Wednesday, August 27, 2014

გუბე, რომელსაც მზე შეუყვარდა


წვიმამ გააჩინა, ალბათ ამიტომ იყო რომ წვიმა დედა ეგონა, თუმცა გაჩენის მერე თვალითაც აღარ უნახავს...ერთ პატარა ქალაქში ერთ დღეს მაგრად იწვიმა და ერთ ადგილას გუბე გაჩნდა. ჩვეულებრივი ტალახიანი გუბე იყო. გუბემ,  თვალი რომ გაახილა პირველი რაც დაინახა მზე იყო და შეუყვარდა. მეზობელმა გუბეებმა დასცინეს -  ჩვენ სიყვარული არ შეგვიძლიაო, როგორ არ შეგვიძლია აი მე მზე მიყვარსო ამტკიცებდა ჯიუტად. ცოტა უცნაური გუბე იყო. შორიდან მანქანა რომ გამოჩნდებოდა ხოლმე, სხვა გუბეები პანიკას იწყებდნენ, არა მე გადამივლის არა მეო, მარტო ეს იდგა ჩუმად და მზეს უყურებდა, მგონი მართლა უყვარდა. ერთხელ მზე თვალს მიეფარა (სხვა გუბეებმა თქვეს შეიძლება ახლა ჩვენი დედიკო წვიმა მოვიდეს, ძალიან კი აინტერესებდა დედის ნახვა, მაგრამ მზე უფრო უნდოდა) და ისე იდარდა, რომ ლამის დაშრა. მალევე გამოვიდა მზე და ბედნიერი იყო. უცნაური გუბე იყო, ტალახიც სხვებივით ქონდა, თავკომბალებიც ყავდა, ჭიაღუებიც და პატარა კენჭებიც, მაგრამ სხვა გუბეებს მაინც არ გავდა, რაღაცნაირად არა გუბური იყო. მზე უყვრდა, მაგრამ მორიდებული იყო და ვერ უმხელდა, თან მეზობელმა გუბეებმა ისე დასცინეს, რომ იფიქრა ალაბთ მართლა არ შეიძლება სიყვარული თორემ აგერ 10 დღის გუბეა, ლამის ყველაფერი აქვს ცხოვრებაში ნანახი და იმას ხომ არ შეეშლებოდაო, მაგრამ მაინც რომ უყვარდა?! ნატრობდა ნეტა ერთ საღამოს მოვიდეს დედა (დღე არ უნდოდა, დედის მოსვლა, რადგან მზე აღარ იქნებოდა), რომ უთხრას თავის გასაჭირი, დედა უსათუოდ დაეხმარებოდა, თან დედა მზესთან ახლოს ცხოვრობს, სულ იქიდნ მოდის ხოლმე და ეგებ იცნობდეს კიდეც?! მთელი დღეები ამ ფიქრებში იყო. ერთ დღეს  გაიღვიძა და ნახა, რომ დაპატარავებულიყო, თან მარტო თვითონ კი არა სხვებიც. ერთმა გუბემ ნიშნისმოგებით უთხრა, გადაეცი შენ შეყვარებულ მზეს, რომ ნუ გვაშრობსო. ჩვენ გუბეს კი უხაროდა, ალბათ მასაც ვუყვარვარ და თავისთან მივყავარ, ერთიანად რომ წამიყვანოს სხვა გუბეებს სალაპარაკო მიეცემათ და ნელ-ნელა ამიტომ მივყავარო. ყოველდღიურად პატარავდებოდა და ერთ დღესაც ბედნიერი გაქრა, მის ადგილას ისევ ის ორმო გამოჩნდა, რომელიც წვიმადე იყო. გაქრობამდე გაუმხელია მეზობლისთვის, მზე დამინახა და თავისთან მივყავარო, მზეს კი ამ დროს ანტარქტიდაზე ქონია თვალი დადგმული და სხვას ვერაფერსაც ვერ ამჩნევდა.

...უცნაური გუბე იყო... 

Tuesday, August 26, 2014

”ილიჩის” პორტრეტი (ნამდვილი ამბავი)


გოგი მასწავლებელს გული დილიდანვე ცუდს უგრძნობდა, მაგრამ ასაკს დააბრალა. ისე, პატარაც ხომ არ იყო, მეორე მსოფლიო ომიდან რომ დაჭრილი ჩამოიყვანეს 22 წლის ბიჭი იყო, მას მერე აგერ უკვე 30 წელია სამხედრო თავდაცვას ასწავლიდა საყვარელ სკოლაში.  სიმართლე უნდა ითქვას, გოგო მასწავლებელს პარასკევი დღე არ უყვარდა ერთი იმიტომ რომ მხოლოდ მეექვსე გაკვეთილი ქონდა და ამის გამო უწევდა სკოლაში მისვლა და თან მეცხრე ბ კლასთან, სადაც ყველა ერთმანეთზე უარესი ცელქი იყო. მაგრამ დღეს უხაროდა მისვლა, რადგან ცოლის ძმამ ტირის თოფი მოუტანა, გამოგადგება გაკვეთილების ჩატარებოაშიო, ჰოდა მასაც მიჰქონდა სკოლაში, ბავშვები მიზანში სროლაში უნდა ევარჯიშებინა. სამიზნე და სასროლი ფუნჯი პატიოსნად შეიძინა და დიდი მონდომებით ელოდა პარასკევ დღეს...
... -  სალამი მასწავლებელო -ერთხამდ დაიქუხა კლასმა, როდესაც გოგი მასწავლებელი შევიდა
- გამარჯობა ბავშვებო - მიესალმა გოგი მასწავლებელი -  მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, რადგან ცოტა დროს გვაქვს და საქმე ბევრი
- მასწ. ეგ რა თოფი გიჭირავთ? სტალინმა რომ გაჩუქათ გმირობისთვის ეგაა?!
- მასწ. მართალია ჰიტლერი, თქვენი დატყვევბისთვის ჯარისკაცებს მილიონს რომ დაპირდა
- მასწ. როგორ ფიქრობთ საბჭოთა კავშირი მოუგებს თუ ამერიკა?
კიდევ ბევრი კითხვა დასვეს ვიდრე მასწავლებელი ჟურნალს ჩაჰკირკიტებდა
- მოკლედ ბავშვებო ეს ტირის თოფია, რომელსაც თქვენ ”კისტის” თოფად იცნობთ, ყველა გაისვრით და ვნახოთ ვის უკეთესი მიზანი გაქვთ - განაცხადა გოგი მასწავლებელმა და სიამაყით ახედა დაფის თავზე დაკიდებულ ”ილიჩის” პორტრეტს თითქოს უებნებოდა - ვლადიმერ ილიას ძევ, ხედავ მეც როგორ თქვენსავით მიყვარს ბაშვებიო
ყველას უნდოდა პირველს ესროლა, ბოლოს გადაწყდა რომ ანბანის მიხედვით გაისროდნენ, საუკეთესო შედეგი ვისაც ექნებოდა, სროლი უფლებას კიდევ ერთხელ მისცემდა მასწავლებელი, ამიტომ ყველა ცდილობდა რომ ის ყოფილიყო საუკეთესო. ჰო, მართლა გოგი მასწავლებელს გული ისევ ცუდს უგრძნობდა, მაგრამ ჯიუტად არ აქცევდა ყურადღებას. ისეთი მხიარულება სუფევდა კლასში გოგიმ გადაწყვიტა სულ ამ თოფით ეარა ყველა გაკვეთილზე
აბაზაძემ, გელაშვილმა, გოგოლაძემ, დევაძემ, ლომიძემ ისროლეს და  კლასის ყველაზე მოწესრიგებულ მოსწავლის ნინიკო ნიორაძის ჯერიც დადგა
- არ მინდა მასწ, ჩემს სროლას სხვას დავუთმობ
- ნინიკო მეე რა, მეე რა - აყაყანდა ყველა ერთად
- როგორ შეიძლება ნინიკო?! ჩათვალე რომ ეს ისეთივე საჭიროა როგორც ”ვეფხისტყაოსანის” სწავლა - მკაცრად განუცახადა გოგი მასწავლებელმა და თვითონვე მოეწონა თავის შედარება, ეგ კი არა, გაუკვირდა აქამდე რატომ არასოდეს მომფიქრებიაო
თოფი რომ გადატენეს არაფერი, გასროლაც არაფერი, მერე მინის მსხვრევის ხმა, მერე ისევ დასადგურებული სიჩუმე, წამი საუკუნედ გაგრძელდა და ბოლოს გოგი მასწავლებლის კარის მეზობელმა გელამ დაარღვია სიჩუმე
- მასწ. როგორ უხდება ლენინის ცხვირს ფუნჯი - მერე ყველაფერ აირია, ნინიკო ცალკე ტიროდა, გელა და მისი ძმაკაცი ლადო ცალკე იცინოდნენ, გოგი მასწავლებელი ამაოდ ცდილობდა კლასის დამშვიდებას, ამასობაში ზარიც დაირეკა და ყველა გარეთ გავიდა. მარტო დარჩა გოგი, თუმცა მარტო რატომ ის და ვლადიმერ ილიას ძე, რომელსაც ცხვირზე ნინიკოს ნასროლი ფუნჯი ჰქონდა ჩარჭობილი. მთელი ღამე ეძებდა გამოსავალს გოგი მასწავლებელი, ვინმეს ეს რომ ენახა, ციხეს თუ აცდებოდა სკოლიდან გაშვებას უეჭველი ვერ გადაურჩებოდა. წინ შაბათი და კვირა ჰქონდა, ორშაბათამდე რაღაც უნდა მოეფიქრებინა.  გოგი მასწავლებელზე მეტად ბავშვები ელოდნენ ორშაბათს რადგან სეირის ნახვის სურვილი კლავდათ. ეს დღეც დადგა, კლასში პირველი გელა შევიდა და შეცბა როდესაც ლენინის სურათის ადგილას ისევ ”ილიჩის” პროტრეტი დახვდა, ოღონდ უფრო დიდი და შთამბეჭდავი, გელას ლადო მოჰყვა, ლადოს ნატო (ნინიკო დღეს არ იყო, პარასკევიდან მოყოლებული სიცხე ვერ დაუგდეს, ექიმებმა ვერაფერი დაადგინეს და დილით მამას დედაქალაქში წაუყვანია პროფესორთან) და ა.შ. ყველა გაოგნებული უყურებდა ძია ლენინს....
გოგიმ ორშაბათი დღე გააცდინა, დირექტორს უთხრა ძველმა ჭრილობამ შემაწუხაო, სინამდვილეში კი ფიქრობდა ვნახოთ თუ რამე ცუდია სახლში გავიგო მიჯობსო, ცუდის რა მოგახსენოთ, მაგრამ დირექტორმა დაურეკა და სკოლისთვის გაკეთებულ საჩუქარზე მადლობა მოუხადა.
...- გოგი, აბა თუ გახსოვს ხვალ რა დღეა? - ნიშნისმოგებით უთხრა მეუღლემ - იმედია, გაახარებ შენს მეორე ნახევარს და იუბილეზე კარგ საჩუქარს აჩუქებ
- შენ ძმას უთხარი და საჩუქარს ის მოგიტანს - უთხრა გოგიმ და კიბეზე მიატოვა გაკვირვებული ცოლი, რომლისთვისაც ერთად ცხოვრების მანძილზე ერთხელაც არ უთქვამს ხმამაღალი სიტყვა.
სკოლისკენ მიმავალ გზაზე, გოგიმ გამოითვალა რამდენი დღე იყო ხელფასმდე დარჩენილი და აღმოაჩინა რომ 29 დღე კიდევ მოუწევდა ლოდინი, იდარდა, მაგრამ რა ექნა

- რაც მთავარია სამსახურიდან ხომ არ გამომიშვეს - გაუმხილა საკუთარ თავს და ბედნირი სახით შეაღოს სკოლის კარები