Saturday, January 18, 2014

მარი

დაახლოებით მეექვსე-მეშვიდე კლასში ვართ მე და Soso Qoqoshvili , როცა სურამში დისკოთეკაზე სიარულს მივყავით ხელი და შესაბამისად ფეხიც. ყოველი დღე თენდებოდა მოწოდებით: დღეს ვიღაც გავიცნოთ, თუმცა დღის ბოლოს აღმოჩნდებობა, რომ ისევ ერთმანეთს ვეცეკვეთ :))) მოკლედ უკვე პროფესიონალი ერთმანეთთან მოცეკვავეები ვართ და იქ სადაც დისკოთეკა იმართებოდა გამოჩნდა მოხუცი ბებო, რომელიც პირდაპირ ჩვენსკენ გამოემართა (ერთი ხანობა ვიფიქრე, ალბათ რომ ვაკოცებ ზღაპრულ ფერიად იქცევა-მეთქი) და გვითხრა:
- შვილო ვისაც შევხედე ყველაზე პატიოსანი ბიჭები ჩანხართ, ჩემი შვილიშვილი მოვიყვანე, ცეკვა უნდა და თქვენთან რომ იცეკვოს თუ შეიძლებაო და ბებოს ზურგსუკან დავლანდეთ გოგო :))) მოკლედ ვიცეკვეთ (იმ სეზონზე ერთადერთხელ იყო რომ გოგოს ვეცეკვე და არა სოსოს). დისკოთეკიდან წამოსულები, მთელი ღამე ვლაპარაკობდით მე და სოსო და ვმსჯელობდით, თუ რომელი მოვეწონეთ, ბოლოს შევთანხმდით, რომ მეორე დღეს პირველად ვისაც მიესალმებოდა ის მოეწონა მარის (იმ გოგოს ერქვა :)))
მეორე დღეს გამოვიპრანჭეთ. ”212” ვიპკურეთ (მაგარ მოდაში იყო მაშინ), ცხოვრებაში პირველად (და მგონი უკანასკნელად) დავივარცხნე თმა და წავედით. მარი შორიდან დავლანდეთ და ახლოს გავუარეთ, გვეგონა მოტრიალდებოდა, მაგრამ როცა მისგან ვერაფერი სასიკეთო რეაქცია ვერ შვატყვეთ, გავბედე და მივედი.
- გამარჯობა მარი, როგორ ხარ?!
- უკაცრავად რომელი ხარ? არ გიცნობ....
ალბათ ჯეიმს კუკს რომ გამოუტყდნენ აბორიგენები, ბატონო ჯეიმს უნდა შეგჭამოთო ის განიცადა რაც იმ წუთში მე.
ჰოდა, იმის მერე ერთი რამის ”მუღამი” მაქვს, დიდი კაცი გავხდე და ტრიბუნიდან, მარის ნიშნისმოგებით ჩავუკრა თვალი, მაგრამ დღეს დავფიქრდი და მივხვდი, რომ ისევ ვერ მიცნობს :)))))

Monday, January 13, 2014

მიშა - მასობრივი განადგურების იარაღი


უკანსანკნელი დღეებია ამერიკელები გაუსაძლის ყინვებს ებრძვიან. როგორც იქაურმა სინოპტიკოსებმა ბრძანეს: ასეთი ყინვები კოლუმბმა რომ გვნახა მას მერე არც ყოფილაო (მანამდე რა იყო აბა ჩვენ რა ვიცითო). მთელი სამთავრობო უწყება მიზეზს ეძებს თუ რატომ მოხდა ეს. ერთ-ერთმა კონგრესმენმა თქვა: მგონი ალ-ქაიდაა და ყინვა გვგონიაო, მეორემ მუჯლუგუნი მიჰკრა, ხო გითხარ შეეშვი ავღანეთში სიარულს და რაღაცეების მოწევას-მეთქი. აშშ-ში ჭორი დადის აბორიგენმა შამანებმა მოახდინეს ეს ყველაფერი, შურისძიების მიზნითო. ვერსია ბევრია, მაგრამ ერთ რამეზე ყველა თანხმდება, რომ პრობლემა ზეციდან მოვიდა........17 ნოემბრის შემდეგ საქართველოდან წავიდა და არ დაბრუნებულა ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი, მისი გაუჩინარება საეჭვოდ ემთხვევა აშშ-ში ამინდების არევას, თანაც გავიხსენოთ: პრობლემა ზეციდან მოდისო, სააკაშვილის ხომ ზეციდან ანუ თვითმფრინავიდან ჩაფრინდა ამერიკაში?! დავესესხები დიდ ქართველ პოლიტიკოსს მიხეილ-გელა სალუაშვილის და მისეულად ავხსნი სახელს - მიშა.

მ – ქართული ანბანის 13-ე ასო ბგერა. 13 რიცხვი თავისთავად თარსია
ი – ქართული ანბანის 10-ე ასო ბგერა. 10 ახლოს დგას ცამეტთან და თავისთავად ესეც თარსი გამოდის
შ – ქართული ანბანის 28-ე ასო ბგერა. 13*2=26, ხოლო 28 ძალიან ახლოს დგას ოცდაექვსთან და შესაბამისად ორმაგად თარსია
ა – ქართული ანბანის პირველი ბგერა, რომ არა პირველი იქნებოდა მეცამეტე?!

გამოდის რომ სახელი მიშა, მეტად დიდი უარყოფითი ველის მატარებელია. როდესაც ამ დასკვნამდე მივედი გავიხსენე ბატონი მიხეილის ძველი ვოიაჟები და...
სააკაშვილი უკრაინაში, ევრო მაიდანზე – გაუსაძლისი ყინვა
სააკაშვილი რუსეთში – მოსახლეობას თავს დაატყდა პუტინის რეჟიმი
სააკაშვილი სომხეთში – სპიტაკის მიწისძვრა (აქ ბუნებამ შეასრულა წინასწარმეტყველის როლი, რამეთუ ათეული წლებით ადრე განსჭვრიტა რომ ის სომხეთში ჩავიდოდა)
სააკაშვილი უკრაინაში (სტუდენტობისას) – ჩერნობილის აფეთქება
სააკაშვილი არა მარტო თავისი ადგილზე ჩასვლით ახდენდა გავლენას არამედ გაფიქრებითაც. 2011 წლის მარტში მან გაიფიქრა: მოდი იაპონიაში წავალო და ცუნამიც გამოიწვია, რომლის დამანგრეველ შედეგებს დღესაც ებრძვიან.
ეს მხოლოდ ჩამონათვალი თუ რისი გაკეთება შეუძლია მას. ამიტომ მე მინდა ჩვენ ხელისუფლებას ვთხოვო, რათა დროულად ჩააყენონ საქმის კურსში ამერიკელი კოლეგები, რომ თავიდან აიცილონ შემდგომი კატაკლიზმები (რა ამის პასუხია და კატაკლიზმებს, კატაოყნები არ ჯობს?!), ამავე დროს მიმართონ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ან “ნატოს”, რათა მათ საკუთარი შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში შეიტანონ ისეთი გამანადგრუებელი იარაღი, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი.
პ.ს. თურმე რას ვუძლებდით 9 წელი...
პ.ს.ს. მარგველაშვილი ხომ გყავს უკეთესი (მე არავინ მყავს, ჩემ ძაღლ “ბიჭიკოს” გარდა – სურამელი); თქვენი ღვარძლით მიშას ამაგს ვერ დაჩრდილავთ; ეს ყველაფერი არის ტყუილი,აბა სად სპიტაკის მიწისძვრა და სად სააკაშვილი? არ ეკადრება “კვირის პალიტრას” ასეთი გადაუმოწმებელი მონაცემების დაწერა, და კიდევ სხვა, მსგავსი კომენტარებისგან თავი შეიკავეთ და გაითვალისწინეთ, რომ თვით დიდ მიხეილზეც შეიძლება იხუმროთ რამეთუ ჭეშმარიტმა მიშისტმაც უწყის, რომ “საგუშაგო მიშას” მორიგი ნომერი აღარ გამოვა!