, რომ ჩავიდოდნენ თუ არა ბათირასთან მიყვებოდა, გოგოს ხელის სათხოვნლად. სამშობლოს სადღეგრძელო ფეხზე ადგომით დალიეს. იმღერეს და იცეკვეს კიდეც.ნელ-ნელა დაბნელდა. ნავთის ლამპები აანტეს და ლამპის შუქზე გააგრძელეს დროსტარება. მამუკა ყველაზე მეტად იყო გახარებული იყო, ცოტა საქმე ხო არაა ამ ერთ წამოსვალზე 20 ცხვარი რჩებოდა. მომავალ წელს უკვე საკუთარ პატარა ფარას უნდა დგომოდა ყარაულად. ნელ-ნელა თავისი საქმე გააკეთა ჟიპიტაურმა. კარგა გავრიანად დათვრნენ მეცხავრეები. არც ერთს არ უფიქრია საწოლამდე მისვლა. იქვე გაიფინიეს ნადმები და მიიძინეს.
ღამე არც ”ბომბორას” და არც ”მგელიას” ყეფა არ გაუგიათ. არც მათი წკმუტუნი და შემდეგ გაჩუმება. არც ცხვრების ყაყანს გაუღვიძებია არც ერთი. ერთადერთი დილით ამოულმა მზის სხივმა შეძლო მგელიკას გამოფხიზლება. მაშინვე ფეხზე წამოხტა და ბიჭებიც გააღვიძა. კარგ ხასიათზე იყვნენ ნაბახუსევები.  მგელიკა მაშინვე გავიდა გარეთ. ბიჭები ისხდნენ და ცივ ხაჭაპურს შეექცეოდნენ.
- სად დაიკარგა ის კაცი ნეტა? - გაკვირვებით თქვა მამუკამ თან ხაჭაპური მოკბიჩა
- ხო იცი, როგორ უყვარს ცხვრის გადათვლა. დაითვლის და მოვა.
ამ დროს კარებში მგელიკას ჩრდილი გამოჩნდა, რომელსაც მგელიკას აჩრდილი მოყვა.
- რა იყო მგელიკ რა მოხდა? - ერთხმად კითხეს ლევანამ და მამუკამ
- მოუპარავთ...ყველა....
- ეე, იმ მგლებს რაღას ვერჩოდით. ეჭამათ და წავიდოდნენ - გახუმრება ცადა ლევანამ, მაგრამ მიხვდა ახლა იუმორი უადგილი იყო და გაჩუმდა.
...საკუჭანოსთან რომ გაგევლო მხოლოდ ტირილს ხმას გაიგონებდით. მე არ გამივლია, მაგრამ გული მიგრძნობს ასე იქნებოდა. განა ცხვარზე იტირებდნენ ხევსურები, არაა. ადამის გამგელებულ მოდგმას დაიტირებდნენ.

No comments:

Post a Comment