Tuesday, May 10, 2016

სიყვარულის შავი ყუთი

შავი ყუთი (რომელიც სინამდვილეში სულაც არაა შავი) ერთადერთი იმედია რომ გავიგოთ რა იყო ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი. თვითმფრინავის წარმატებით დაშვებისას ის არავის ახსენდება. ალბათ ყველაფერს აქვს შავი ყუთი, მათ შორის, სიყვარულსაც, უბრალოდ ისიც მაშინ გვახსენდება, როცა სიყვარული სრულდება, თორემ დასრულებამდე რომ გავხსნათ და გავშიფროთ ეგებ არც დასრულდეს და მარადიულად იარსებოს. ტარიელ ჭანტურიას ”სიყვარულის შავი ყუთი”, სწორედაც რომ დასრულებამდე გახსნილი შავი ყუთია. აქ ყველაფერია სარკაზმი, ირონია, თვითირონია, სიკეთე, ბოროტება, მონატრება, დავიწყება, ღმერთი, ეშმაკიც...ეს წიგნი სიყვარულის შენარჩუნების ერთგვარი რეცეპტია.
სტრიქონებში გაბნეულია რჩევები, რომელსაც ავტორი ისე გვაწვდის როგორც საკუთარ თავს გადახდენილს ამბებს.  ”შავი ყუთი” რომელიც ერთი შეხევდით ლაღია და მკითხველს ახალისებს ძალიან დიდი სევდის მატარებელიცაა, მეტაფორებით ძალიან დიდი ტკივილია გადმოცემული:
დედა
წავიდა და სინათლე
დარჩა ყველგან ჩართული...
მომავლის იმედიცაა ” შავ ყუთში”
ქუჩის გადაღმა
ათი წელია ვაკვირდები: სარეცხის თოკზე
როგორ იზრდება ერთი პერანგი.
ტარიელ ჭანტურიას ცდილობს ერთ წიგნში საკუთარი შემოქმედების ყველა ეტაპი ჩაატიოს. წიგნში თავის სულიერ მდგომარეობასთან ერთად, ფიზიკურ მდგომარებასაც გულხადილად ყვება. პოეტი, არ გაურბის აღიარებას რომ მასზე დიდი მწერლები და პოეტები არსებობენ.  ერთგვარ პატივადაც მიიჩნევს რომ ზოგ მათგანს იცნობს კიდეც, ხოლო უმეტესობა კი წაკითხული აქვს.
”სიყვარულის შავი ყუთი” არაა იოლი გასაშიფრი, მასში უამრავი ქარაგმაა, რომლის გაგებასაც თავისებური გაგება სჭირდება, მაგრამ თუ გაიგებ, ცხოვრების ”მუღამსაც” დაიჭერ და მიხვდები უმთავრესს იმასაც რისთვისაც ვცხოვრობთ, თუმცა ერთ დღეს ცხოვრებაც სრულდება, მაგრამ ”შავ ყუთში” მარადიული სიცოცხლის პაროლიცაა  
”მიყვარს” -აი პაროლი

სამოთხეში შესასვლელად