Saturday, October 5, 2019

შეშა, ლაშა და ალიკა მასწავლებელი ( 80%-ით ნამდვილი ამბავი)



1996 წლის ზამთარი იყო, 11 წლის ბიჭები ვიყავით, სკოლის სარდაფის საიდუმლო შესასვლელი, გვეგონა რომ მხოლოდ ჩვენ ვიცოდით, იქ დიდი ამბები წყდებოდა ხოლმე. იმ წელს ძალიან მკაცრი ზამთარი იყო, დიდი თოვლით ვერავის გააკვირვებდი, მაგრამ ყინვაც განსხვავებული იყო იმ წელს.
- ნამდვილად ვიცი რომ მანანა მასწავლებელს შეშა არ აქვს, ვერ მოახერხესო ყიდვა, მამიდაჩემი ეუბებოდა მამაჩემს -  ჯიუტად უმტკიცებდა ნოდარი დათოს
- მერე რა ბიჭო, ჯერ ახლა დაიწყო დეკემბერი, ალბათ იყიდიან. გუშინ დედაჩემი ამბობდა, გამგებელი ყოფილა სკოლაში და 4 თვის ხელფასს შეპირებიან იქით კვირაში  - დათო თითქოს იმედის შემოტანას ცდილობდა, თან ხაზს უსვამდა რომ კულურაული ინფორმაცია ყველაზე მეტი ქონდა
- კაი რა დათო, ყოველთვე ეგრე მოდის ეგ გამგებელი, პენსიაზეც ეგრე ამბობს მთელი წელი, იქით კვირაში იქნება - იქით კვირაში იქნებაო, არადა საწყალ პაპაჩემმა ბოლოს მაშინ აიღო პენსია, სტოიჩკოვმა რომ ნიგერიას ჯარიმა შეუგდო 94-ის მსოფლიოზე და მსაჯმა თამაშაგრის გამო რომ არ ჩათვალა. ეგეც იქიდან მახსოვს, ზუსტად მაგ ჯარიმის დროს დაუძახა ფოსტალიონმა და მერე მე მოვუყევი გოლი. შანსი არაა თამაშგარის გამო არ გააუქმებდა, სხვა რამე იქნებოდა მიზეზიო.  ვერაფრით დავაჯერე, არადა ნაღდად თამაშაგრე მისცა. იმის მერე  კაი ორი წელია გასული და პენსიის აღარფერი გაგვიგია, არადა მთელი წელია გამგებელი მოდის და ყოველ მომდევნო თვეს გაყინულ პენსიის სრულად დაბრუნებას იპირება -  გიგას ისე უყვარდა ფეხბურთი, ცხოვრების ყველა ეტაპს რაღაც თამაშს უკავშირებდა
-  მე მაქვს იდეა, მაგრამ არ დამცინოთ - ზურამ ნელა და გაუბედავად დაიწყო ლაპარაკი - ჩემ მეზობელს ხელის ურემი აქვს, რომ ვუთხრა უარს არ მეტყვის და მათხოვებს. ნაჯახები კი გვაქვს ყველას სახლში, ჰოდა მოდით ხვალ შეშაზე წავიდეთ. ერთი ურემს უცებ მოვჭრით. ზურას და გიორგისაც ვუთხრათ, წამოვლენ, მაგათ რა დაღლის, რომანიც წამოვა, დედამისი აქ არაა და გელა ბიძია უეჭველი გამოუშვებს. ჰოდა, ერთ ურემს კი მოვჭრით, ჩამოვიტანოთ და მივუტანოთ მანანა მასწავლებელს. ქალი თან გვყვება და გავახარებთ
- კაი აზრია მართლა, ხვალ დილითვე წავიდეთ, 10 კაცი მაინც ვიქნებით და ერთი ურემის გავსებას რა უნდა. დილით ადრე რომ წავიდეთ შუადღით უკვე სახლში ვიქნებით - დათომ, როგორც კლასის ყოჩმა, იდეას რეზოლუცია დაადო.
დილით, შვიდზე, უკვე ტყის შესასვლელთან ვიდექით. ყველას ბოტები გვეცვა, არცერთის ბოტი იყო მთელი, მაგრამ შიგნიდან ცელოფანი გვქონდა წინდების ქვეშ შემოხვეული და სიცივეს ვერც ვგრძნობდით. თავიდან ყველას გვიხაროდა ურმის ტარება. ტყეში ღრმად შესვლა არ გვქონდა გეგმაში, იქვე ვაპირებდით მოჭრას, მაგრამ ისეთი დიდი ხეები იყო, მივხვდით ვერაფერს გავხდებოდით, მერე ზურამ თქვა, შარშან მამაჩემს გავყევი ტყეში, სიღრმეში უფრო წვრილებია და იქ შევიდეთო და წავედით. მთელი გზა იმაზე ვლაპარაკობდით რომ როგორ გავახარებდით მანანა მასწავლებელს შეშით.
ერთი ხე მაინც მოვჭერით იქვე, დავდეთ ურემზე და ტყის სიღრმეში წავედით. მერე მე მოვიფიქრე რომ ასე ხის აქეთ-იქით ტარება დაგვღლიდა და ჯობდა შიგნით მოგვეჭრა, ეს, უკვე მოჭრილი კი გზის პირას დაგვეგდო და უკანა გზაზე აგვეღო. ყველას მოეწონა აზრი. უკვე კარგად გათენდა. საათი მხოლოდ ზურას ჰქონდა, ელექტორ საათი იყო, ლურჯი, სამაჯურზე ტომი და ჯერი ეხატა. ბიძამისმა ჩამოუტანა რუსეთიდან. დაბადების დღეზე მათხოვა ზურამ და მთელი დღე მე მეკეთა, მაგაზე მაგარი საჩუქარი მთელი წელი არ მქონია. რამდენჯერ მიოცნებია ისეთ საათზე. მოკლედ, ზურას ეს სახელგანთქმული საათი, 09:44 აჩვენებდა. პატარა ხეები ისევ არ ჩანდა. გზა გაყინული იყო და ცოტა ჭირდა ურმის თრევა, მაგრამ მანანა მასწავლებლის ბედნიერი სახის წარმოდგენა ერთგვარი ლოკომოტივი იყო, რომელიც გზას გვიკვალავდა.
ზურასგან ვიცოდით რომ იმ ტყეში ცხოველი არ ცხოვრობდა და არ უნდა შეგვშინებოდა. მეტყევე კი, რომელიც ხანდახან დადიოდა ტყეში მამამისის ძმაკაცი იყო და არც იმის შიში უნდა გვქონოდა. იმ ჯგუფში, ზურა ყველაზე საჭირო კაცი იყო. არ ვიცი საიდან, მაგრამ ჩვენზე ბევრად გამოციდლი ჩანდა  (ან გვეჩვენებოდა), რადგან მამამისთან ერთად ხშირად დადიოდა ტყეში. სოკოებსაც კი ცნობდა. ამბობდა, ზაფხულში, წვიმის მერე რაც სოკო ამოდის ყველას ცნობა ვიციო. წერეწოს ყველაზე მეტი ორეული ჰყავს და ძალიან ფრთიხლად უნდა ამოიცნოო, მანჭკვალა ხომ სოკო არაა. ბებერა სოკოს მხოლოდ ხახვში ჩახრაკულს თუ შეჭამს კაცი, ნიყვი სოკოების მეფეაო. ახლა რომ ვუფიქრდები, მგონი მამამისი რასაც ამბობდა მეგობრებთან, იმას იმეორებდა ზურაც და რეალურად სოკო ნაჭამიც არ ქონდა. წლებია ზურა აღარ მინახავს, მგონი მას მერე რაც სკოლა დავამთავრეთ, როცა ვნახავ აუცილებლად უნდა ვკითხო, მაშინ მართლა გვეუბნებოდა თუ გვატყუებდა.
პატარა ხეებიც გამოჩნდა.  "კაპიტან გრანტის შვილებში", ბოლოს როცა კუნძულს ვულკანი ანადგურებს და უცებ გემი გამოჩნდება, მანდ რომაა -  " "დუნკანი", დაიხრიალა, აირტონმა" -  ალბათ იმასაც ისეთი ხმა ჰქონდა როგორც ჩვენ, როცა დავიყვირეთ - პატარა ხეები. მომენტალურად შევუდექით საქმეს, სამწუხაროდ ხის მოჭრა გაცილებით რთული აღმოჩნდა ვიდრე სახლში მოტანილი, უკვე დაჭრილი შეშის დაპობა.
- ბიჭო, ხერხი უნდა წამოგვეღო.
- შენი ნაჯახი არაა კარგად გალესილი.
-  გუშინ, რაღაცას მივარტყი და მაგიტომ მეღლება ასე მალე ხელი.
- წიფელის ტარი არ ვარგა ნაჯახზე, ამძიმებს, რცხილა ჯობს
- სამკუთხედად ჩაუჭერი ძირი, უფრო მალე მოიჭრება
ასეთი დიალოგები გვქონდა. ზურას საათი კი წინ მიიწევდა, 15:00 საათზე ურმის ნახევარზე ცოტა მეტი გაგავსეთ. მერე ზურამ თქვა:
- ბიჭებო, ზამთარია და მალე ღამდება, უნდა ავჩქარდეთ - მგონი მართლა იცოდა ზურამ სოკოს ცნობა, მხოლოდ მას გაახსენდა რომ მალე ღამდებოდა, გამოცდილი იყო, მართლა
- მოდით რაც გვაქვს მოჭრილი ის წავიღოთ და ის ერთი ცალიც, გზის პირას რომ დავაგდეთ გავიყოლოთ -  ვუთხარი და თან ის ერთი ცალიც არ დავივიწყე
ყველას მოგვეწონა ეს აზრი რადგან ძალიან დავიღალეთ და ამიტომ წამოვედით, მაგრამ ზუსტად მაშინ დაიწყო ყველაფერი.
-  აუ, ახლა, დედაჩემის გამომცხვარ ლობიანს შევჭამდი -  ისეთი ნეტარი სახე, როგორც იმ მომენტში დათოს ჰქონდა, ალბათ მხოლოდ სამოთხეში შესულ ადამიანს თუ ექნება
- გაჩე რა, დედაჩემი რომ აცხობს ეგეთი მაინც ვერ იქნება  -  არ შეარჩინა ზურამ
უცებ, აღმოჩნდა რომ ყველა დედა ან ბებია საუკეთესო ლობიანს აცხობდა და რაც მთავარია, აღმოჩნდა რომ ძალიან მოგვშივდა. საჭმელი კი არავის გვქონდა, უბრალოდ არცერთს გაგვხსენდა რომ მოგვშივდებოდა და რამე უნდა წამოგვეღო. სხვათაშორის, არც ზურას გახსენებია ( იქნებ, სოკოს ამბავს იტყუებოდა, თორემ გამოცდილ კაცს ეს როგორ არ გაახსენდა?!).
ურემი დავძარით, პარალელურად კი ყველამ საჭმელებზე დავიწყეთ ლაპარაკი. დატვირთული ურემის ტარება გაცილებით რთული აღმოჩნდა, თან გაყინულ გზაზე რომელიც ისე იყო გაფუჭებული, სამხიდიან მანქანასაც გაუჭირდებოდა მოძრაობა. ორი კაცი წინიდან ითრევდა ურემს, დანარჩენები უკნიდან ვაწვებოდით. დაღმართი თუ იყო სადმე გვიხაროდა, გაცილებით ნაკლები ძალის ხარჯვა გვიწევდა.
შიმშილი ძლიერდებოდა, უჭმელობა თავისას შვებოდა და ძალაც გველეოდა, მანანა მასწავლებლის ბედნიერი სახეც ვეღარ ასრულებდა ლოკომოტივის როლს, როცა კი ამ სახეს წარმოვიდგენდით, მაშინვე ლობიანი ან ხაჭაპური ფარავდა მის ღიმილს. გვიჭირდა. გზა კიდევ ისე გაიწელა, საერთოდ თუ დასრულდებოდა არ გვეგონა. ამას ისიც დაემატა რომ თოვა დაიწყო. ზურამ, სუფთა თოვლი აიღო და შეჭამა -  ეს რომ დადნება წყალია იგივე და წყურვილს მაინც მოვიკლავთო, თან ადამიანი მშიერი უფრო ძლებს და უწყლოდ ძალიან უჭირსო (  ეგებ, მართალი იყო სოკოს ამაბავი?! დავიბენი. აუცილებლად უნდა ვკითხო როცა ვნახავ).
წინა კვირას, ლილი მასწავლებელმა ანდაზები აგვიხსნა. "გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწევაო", ამაზე მთელი გაკვეთილი გველაპარაკა, მაგრამ იმ გაკვეთილზე უკეთ, ეგ ანდაზა იქ მივხვდით, როცა რაღაც ტკაცუნის ხმა გავიგეთ და ვნახეთ რომ ურმის ნაწილი გატყდა, რამაც ურმის გადაადგილება გაცილებით შეზღუდა. სამაგიეროდ, ანდაზა გავისიგრძეგანეთ.
ნელ-ნელა ბინდიც მოიწევდა, თუმცა მთიდან ცენტრალური გზა გამოჩნდა. ასევე თონეები გამოჩნდა, რომელიც გზის პირას იყო ჩამწკრივებული და ცხელ-ცხელ პურს და ნაზუქს სთავაზობდა დასავლეთისაკნე მიმავალ მანქანებს.  
გზამდე თუ ჩავიდოდით, მანანა მასწავლებლის სახლი, იქიდან ახლოს იყო, დაახლოებით 2 კილომეტრიღა გქონდა დარჩენილი. ამ დროს ლაშა დავინახეთ. ჩვენი სკოლელი, მეთერთმეტე კლასელი ლაშა. უჰ, როგორ გაგვიხარდა. ლაშამ, გამოგგვკითხა რაზე ვიყავით და როცა გაიგო გაეცინა.
- ეჰ, მანანა შეშას როგორ არ იშოვის -  ასეთი სულელობა რა მოგაფიქრათო, მაგრამ მაინც ცადა დახმარება. მოაწვა კიდეც ურემს, ცოტა მანძილიც გავიარეთ. მთელი ეს პატარა გზა, საჭმელზე ვლაპარაკობდით. მოულოდნელად ლაშა გაჩერდა და მოგვიბრუნდა:
- აი იმ თონეს ხომ ხედავთ, ეგ ჩემია, დედაჩემი დგას ახლა მანდ. წეღან რომ წამოევდი, პურებს აკრავდა. ალბათ ახლა უკვე ამოყრიდა ცხელ-ცხელებს -  ისე დაიწყო ლაპარაკი რომ ყველა ველოდით დასასრულს -  წამოდით ბიჭები და გაჭმევთო, მაგრამ სხვანაირად გააგრძელა -  ამ ურემს იქამდე მაინც ვერ ჩაიტანთ, გატეხილია. მოდით ეს შეშა აქედან ჩავყაროთ დაბლა ( კლდიდან ჩაყრილი, პირდაპირ მისი თონის უკან დაიყრებოდა), მერე ჩავიდეთ და ამ შეშის ნაცვლად ყველას თითო ცხელ პურს მოგცემთ. თუ გინდათ იქვე შეჭამეთ და თუ არ გეყოფათ, კიდევ მოგცემთ რა პრობლემაა, პურს ხომ არ დაგიჭერთ. მოკლედ, თუ გინდათ ხო, თუ არადა წავედი მე, ქვეყანა საქმე მაქვს -  დაასრულა ლაშამ და ჩვენ პასუხს დაელოდა.
დავიბენით, ვიცოდით რომ შეშა ძალიან ჭირდებოდა მანანა მასწავლებელს, მაგრამ გზის გაგრძლება უკვე მართლა აღარ შეგვეძლო, ურემი კიდევ უფრო დაზიანდა, შეიძლება ითქვას დაიმტვრა კიდეც, ძალა ფაქტობრივად აღარ გვქონდა და რაც მთავარია -  შიმშილის, გაუსაძლისი განცდა. ყველა ერთი აზრი გვიტრიალებდა, მაგრამ პირველად პასუხის გაცემას თავის თავზე ვერავინ იღებდა. ბოლოს, სიჩუმე ზურამ დაარღვია:
-  ბევრჯერ მინახავს ურემი ასეთი დაზიანებით ( ვითომ, სოკო მართალია?!) , მეეჭვება ბოლომდე ჩავიტანოთ და მგონი პური შევჭამოთ აჯობებს
- ჰო რა, მე მეტს ვეღარ გავივლი, ძლივს ვდგავარ ფეხზე -  ავყევი მე
...ბოლოს ის ხე ჩავაგდეთ, პირველად რომ მოვჭერით, გზის პირას რომელიც დავტოვეთ, ის. ეგეთი გემრიელი პური ცხოვრებაში არ მიჭამია. ლაშას მადლობები ვუხადეთ, ისიც იღებდა დამსახურებულ მადლობებს. მეორეს კი არა, მესამესაც შევჭამდით, მაგრამ მოგვერდიდა და მხოლოდ 1-1 ცალი შევჭამეთ და წამოევდით.
მთელი ღამე არ მეძინა, უკვე დაპურებული, ვხვდებოდი რომ ლაშამ მოგვატყუა. სიმწრისგან იმ ღამეს ვიტირე კიდეც. დილით სკოლაში რომ მივედით, მივხვდი ყველას ერთნაირი განცდა გვქონდა, თითქოს დანაშაულის მონაწილეები ვიყავით და ერთმანეთს გავურბოდით. იმ დღეს, პარალელ კლასელ გელასთან ერთად, ალბათ პირველად და უკანასკნელად ვიყავი ბუფეტში. ჩემი მეგობრების დანახვა არ მინდოდა, არც იმათ უნდოდათ ჩემი და ერთმანეთის.
ფიზ-კულტურაზე, ალიკა მასწავლებელი მიხვდა რომ რაღაც ხდებოდა, რადგან არც ფეხბურთი ვითამაშეთ და მაგიდის ჩოგბურთზეც კი უარი ვთქვით. ბევრი ხვეწნის მერე მოვუყევით ალიკა მასწავლებელს რაც მოხდა. გაეცინა, შეგვაქო. ეგ რა კარგი რამე მოგიფიქრებიათო. მადლობა გვითხრა და პირობა მოგვცა რომ აუცილებლად მოახერხებდა რამეს.
სკოლიდან ყველა ცალ-ცალკე წამოვედით.  სახლში რომ მივედი სიცხე მქონდა, დედამ გაცივდებოდიო. თბილი ჩაი დამალევინა. მამა ადრე მოვიდა სამახურდიან. შუქი  რა თქმა უნდა არ იყო. ლამპის შუქზე ვკითხულობდი, როცა ვიღაცამ დაიაძახა. მამა გავიდა და ვიღაცასთან ერთად შემოვიდა. ალიკა მასწავლებელი იყო.
- აღარ ინერვიულო, მანანა მასწავლებელს შეშა მივუტანეთ. ისე დავუყარეთ რომ არც დავუნახივართ. წერილი დავუტოვეთ - "მანანა მასწავლებელო, გვიყვარხარ -  თქვენი, VIა კლასი". აუცილებლად ნახავს. თქვენ ერთი წამით არ იფიქროთ რომ თქვენ არ მიგიტანიათ. ის შეშა თქვენ მიუტანეთ მანანას. ჩვენ სხვას არავის მოგვაფიქრდა ის რაც თქვენ მოიფიქრეთ, ჰოდა ეს საქმე თქვენი გაკეთებულია. ყველასთან ვიყავი ბიჭებთან და ხვალ თუ რამე გითხრათ მანანამ არ გაიოცოთ, არც ის მოყვეთ რაც მოხდა. ლაშას კიდევ, მე გავცემ სთანადო პასუხს - ჩამეხუტა ალიკა მასწვალებელი, მაგრად მაკოცა, კიდევ ერთხელ მითხრა მადლობა, მამას თხოვნაზე თითო ჭიქა დავლიოთო, ვერა ზურას მამასთან ვარ მისასვლელიო, მერე ჩემებს უთხრა -  მაგარი კაცი გეზრდებათო და წავიდა.
დილით სიცხე აღარ მქონდა. სკოლაში მეჩქარებოდა. კლასში, ბიჭები, შეთქმულებივით ვუყურებდით ერთმანეთს. ყველამ ვიცოდით რაღაც დიდი საიდუმლო. მესამე გავკეთილს ველოდით როცა მანანა მასწავლებელი უნდა შემოსულიყო, გვაინტერესებდა წერილი ნახა თუ არა, მაგრამ მანანა მასწავლებელი მესამე გაკვეთილამდე შემოვიდა. ნათელა მასწავლებელი ისტორიის საოცარ ამბებს გვიყვებოდა, როცა კარები გაიღო და მანანა შემოფრინდა. ისეთი ლამაზი მანანა მასწავლებელი სხვა დროს არ მინახავს:
- ნათელა, შენ არ იცი ამათ რა ქნეს -  ნათელა მასწავლებელი კარგს არაფერს ელოდა. უკვე თავის სამართლებელ სიტყვებს ეძებდა, რადგან ჩვენი დამრიგებელი იყო და გაწამებული, ჩვენს გამო თავის მართლებით
- ახლა რაღა გააფუჭეს მანანა მასწავლებელო?
- კი არ გააფუჭეს ნათელა, საოცარი საქმე გააკეთეს. გოგო, დილით გავდივარ გარეთ და ეზოში მხვდება შეშა, ზედ დევს წერილი, მაიმუნებს პარკში ჩაუდიათ წერილი რომ თოვლს არ დაესველებინა - "მანანა მასწავლებელო, გვიყვარხარ -  თქვენი, VIა კლასი". გოგო, შეშა მომიტანეს. ამათ ვენაცვალე მე, როგორ მოაფიქრდათ. ნათო, შეშა კი არა, ამათი კარგი კაცობა უფრო მახარებს.
მერე ჩამოგვიარა, გვკოცნა, ყველა ჩაიხუტა. უბედნიერესი იყო მანანა მასწავლებელი და კიდევ უფრო ბედნიერი ნათელა მასწავლებელი.
- ნათელა, საოცრება უნდა გითხრა, გოგო, გუშინ სასწაული სიზმარი ვნახე. ვითომ სკოლაში მოვედი, მე ვიყავი მოსწავლე და ესენი მასწავლებელები. მანანა მასწავლებელო, თქვენ ისე გვიყვარხარ, სულ ყოველთვის კარგ ნიშანს მიიღებთო და ნიშნებს მიწერდნენ. ამიხდა გოგო,ამაზე კარგი ნიშანი, რა შეიძლება მოსწავლემ დაუწეროს მასწავლებელს.
სკოლაში ყოფნის 11 წლის მანძილზე ის დღე ყველაზე ლამაზი იყო. მთელი კვირა სკოლაში სხვა სალაპარაკო თემა არ ყოფილა. დირექტორმა დაგვიბარა და მანადე დაშავებული ყველა საქმე გვაპატია. მერე ისევ ჩვეულებრივად გაგრძელდა სასკოლო ცხოვრება.იმ წელს მანანა მასწავლებლის საბუხრედან კვამლი სულ ამოდიოდა და ბიჭები ამ კვამლს როცა ვხედავდით, ერთმანეთს გადავხედავით და გვიხაროდა ხოლმე.
 ალიკა მასწავლებელი ისე გარდაიცვალა, არავისთვის უთქვამს ის შეშა იქ როგორ გაჩნდა. დღემდე არ ვიცი  თვითონ იყიდა და მიუტანა, თუ რა ქნა.
რაც შეეხება ხელფასს, გამგებელი, საახალწლო არდადეგების წინაც იყო მოსული და ძველით ახალ წლამდე, ხელფასის ნაწილის მიეცმას დაპირდა მასწავლებლებს.
პ.ს. 1996 წელს, ჩვენი სკოლა ოცმა ბავშვმა დაამთავრა, მხოლოდ ერთი ბავშვი ჩარჩა.  მთელი დაბა იმას ამბობდა:
- რა ქნა, ლაშამ ასეთი, რომ ფიზ-კულტურამ ორიანი გამოაყოლა და კლასში ჩატოვაო
კარგი კაცი იყო ალიკა მასწავლებელი.