Friday, December 18, 2015

ოხოტის ზღვა

უხსოვარ დროში, მაშინ როცა ჯანო ანანიძე ჯერ მხოლოდ 18 წლის იყო, სოფელ ქემფერში ფრიად სიმპატიური კაცი ცხოვრობდა სახელად გოჩა. გოჩა თავის ფიზიკურ მშვენებას კარგად იყენებდა, განსაკუთრებით, სუსტ სქესთან და ამიტომაც ბევრი მტერი გაიჩინა. ამავე სოფელში, ერთი ჯამბაზი კაცი იყო, რომელიც აბოდებდა შორისდებულზე ”ოხ”, ამიტომაც სოფელი ”ოხო”-ს ეძახდა. ერთ არცთუ ისე ლამაზ დღეს, რომლის წინა ღამესაც გოჩამ ნაირასთან გამოიყენა თავის მშვენება, ნაირას ქმარმა თავში აგური ჩასცხო გოჩას და გათიშა. გათიშული გოჩა, იქვე შემთხვევით მოხვედრილ ქარავანს გააყოლეს და მექარავნეს უთხრეს, როცა გაიღვიძებს ისევ დააძინეთ და კარგა შორს რომ წახვალთ გადააგდეთო. ასეც აპირებდა ქარავნის მეპატრონე, მაგრამ გოჩამ 2322 კმ-ს გავლის შემდეგ გაიღვიძა, ამ პერიოდში კი მისი შეყვარება მექარავნის შვილმა მოასწრო და მამას სთხოვა არ მოკლაო, ვიყოლიებო, თან გოჩას ამნეზია ჰქონდა და ქალმა მოატყუა სულ შენი ცოლი ვიყავიო. შეეგუა გოჩა ახალ ოჯახს, ცოტა სიცივე კი აწუხებდა, მაგრამ საღამოობით ისე ჩაათბუნებდა ხოლმე მექარავნის გოგო, რომ სიცივე კი არა ყველაფერი ავიწყდებოდა. ერთ დღეს ხმა დაირხა ჯამბაზები მოვიდნენ და წარმოდგენას მართავენო. წავიდა გოჩა მეუღლესთან ერთად. სცენა დიდი წყლის პირას იყო მოწყობილი, გოჩა როგორც მდიდარი კაცი ზემოთ დაჯდა და იქიდან უყურებდა წარმოდგენას. უცებ ერთი ჯამბაზი იცნო, კარგად დააკვირდა, მერე მთელი წარსული გაახსენდა და იყვირა
- ოხო, ტი? - ჯამბაზში, ქემფრელი ”ოხო” იცნო, სახელი მოიგონა, ხოლო ენა ვერ გაიხსენა და იმ ენაზე მიმართა სადაც ცხოვრობდა
- ჰო, გოჩა მე ვარ მეე - იყვირა გახარებულმა ოხომ, მაგრამ ამ დროს სიხარულისაგან გოჩას გული გაუსკდა და იმ დიდ წყალში ჩავარდა რომლის პირასაც წარმოდგენა იყო. მადლიერმა შთამომავლობამ ის დიდი წყალი ზღვად გადააკეთა და გოჩას საპატივსაცემოდ მისი ბოლო სიტყვები - ”ოხოტი”  დაარქვა. ასე წარმოიშვა ოხოტის ზღვა

ვიცოდეთ რას ვლაპარაკობთ.

No comments:

Post a Comment