Saturday, January 30, 2016

სოფო

ამ ტექსტში უხვად ნახავთ
 ტავტოლოგიას სიტყვებისა - მახსოვს/ახსოვს;
 მერე; ჩემი;  და წინადადებას  - ....ოთხი წლის მერე გავჩნდი
მე. ოთხი რა, 4 წლის და 6 თვის მერე -  მე
....ოთხი წლის მერე გავჩნდი მე. ოთხი რა, 4 წლის და 6 თვის მერე. ამბობს რომ ჩემი გაჩენა არ ახსოვს, მაგრამ კარგად ახსოვს როგორ მიმიყვანეს სახლში, ისიც ახსოვს როგორ დააჯდა ჩემს ჯერ კიდევ პატარა თავს (მიზანს არ ამხელს). აი მე კი ბუნდოვნადაც არ მახსოვს ჩემ ცხოვრებაში მისი პირველი გამოჩენა, ამიტომაც ვთვლი, ის მაშინაც ჩემში იყო, როცა ჯერ კიდევ დედის მუცელში ვიყავი, შემდეგ როგორც ყველა მეც გავჩნდი  და მას მერე ერთად მოვდივართ.
როგორც მამა და დედა მეუბნებიან პირველი რაც ვთვქი მისი სახელი იყო. მჯერა, არა იმიტომ რომ მაშინ ის მიყვარდა (შეიძლება მიყვარდა კიდეც, აბა საიდან უნდა მახსოვდეს?!), არამედ იმიტომ რომ იოლი სახელი აქვს, თუმცა ლამაზი - სოფო.
ხშირად მტოვებდა მასთან დედა, ესეც ”დედობდა”, თუ საჭმელს არ ვჭამდი ათას ოინს იგონებდა რომ მეჭამა. ყველაზე ხშირი და უტყუარი მეთოდი კოვზის ყელზე მიდება იყო - ჭამე თორემ კოვზითაც იჭრიან ყელს და თავს მოვიკლავო. მე მეშინოდა და ვჭამდი (იმის მერე აღარასოდეს მიჭამია წიწიბურა).
როცა წამოვიზარდე არცთუ ისე ხშირად ვჩხუბოდბით, ალბათ იმის გამო რომ  ....ოთხი წლის მერე გავჩნდი მე. ოთხი რა, 4 წლის და 6 თვის მერე, ჰოდა ეს სხვაობა იყო მიზეზი რის გამოც მეუფროსებოდა. ალბათ ამის გამო იყო სულ ვნატრობდი რომ მის გამო ვინმესთან მეჩხუბა (აზრზე არა ვარ რისი დამტკიცება მინდოდა ამით), მაგრამ ვერასოდეს მოვახერხე, მხოლოდ  მესამე კურზე ავიხდინე ნატვრა და მის ერთ თავყანისმცემელს ისე მადიანად ვაგინე საპატიო კახელის წოდება მომანიჭეს. მერე გავიგე რომ ეს თაყვანისმცემელი ერთ-ერთი რაიონის პოლიციის უფროსი ყოფილა....ორი თვე დავყავდი ჩემებს შიშზე გამოსალოცად.
ტექსტის პათოსს მოუხდებოდა სიტყვები - პირველად მის გამო ვიტირე, მაგრამ არ იყო ასე. პირველად ალბათ იმიტომ ვიტირე, რომ მომშივდა, თუმცა მის გამოც მიტირია. როცა სტუდენტი გახდა და თბილისში წავიდა დაახლოებით მეორე ან მესამე დღეს, სურამი ფოსტას მივეცი რვიანის შეკვეთა და დავურეკე. აიღო ტელეფონი და მხოლოდ ”როგორ ხარ” მოვახერხე, და ისე ვიტირე როგორც ”ველური გულის” ბოლო სერიაზე, როცა ხუანი და მონიკი ”სვადებნიში” წავიდნენ და გაკეთილშობილებულმა ანდრესმა გზა დაულოცა.
მერეც ვიტირე როცა გათხოვდა, არა იმიტომ რომ სიძე არ მომწონდა, არაა, პირიქით ჯიგარი სიძე მყავს, იმიტომ ვიტირე რომ ჩემგან წავიდა, არადა მისი დაბადებიდან ოთხი წლის მერე გავჩნდი მე. ოთხი რა, 4 წლის და 6 თვის მერე და იმის მერე სულ ერთად მოვდივართ. გიჟი შიოლა რომ შეეძინა მაშინაც ვაღვარღვარე ცრემლები და საერთოდაც მაქვს საფუძვლიანი ეჭვი რომ ლატენტური მაია ასათიანი ვარ.
სტუდენტი როცა გავხდი, ჩემთვის სრულიად უცხო ქალაქში სოფო იყო ჩემი მეგზური. მან მითხრა რომ სოხუმის ფილიალამდე #135 სამარშრუტო დადიოდა და მეც მეგონა რომ სხვა არაფერი მიდიოდა, თორემ ხო მეტყოდა სოფო?! ამიტომაც სულ ვაგვიანებდი, არადა #186ა-ს და #111ა-ს ისე ბედნიერი ღიმილით ვაცილებდი, ალბათ ფიქრობდნენ, საწყალი ბიჭი, ალბათ ოჯახში არ უმხელენ რაც სჭირსო. მხოლოდ წლის ბოლოსღა გავიგე რომ ეს "მარშუტკებიც" მაწყობდა. სოფ, ალალი იყო შენზე ნოდარ დარსანიას "მსოფლიო ისტორიის" გაცდენილი ლექციები.  პირველი ორი კვირაში სრულად შევიგრძენი სტუდენტობა - არ გვქონდა შუქი, მერე ჩამოვიდა სოსო და გაგვანათა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან შუქის დავალიანება ასრაღაც ლარი გადაიხადა (ამის მერე სხვანაირად შემიყვარდა სოსო და ამის მერე ჩემთვის შუქი სოსოსთან ასოცირდება და არა ალექსანდრიასთან, "ილიჩთან" ან კიდევ მიშასთან), მანამდე კი, მე და სოფომ სრულად ვისწავლეთ ვერიკო ტურაშვილი შემოქმდება, იმიტომ რომ ყველა რადიოში ”წვიმა ასველებდა მოგონენებს”. ერთხელ ლექტორმა საკუთარ გვარზე დაწერა გვთხოვა, სოფოს შევვედრე დამიწერე-მეთქი, რადგან მაინც ფილოლოგი ქალი იყო, თან კარგად წერდა. მოკლედ დამიწერა და ლექტორმა თავზე გადამახია - შვილო ეს თავისუფალი თემა რომ დაგიწერია, სადმე გაკვრით მაინც გეხსენებინა რომ გოგოლაძე ხარ ან ბოლოში მაინც მიგეწერა - ლადო გოგოლაძეო.მას მერე, მესიჯის მეტი აღარფერი დაუწერია ჩემთვის.
ზოგადად კეთილი გოგოა, მგონი ყველაზე დიდი ნაკლიც ეგ აქვს. არ შეიძლება ყველასადამი სიკეთის გამოვლინება, მერე ყველა ანალოგიურით არ პასუხობს და გული ტკივა (ბოლოს ვალიდოლი სოფოს სახელობის გახდება და ფირფიტაზეც სოფოს ბოლო ზარის სურათი იქნება დატანილი). არა, ანგარებით კი არ აკეთებს სიკეთეს და მაგიტომ კი არ ელის პასუხს (ეგ, მგონი  პასუხს მაშინაც არ ელის როცა სადმე რეკავს, რადგან ამ დროს პარარლელურ რეჟიმში გვერდით მდგომს ელაპარაკება), უბრალოდ წყინს და ჰა...
დღეს ეს გოგო 34 წლის გახდა. 3+4=7, თურმე აღმოსავლეთში როცა ნარდი შექმნეს სწორედ შვიდიანის პრინციპზე ააგეს, ერთი რომ იღბლიანი რიცხვია და თან ნარდში ყველაზე ხშირად სწორედ შვიდიანის მოსვლის ალბათობაა. მოკლედ რაღაცას ვფილოსობოსობ და რას მეც არ ვიცი.
მოკლედ გილოცავ, რას და როგორ გისურვებ, შენზე უკეთ არავინ იცის, უბრალოდ გეტყვი - ჩემზე კარგად მენახე მუდამ, რადგან შენ ყოველთვის დამიდგები გვერდით, ხოლო მე, მეტროთი მიყვარს სიარული და ვაგზალზე ღმერთმა უწყის ვის გვერდით მოგიწევს ადამიანს დადგომა.

ბედნიერი 34 წელი გქონდეს, ხო გახსოვს შენ რომ დაიბადე, ოთხი წლის მერე გავჩნდი მე. ოთხის რა, 4 წლის და 6 თვის მერე...

Friday, January 29, 2016

ერთი ხის ისტორია

ნარგიზი და კოტე ლამის დაბადებიდან იცნობდნენ ერთანეთს. ერთ ქოხში გაჩნდა
ორივე, 1 საათიან ინტერვალში, ამის შემხედვარე ბებია ქალს უთქვამს - მოვა დრო და რომელიმე მწერალი მახსენებსო (აუხდა). გაიაზრდნენ ბალღები. ერთი კაცი დადგა და ერთიც ქალი. ჰოდა როგორც კი დადგნენ, სისხლის გემო იგრძნეს და ჯემალა ყასაბს თავ-პირი გაუნგრიეს სისხლიანი ხორცის მიყიდვის გამო. გადიოდა წლები, ნარგიზი და კოტე გაუშინაურდნენ ერთმანეთს და ერთ დღესაც კოტემ უთხრა მოდი ის ვქნათო, კარგიო ნარგიზმა და უხამსი ლექსების მოყოლა დაიწყეს. ეს ის დროა როცა უხამსი ლექსების კითხვა დასჯადი იყო, ამიტომ ხმადაბლა კითხულობდნენ, თუმცა ზნეობის სადარაჯოზე მყოფ ნარგიზის ბებიას ეს ის დროა როცა უხამსი ლექსები კითხვა დასჯადი იყო, ამიტომ ხმადაბლა კითხულობდნენ, თუმცა ზნეობის სადარაჯოზე მყოფ ნარგიზის ბებიას ვერაფერი გამოაპარეს და ისიც ბავშვებს წკეპლით გამოედევნა. შეშინებული ბავშვები ტყეში გაიქცნენ, ბებომ ყიჟინა დასცხო და მადევარი გაუშვა. გარბიან ნარგიზი და კოტე, ნარგიზ გადააგდე სავარცხელიო თხოვა კოტემ, მერე სალესი ქვის გადაგდებაც სთხოვა და ბოლოს სარკის. ამ ყველაფრის შემდეგ კი თავითვის ჩაილაპარაკა - წიქარას მოვუტყან მატყუარა კეთილებიო და სირბილი გააგრძელა. ბოლოს ტყეში შევიდნენ და ხეებში დაიმალნენ. კოტეს თვალთ აკლდა და შორს ვერ ხედავდა ამიტომ ნარგიზს სთხოვა გაიხედო, ნარგიზმა გაიხედა მაგრამ ვერაფერი დაინახა. მოდი წინ დადექი, დაგიჭერ და გადაიხარე იქნებ რამე დაინახოო უთხრა კოტემ და ისიც გადაიხარა - ვერაფერს ვერ ვხედავ კოტე - არაუშავს ნარგიზ, ეგერ იყავი და რამე იქნებაო - უთხრა კოტემ ამასობაში მდევარმა დევნა შეწყვიტა, ბებიამ თქვა წავიდნენ მაგათ უხამსი კეთილებიო და სახლში დაბრუნდნენ. იმ დღის მერე ნარგიზი გადახრილია და ელოდება როდის იქნება რაღაც და ამ ლოდინში ორივე ხედ იქცა. პ.ს. 90-იან წლებში მათ გარშემო ყველა ხე მოჭრეს, მაგრამ ნარგიზს და კოტეს რაღაც მისტიური ძალა მფარველობდა და ვერავინ ეკარებოდა.

Thursday, January 28, 2016

რატომ ჰქვია - ნიაგარა

უხსოვარ დროში, აგარაში ერთი კაცი ცხოვრობდა. გუჯა ერქვა. ძალიან ახირებული კაცი იყო, რასაც იტყოდა აუცილებლად უნდა შეესრულებინა (ბავშვობაში აიტეხა უნდა გავიზარდოო და გაიზარდა). ერთ დღესაც თქვა: აგარში შაქარი უნდა ვაწარმოო (ეს ის დროა როცა არათუ აგარში, დუნიაზე არ იყო შაქრის საწარმო. არც გოჩა ძასოხოვი იყო ჯერ დაბადებული), გაოცდნენ აგარელები, ეგ როგორო? როგორ და წავალ, ლერწამს ჩამოვიტან და მერე მე ვიციო. თქმა და შესრულება ერთი იყო. ჯერ მეზობელ ტანიასთან რუსული ისწავლა (მართალია, რუსეთი ჯერ არაა იმპერია, მაგრამ სანამ ვივლი ეგებ გახდეს და გამომადგებაო), მერე ცოლთან მივიდა ზუსტად ერთი კვირის საგზალი გამიმაზდეო. გაუმზადა ნელიმ საგზალი და წავიდა. ზუსტად ერთ კვირაში, მაშინ როცა გუჯა ათასობით კილომეტრით იყო აგარას დაშორებული და მაშინ როცა ხურჯინში მშიერმა ჩაყო ხელი და საჭმელი ვერ ნახა, მსოფლიოში პირველად დაფიქსირდა ათ სართულიანი გინება. წლები იარა გუჯამ ლერწამის ძიებაში. ამასობაში დაბერდა. მხოლოდ იმას ნატრობდა ნეტა აგარაში მაინც წამიყვანაო. აშშ-სა და კანადის საზღვართან იყო, როდესაც ინსულტი დაემართა. გვერდით გამყოლ ჯონის უთხრა, რაც ფული მაქვს სულ მოგცემ და აგარაში წამიყვანეო. კაიო უთხრა ჯონიმ და წაიყვანა. გუჯა გაითიშა, მხოლოდ სუნთქვადა. 6-7 დღის მერე გაახილა თვალი და დიდი ჩანჩქერი დაინახა, შეშინებულმა წამოიძახა - Это Ни Агара და სული განუტევა. ჯონიმ ჩანჩქერის ხმაურში მხოლოდ ბოლო ორი სიტყვა გაიგონა. ამ დღის შემდეგ, ჯონი გადაწყვეტილებით, გუჯა საპატივსაცემოდ ჩანჩქერს ნიაგარა ეწოდა.
”ვიცოდეთ ჩვენი დიდი წინაპრების გმირობის ამბები”

Wednesday, January 27, 2016

საიდან მოდის სიტყვა - ავტობუსი

ძველ დროში, მაშინ როცა ბოროდინოს ბრძოლა 1 თვის დასრულებული იყო, ერთი კაცი ცხოვრობდა, სახელად ბუ. ბუხუტი ერქვა, მაგრამ ბუს ეძახდნენ, რადგან მამა ენაბლუ იყო და ბუხუტის ვერ ამბობდა. კი ურჩიეს გია ან ალე დაარქვი, იოლად დაუძახებო, მაგრამ მაინც ბუხუტი დაარქვა. ბუს შვილი არ ჰყავდა (არ იფიქროთ, რომ უცოლო იყო, არა ცოლი კი ჰყავდა, მაგრამ არც ამ ცოლს ჰყავდა შვილი), ამიტომ გადაწყვიტა ბავშვი აეყვანა. ბევრი იარეს ბუმ და მისმა მეუღლემ ვიდრე ძირს დაგდებულ ბავშვს ნახავდნენ, ბოლოს ნახეს და აიყვანეს. პატარას ავთო დააქრევს. გამოხდა ხანი და ბუ გარდაიცვალა, ავთო უკვე დიდ იყო და როგორც ბუს შეეფერებოდა ისეთი ქელეხი გაუკეთა (მარტო ხაშლამა სამჯერ ჩამოატარეს და ოსტრზე ლაპარაკი აღარაა). უმუშევრობა ტანჯავდა ავთოს, ჰოდა რადგან ჯანი დიდი ჰქონდა, გადაწყვიტა მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე ხალხი გადაეყვანა. ასეც მოიქცა, დაისვამდა მხარზე და გადაყავდა ხოლმე. როგორც გითხარი ბოროდინოს ბრძოლა ახალი დასრულებული იყო და სოფლად ვიღაც ფრანგი შემოეხეტა. მალე გაითავისა იქ ყოფნა, მაგრამ ენის სწავლა ვერ მოახერხა, მხოლოდ ადამიანების სახელები დაიმახსოვრა, ამიტომ მუნჯურად ლაპარაკობდა. სწორედ ამ პერიოდში ავთოს სიყვითლე დაემართა, როგორც მეცნიერები ამბობენ ბოტკინი ჰქონდა, მაგრამ იმ დროს ბოტკინი ჯერ არც იყო დაბადებული და აბა ბოტკინი გაქვსო ვინ ეტყოდა?! სხვათაშორის, ისე გაყვითლდა მეტსახელად "ფორთოხალა" დაარქვეს. მიუხედავად ამისა, მაინც აგრძელებდა მუშაობას. ერთ დღეს მაგრად იწვიმა და მდინარე ადიდდა, მაგრამ ავთო მაინც პოსტზე იდგა, სწორედ ამ დროს მივიდა ფრანგი და მდინარის მეორე ნაპირზე გადაყვანა სთხოვა, ავთომაც შეისვა მხარზე, დასვა მეორე ნაპირზე და სწორედ ამ დროს მდინარეც მოვარდა და ავთო წაიღო.
- ავტო, ავტო - აყვირდა ფრანგი ( თ-ს ვერ ამბობდა)
- რა ავტო გიჟი ხომ არა ხარ, ავტომობილის გამოგონებმადე კაი 60-70 წელი მაინც არის დარჩენილიო - უთხრეს სოფლის მაცხოვრებლებმა
- ავტო, ავტო - ეცადა გაეგებინებინა ფრანგს
- რა ავტო? - ვერ გაიგეს სოფლელებმა
- ბუსი, ბუსი (ანუ ბუს ბიჭიო) - უთხრა ფრანგმა
მაშინ მიხვდნენ რომ ფრანგი ავთოს გულისხმობდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, მდინარეს ავთოს პერანგი ამოეტივტივებინა.
იდარდა მთელმა სოფელმა და ამ დღის მერე სადაც კი ყვითელ რამეს დაინახვდნენ, რომელსაც ხალხი გადაყვადა ავტობუსს უძახდნენ.
"ვიცოდეთ რას ვლაპარაკობთ"