Friday, April 29, 2016

ქეთინო


მსოფლიოში არ არსებობს დასახლებული პუნქტი, რომელსაც თავის კოლორიტი არ ჰყავს. ეს კოლორიტები, ზოგჯერ ვიწრო, ლოკალური მნიშვნელობის ადამიანები არიან, ზოგჯერაც ბევრად ცდებიან საცხოვრებელი ადგილის ფარგლებს. სურამი განებივრებული იყო კოლოროტებით, თუმცა ერთი ყველასგან გამორჩეული იყო, რომელსაც სხვებისაგან უამრავი თვისება გამოარცევდა, როგორც ყველა კოლორიტს მასაც დიდებული იუმორის გრძნობა ჰქონდა, თუმცა მაინც სხვა იყო. სხვა ეშხი ჰქონდა, სხვანაირად უყვარდა სურამი და სურამსაც სხვანიარად უყვარდა ის. მას ქეთინო ერქვა, ქეთინო და მორჩა. აღარა საჭირო არც გვარი, არც სახლის მისამართი. იტყვი ქეთინოს და ცხადია ვის გულისხმობ. სურამში მცხოვრება თუ ვერ გიპასუხა ვინაა ქეთინო ან ძალიან პატარაა ან სურამლობას იბრალებს, სხვანაირად წარმოუდგენელია ქეთინო არ იცოდეს. ადამიანი, რომელმაც მხოლოდ სიყვარული დატოვა, გულწრფელი სიყვარული. ზემოთ დავწერე რომ სურამი კოლორიტებით განებივრებული იყო და ამ დიდი კოჰორტაში, რომ გამორჩეულად მოგიხსენებენ ესე იგი მართლა სხვა ხარ. მხოლოდ ქეთინო თუ შეძლებდა ადამიანებისთვის ასე შეეყვარებინა თავი. მეტიც, ყველა სურამელი ცდილობს რომ მინიმუმ ერთი ამბავი მაინც გაიხსენოს სადაც ქეთინოც იქნება მონაწილე პირი (ალბათ უფრო მთავარი მოქმედი, რადგან ქეთინო მეორე არასოდეს ყოფილა), რადგან ქეთინოს, თუ იცნობდი ერთგვარი პრესტიჟია      .ქეთინოს ალბომი 
ცოტა ხნის წინა მამაჩემმა ასეთი იდეა გამიმხილა - სურამში, კინოსწინ პატარა ქანდაკება - ქეთინო, ზურიკო დოლიძე, პანტელოზა და ჰეიდარა. ადამიანები რომლებმა სურამს უამრავი ლამაზი წუთი აჩქუეს. პატარა სკამზე მჯდარი ოთხეული, ისე როგორც მუდამ ისხდნენ ხოლმე. ქეთინო ორივე მუხლზე ხელებ დაყრდნობილი, ზურიკო (გენერალი) ფეხზე შემოდებული ფეხით, პანტელოზაც და ჰეიდარა ჩვეულად, უბრალოდ. იშვიათი იქნება ასეთი მეტყველი ქანდაკება. ყველას გაახსენდება ამ ბიჭების საოცარი ხუმრობები, რომლის  მსხვერპლი ბევრი გამხდარა და ბევრსაც უოცნებია მსხვერპლობაზე, რადგან ამ ხალხთან ურთიერთბის საშუალება ჰქონოდა.   ქეთინოს იუბილეს მიძღვნილი გაზეთი - ქეთოს პალიტრა
მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა რომ ფეხბურთიდან გაეცილებინათ ადამიანი, რომელსაც ფეხბურთი არასოდეს უთამაშია. ეს სურამში მოხდა და დიდი ფეხბურთიდან ქეთინო გააცილეს. ეს  იყო უდიდებულესი სპექტაკლი,რომელსაც არ ჰყოლია ერთი რეჟისორი. ამ სპექტაკლის რეჟისორი ის სიყვარული იყო, რომელიც ყველას გააჩნდა ქეთინოსადმი . ბუნებრივია, მთავარი აქაც ქეთინოდ გახლდათ, რომელმაც ბოლომდე გაითავისა ვარსკვალვის ამპლუა, რომელსაც დიდი ფეხბურთიდან აცილებენ, თუმცა ის ძალიან თავმდაბალი ვარსკვლავი იყო. სიცოცხლის ბოლომდე ასეთი დარჩა, უწყინარი, კეთილი და ადამიანებზე უზომოდ შეყვარებული.

სიცოცხლის ბოლოს სკოლიდან მომავალს, ”შავბოგირზე” მხვდებოდა ხოლმე. სკამი ჰქონდა მოტრიალებული,  მის ზურგზე ხელები შემოწყობილი. დამინახავდა და შორიდანვე დამიზახებდა: სადაა მამაშენი, შენ მამას მივაფსი მე! მერე ჩამიხუტებდა, მეტყოდა რომ ვუყვარდი და მამაჩემთან (რომელიც იმ დილით უკვე ნანახი ყავდა და მეორე დილითაც უსათუდო ნახავდა) დამაბარებდა - საქმე მაქვს და მნახოს. ქეთინოს ყველა ნახულობდა, ის დიდი განძი იყო რომელიც ღმერთმა სურამს უბოძა

... მე ვიცნობდი ქეთინოს

მამა, ქეთინო, ზურიკო ბიძია, სოფო და მე <3

Tuesday, April 19, 2016

ჩემი ჭიშკარი

როცა გაიღება, ისეთ ხმას გამოსცემს, პრინცს უსაქმოდ დატოვებს და მძინარე მზეთუნახავს გააღვიძებს. ერთხელ მე და მამამ ანჯამები დავზეთეთ,  1-2 თვე პატიოსნად ჩუმად იყო, მაგრამ ისეთი აუტანელი იყო ეს სიჩუმე, როცა ისევ დაიჭრიალა, ყველას ისე გაგვიხარდა როგორც მშობელს უხარია შვილის პირველი სიტყვა.
პირველად სწორედ კარებთან ვიგრძენი რომ გავიზარდე, მამიდასთან გამიშვეს მარტო. ჭიშკარი რომ გავაღე, თითქოს უკვე გაზრდილი გავედი გარეთ.
სურამში ჩასულს პირველი სწორედ ის მეგებება. ასე მგონია მიღიმის, სანამ მივალ და გავაღებ ცმუკავს, თითქოს უნდა ყველა გააგებინოს სიხარული. მერე სახელურს ჩამოვწევ და ესეც ამოიდგავს ხმას - ჭრრრრრრრ ,მაგრამ ასე მგონია ამბობს  - ლადო მოვიდა და გამოდით შეეგებეთო. ეს ოხერი მარტო ჩემზე რომ ამბობდეს ვიტყოდი მე ვუყვარვარ და მაგიტომ აკეთებს ამას, მაგრამ არაა, ყველაზე ასე იქცევა ჯერ უყურებს მომსვლელს და მერე - ჭრრრ და ყველას გვეუბნება - ნახეთ თქვენზე პირველმა გავიგე სტურმის მოსვლაო.
ცოტა დაბერდა, ალაგ-ალაგ ჟანგიც მოეკიდა, ალბათ ერთ დღეს მის ადგილას სხვა ჭიკარი გაჩნდება, რომელიც თანამედროვე იქნება, ალბათ ლამაზიც, ჩუმიც და უფრო ფერადიც, მაგრამ ის ვერასოდეს ისწავლის - ჭრრრრრ-ს რომელიც ყველაზე ტკბილია,  ჩემთვის ერთ-ერთი ის ხმაა, რომელიც ბავშვობიდან გვერდში მომყვება და უამრავ რამეს მახსენებს.
მახარობელიც ბევრჯერ ყოფილა. 90-იანებში როცა მობილური ტელეფონები არ იყო, თუ მამას შეაგვიანდებოდა ძალიან ვნერვიულობდი, სწორედ ჩემი ჭიშკარი იყო მაცნე იმისა რომ მამა მოვიდა. დაიჭრიალებდა თავისებურად - თითქოს მეტყოდა: - ლადო, ბიჭო დაიძინე, მამა მოვიდაო. მეც დავხუჭავდი თვალებს და მშვიდად ვიძინებდი. ვინ იცის ეგებ ისიც ჩვენსავით ნერვიულობდა მამას დაგვიანებას. არცერთხელ მიკითხავს რა უჭირს ან რა უნდა, ეგებ ჭრრრ-ს გარდა ბევრი სხვა რამეც იცის?!
ჩემი ჭიშკარი მოლაპარაკეა. უკვე დიდი, სტუდენტი მოულოდნელად ჩავდიოდი სურამში, ისიც ხვდებოდა რომ სიურპრიზს ვუკეთებდი ჩემებს და ცდილობდა ჩუმად გაღებულიყო, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ფარავდა სიხარულს და ბოლოს აჭრიალდებოდა - ლადო მოვიდაა. უხაროდა და რა ექნა?!  არასოდეს მწყენია ეს დაბეზღება. რა ქნას ასეთია და მაგის ბრალია?!

შაბათს სურამში მივდივარ, ჩემებმა იციან, ჭიშკარმა არა, ჰოდა დამინახავს თუ არა, ისევ აცმუკდება, დამელოდება მერე ერთს თავისებურად დაიჭრიალებს და ყველას გასაგონად იყვირებს - გამოდით, ლადო მოვიდა.