Friday, October 16, 2015

სკანვორდის სახელის ისტორია

ძველ დროს სოფ. ქვედა სორტაში (დღევანდელი ქვედა სორტა) პაატა ცხოვრობდა, რომელიც როგორც ყველა ნაღდი მეგრელი, მეგრული გვარის მატარებელი იყო. პაატა ბალღობიდანვე ქუჩისაკენ იყო მიდრეკილი, ბევრი ეცადნენ მაგრამ ვერ მოდრიკეს (ამაზე გადარეულა პაპამისი, თხილის ტოტი მოუდრიკავს, მერე მშვილდი გაუკეთებია, შიგ ისარი ჩაუდია და სანადიროდ წასულა თან დაუბარებია – თავში ქვა გიხლიაო). სულ ქუჩაში იყო პაატა, ყველა საქმე პაატასთან ადიოდა და ისიც არჩევდა და არჩევდა (ერთხელ ბებიას უთქვამს – მაგის გარჩევას მოდის სიმინდი გამარჩევნიეო – ამას პაატას მამა ყვებოდა, სიცილით მოკვდებოდა კაცი). ერთ დღესაც, პაატასთან კაცი მოვიდა, პოლიციის მსგავსი ინსტიტუციის დაარსებას ვაპირებთ და პრობლემები შეგემქნებაო. რაღაც იზამდა პაატა შორეულ ქვეყნებში სამოგზაუროდ წავიდა. ხან გერმანიაში იყო, ხან საფრანგეთში და ბოლოს ბრიტანეთში დაფუძნდა. რა უნდა ექნა პაატას, ერთადერთი საქმის გარჩევა იცოდა და ბრიტანეთში იგივეს კეთება დაიწყო, მალე გაითქვა სახელი, ყველას სორტელი პაატა ეკერა პირზე. ვიქტორიანულ ეპოქაში უამრავი საქმე ხდებოდა და პაატა მართლაც დროულად მოევლინა ბრიტანელებს. ერთ დღესაც მასთან ნიუკასლელი ჯონი მივიდა, თან 15 კაცამდე მიყვა და ურთულესი საქმის გარჩევა სთხოვა. პაატამ როგორც სჩვეოდა ყველას მოსმენა დაიწყო. 13 კაცს რომ მოუსმინა მიხვდა ასეთი რთული,  მიხვეულ–მოხვეული საქმე არ ჰქონია, მერე მეთოთხმეტესაც მოუსმინა და მეთხუთმეტეს ელოდა, რომელიც დუმდა. პაატას ყელში ამოუვიდა და უთხრა
– Hey, brother, tell me skan word (ჰეი, ძმაო მითხარი შენი სიტყვა) – უცებ ცრემლი მოაწვა, მიხვდა რომ თავისი მშობლიური სიტყვა წამოცდა და your–ს ნაცვლად სკან თქვა. ბევრი იტირა პაატამ, ჯონი და კიდევ 14 უცდიდა, როდის მორჩებოდა ტირილის, ამ ლოდინში ჩხუბისგან მოგვრილი წყენა დაავიწყდათ, ხელი გადახვიეს ერთმანეთს და იქვე, ჯეიმსი პაბში წავიდნენ დასალევად (რომ დათვრნენ ისევ გაახსენდათ ჩხუბი და დაუნგრიეს ერთმანეთს თავ–პირი).თურმე იმ დროს როცა პაატამ მეთხუთმეტეს მიმართა – Hey, brother, tell me skan word (ჰეი, ძმაო მითხარი შენი სიტყვა), ერთი კაცი დადიოდა, რომელსაც ქაღალდზე რაღაც ოთხკუთხედები ჰქონდა დახაზული, შიგ კითხვები ჰქონდა ჩაწერილი, მაგრამ რა დაერქმია არ იცოდა, პაატას ნათქვამიდან მხოლოდ ბოლო სიტყვები  – skan word გაიგონა,მოეწონა  და ქმნილებას უწოდა.
ვიცოდეთ ჩვენი გმირი წინაპრების ისტორია